მთავარი » ფაილები » მწერლობა

ილია ჭავჭავაძე ,,ევროპის მილიტარობა და ამერიკის მერმისი’’
2011-02-22, 8:35 PM



ერთაშორისი დაუნდობლობა, ომი და სისხლის ღვრა რომ კაცობრიობის ბედნიერებისა და კეთილდღეობის სულის შემხუთავი და დამღუპავია, ეს დიდი ხანია შეგნებული აქვსთ მეცნიერებისა და მწერლობის წარმომადგენელთ. იმისდა მიუხედავად, რომ ეგ აზრი მეტად ადვილი გასაგებია, მთელი ევროპა მუდამ იმასა ცდილობს, რომ საომრად მოემზადოს; ამ განზრახვით ევროპის სახელმწიფონი არავითარს ხარჯსა და საშუალებას არა ჰზოგავენ მხოლოდ იმიტომ, რომ აუარებელი ჯარი იყოლიონ. ასორმოცდაათ წელიწადზე მეტია, რაც საფრანგეთის გამოჩენილი ფილოსოფოსი მონტესკიე სჩიოდა, რომ ევროპა თანდათან უმატებს ჯარებსა და თოფ-იარაღს, ამისათვის არა ჰზოგავს არავითარ ხარჯს და ამითი თავს იღარიბებს და იღატაკებსო. მონტესკიეს სიტყვას არავინ გაუფრთხილებია და დღეს ევროპის სახელმწიფონი თოფ-იარაღში სხედან და მზად არიან ერთმანეთი სისხლის მორევში დაარჩონ. ევროპის ამგვარს ყოფა-მდგომარეობას ერის გაღარიბება, გაღატაკება მოსდევს. ამჟამად ევროპას თექვსმეტ მილიონამდე ჯარისკაცი ჰყავს. ამ მოკლე ხანში ოც მილიონამდე შეისრულებს. ერთის სიტყვით, მთელს ევროპას თოფ-იარაღის ქვეშ ჰყავს ერთი მერვედი მთელის მუშა, მწარმოებელი ხალხისა. ეს ერთი მერვედი წლიდგან წლამდე არაფერს აკეთებს, მხოლოდ სამხედრო ხელობაში ვარჯიშობს და თავის თანაოძმეთა ნაშრომიითა და ნაღვაწით იკვებება. საფრანგეთი, რომელსაც ოთხ მილიონამდე ჯარისკაცი ჰყავს, ჯარსა და ფლოტს ანდომებს წელიწადში 900 მილიონ ფრანკზე მეტს. ეს ფული ყველა მკვიდრე რომ გავანაწილოთ, გამოვა, რომ თითო მკვიდრი ჯარისა და ფლოტის შესანახად ხდის წელიწადში 24 ფრანკსა და ნახევარს. ინგლისის თითო მკვიდრი იხდის წელიწადში 21 ფრანკს, და გერმანიისა 12 ½–ს.
ეხლა ვნახოთ, რამდენი ჯარი ჰყავს ჩრდილო ამერიკის შტატებს და რამდენი ეხარჯება. ამ შტატებს ჰყავს მხოლოდ 27 000 ჯარისკაცი. ამ მცირე ჯარის შესანახად თითო მკვიდრი წელიწადში იხდის 4 ½ ფრანკს.
როგორც ჰხედავთ, ამერიკის მხედრობა ბევრად ჩამორჩება ევროპისას. სამაგიეროდ ერის სიმდიდრე და კეთილდღეობა ამერიკის შტატებისა იმდენად სჯობნის ევროპისას, რომ ვაჭრობასა და მრეწველობაში შტატები ყოველისფრით წარმატებულნი არიან ევროპპაზე და თანდათან იმორჩილებენ ევროპას. თუ საქმე ამგვარად წავიდა, იმედია, რომ შტატები ეკონომიურად სულ ერთიანად დაიმორჩილებენ ევროპას, რომელიც აუცილებლად გაკოტრდება. მაშინ, როდესაც შტატები თანდათან იხდიამ სახელმწიფო ვალებს, ევროპის სახელმმწიფონი–კი თანდათან ვალებში სცვივიან.
რაც დრო მიდის, ევროპაში უფრო და უფრო ძლიერდება ერთა შორის დაუნდობლობა და მძულვარება. ამ მხრით ამერიკა სრულიად სხვა სურათს წარმოგვიდგენს. ამერიკის სახელმწიფოთ აზრად აქვთ სახელმწიფოთა ძმური კავშირი დაადგინონ, რისათვისაც ქალაქ ნიუ–იორკში კონგრესი შეიკრიბება. ამ კონგრესზე ლაპარაკი ექნებათ იმის შესახებ, თუ რა პირობითა და რა საშუალებით უნდა შეერთდნენ ამერიკის სახელმწიფონი ისე, რომ არც ერთი სახელმწიფო ამერიკისა არ დაიჩაგროს. სხვათა შორის, კონგრესზე ისიც გადაწყდება, რომ სახელმწიფოებმა ყოველივე შფოთი, უსიამოვნება და ანგარიში მორიგებითა და მშვიდობიანად გაათავონ ხოლმე. უეჭველია, რომ რაკი ამერიკის სახელლმწიფონი ძმურად მორიგდებიან, მხედრობით გატაცებულს ევროპას კიდევ უფრო დასცემს ეკონომიურად და მსოფლიო მეთაურობასაც დაიმკვიდრებს ამერიკა.

 


ტფილისი, 25 თებერვალი, 1889 წ.


კატეგორია: მწერლობა | დაამატა: gi2gi
ნანახია: 143 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]