მთავარი » ფაილები » იურიდიული ლიტერატურა

ინგლისისა და უელსის ნაფიც მსაჯულთა შერჩევა
2011-04-07, 7:16 PM
ინგლისის თანამედროვე მოდელი
 
ინგლისისა და უელსის უზენაესი სასამართლო
 
 
 
ნაფიც მსაჯულთა შერჩევა 
 

ინგლისში პოტენციური ნაფიცი მსაჯულობის კანდიდატთა სიების შედგენის ძირითადი მეთოდია ამომრჩეველთა, ანუ ხმის მცემის უფლების მქონე მოქალაქეთა სიების გამოყენება. კანდიდატები აირჩევიან შემთხვევითი შერჩევის პრინციპით. დადგენილია იმ პროფესიათა ჩამონათვალი, რომლებიც ნაფიცი მსაჯულობის კანდიდატები ვერ გახდებიან.  
ნაფიცი მსაჯული ვერ იქნება პირი, რომელიც ქვეყნის მოქალაქე არ არის. ნაფიცი მსაჯულობიდან შეიძლება გამოირიცხოს  მოქალაქე, თუ ის ხანდაზმულია, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია. ნაფიცი მსაჯულები, შესაძლოა, ვერ გახდნენ ექიმები, მასწავლებლები, ორსული  და ბავშვიანი ქალები, პირები, რომლებსაც მძიმე პირადი და ოჯახური მდგომარეობა აქვთ და სხვა. რაც მთავარია, ნაფიცი მსაჯული ვერ გახდება ის,  ვისზეც სასამართლო დასაბუთებულად მიიჩნევს, რომ ამა თუ იმ პირის მონაწილეობა დაარღვევს სასამართლო წარმოების საიდუმლობას, ან მავნე გავლენას მოახდენს მსაჯულთა განსჯის დამოუკიდებლობაზე. 
ინგლისში, ნაფიცი მსაჯულობიდან გათავისუფლების ნორმად, გარდა ჯანმრთელობის მდგომარეობისა, ითვლება სამუშაოსთან დაკავშირებული ვალდებულებაც, ბავშვზე მზრუნველობა, წინასწარ აღებული შვებულება და სხვა. თუმცა, ეს არ ნიშნავს სამუდამო გათავისუფლებას სამოქალაქო მოვალეობის შესრულებისგან. გარკვეული პერიოდის შემდეგ, აღნიშნული პირი, შესაძლოა, კვლავ იყოს გამოძახებული ნაფიცი მსაჯულობის კანდიდატად. 
 
გამოსაძახებელ კანდიდატთა რაოდენობა და კონტინგენტი

გამოსაძახებელ კანდიდატთა რაოდენობა განისაზღვრება კონკრეტული საქმის გარემოებების მიხედვით. თუ საქმე გახმაურებულია, მაშინ, კანდიდატთა გაცილებით მეტი რაოდენობა იქნება გამოძახებული. გამოსაძახებელ კანდიდატთა  რაოდენობას განსაზღვრავს მოსამართლე. 
ინგლისში იძახებენ 25-30 კანდიდატს. გამონაკლის შემთხვევებში, მოწვეულ კანდიდატთა სია,  შესაძლოა, გაცილებით დიდი იყოს. მაგალითად, ერთ-ერთ ცნობილ საქმეზე, მოწვეული იყო 985 პოტენციური ნაფიცი მსაჯული, რომელთაგან ხუთი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა ჟიურის ფორმირება. მოგვიანებით, საჭირო გახდა კიდევ 225 კანდიდატის გამოძახება.   

კანდიდატთა გამოძახება

კანდიდატებს სასამართლოში იძახებენ უწყებით, ან სხვა საშუალებით (მაგალითად, ელექტრონული ფოსტით). როგორც წესი, ჩვეულებრივ შემთხვევაში, უწყებას უგზავნიან ორჯერ მეტ კანდიდატს. გამოცხადებულ კანდიდატებს პირველივე წუთიდანვე უტარდებათ პერსონალური ინსტრუქტაჟი. გარდა ზეპირი ინსტრუქტაჟისა, ნაფიცი მსაჯულობის კანდიდატებს ეძლევათ სპეციალურად მომზადებული საინფორმაციო მასალა  - ბუკლეტი, ცნობარი, ბიულეტენი, სახელმძღვანელო. 
გამოცხადებულ კანდიდატებს სასამართლოს მუშაკი აღრიცხავს სპეციალურ ჟურნალში, თითოეულ მათგანს ეძლევა ნომერი რეგისტრაცის მიხედვით, რომელიც მათ უნარჩუნდებათ ფიცის მიღებამდე.  შემდეგ მათ მიიწვევენ ნაფიც მსაჯულთა ოთახში, სადაც  ეძლევათ განმარტებები სასამართლოში ქცევის საყოველთაო წესებზე და მათ ძირითად უფლება-მოვალეობებზე,  მათი მონაწილეობით ჩატარებული შემდგომი პროცედურების, მისაღები გასამრჯელოსა და ხარჯების ანაზღაურების წესისა და პირობების შესახებ. 

ანაზღაურება

ანაზღაურების საკითხები განსაზღვრულია კანონით. ნაფიც მსაჯულებს სამუშაო ადგილას უნარჩუნდებათ ანაზღაურება და შრომის კანონმდებლობით დადგენილი გარანტიები და კომპენსაციები. ინგლისის გარდა, ყველა სხვა განვითარებულ ქვეყნებშიც კი, ნაფიცი მსაჯულებისთვის გადახდილი თანხა არ არის მნიშვნელოვანი.
     
ნაფიცი მსაჯულების მიერ საქმეების განხილვის ვადები    

ინგლისში სისხლისსამართლებრივად დასჯადი ქმედებები სამ ჯგუფად იყოფა: ნაკლებად მძიმე დანაშაული, რომელიც განიხილება მხოლოდ მაგისტრატების სასამართლოში; განსაკუთრებით მძიმე დანაშაული, რომელსაც განიხილავს ინგლისისა და უელსის სასამართლოს ყველაზე დაბალი რგოლი; „ორმხრივად განსჯადი” დანაშაულები, რომლებსაც განიხილავს მაგისტრატების, ასევე გვირგვინის სასამართლო და როგორც ბრალდებულს, ასევე მაგისტრატს შეუძლია არჩევანი გვირგვინის სასამართლოზე გააკეთოს. თუ ბრალდებული თავს დამნაშავედ არ ცნობს და პროცესი გაგრძელდება, მაშინ საქმეს განიხილავენ ნაფიცი მსაჯულები.
სხვადასხვაგვარი სირთულის საქმეების განხილვა ნაფიც მსაჯულთა სასამართლოებში კვირეები და თვეებიც კი მიმდინარეობს. შედარებით მარტივ საქმეებს  2-4 დღე სჭირდება, კიდევ უფრო მარტივ საქმეებს კი  - 11 საათი. იმისთვის, რომ არ მოხდეს ნაფიც მსაჯულებზე ზეწოლა, მათი ვინაობა, ბინის მისამართი და პროფესია გასაიდუმლოებულია. 
ინგლისში, სასამართლოში გამოცხადებულ კანდიდატებს მხოლოდ სახელით, გვარის გარეშე აცხადებენ. ამასთან, შესაძლებელია, სასამართლოზე ნაფიცი მსაჯულები ისხდნენ ნიღბებში, ან გამოეწყონ ფართო, გრძელ მოსასხამში, რომელიც მთლიანად ფარავს მათ გარეგნობას. 
ინგლისში, მეოცე საუკუნის შუა რიცხვებამდე დაცვას ჰქონდა 20-მდე კანდიდატის არამოტივირებულად  აცილების უფლება. დროთა განმავლობაში ეს რიცხვი საკმაოდ შემცირდა ჯერ შვიდამდე, 1988 წელს კი დაცვის მხარეს  ეს უფლება საერთოდ ჩამოერთვა იმ მოტივით, რომ ეს წესი პროცესის უფრო გაჭიანურებას უწყობდა ხელს, ვიდრე მართლმსაჯულების წარმატებით განხორციელებას. კანდიდატის აცილების უფლება მხოლოდ ბრალდებას დარჩა.  

ნაფიც მსაჯულთა წინამძღოლის არჩევა 

ნაფიც მსაჯულთა ჟიურის ფორმირების ამოწურვის შემდეგ,  ხდება ნაფიც მსაჯულთა ჟიურის თავმჯდომარის არჩევა. ნაფიც მსაჯულთა ჟიურის წინამძღოლი, ძირითადად, დამაკავშირებელი რგოლის ფუნქციას  ასრულებს ნაფიც მსაჯულებასა და სხდომის თავმჯდომარეს, სხდომის მდივანსა  თუ სასამართლოს სხვა მუშაკებს შორის, ორგანიზებას უკეთებს კენჭისყრას, თვითონ ხმას ბოლოს აძლევს, აცხადებს ვერდიქტს სასამართლო დარბაზში და ასე შემდეგ. წინამძღოლის არჩევა, როგორც წესი, ხდება თვითონ ნაფიცი მსაჯულების მიერ ხმათა უმრავლესობით, სხდომის თავმჯდომარის მონაწილეობის გარეშე სათათბირო ოთახში. 
 
ფიცის დადება 

ფიცის დადებამდე ყველა პროცედურაგავლილი პირი ისევ ნაფიცი მსაჯულობის კანდიდატად რჩება. ფიცის დადების რიტუალი გათვალისწინებულია კანონმდებლობით.   სხდომის თავმჯდომარე კითხულობს ფიცის ტექსტს და სათითაო წევრი ხმამაღლა ამბობს - "ვფიცავ". ფიცის მიღების შესახებ ჩანაწერი კეთდება სხდომის ოქმში, ფიცის მიღებისთანავე. სხდომის თავმჯდომარე ნაფიც მსაჯულებს განუმარტავს კანონით გათვალისწინებულ უფლებებს და მოვალეობებს, აკრძალვებს და პასუხისმგებლობის საკითხებს.  

რა ეკრძალებათ ნაფიც მსაჯულებს

სისხლის სამართლის საქმის მოსმენის დროს ნაფიც მსაჯულებს არ შეუძლიათ გავიდნენ დარბაზიდან. ვერდიქტის გამოტანისას არ აქვთ უფლება, წინასწარ გამოთქვან საკუთარი აზრი განსახილველ საქმეზე.  არ აქვთ უფლება, განსახილველი სისხლის სამართლის საქმის გარემოებების  შესახებ ესაუბრონ პირებს, რომლებიც არ შედიან სასამართლოს შემადგენლობაში. ასევე არ აქვთ უფლება, სასამართლო სხდომის გარეთ შეაგროვონ ცნობები განსახილველ საქმეზე, დაარღვიონ ნაფიც მსაჯულთა თათბირისა და კენჭისყრის საიდუმლოება. 
ინგლისური სისტემა ნაფიც მსაჯულებს ავალდებულებს, წარდგენილ ბრალდებაზე თქვან "დიახ" ან "არა" იმ სახითვე, როგორც იგი საბრალდებო აქტშია გადმოცემული და ნაფიც მსაჯულებს არა აქვთ უფლება, განიხილონ საკითხი განსასჯელის ნაკლები ბრალეულობის თაობაზე, თუკი ეს  გამოვლინდება სასამართლოში. 

ნაფიც მსაჯულთა თათბირი

ინგლისში, დადგენილია ნაფიც მსაჯულთა თათბირის საერთო მოთხოვნები. ნაფიც მსაჯულთა კოლეგიის თათბირს ესწრებიან მხოლოდ ნაფიცი მსაჯულები. სხვა პირის დასწრებაც კი ვერდიქტის გაუქმების  საფუძველია. თათბირს ხელმძღვანელობს ნაფიც მსაჯულთა თავმჯდომარე, რომელიც კენჭისყრის დამთავრების შემდეგ ითვლის ხმებს, შედეგები შეაქვს "ვერდიქტის ფორმაში" და "კითხვათა ფურცლებში" - პასუხის სახით. ხელს აწერს მას და გადასცემს თავმჯდომარეს. მოსამართლის მიერ ვერდიქტის მოწონების შემთხვევაში, ნაფიც მსაჯულთა ჟიურის თავმჯდომარე აქვეყნებს ვერდიქტს სხდომათა დარბაზში. თათბირისა და ვერდიქტის გამოტანისას ნაფიც მსაჯულებს უფლება აქვთ, გამოიყენონ სასამართლო სხდომაზე გაკეთებული საკუთარი  ჩანაწერები, აგრეთვე ნორმატიული, საცნობარო, სამეცნიერო-პრაქტიკული და სხვა საჭირო იურიდიული ლიტერატურა
 

ვერდიქტი

ინგლისში არსებობს ვერდიქტის ოთხი ფორმა. გენერალური ვერდიქტი, როდესაც ნაფიცი მსაჯულები ერთმნიშვნელოვნად წყვეტენ საკითხს განსასჯელის დამნაშავეობისა თუ უდანაშაულობის შესახებ; ვერდიქტი, რომელიც წარდგენილი ბრალდების ერთ ნაწილში გამამტყუნებელია, ხოლო სხვა ნაწილში – გამამართლებელი; ვერდიქტი, რომელიც განსასჯელს ცნობს დამნაშავედ არა წარდგენილ, არამედ სხვა, უფრო მსუბუქ დანაშაულში; სპეციალური ვერდიქტი, როცა ნაფიცი მსაჯულები დადგენილად მიიჩნევენ გარკვეულ ფაქტობრივ გარემოებებს, რომლებიც საფუძვლად უდევს ბრალდებას, მაგრამ ღიად ტოვებენ საკითხს განსასჯელის დამნაშავეობის შესახებ. დღეისათვის ასეთი ვერდიქტები გამოიყენება შეურაცხადი პირების მიმართ.გამამართლებელი ვერდიქტის გამოტანის შემთხვევაში, როგორც წესი, განსასჯელი პატიმრობიდან დაუყოვნებლივ თავისუფლდება. ინგლისში ვერდიქტის კლასიკური სახეებია - გამამართლებელი და გამამტყუნებელი. გამოცხადებული ვერდიქტი დაუყოვნებლივ შედის სხდომის ოქმში. ჩანაწერი იქვე წაეკითხებათ ნაფიც მსაჯულებს, რომლებიც ხელის მოწერით ადასტურებენ ჩანაწერის სისწორეს. ხელის მოწერის დადასტურების შემდეგ, ნაფიცი მსაჯულები თავისუფლდებიან პროცესიდან. ინგლისში, თუკი მსაჯულები ორი სათის განმავლობაში ვერ მიიღებენ ერთსულოვან გამამატყუნებელ ვერდიქტს, საქმეზე ვერდიქტის გამოტანა ხდება ხმათა უმრავლესობით. 

განაჩენის დადგენა, გასაჩივრება და გადასინჯვა

ინგლისში ნაფიც მსაჯულთა მიერ ვერდიქტის გამოტანის შემდეგ ტარდება ეგრეთ წოდებული "განაჩენისწინა" გამოძიება, რომელიც გულისხმობს მოსამართლის დავალებით, პრობაციის სამსახურის ან სოციალური მოსამსახურის მიერ განსასჯელის მიმართ ყველა საჭირო მონაცემის შეკრებას. შედეგების მიხედვით დგება სათანადო დოსიე - "განაჩენისწინა მოხსენება". თუ მოსამართლე საჭიროდ მიიჩნევს, ნიშნავს სამედიცინო გამოძიებას.  `განაჩენისწინა" გამოძიების დამთავრების შემდეგ, ტარდება სასამართლო სხდომა მხარეთა მონაწილეობით, სადაც განიხილება ეს დოსიე და მხარეთა მიერ შეგროვილი მასალები. შემდეგ იმართება კამათი. მოსამართლე იღებს გადაწყვეტილებას სასჯელის ზომის განსაზღვრის შესახებ.   
გასაჩივრება - ინგლისური ტერმინოლოგიით `აპელაცია" იყოფა ორ ნაწილად - აპელაცია ფაქტების საკითხებზე და აპელაცია სამართლის საკითხზე. მეოცე საუკუნემდე ნაფიც მსაჯულთა ვერდიქტი სააპელაციო გასაჩივრებას არ ექვემდებარებოდა. თუმცა, შემდეგ, ცვალებადი იურიდიული რეალობისთვის იგი შეუსაბამო გახდა. 1907-1968 და 1995 წლებში მიღებული კანონების თანახმად, ვერდიქტის გასაჩივრება ხდება სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის სამეთა განყოფილებაში. კანონი ცალ-ცალკე აწესებს დაცვის მხარის აპელაციას და ბრალდების მხარის აპელაციას, რომლებიც ერთმანეთისგან  მნიშვნელოვნად განსხვავდება. 
სააპელაციო სასამართლო ხელახლა იხილავს საქმეს სამი პროფესიონალი მოსამართლის შემადგენლობით. გასაჩივრების უნივერსალური საფუძველია არსებითი შეცდომა, რომელმაც ზიანი მიაყენა განსასჯელის უფლებებსა და კანონიერ ინტერესს.

ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს ნულიფიკაცია

ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს ნულიფიკაცია ინგლისური იურისპრუდენციის  ტერმინია და მისი შინაარსი განმარტებულია, როგორც ნაფიც მსაჯულთა უფლებამოსილება - კანონის უგულვებლყოფით გაამართლონ განსასჯელი. ნაფიც მსაჯულთა ჟიური ერთადერთი სასამართლო სტრუქტურაა, რომელსაც თვითონ კანონი ანიჭებს უფლებას, კანონის მოთხოვნის მიუხედავად, შინაგანი რწმენის, სინდისის და გამოცდილების შესაბამისად გადაწყვიტოს განსასჯელის ბედი. 
კატეგორია: იურიდიული ლიტერატურა | დაამატა: gi2gi
ნანახია: 410 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 4.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]