მთავარი » ფაილები » გასართობი

ცნობები სნობებისთვის, ანუ, როგორ გამოვჩნდეთ უფრო ინტელექტუალური, ვიდრე ვართ
2011-02-27, 0:34 AM

"სწავლა სიბერემდეო"

"-გიყვართ ფედერიკო ფელინის ფილმები?
-თვალთმაქცობას არ დავიწყებ, მე მხოლოდ "პეპსისა” და "კოკა კოლას” ვარჩევ ერთმანეთისაგან” – "11 წუთი” (პაოლო კოელიო)

ღმერთი.

(ვახსენე ღმერთი, ჩავრთე "გოიმურები” "ინტერნეტრადიოზე” და წარმოსახვაში ერთდროულად რამდენიმე სნობი ამომიტივტივდა, ანუ, ყველაფერი მზად არის იმისათვის, რჩევების გაცემას რომ შევუდგე)

1. "გამოიყენეთ ფსევდო-ფილოსოფიური ფრაზები”

ა) (აპრობირებული მეთოდი: შეადარეთ ნებისმიერ რამეს "ცხოვრება”. მენდეთ, მისი ახსნა–განმარტება ყველაფერს თავისუფლად ერგება): "ცხოვრება "ქინდერს” ჰგავს, თუ ზედაპირულად შევხედავთ – სიტკბოთია სავსე, თუ სიღრმისეულადსიურპრიზებით", "ცხოვრება ტუალეტის ქაღალდია, რაც მეტად იყენებ, მით უფრო მალე მთავრდება” ან "ცხოვრება  დაღეჭილი კევის მსგავსია – ზუსტად არავინ იცის, თუ სადამდე გაიწელება".

ბ) (ხშირად წარმოთქვით  ”კვაზი ღრმა აზრის” შემცველი წინადადებები. ადამიანებს ხომ ფიქრი ძალიან ეზარებათ და ნაცვლად იმისა, რომ თქვენს ნათქვამს სისულელე უწოდონ, რატომღაც მას სიბრძნედ მიიჩნევენ): "მოსახვევში ფრთხილად, მანდ ეკვატორი მერიდიანს კვეთს” (მეტაფორა, რომლის აზრის პოვნას არც კი ეცადოთ), "წიგნი გამართლებაზეა. ზოგის წაკითხვით დროს კარგავ და ზოგის არწაკითხვით – გაცილებით მეტს” (ბრძნულად მოჭუტული თვალებით სათქმელი), "მზემ რომ სარკეში ჩაიხედოს, საკუთარი სხივის ანარეკლი დააბრმავებს” (ვისიმე სინდისის გასაღვიძებლად მიმართული ფრაზა) და მრავალი სხვა.

2. "განიხილეთ ის რომანები, რომელზეც ყველა საუბრობს, მაგრამ რომელთაც თითქმის არავინ კითხულობს”

(ცნობისათვის: წიგნის ნებისმიერ მაღაზიაში იყიდება "ლიტერატურულ შედევრთა მოკლე შინაარსების” სამტომეული)


"ფაფუ, წიგნები"

"მაბოდებს, მაცახცახებს, ყვრიმალი მითრთის, შოკში ვვარდები, შუბლის ძარღვი მიწყდება და ღვიძლი (დროდადრო კუჭიც) მეშლება დოსტოევსკიზე. მისი ნაწარმოებების არწაკითხვა ისეთი საშინელი დანაშაულია, რომ სასჯელად "ზულუს ტომების აგრონომიის” ორტომეულის თარგმნა უნდა დააკისრო ადამიანს. ჯეიმს ჯოისზე ხომ აღარაფერს ვამბობ. "ულისე” თუ არ გადაგიშლია კაცს, ისე ცხოვრების სანახები (რეკომენდირებული სიტყვა) როგორღა გადაგეშლება თვალწინ, ძალიან მიკვირს?! აბა, გენაცვალე, "დუბლინელები” ჩემს ძაღლსაც კი აქვს წაკითხული უკვე (ხაზგასმა საკუთარი ინტელექტის ზეობისა)! დროა, გაიზარდოთ!”

3. "მოიძიეთ რამდენიმე შედევრი კინოს/მუსიკის ისტორიაში და პერიოდულად აღნიშნეთ, რომ ის თქვენი საყვარელი ფილმი/სიმღერაა”

(რა თქმა უნდა, არ დაგავიწყდეთ ხაზგასმა იმისა, რომ თქვენ გემოვნებიან მუსიკას უსმენთ და გემოვნებიან ფილმებს უყურებთ)

მიმართვა მიწისკენ: "რა ჰოლივუდი, თუ ძმა ხარ! "პაპსა” ფილმები და ჯეისონ სტეტჰემის დაბურცული მკერდი მაყურებინე ბარემ. ფელინის რვანახევარი გაქვს ნანახი?!… რატომ იცინი, ბილწო! არ ვიცი, შენ რა იფიქრე, მაგრამ ფილმს ჰქვია ასე. ან კი, რას გელაპარაკები? დარწმუნებული ვარ, არც ჯიმუშკა ჯარმუში გექნება გაგონილი  და მით უმეტეს, არც სტენლი კუბრიკი. საერთოდაც, საღამოობით შემთხვევით მერაბ კაშიას ხომ არ უსმენ ხოლმე?”

მიმართვა ცაში: "ღმერთო აღგავე ყველა გოიმი, ვინც "Pink Floyd”-ს არ ეთაყვანება, პაზოლინის ("პაზორი, ნუ”) ფილმები არ აქვს ნანახი და გემოვნების შესახებ მხოლოდ ანდაზებში თუ გაუგონია. ბიჯოს! არ შეგვჭამეს ეს გემოვნებიანი საზოგადოება?!”


"გოიმი და სნობი"

4. "გამიჯნეთ საკუთარი თავი მასისგან”

(სიტყვის უკანასკნელ ასომდე აძაგეთ პროფილი და განსაკუთრებით მძაფრად აღნიშნეთ, რომ ის მასისთვისაა განკუთვნილი)

"FუF, გადაცემა კი არა სოფლის (აუცილებლად აღსანიშნი სიტყვა) კლუბია. მდარე ხარისხის მასობრივი პროდუქტი ეგ. ნეტავ იმის გემოვნებაში ჩამახედა, ვისაც "პროფილი” ან მაია ასათიანის მანერები მოსწონს. თუმცა, ნათქვამია "რაც არ არსებობს, იმაში აბა როგორ ჩაიხედავო?!” (იხ. რჩევა #1, პუნქტი "ბ”). ეჰ, სანამ მასა "პროფილის” ცქერით ძღება, წავალ მე და "წითელი ზონის” ჩანაწერებს გადავხედავ მესამედ”

5. "დაიმოწმეთ კომპეტენტური წყაროები”

("როგორც პაბლო დიეგო ხოსე ფრანცისკო დე პაულა ხუან ნეპომუსენო მარია დე ლოს რემედიოს კიპრუანო დე ლა სანტისიმა ტრინიდად მარტირ პატრისიო კლიტო რუის პიკასო იტყოდა…”)

"თომა აქვინელი თავის ერთ–ერთ ნაშრომში –  "კლიტემენსტრას მეხუთე ეგზარცისი” (სათაური დამოკიდებულია თქვენს ფანტაზიაზე, რა თქმა უნდა. თუმცა, რაც უფრო რთულად გასაგები იქნება, მით უკეთესი) – წერდა, რომ "ვისაც ჰომეროსი არ ჰქონდა წაკითხული, თავისუფლად შეეძლო თავის დასახრჩობად ტიბრში გადამხტარიყო” (ნუ გეშინიათ! არავის მოუვა აზრად, რომ არარსებული "კლიტემენსტრას ეგზარცისი” მაინცდამაინც ამ ციტატის სანახავად მოძებნოს). მე კი, იგივეს ყველა იმ ადამიანზე ვიტყოდი, ვისაც (ჰოი, ღმერთებო) "მექანიკური ფორთოხალი” არ უნახავს.”

6. "გამოიყენეთ წლები და ციფრები”

(არავინ ამოწმებს, ნერონი ძვ.წ. 66 წელს დაიბადა თუ ახ.წ–ს 88–ში. სამაგიეროდ, ყველას ჰგონია, რომ თქვენ ფენომენალური მახსოვრობა გაქვთ. ასეთ დროს, მთავარია ცდომილება რამდენიმესაუკუნოვანი არ აღმოჩნდეს, თორემ  986–ში მომხდარი დიდგორის ბრძოლა, ან, მეთხუთმეტე საუკუნეში ნაწამები შუშანიკი თქვენს იმიჯს მკვეთრ საფრთხეს შეუქმნის.)

"რევოLUციIს მსხვერპლი"

7. "დაიმახსოვრეთ რამდენიმე ცნობილი შაბლონი შედარებებისათვის”

"ახლახანს წავიკითხე მურაკამი. სხვათა შორის… ორიგინალში და ისეთივე შოკში ვარ, როგორც ნაპოლეონი – ვატერლოოს ომის შემდეგ. ზოგადად, იაპონია კი ჩემი ობიექტურობისათვის ნამდვილად აქილევსის ქუსლია. იაპონური კულტურა ხომ ისეთივე გენიალურია, როგორც "ვეფხისტყაოსანი”. რა "საიდან ვიცი”? "ეს ხომ ელემენტარულია, უოტსონ!” (როგორც ბეიკერსტრიტელი მაძებარი იტყოდა) და საერთოდაც შემეშვი რა… შენი თავი ახლა ისევე არ მაქვს, როგორც ლუი მეთექვსმეტეს 1793 წელს (იხ. რჩევა #5), მას შემდეგ რაც გილიოტინაზე ავიდა.

8. "ისწავლეთ რამდენიმე ტაეპი ორიოდ ლექსიდან”

რეკომენდირებული სტრიქონებია:

"ცვრიან ბალახზე თუ ფეხშიშველამ არ გავიარე, რაა მამული?!” – ბუნებაში ყოფნის ჟამს სათქმელი;
"რაც უფრო შორს ხარ, მით უფრო ვტკბები” – შეყვარებულთან (სადარბაზოს წინ) გამომშვიდობების ჟამს სათქმელი;
"საქართველოში იბადებოდნენ და შემდეგ მუდამ წუხდნენ ამაზე” – "რას გვიშვრება ეს მთავრობა”–ს საპასუხო ჟამს სათქმელი;
"მე გპირდებოდით, რომ დავბრუნდები, რომ თქვენი თმები დამაბრუნებდნენ” – საპარიკმახეროში შესვლის ჟამს სათქმელი;
"არ გავცვლი მე ჩემს სამშობლოს, სხვა ქვეყნის სამოთხეზედა” – მიტინგების ჟამს  შეკრული მუშტის ქნევის პარალელურად მიკროფონთან სათქმელი;
"და ა.შ” – გრძელი ჩამონათვალის შეწყვწტის ჟამს სათქმელი;

9. "რაც შეიძლება მეტად დათრგუნეთ მოსაუბრე”

"აუ, ჩემი მეზობელი რა დებილია, იცი? გუშინ ვლაპარაკობდით. ჰოდა, თურმე არც რიკ ემანუელ შმიტი გაუგია (სასურველია, რომ ერიკ–ემანუელი მოსაუბრისთვისაც ამოუცნობ ფენომენად რჩებოდეს) და ჯვებე დუმბავაზე საერთოდ სიცილით მოკვდა, "რას მეკაიფებიო?” (ასეთ დროს თუ მოსაუბრემ არ შეიმჩნია, რომ ეს მწერლები მისთვისაც საკმაოდ უცხოა, დათრგუნვის ოპერაცია წარმატებულად შეგვიძლია ჩავთვალოთ! ბოლოსდაბოლოს, ჩვენთვის ხომ აგრერიგ "პრიმიტიულია” ის, რისთვისაც მას ყურიც კი არ მოუკრავს).

"ბაბილონის GODოლი"

10. "გამოიყენეთ რაც შეიძლება მეტი უცხო სიტყვა”

"გაუნათლებელი” ადამიანი: "გია სურამელაშვილი იმდენად კაცთმოძულე იყო, რომ სიტუაციის გამწვავებას არ მოერიდა და სიმღერა დაიწყო. ვიღაცეები ამბობდნენ ნათესავმა ჩაუწყოო საქმე, თუმცა ამ ფაქტის ჭეშმარიტებაზე საზოგადოება დღემდე ვერ შეთანხმდა…”

"განათლებული” ადამიანი: "გია სურამელაშვილი იმდენად მიზანთროპი იყო, რომ სიტუაციის ესკალაციას არ მოერიდა და სიმღერა დაიწყო. ვიღაცები ამბობდნენ ნეპოტიზმის დამსახურებააო, თუმცა ამ ფაქტის ავთენტურობაზე საზოგადოებამ კონსესუსს დღემდე ვერ მიაღწია…”

პ.ს: "სნობი – პირი, რომელსაც დახვეწილი გემოვნების, მანერების და მისთ. პრეტენზია აქვს და ამით თავი მოაქვს, ქედმაღლობს” ("ვიკიპედია”)

"ვიკიპედიას რომ კაცი ენდობა, იმას რა ვუთხარი მე”სნობი



კატეგორია: გასართობი | დაამატა: gi2gi
ნანახია: 552 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]