- ჯემალ, სკრიპკა!
- იანგული, ლაწირაკო!
- ჯემალ, ქამო!
- იანგული, წუწკო ბერძენო!
- ჯემალ, წირპლიანო!
- პატარების ყოჩო!
- ვირისთავო!
- ვირის მწყემსო!
- გოგოების მაჩალკა!
- ხულიგანო!
- თბილისელო ჰარიფო!
- შენი დედა ვატირე, იანგული!
- იმანა სუ ინე პროსტიკასა ინეკა, ჯემალ!
●
სოხუმელი ბერძენის ხრისტო ალექსანდრიდის შვილი იყო იანგული.
ნაფოტივით თხელსა და ბეჭებგანიერს სწორი, ლამაზი ცხვირი, ნახშირივით შავი
თვალები
და მაიმუნივით გრძელი ხელები ჰქონდა. რომ იდგა, მუხლებამდე წვდებოდა
უზარმაზარი
ტორები. თოთხმეტი წლისა იყო. თავის ტოლ უბნის ბიჭებს შიშის ზარს სცემდა.
საოცარი
ჩხუბი იცოდა, ორ-სამ ბიჭს ერთად გაასილაქებდა, ხელს არ გაანძრევინებდა.
კატასავით
სწრაფი იყო, კაჟივით მაგარი და ჯანმრთელი. ზამთარ-ზაფხულ სატინის შავი
ხალათით
დადიოდა, მკერდგაღეღილი.