მთავარი » ფაილები » შემეცნებით

ზიგმუნდ ფროიდი
2011-04-05, 9:54 PM
(დაიბადა 1856 წლის 6 მაისს იმ დროისთვის ავსტრიის იმპერიის ქალაქ ფრაიბერგში (ამჟამად ჩეხეთის ქალაქი პრჟიბორი) - † 23 სექტემბერი, 1939, ლონდონი). ავსტრიელი ნევროპათოლოგი, ფსიქიატრი, ფსიქოლოგი, ფსიქოანალიზის ფუძემდებელი.

იგი არის სიღრმის ფსიქოლოგიის, როგორც ადამიანის ახალი ხედვისა და პიროვნების პირველი თეორიის-ფსიქოანალიზის დამფუძნებელი. ასევე მისი წვლილი ფსიქოლოგიაში იმითაცაა ნიშანდობლივი, რომ მან ჩამოაყალიბა და განავითარა ფსიქოდინამიკა, როგორც ახალი ფსიქოლოგიური თვალსაზრისი, რომელშიც ცენტრალურია: არაცნობიერი, ე.წ. Drive (ქცევის ფსიქიკური მასტიმულირებელი, მამოძრავებელი ან/და აღმძვრელი ფაქტორები). ინდივიდი ფსიქოდინამიკაში განიხილება, როგორც გენეტიკური კონსტიტუციისა და გარემო პირობების ურთიერთქმედების პროდუქტი.

ფროიდი 83 წლის ასაკში გარდაიცვალა ლონდონში 1939 წლის 23 სექტემბერს ხახის კიბოთი, მან 33-ჯერ გაიკეთა ოპერაცია, ბოლო წლები იგი ატარებდა ხახის პროტეზს, მაგრამ მაინც არ წყვეტდა სიგარის წევას. მისი მეცნიერული შემოქმედება ცხოვრების ბოლომდე გრძელდებოდა, თუმცა ბოლო 4 წლის განმავლობაში იგი ლექციებს ვეღარ კითხულობდა და ცხადია ვეღარც ფსიქოთერაპიას ეწეოდა კლიენტებთან, რადგან პირის ღრუსთან დაკავშირებულმა სიმსივნურმა პრობლემებმა მისი ხმა ძალიან დაასუსტა. მისი საყოველთაოდ ცნობილი გარდაცვალების ფაქტი ასეთია: ფროიდმა თავად სთხოვა ექიმს მორფინის ზედმეტი დოზა მიეწოდებინა მისთვის, რადგან იგი ძალიან იტანჯებოდა და ტკივილების გადატანას აზრიც აღარ ჰქონდა. იგი სიკვდილის დროსაც შეგნებულ მდგომარეობაში იმყოფებოდა.

მისი თეორია საოცრად შეესაბამებოდა ეპოქის სულისკვეთებას. იმ დროინდელი ვენა - ეს იყო ეროტიზმის მდიდრული გაფურჩქვნის ხანა. იმპერიის დედაქალაქში 40 000-მდე მეძავი იყო, ევროპის არცერთ ქალაქში არ იბეჭდებოდა ამდენი პორნოგრაფიული სურათები. თუმცა სექსუალური თავისუფლება ვრცელდებოდა მხოლოდ მამაკაცებზე. გოგონები არისტროკრატიული ოჯახებიდან უნდა მოქცეულიყვნენ, როგორც ანგელოზები. მიუხედავად ამისა, ქალურ სექსუალობაზე - ვენელი ექიმისა და მწერალის არტურ შნიცლერის მოთხრობების საყვარელ თემაზე - საუბრობდნენ ყველა ვიწრო წრეში. "ყველაფერი ამოძრავდა, სექსულური ისტორიები იზიდავს ხალხს", წერდა ფროიდი 1893 წლის ბოლოს. იგი, ისევე, როგორც იმ ეპოქის ბევრი ექიმი, დარწმუნებული იყო, რომ მასტურბაციამ და ცოიტუს ინტერრუპტუს (შეწყვეტილმა სქესობრივმა აქტმა) შესაძლოა გამოიწვიონ ნერვოზის განვითარება. ექიმი ფროიდი, რომლის მისაღებშიც საუბრობდნენ სექსზე, მოდური ექიმი ხდება. განსაკუთრებით მოდური იმიტომ, რომ სულ უფრო და უფრო უახლოვდება ბავშვური სექსუალობის თემას - თემას, რომელიც საუკუნეების განმავლობაში აკრძალულად ითვლებოდა და საზოგადოება უყურებდა, როგორც საშიშს. 1895 წლის ბოლოს ცნობილ საშობაო ზღაპარში ხელნაწერი, რომელიც საახალწლო მილოცვასთან ერთად გაუგზავნა ფლისს, ფროიდი აყალიბებს რამდენიმე მნიშვნელოვან იდეას. იგი წერს, რომ ნევროზები შეიძლება გამოიწვიონ ცნობიერებისგან "გაქცეულმა" აფექტებმა (კონფლიქტი, ცილისწამება, შეურაცხყოფა, გლოვა). შორეულ ბავშვობაში საქსუალური ბუნების მატრამვირებელი განცდების შედეგები. აკვიატებული ქმედებების ნერვოზებს ფროიდი ხსნის ასე: პაციენტის ბავშვობაში იყო რაიმე ტიპის სექსუალური განცდა ძალზე მტკივნეული ჩამოუყალიბებელი ცნობიერებისთვის და ამიტომ იგი განიდევნა არაცნობიერში, "დავიწყებას მიეცა". ბავშვი დიდ ხანია გაიზარდა, მაგრამ დანაშაულის ამოუცნობი განცდა, სინდის ქენჯვნის მტკივნეული გრძნობა და მზადყოფნა "დაისაჯოს" (გაუგებარია რისთვის) უბიძგებს მას აკვიატებული ქმედებებისკენ. ჩემს ბავშვობაში იყო რაღაც "ცუდი", რის გამოც მე ახლა სინდისის ქენჯვნა მაწუხებს. შესაბამისად უკეთესი არ იქნება ჩემთვის ახალი დანაშაულისგან გაქცევის მიზნით, განვიცდიდე სინდისის ქენჯვნას? ნევროტული საქციელი - ეს არის ციხე-სიმაგრე, რომელსაც აგებს ფსიქე, რათა თავი დაიცვას წარსულისგან, რომელიც მას ემუქრება. "საშობაო ზღაპარში" აღწერილია არაცნობიერი|არაცნობიერის ახალი სახე - ეს არის უსასრულო ბრძოლის ველი, სადაც ერთმანეთს ებრძვიან სხვადასხვა ძალები. შემთხვევითი არ არის ის, რომ ფროიდი იყენებს საბრძოლო ტერმინებს: დაცვა, განდევნა, გამოღვიძებული მე. მაგრამ ვინ ვის იცავს? ვინ რას განდევნის? საბოლოდ ვინ იმარჯვებს? ვინ არიან ეს მსახიობები ჩვენი ბიოგრაფიის სცენაზე? მოგვიანებით ფროიდი მათ სახელებს დაარქმევს: "იდი", "ეგო", "სუპერ-ეგო". მისი აზრით, შეუძლებელია აიხსნას პიროვნების დამანგრეველი ნევროტული კონფლიქტები, თუ დავუშვებთ იმას, რომ პიროვნება - ეს ერთი მთლიანობაა. და ფროიდი ყოფს მას შემადგენელ ნაწილებად. თითოეული მათგანი საკუთარ როლს თამაშობს და საკუთარ ინტერესებს ემსახურება. "იდი" - ეს არის ვნებების, ინსტინქტების და გატაცებების სამფლობელო. "სუპერ-ეგო" - მორალის ინსტანციაა, რომელიც ძირითადად აღმოცენდება მამის ავტორიტეტთან შეჯახების შედეგად. გონებით დაჯილდოვებული "ეგო" შუამავლის როლს ასრულებს სურვილებსა და რეალობას, შინაგან და გარეგან სამყაროს, "იდი"-სა "სუპერ-ეგო"-ს შორის. ამიტომ "ეგო" ყოველთვის "ერთდროულად ორ სკამზე ზის". მან უნდა გაუძლოს შეურაცხყოფებს და დაიცვას თავისი "მატარებელი" კონფლიქტებისგან - დაიცვას ნერვოზების ფასად. აქ ჩვენ ვაწყდებით ვენელი მეცნიერის ღრმა დარწმუნებულობას - ადამიანი დაუსრულებლად მოწყვლადია. ფროიდმა მთლიანად განიცადა ეს ფაქტი საკუთარ თავზე, როდესაც 1896 წელს (სწორედ ამ წელს მან პირველად იხმარა ცნება "ფსიქოანალიზი") ვენელი ფსიქიატრების წინაშე კითხულობდა ნაშრომს ბავშვობის სექსუალურ განცდებზე. გაბრაზებულ მდგომარეობაში მყოფი, იგი ფლისს წერს: "ჩემმა ნაშრომმა იმ ვირებისგან მიიღო მეცნიერული ზღაპრის შეფასება, და ეს მას შემდეგ, რაც მათ უჩვენეს გადაწყვეტა პრობლემისა, რომელზეც ათასობით წლის განმავლობაში ფიქრობდნენ ადამიანები!" გააფთრებული ფროიდი მოურიდებლად გამოხატავს თავის დამოკიდებულებას: "ჯანდაბამდეც გზა ჰქონიათ!" მან კოლეგებს წარუდგინა დამუშავებული, შეიძლება ითქვას, საგულდაგულოდ "დაღეჭილი" თეორია, მაგრამ მათ ის ვერ გაიგეს! ფროიდის გაბრაზება კი ძალზე ადვილია: იგი ღიზიანდება, როდესაც ესმის სულ მცირე მინიშნებაც კი, რომ მისი არ ესმით ან აკრიტიკებენ. მეცნიერის კავშირი, ურთიერთობა სამყაროსთან არასოდეს არ იყო მარტივი, ხოლო მისი დამოკიდებულება ადამიანებისადმი სავსე იყო წინააღმდეგიბებით:"ჩემთვის ყოველთვის აუცილებელი იყო ახლო მეგობარი და მოსისხლე მტერი", აღიარებდა ფროიდი. ხშირად ეს ორი ცნება ერთიანდებოდა ერთ ადამიანში. ვილჰელმ ფლისთან ფროიდის მეგობრობა გაურკვეველი მიზეზების გამო სამუდამოდ დასრულდა 1900-იანი წლების დასაწყისისთვის. მაშინ, როდესაც ფსიქოანალიზი მთელ მსოფლიოში უდიდესი პოპულარობით სარგებლობდა, ფროიდის "მემკვიდრე პრინცი" იყო შვეიცარიელი ფსიქოლოგი კარლ გუსტავ იუნგი - და სწორედ ის გახდა მოგვიანებით მისი უდიდესი მტერი. 1912 წელს, იუნგთან მტკინვეული დაშორების შემდეგ, ფროიდის მეორე ნდობით აღჭურვილმა პირმა, ბრიტანელმა ფსიქოლოგმა ერნსტ ჯონსმა შესთავაზა მას, შეექმნათ ფსიქოანალიზის ერთგული მიმდევრების კომიტეტი. ნებისმიერი შემოთავაზება "ძირითადი იდეების" ჩარჩოებისგან გამოსვლისა უნდა განხილულიყო კომიტეტის წევრების ვიწრო წრეში მკაცრი გასაიდუმლოებულობის დაცვით, რათა გამორიცხულიყო მოძრაობის შიგნით განხეთქილების გაჩენის საფრთხე. ფროიდი აღფრთოვანებით შეხვდა ამ იდეას. ხუთი ადამიანი, რომლებმაც თავდაპირველად შექმნეს ფროიდის "გვარდია", მრავალი წლის განმავლობაში რჩებოდა თანამოაზრეების ერთიან გუნდად. (კრიტიკოსები კი ფსიქოანალიტიკურ მიმდინარეობას მოიხსენიებდნენ, როგორც სექტას). ამასთან ფროიდი ყოველთვის მზად იყო აბსოლუტურად შეეცვალა საკუთარი იდეები. იგი აშკარად არ განიხილავდა თავის თეორიას, როგორც დასრულებულ ნაგებობას. ის ვითარდებოდა ისე, თითქოს თავდაპირველად მან ააშენა სახლი, შემდეგ მიამატა ავტოსადგომი, დააშენა კიდევ ერთი სართული, კედელში გაჭრა ფანჯრები… ფროიდის იდეები ძალიან ხშირად შეიძლება ორგვარად გავიგოთ. თითქოს ფროიდი სულ თავიდან და თავიდან იგონებს ფსიქოანალიზს. 1896-1897 წლებში, მაგალითად, იგი უარს აცხადებს ნერვოზის ცნებაზე, როგორც ბავშვობაში გარყვნილების შედეგზე. და საუბრობს ოიდიპოსის კომპლექსზე. როგორც ჩანს, ნერვოზების განვითარების თეორიაში ახალი ფაზის დაწყება ემთხვევა ფროიდის მამის გარდაცვალებას 1896 წლის ოქტომბერში. გადაიტანა რა გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონე დანაკარგი მამაკაცის ცხოვრებაში, ფროიდი სულ უფრო და უფრო მეტი ყურადღებით აანალიზებს საკუთარ სიზმრებს. ფიქრობს რა მამაზე, იგი უღრმავდება თავის ბავშვობას.

ფლისისადმი მიწერილ წერილებში ჭეშმარიტად ველური ისტორიებია. ფროიდის პაციენტები მოშხამულნი არიან ბავშვობაში გარყვნილი მოზრდილების მიერ. "სამწუხაროდ, მამაჩემი ერთ-ერთი ამ გარყვნილთაგანი იყო და დამნაშავეა იმაში, რომ ისტერიით დაავადდნენ ჩემი ძმა და უმცროსი დები", წერს ფროიდი თავის მეგობარს ბერლინში. და მაინც, ის ჯერ კიდევ არ არის დარწმუნებული თავის სიმართლეში. რა თქმა უნდა, ყველა ამ კეთილსინდისიერ ბატონებს სოლიდურ ტანისამოსში, ფროიდი სავსებით რეალურ სექსუალურ მოძალადეებად თვლის, მაგრამ "სიხშირე, რომლითაც გვხვდება ნერვოზები, მაიძულებს ამაში ეჭვი შევიტანო". 1897 წლის მაისში იგი წერს: "ჩემში ყველაფერი მოძრაობს და დუღს, არის ბუნდოვანი მოლოდინი იმისა, რომ მალე რაღაც მოხდება". და ბოლოს, 1897 წლის 21 სექტემბრის ცნობილი წერილი. იტალიიდან დაბრუნებული ფროიდი ფლისს სწერს: "მე ისევ აქ ვარ, დასვენებული, მხიარული, უფულო და ჯერჯერობით უსაქმური. და მინდა ახლავე მოგიყვე საიდუმლოზე, რომელიც ბოლო დროს ხშირად მაფიქრებს. მე აღარ მჯერა ნევროზის ჩემეული გაგების". ფროიდი კიდევ ერთხელ ჩამოთვლის ყველაფერ იმას, რაც მას აფიქრებს და აწუხებს. პირველ რიგში, სექსულური ბოროტად მოპყრობის ჰიპოტეზა არც ერთხელ არ დაეხმარა მას რეალურად ბოლომდე მიეყვანა ანალიზი. მეორე, ისტერიის გავრცელებულობიდან გამომდინარე ძალიან ბევრი ადამიანი უნდა ყოფილიყო გარყვნილი მოზრდილების მსხვერპლი. მესამე, როდესაც ავადმყოფი ტახტზე წვება და მოგონებებში გადადის, ყოველთვის გასაგები არ არის, საქმე გვაქვს მოგონილ ისტორიასთან, თუ რეალურ ბიოგრაფიულ ფაქტთან. ნახევარი წლის წინ ფროიდი აღშფოთებული იყო, როდესაც ვენელმა კოლეგებმა მის იდეას "მეცნიერული ზღაპარი" უწოდეს, იმას, რომ ნერვოზი ყოველთვის შეიძლება აიხსნას ბავშვობაში გადატანილი გარყვნილებებით. ახლა ფროიდი თვითონ უარყოფს თავის თეორიას... თუმცა უფრო სწორი იქნება ვთქვათ, რომ იგი კი არ უარყოფს, არამედ ცვლილებები შეაქვს მასში. დავუშვათ, რეალურ გარყვნილებას არ ჰქონდა ადგილი, მაგრამ ნუთუ არ შეიძლება ნერვოზები გამოიწვიოს ამ თემასთან დაკავშირებულმა ფანტაზიებმა? განა შეიძლება ყურადღება არ გავამახვილოთ არაცნობიერის ძალაზე? აანალიზებს რა თავის სიზმრებს, ფროიდი უღრმავდება ბავშვობის წლებს. საკუთარი მამის ფიგურას ის ახლა სრულებით სხვანაირად ხედავს. ("იდი" არანაირ აქტიურ როლს არ თამაშობდა). და უცებ ის აღმოაჩენს, რომ წარსულში თავისი უმცროსი ძმის სიკვდილი უნდოდა. რაც მთავარია, მასში ისევ ამოხეთქავს დედის მიმართ განსაკუთრებული სიყვარული, აღფრთოვანება, რომელიც განიცადა, როდესაც შემთხვევით დაინახა იგი შიშველი. ოქტომბერში იგი წერს ფლისს: "მე საკუთარ თავში აღმოვაჩინე დედის მიმართ განსაკუთრებული სიყვარული და ეჭვიანობის გრძნობა მამისადმი და ამას მივიჩნევ მოვლენად, რომელიც მოიცავდა მთელ ჩემს ბავშვობას. თუ ეს ასეა, გასაგები ხდება მეფე ოიდიპოსის მომაჯადოვებელი ძალა. ყველა იყო როდესღაც თავის ბავშვურ ფანტაზიებში ასეთი ოიდიპოსი და შემდეგ ამ ფიქრების მიერ მოგვრილმა შიშმა გამოიწვია მათი განდევნა, დათრგუნვა". ფროიდის აზრი გასაგებია: უმეტეს შემთხვევებში შეუძლებელია სექსულური ურთიერთობების არსებობის ფაქტის დადასტურება მშობლებსა და შვილებს შორის. ისინი უბრალოდ არც კი იყო. მაგრამ სურვილები და ფანტაზიები, სიყვარულის, შიშისა და სასოწარკვეთილების განცდები უკვე არის ბავშვში. და მათ საფუძველზე წარმოშობილმა კონფლიქტებმა შეიძლება მთელი მისი ცხოვრება განსაზღვრონ. ანტიკური პერიოდის დამფასებელი მითი ოიდიპოსზე, რომელიც გაუცნობიერებლად კლავს მამას და ცოლად მოყავს საკუთრი დედა, თითქმის დამამტკიცებელი საბუთია იმისა, რომ სექსუალური ფანტაზიები არ არის უბრალო გამონაგონი. ოიდიპოსი არის პირველადი მატარებელი ყველა ადამიანისთვის დამახასიათებელი ფანტაზიისა და მის მიღმა იმალება საბედისწერო მნიშვნელობის მქონე ძალები... ეს ძალები არის მოთხოვნილებები. ფროიდი მთელი ცხოვრების მანძილზე ლაპარაკობდა სექსუალურ მოთხოვნილებებზე, თვითგადარჩენის მოთხოვნილებაზე, სიკვდილისკენ სწრაფვაზე (მისი თეორიის ყველაზე საკამათო ნაწილი). მოთხოვნილებები - ეს არის ხიდი სხეულსა და სულს შორის. მოთხოვნილება მოიხსნას სექსუალური დაძაბულობა ჩვენს "იდი"-ში იწვევს დაუოკებელ სურვილებს. ამიტომაც ბავშვს, რომელსაც უყვარს და ეჭვიანობს, შეუძლია ასეთი ძლიერი ფანტაზიორობა. ფროიდმა აღიარა მწარე სიმართლე მოთხოვნილებების სამყაროს შესახებ. ფლისის მიმართ მიწერილ წერილებში იგი საუბრობს ადამიანის შინაგან რეალობაზე და გარე რეალობაზე, და მათ შორის მყოფ "ეგოზე", რომელსაც უწევს ურთიერთობების მოგვარება ორივე მხარესთან. თანამედროვე ინდივიდის უფრო მეტად ტრაგიკული ხატი ახალი ფსიქოლოგიური ადამიანისა ფროიდს არც კი შეეძლო, რომ შეექმნა.

ფროიდი განსაკუთრებით არ ურთულებდა ცხოვრებას თავის ოპონენტებს. დაავადებების სუბიექტური ანალიზი, მითოლოგიური ენის სიყვარული, მისი მაპროვოცირებელი განზოგადებები... ფსიქოანალიზური თეორია თავიდანვე ძალზე ადვილად მოწყვლადად გამოიყურებოდა და მოწინააღმდეგეებმაც არ დააყოვნეს გამოჩენა. ჯერ კიდევ 1910 წელს, ლაპარაკობდა რა ბავშვური სექსუალობის თეორიაზე, პროფესორი ვილჰელმ ვეიგანდტი მაგიდაზე მუშტს ურტყამდა და ყვიროდა: ეს პოლიციაში განსახილველი თემაა! მაგრამ არა მხოლოდ პატივსაცემი მეცნიერები აკრიტიკებდნენ ფროიდის თეორიას. მან, მაგალითად, ძალზე გაანაწყენა ბევრი ქალი, აქცია რა დროთა განმავლობაში ოიდიპოსის სიმბოლური ფიგურა ფორმულად, რომელიც ლამის პირდაპირ ანატომიიდან გამოყავდა: ოიდიპოსის კომპლექსი - ეს არის მოვლენა, როდესაც მეამბოხე შვილი აღსდგება მამის წინააღმდეგ, მაგრამ იძულებულია შეეგუოს მის ავტორიტეტს იმ შიშის გამო, რომ მამა მას კასტრაციას გაუკეთებს. კიდევ უფრო უარესია გოგონას შემთხვევაში. კასტრაციის საფრთხე მის წინაშე არ დგას, მაგრამ, განიცდის რა დამცირებას, მას უვითარდება შური ძმის ფალოსის მიმართ. "ანატომია - ბედისწერაა", - განაცხადა ერთხელ ფროიდმა. ფემინისტი ქეით მილლეტი წერდა: "ფროიდიზმი ყოველ ეჭვს გარეშე იყო ყველაზე ძლიერი კონტრრევოლუციური ძალა, რომელსაც შეეჯახა ქალების სექსუალური განთავისუფლებისკენ მიმართული მოძრაობა". რა თქმა უნდა, ყველა ფემინისტს ასე მკაცრად არ შეუფასებია "კონტრრევოლუციონისტი", მაგრამ ფროიდის დამოკიდებულება ქალების მიმართ ნამდვილად პარადოქსული იყო. მრავალი წლის განმავლობაში მის გარშემო იყვნენ მშვენიერი ჭკვიანი თანამედროვე ქალები, მაგალითად, ლუ ანდრეას-სალომე, რუსული წარმომავლობის მწერალი, ბევრი გენიალური ადამიანის (ფილოსოფოს ნიცშედან დაწყებული პოეტ რილკეთი დამთავრებული) ახლო მეგობარი. მაგრამ ფროიდის შეხედულებები ქალზე, მიუხედავად ყველაფრისა, მაინც კონსერვატიული და პატრიარქალური იყო. მისთვის ქალი მხოლოდ "ახალგაზრდობის წლებში მომხიბვლელი სატრფო, ხოლო მოგვიანებით - საყვარელი ცოლია". ხოლო მისი სექსუალური ცხოვრება იყო და იქნება "ფსიქოლოგიის ბნელი კონტინენტი". ფროიდის თეორიის კრიტიკა ნაწილობრივ გამართლებულია, - აღიარებს ლონდონის წამყვანი ფსიქოანალიტიკოსი პიტერ ფონეჯი. მაგრამ მიუხედავად ამისა, მისი თეორია დღემდე იზიდავს ყველას. იგი გვახსენებს, თუ რატომ ჩავდივართ ისეთ ქმედებებს, რომლებიც ისევ ჩვენ გვაყენებენ ზიანს. რატომ ვხვდებით ისევდაისევ ერთი და იგივე კონფლიქტებში. რატომ გამოვდივართ მშობლების წინააღმდეგ. საჭიროა თუ არა ამ კითხვებზე პასუხის გასაცემად ოიდიპოსის კომპლექსი და მოთხოვნილებების თეორია - ეს უკვე სხვა საკითხია. მეოცე საუკუნის მეორე ნახევარში ფროიდის უმცროსმა ქალიშვილმა ანნამ და მისმა ლონდონელმა ოპონენტმა მელანი კლაინმა ფსიქოანალიზი მოზრდილების მკურნალობის მეთოდიდან აქციეს ბავშვების მკურნალობის მეთოდად. მათმა კამათებმა მძლავრი ბიძგი მისცეს ამ ახალი მიმართულების განვითარებას. ფსიქოანალიტიკური კვლევების ობიექტები გახდნენ ძუძუს ასაკის ბავშვები. ბავშვი აღარ ითვლებოდა (როგორც ეს ფროიდთან იყო) უპიროვნო არსებად, რომელსაც მართავს "იდი"-ს ძლიერი მოთხოვნილებები. ახლა იგი მიიჩნეოდა თანასწორუფლებიან მომქმედ პირად მამასთან და დედასთან ურთიერთობის სამკუთხედში. და პუბერტატული ასაკის მნიშვნელობა დღეს ფსიქოანალიტიკოსების მიერ სხვანაირად ფასდება, ვიდრე ეს ხდებოდა თავად ფროიდის დროს. შეიძლება ითქვას, რომ თანამედროვე ფსიქოანალიზი უფრო გულახდილი გახდა და ნაკლებად დამოკიდებული ფროიდზე - სწორედ ამიტომაც იგი დღემდე "გამოყენებისთვის მისაღებად" ითვლება.

ტრავმების თანამედროვე თეორია - ეს ერთ-ერთი ხიდია, რომელიც აკავშირებს ფსიქოანალიზს და ნეირობიოლოგიას. ტრავმატული განცდები, რომლებიც იწვევს შიშის მომგვრელ მოგონებებს (ფლეშბექი), სავარაუდოდ იწვევს ჰიპოკამპის მუშაობის დარღვევას. სტრესის ჰორმონების ძლიერი და დიდი რაოდენობით გამოყოფა აზიანებს მოგონებების დასამუშავებლად საჭირო ნეირონულ სტრუქტურებს. მაგრამ ეს ხომ ფროიდის მიერ აღწერილი წარსულის დაბრუნებაა, წარმოდგენილი საბუნებისმეტყველო-მეცნიერული მოდელის სახით! თუმცა ტრავმებით ბავშვის განვითარების ყველა დარღვევა ვერ აიხსნება. კონკრეტულად რასთან აქვს საქმე ფსიქოანალიზს? რას წარმოადგენს მოგონების საგანი, როდესაც მივყვებით რა ფანტაზიების ჯაჭვს, ჩვენ ჩავდივართ არაცნობიერის უფსკრულში განდევნილ წარსულ გამოცდილებაში? ფროიდის პასუხი: ეს არის ბავშვური მოთხოვნილებების და ფანტაზიების გადაუჭრელი კონფლიქტები. ფრანგმა ფსიქოანალიტიკოსმა ჟაკ ლაკანმა კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა: არაცნობიერი - ეს არის არა უბრალოდ გადაულახავი გამოცდილებებით სავსე "ტომარა", რომელიც უნდა გაიხსნას და გაანალიზდეს ის, რაც შიგნითაა, როდესაც ფსიქოანალიტიკოსი და პაციენტი, საუბრობენ რა მასზე, ანიჭებენ მას შინაარსს, ცდილობენ მის ლოგიკურ ინტერპრეტაციას, არამედ - ეს არის რაღაც, რაც ინარჩუნებს ფორმას და სახეს. არაცნობიერის ანალიზი, ლაკანის მიხედვით, გარკვეულწილად ქმნის და ამასთანავე აღადგენს წარსულს, მაშასადამე არის წარსულის გახსენება მომავლიდან. ფსიქოანალიზის არსი იმდენად ის კი არ არის, რომ შეაღწიოს სულის ტროაში. მისი აზრი მდგომარეობს შესაძლებლობაში შექმნას ერთგვარი სიმბოლური შინაგანი ისტორია, რომლის საშუალებითაც ნებისმიერს შეეძლება ამოხსნას თავისი თავი, როგორც ადამიანი. ზიგმუნდ ფროიდი საკუთარი თავისთვის იქმნიდა ისტორიას. იგი "სიზმრების" შესახებ ფლისს წერდა: "ჩემთვის ამ წიგნს სუბიექტური მნიშვნელობაც აქვს, რომლის გაცნობიერებაც მხოლოდ მას შემდეგ მოვახერხე, რაც წიგნი დავასრულე. იგი აღმოჩნდა ჩემი საკუთარი თვითანალიზის ნაწილი, ჩემი რეაქცია მამის სიკვდილზე".

ესეც ინფორმაცია დაინტერესებულ პირთათვის...

ვისაუბროთ ამ ადამიანზე და თქვენ შეხედულებაზე.

აქვე უნდა ვთქვა, რომ ამ ადამიანმა ძალიან ბევრი ახალგაზრდა გამოაფროიდა თავი გააღმერთებინა...

უამრავი ეტრფის მას და მის "ჭეშმარიტებას".

და უამრავია მისი ფანატიკური "მორწმუნე".
კატეგორია: შემეცნებით | დაამატა: gi2gi
ნანახია: 200 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]