ჟაკ ლაკანი
2011-04-05, 10:10 PM

ჟაკ ლაკანი

ფრანგი ფსიქოანალიტიკოსი, ჟაკ ლაკანი დაიბადა 1901 წლის 13 აპრილს (გარდაიცვალა 1981 წელს). მისი ნაშრომები ინტერდისციპლინური კვლევის მეთოდით გამოირჩევა, სადაც ავტორი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ენათმეცნიერებას, ფილოსოფიას და მათემატიკას. ლაკანზე დიდი გავლენა მოახდინეს ფროიდის, სოსიურის და ლევი-სტროსის ნაშრომებმა. ლაკანმა ფროიდის ნააზრევი ინტერპრეტაცია შემოგვთავაზა სტრუქტურალისტური და პოსტსტრუქტურალისტური თეორიების ჭრილში, რითაც ფსიქოანალიზი პოსტსტრუქტურალისტურ თეორიად აქცია.

ლაკანმა მოღვაწეობა დაიწყო, როგორც პრაქტიკოსმა ექიმ-ფსიქიატრმა. 1932 წელს დაიცვა დისერტაცია პარანოიდალურ მოშლილობებზე. მაგრამ ლაკანს არ მოსწონდა მაშინდელი ფსიქიატრიის მეთოდები, რომელიც ეყრდნობოდა ფარმაკოლოგიას, რამაც იგი ფროიდის ფსიქოანალიზთან მიიყვანა. თუმცა 1953 წელს იგი გამოვიდა საერთაშორისო ფსიქოანალიტიკური ასოციაციიდან და გახდა საფრანგეთის ფსიქოანალიტიკოსთა საზოგადოების წევრი. 1963 წელს ჟაკ ლაკანი გარიცხეს ამ საზოგადოებიდან, რომლის შემდეგ ლაკანმა დაარსა ფროიდიზმის პარიზის სკოლა, რომელსაც ხელმძღვანელობდა სიკვდილამდე. ლაკანის მთავარი დამსახურებაა ფროიდის ფსიქოანალიზის სტრუქტურალისტური რევიზია.

ლაკანის მოღვაწეობა სამ სტადიად შეიძლება დავყოთ:
წინასტრუქტურალისტური (1930-1940-იანი წლები), როდესაც იგი განიცდიდა ჰეგელის დიალექტიკის და მხატვარ-სიურეალისტების გავლენას;
სტრუქტურალისტური (1950-1960-იანი წლები), როდესაც ლაკანი განიცდიდა კ. ლევი-სტროსის, ლინგვისტების ფ. დე სოსიურის, ნ. ტრუბეცკოის, რ. იაკობსონის გავლენას;
პოსტსტრუქტურალისტური (1960-1970-იანი წლები), როდესაც ლაკანმა ყურადღება მიაქცია იმ გარემოებას, რომ ყველაფერი არ ექვემდებარება გასიმბოლოებას.

რთულია ლაკანის შემოქმედებაზე საუბარი, რადგან იგი მრავალშრიანია. თავისი იდეები მან გადმოგვცა არა წერილობითი სახით არამედ სემინარების მეშვეობით, რომლის მასალებიც მხოლოდ მისი გარდაცვალების შემდეგ დაიბეჭდა. თვით ლაკანი მიიჩნევდა, რომ თავის მოძღვრებაში ყველაზე მთავარია სქემა – "რეალური”, "წარმოსახვითი” – "სიმბოლური”. აღნიშნული სქემის შემუშავება მან 1953 წლიდან დაიწყო და რომელიც დაწვრილებით გადმოსცა თავის ცნობილ სემინარებზე (1974-1975).
აღნიშნულ სქემას იგი წარმოგვიდგენდა "ბარომეოს რგოლების” მათემატიკური მოდელის სახით. რგოლები ისეა ერთმანეთთან შეკავშირებული, რომ ერთ-ერთის მოშორება გამოიწვევს მთელი კონსტრუქციის დაშლას.

ბარომეოს რგოლები

ბარომეოს რგოლები

საერთოდ ლაკანი დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა ტოპოლოგიას, რომელსაც ხშირად სრულიად ფანტასტიკური სახით გამოსახავდა. აღნიშნული სქემა ლაკანმა თავის თავზე გამოიყენა: პირველი ეტაპი, სტრუქტურალისტურამდელი, მიეძღვნა "წარმოსახვითს”, მეორე ეტაპი, სტრუქტურალისტური, – "სიმბოლურს”, ხოლო მესამე ეტაპი, პოსტსტრუქტურალისტური, – "რეალურს”; გარკვეული მიმართებით აღნიშნული სქემა შეესაბამებოდა ფროიდის ტრიადას "მე” – "ზე-მე” – "ის”.
ლაკანის მეორე ძირითად იდეას წარმოადგენდა ის, რომ არაცნობიერი სტრუქტურირებულია როგორც ენა. რადგან ფროიდი თვლიდა, რომ არაცნობიერი და ცნობიერი სრულიად განსხვავებული მცნებებია, მან ვერ შეძლო აეხსნა, თუ როგორ შეეძლო ფსიქოანალიტიკურ სეანსებს მოეტანათ ადამიანის სულიერი მდგომარეობის გაუმჯობესება ან განკურნება. ლაკანი ფსიქოანალიზის სეანსების წარმატებას ხსნიდა იმით, რომ "მსგავსი იკურნება მსგავსით”.

ლაკანის თანახმად ”მე” ვერასდროს დაიკავებს არაცნობიერის ადგილს და ვერც ვერასდროს შეძლებს მის მართვას, ვინაიდან ”მე” მხოლოდ და მხოლოდ ილუზიაა, თვით არაცნობიერის წარმოსახვის ნაყოფია. ლაკანისეული ფსიქოანალიზის მიხედვით, არაცნობიერი ყველაფრის საფუძველია.

ლაკანი ცდილობს გაარკვიოს, თუ როგორ უყალიბდება ჩვილს ილუზია საკუთარი თავის, როგორც ერთიანი ცნობიერი არსების შესახებ, რომელიც სიტყვა ”მე”-თი გამოიხატება. ლაკანისთვის ცენტრალური კონცეფციაა არაცნობიერი, რომელიც ადამიანის არსებობის ყველა ფაქტორს მართავს და ენას ჰგავს.

კატეგორია: შემეცნებით | დაამატა: gi2gi
ნანახია: 946 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]