ცხოვრება ტილოზე
2011-03-12, 7:52 PM



ნიკო ფიროსმანაშვილი დაიბადა 1862 წელს (სავარაუდოდ 5 მაისს) ღარიბი გლეხის ოჯახში. ბავშვობა ქართულ სოფელში გაატარა, თუმცა მისი ცხოვრების უმეტესმა ნაწილმა თბილისში განვლო. ის ყმაწვილ ასაკში ჩამოვიდა ქალაქში, რადგან ადრე დაობლდა.

ხატვა ადრეულ ასაკში დაიწყო და მისი გზა შემოქმედებისაკენ აღმოჩნდა ხანგრძლივი და ეკლიანი. ნიკოს ცხოვრება იყო ერთი ჯაჭვი, სადაც რგოლების სახით ერთმანეთს სცვლიდა აღმაფრენა და დაცემა, ილუზიები და იმედგაცრუება, წინააღმდეგობები და ხანაც უბრალოდ დაუფიქრებელი ნაბიჯები. მისი ხასიათის სტიქიურობამ და გაუწონასწორებლობამ ის სიღატაკემდე მიიყვანა.

სანამ ნიკალა მთელი არსებით ჩაეფლობოდა ხელოვნების საქმეში, ბევრგან სცადა ბედი: ცდილობდა გაეხსნა სახელოსნო, მსახურობდა რკინიგზაზე, დაკავებული იყო ვაჭრობით. ბოლოს და ბოლოს გაუჩნდა მოთხოვნილება ხატვისა და გახდა არა დილეტანტი მხატვარი, არამედ პროფესიონალი. ეს მოხდა საკმაოდ გვიან, ორმოცი წლის ასაკში.

ნიკალა თავისი ცხოვრების წესით საყოველთაოდ აღიარებულ და მიღებულ წესებს სცდებოდა. ის იყო უსახლკარო და მაწანწალა, ხშირად იქ უთენდებოდა, სადაც მუშაობდა - დუქანსა თუ დახლთან. როცა საქმე არ ჰქონდა დადგებოდა დუქნის კარებთან და ღიმილით იტყოდა: "აბა , რა დაგიხატოთო!"

ხანდახან თუ იქირავებდა რაღაც ოთახს კიბის ქვეშ ან ნესტიან სარდაფში. მისი ქონება იყო ტანსაცმელი, თვითნაკეთი ჩემოდანი, საღებავები და ფუნჯები. ფიროსმანი არ იყო მხატვარი ამ სიტყვის პირდაპირი და ჩვეული გაგებით. თავისი შრომით იგი ემსახურებოდა წვრილ მეწარმეებს, ღვინის დუქნებისათვის ხატავდა აბრებს, ამავე დაწესებულებებისათვის ქმნიდა დიდ სურათებს, კედლის პანოებს და ხატავდა მინებზე. ღვინის დუქნები მაშინდელ თბილისში არცთუ ცოტა იყო და წესით ნიკოს სიღატაკეში არ უნდა ეცხოვრა, მაგრამ უფრო ხშირად მედუქნეები საფასურს ჭიქა ღვინით უხდიდნენ. ნიკალა უარს არ ამბობდა უფრო უბრალო სამუშაოზეც, მაგალითად, კედლის შეთეთრებაზე და მცირე საფასურითაც კმაყოფილდებოდა.

თბილისისთვის უცხო არ იყო ფერწერის პროფესია, მეტიც, იმ დროინდელ თბილისში არსებობდა ამქარი (საამქრო). ფიროსმანი თვითნასწავლი იყო და რაც მხედველობაში მოხვდებოდა, რაც სანიმუშო იყო მისთვის ყველაფერი გადაჰქონდა ტილოზე, ეს იქნებოდა ხალხური შემოქმედება, ქალაქური აბრები, ხატები, შუა საუკუნეების მონომენტური ფერწერა და სხვა. რაღაც გამოიგონა, გადაიღო, შეაერთა, ახალი მოიგონა და შედეგად გამოიმუშავა საკუთარი ორიგინალური ფერწერის სისტემა, რომელიც არავისას არ ჰგავდა. საქართველოში პირველად მისი რამდენიმე ნახატი ბავშვების ნახატებთან ერთად გამოიფინა.

მიუხედავად იმისა, რომ ფიროსმანის ნამუშევრებს მის სიცოცხლეშივე ბევრი მეცენატი და კოლექციონერი გამოუჩნდა, მისი თანამედროვენი მის შემოქმედებას მაინც შემწყნარებლური თვალით უყურებდნენ.

ნიკალა განათლებულმა საზოგადოებამ "აღმოაჩინა" 1912 წელს. აღმოჩენის პატივი ერგო სამ ახალგაზრდა მხატვარს: კირილ ზდანევიჩს, მიხეილ ლე დანტიუს და პოეტ ილია ზდანევიჩს. მათ აღფრთოვანება ვერ დამალეს და დაიწყეს მისი შემოქმედების პროპაგანდა. წერდნენ სტატიებს, კითხულობდნენ მოხსენებებს, აწყობდნენ გამოფენებს.

ნიკალას ნახატები გადმოსცემს ყოველდღიურობას, მასში ჭარბობს მუქი ფერები, რაც სავარაუდოდ, იმითაა განპირობებული, რომ ფიროსმანი ხატავდა შეკვეთის გარეშე მხოლოდ ღამით. ნიკალასთან აღიარება ძნელად მოვიდა, თუმცა აღიარებამ მის პირად ცხოვრებაზე გავლენა არ იქონია. ფიროსმანაშვილს დახატული ჰყავს ახალგაზრდა ქალი, რომელზეც მხატვარს რუსულად მიუწერია: "აქტრისა მარგარიტა". მის შესახებ მრავალი ლეგენდა შეიქმნა: გადმოცემით მარგარიტა ფრანგი ყოფილა, 1905 წელს ჩამოსულა საქართველოში და შეხვედრია ნიკალას, რომელიც მოხიბლულა ფრანგი ქალით და ზღვა ყვავილები მიურთმევია.

ვინ იყო ქალი, რომელიც მხატვრის გატაცება გახდა და რომლის სახეც ნიკომ ტილოზე უკვდავყო? ამის შესახებ თითქმის არაფერი ვიცოდით, რომ არა ნიკალას თაყვანისმცემელი ზდანევიჩი, რომელსაც ეს ამბავი წიგნში "ნიკო ფიროსმანაშვილი" ასე აქვს გადმოცემული: "კაფე შანტანის მომღერალ-მოცეკვავე ქალთან შეხვედრამდე, ნიკომ არ იცოდა რა იყო სიყვარული. მუშტაიდის ბაღში, ბრწყინვალედ განათებულ სცენაზე მხიარული მუსიკის ხმაურში აღტაცებული მაყურებლის წინაშე წარსდგა მშვენიერი და მომხიბლავი ფრანგი ქალი, მადმუაზელ მარგარიტა, რომელიც ასრულებდა პარიზის მხიარულ სიმღერებს... ნიკო დატყვევებული იჯდა და თვალს ვერ აშორებდა. მის ბედნიერებას თითქოს საზღვარი არ უჩანდა, მან მთელი თავისი დაგროვილი ქონება საყვარელ ქალს მიუძღვნა. მარგარიტამ გაიგო, რომ ნიკო თავადი არ იყო და რაც ჰქონდა ყველაფერი მას მისცა... და ბოლოს დადგა ის დღე როდესაც უთხრეს, რომ "მარგარიტა პარიზში გაემგზავრა".

სიცოცხლის ბოლო წლები გაატარა მარტოობაში, დაკარგა რა სულიერი და ფიზიკური ძალები. ეს იყო შეუქცევადი პროცესი ადამიანის ჩაქრობისა. ბოლოს ის სადგურთან ახლოს მალაკნების ქ. N29-ში, კიბის ქვეშ ცხოვრობდა. სახლის მეპატრონემ ქირის გადაუხდელობის გამო აიძულა, რომ სხვაგან გადასულიყო, მაგრამ ავადმყოფს, გაჭირვებულს და უფულოს ბინა არავინ მისცა. ნიკალამ იქვე ნახა თავისუფალი სარდაფი, სადაც ღამე ჩადიოდა და ათენებდა. ერთხელაც გაზაფხულის პირას სიცხიანი ჩავიდა, მაგრამ ადგომა ვეღარ შეძლო. რამდენიმე დღის შემდეგ შემთხვევით ჩასულა ამ სახლის ბინადარი, არჩილ მაისურაძე და გაუგონია კაცის განწირული კვნესა. ახლოს მისულა, მხატვარს ვეღარ უცნია მაისურაძე და დასუსტებული ხმით ამოუკვნესია: "მე ვარო". ნიკალა ეტლით გადაუყვანიათ საავადმყოფოში, სადაც ის დღენახევარში გარდაცვლილა. 1918 წლის აღდგომის ღამეს დაულევია დიდებული სული. ფიროსმანის საფლავი ამ დრომდე უცნობია.

ფიროსმანის ცხოვრებაში შეიძლება დავინახოთ ისტორია იმისა, რომ თუ ადამიანი ყურს მიუგდებს ტალანტის ხმას და გადალახავს წინააღმდეგობებს, მიაღწევს მიზანს და შეიცნობს მთლიანად შემოქმედებით თავისუფლებას.

ყველასათვის საყვარელი შედევრებია: გლეხი ბავშვებით მიდის წყალზე, მეეზოვე, აქტრისა მარგარიტა, გლეხი შვილით, მეთევზე წითელი პერანგით, გოგონა ბუშტით და სხვა.

პაუსტოვსკის აქვს ნათქვამი: "მე რომ არ მენახა ფიროსმანის ნახატები, ვერ შევიცნობდი კავკასიასო!".

ნიკალას ნამუშევრები ინახება უდიდეს მუზეუმებში, წიგნებში, ალბომებში, კატალოგებში. მისმა ნამუშევრებმა ტრიუმფით შემოიარა ევროპის ქალაქები, მას ადარებდნენ ყველა დროის და ყველა ერის შესანიშნავ მხატვრებს.

XX საუკუნის დიდმა გენიამ პიკასომ სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე ნახა ნიკალას ნახატები და შექმნა ფიროსმანაშვილის პორტრეტი, ისე რომ ნანახი არ ჰყავდა, არადა თურმე ნიკალას ძალიან ჰგვანებია ....

ფიროსმანს ქართველმა ხალხმა მიუძღვნა ლექსები, სიმღერები, ნარკვევები, სპექტაკლი და კინოფილმი. ფიროსმანის ნამუშევრები საქართველოს სავიზიტო ბარათი გახდა მსოფლიოში!


"... მოკვდა თუ არა ყველამ აცხოვნა,
ცოცხალი არავინ არ მიიკარა ...."

კატეგორია: შემეცნებით | დაამატა: gi2gi
ნანახია: 1019 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]