სამცხე
სამცხე საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარეა, ისტორიული მესხეთის ნაწილი. არის მოსაზრება, რომ ადრე ამ მხარეს ოძრხე ეწოდებოდა. მისი ისტორიული საზღვრებია: დასავლეთით - არსიანის მთები, ჩრდილოეთით - ფერსათის მთები, სამხრეთით - ერუშეთის მთები, კასრის სერი, გუმბათისა და ვანის მთები, აღმოსავლეთით - ჭობისხევი.

სამცხის უძველესი ცენტრებია ოძრხე და აწყური (აქ იყო სამცხის ერთ-ერთი მთავრის - სამძივარის რეზიდენცია). სამცხე იყოფოდა ხევებად (შუა საუკუნეების ადმინისტრაციული-ტერიტორიული ერთეული). XI საუკუნის 40-50-იან წლებში სამცხე მსხვილ ფეოდალს ლიპარიტ ბაღვაშს ემორჩილებოდა, შემდგომში კი კვლავ სამეფო ხელისუფლებას. ამ პერიოდში დაწინაურდა ცენტრალური ხელისუფლების ერთგული ფეოდალი სულა კალმახელი, რომლისგანაც სათავეს იღებს სამცხის მთავართა - ჯაყელ-ციხისჯვარელთა ფეოდალური სახლი.მონღოლთაგან სამცხის დაპყრობის შემდეგ, 1266, მთავარი სარგის ჯაყელი "ხასინჯუს" სისტემით უშუალოდ მონღოლებს დაემორჩილა. XII-XIV საუკუნეების სამცხის ეკონომიკური და კულტურული აყვავების ხანაა. აშენდა ტაძრები: საფარა, ზარზმა, ბიეთი, ჭულე. შეიქმნა სამართლის წიგნი (ე. წ. ბექა-აღბუღას სამართლის წიგნი). XVI საუკუნისათვის სამცხეში 2 საეპისკოპოსო იყო - აწყურისა და წურწყაბის. XIV საუკუნის I ნახევარში სამცხისა და მომიჯნე ტერიტორიაზე იქმნება მსხვილი ფეოდალური პოლიტიკური ერთეული სამცხე-საათაბაგო.

სამცხე XIV-XVII საუკუნეებში სამცხე-საათაბაგოს შემადგენლობაში შედიოდა, XVI საუკუნის მე-2 ნახევარში დაპყრობილ იქნა თურქეთის მიერ. 1828-29 წლებში სამცხის ერთი ნაწილი დაუბრუნდა საქართველოს, ხოლო თურქეთის ფარგლებში დარჩა კუთხეები - ყველისხევი, წურწყაბი, ფოცხოვი და ჯაყისწყალი.

თანამედროვე ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფით სამცხე მოიცავს სამცხე-ჯავახეთის მხარის ადიგენის, ახალციხის და ასპინძის რაიონებს.


   ჯავახეთი

ჯავახეთი საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარეა, ისტორიული მესხეთის ნაწილი. მისი საზღვრებია: სამხრეთით - ნიალისყურის ქედი, აღმოსავლეთით - სამსრისა და გულთოვლის ქედები, ჩრდილოეთით - შარვაშეთის ქედი, დასავლეთით - მდინარე მტკვრის მარცხენა სანაპიროზე ვრცელდებოდა. ტერიტორიულად ჯავახეთი ორ ნაწილად იყოფოდა: ზემო ჯავახეთი - ფარავნიდან მტკვრამდე და ქვემო ჯავახეთი - მტკვრის ნაპირიდან სამცხემდე და ნიალის ველი.


V საუკუნეში ჯავახეთი წუნდის საერისთავოში შედიოდა. XII ს-დან იგი სამეფო დომენია, რომელსაც თორელები მართავდნენ, XV ს-დან -ათაბაგებს ემორჩილებოდნენ, ხოლო XV ს-დან - ოსმალეთის იმპერიას. თანამედროვე ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფით ჯავახეთი მოიცავს სამცხე-ჯავახეთის მხარის ახალქალაქისა და ნინოწმინდის რაიონების ტერიტორიას.