მთავარი » ფაილები » შემეცნებით

როგორ ვწეროთ/ვიმეტყველოთ უკეთ – 1
2011-05-19, 1:29 AM

წერისა თუ მეტყველების დროს შეცდომების ერთ-ერთი ძირითადი მიზეზია ისეთი სიტყვების არსებობაა ენაში, რომელთა ბგერითი აგებულება და გარეგნული იერი ერთმანეთს ძალიან წააგავს, მაგრამ მნიშვნელობით ისინი სრულიად განსხვავდებიან. ჟღერადობით მსგავსსა და შინაარსით განსხვავებულ სიტყვებს პ ა რ ო ნ ი მ ე ბ ს უწოდებენ. ამდენად, რომელიმე ორი სიტყვა პარონიმად ჩაითვლება მაშინ, როცა ისინი ერთმანეთში აირევიან. პარონიმები საკმაოდ ხშირად თავგზას გვიბნევენ როგორც წერისას, ასევე მეტყველებისას. ამიტომ, მეტი თვალსაჩინოებისათვის რამდენიმე მათგანს მაგალითად მოვიყვან:

ადრესატი – ის, ვისაც უგზავნიან

ადრესანტი – ის, ვინც აგზავნის

-

აბონენტი – აბონემენტის მფლობელი, მომხმარებელი

აბონემენტი – მრავალჯერადი გამოყენების ბილეთი

-

აღქმა – შეცნობა, გრძნობათა ორგანოებით რაიმეს მიღება

აღთქმა – პირობა

-

ბილინგვი – ორ ენაზე მოსაუბრე ადამიანი

ბილინგვა – ორ ენაზე შედგენილი ტექსტი

-

დიპლომატი – ელჩი, პოლიტიკური პირი უცხო სახელმწიფოში და ა.შ.

დიპლომანტი – სტუდენტი, რომელიც სადიპლომო ნაშრომს ამზადებს და დიპლომის ასაღებად ემზადება

-

კამპანია – მოძრაობა, ღონისძიება რაიმე მიზნის მისაღწევად

კომპანია – ამხანაგობა, ჯგუფი

-

ემიგრანტი – უცხოეთში საცხოვრებლად წასული პირი

იმიგრანტი – შენს ქვეყანაში საცხოვრებლად ჩამოსული პირი

მიგრანტი – საკუთარ ქვეყანაში ადგილმონაცვლე პირი

-

ორდენი – მედალი, ჩინი

ორდერი – საბუთი, სანქცია

-

კონიექტურა – ტექსტის დაზიანებული ადგილის აღდგენა შინაარსის გათვალისწინებით

კონიუნქტურა –  შექმნილი ვითარება, გარემოება

-

რიტმი – თანაზომიერი მონაკვეთების რეგულარული გამეორება

რითმა – ლექსის სტრიქონების ერთნაირი დაბოლოება

-

ნოტი – მუსიკალური ნიშანი

ნოტა – დიპლომატიური წერილი

-

ცივილური – საზოგადოებრივი, სამოქალაქო

ცივილიზებული – განვითარებული საზოგადოება, კულტურული

-

უებარი – წამალი

უებრო – შეუდარებელი

-

მცნება – შეგონება

ცნება – ზოგადი სახელი, ტერმინი

-

სწორედ ამას მოგახსენებდით! (ზუსტად)

სწორად გაიგეთ! (მართებულად)

კატეგორია: შემეცნებით | დაამატა: gi2gi
ნანახია: 227 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]