მარტინ ლუთერი 95 თეზისი
2011-03-18, 8:13 PM

მარტინ ლუთერი (დ. 10 ნოემბერი, 1483 - გ. 18 თებერვალი, 1546) — გერმანელი ბერი, მღვდელი, პროფესორი, თეოლოგი და ეკლესიის რეფორმატორი. მისმა სწავლებამ საფუძველი ჩაუყარა რეფორმაციას და ღრმა კვალი დააჩნია ლუთერანული და პროტესტანტული ტრადიციების დოქტრინებსა და კულტურას, ისევე როგორც საერთოდ დასავლური ცივილიზაციის განვითარების კურსს.

წეშმარიტების სიყვარულისა და მისი ნათელყოფის სურვილის გამო, ქვემოყვანილი თეზისები განხილულ იქნა ვიტენბერგში ღირსი მამის, თავისუფალ ხელოვნებათა და წმინდა თეოლოგიის მაგისტრის, და აგრეთვე თეოლოგიის ორდინალური პროფესორის მარტინ ლუთერის ხელმძღვანელობით. ამიტომ სთხოვს იგი ყველას, ვისაც პირადად არ შეუძლია ჩვენთან დისპუტში ჩაებას, ეს დაუსწრებლად, წერილობით გააკეთოს. ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს სახელით, ამინ.


1. ჩვენს უფალსა და მოძღვარს იესო ქრისტეს, როცა ამბობდა მოინანიეთ და ა.შ., სურდა მორწმუნეთა მთელი ცხოვრება განუუწყვეტელი მონანიება ყოფილიყო.

2. ეს სიტყვა (მონანიება) არ უნდა გავიგოთ როგორც მონანიების საიდუმლო, ესე იგი, როგორც აღსარება და ცოდვათა მიტევება, რომელიც მღვდელთმსახურებით ხორციელდება.

3. მაგრამ ის (ეს სიტყვა) არ გულისხმობს მხოლოდ შინაგან მონანიებას; დიახ, შინაგანი მონანიება ამაოა, თუ არ ახლავს გარეგნულად ხორცის სხვადასხვაგვარი მოკვდინება.

4. ამიტომაც რჩება (ღვთაებრივი) სასჯელი მანამდე, ვიდრე გრძელდება სიძულვილი საკუთარი თავისადმი (ესაა ჭეშმარიტი შინაგანი მონანიება), სახელდობრ, ცათა სასუფეველშ შესვლამდე.

5. პაპს არ სურს და არც შეუძლია განთავისუფლება რაიმე სხვა სასჯელისაგან, გარდა იმისა (ეპიტიმიისა), რაც მან თვითონ დაადო საკუთარი გადაწყვეტილებით ან კანონების თანახმად.

6. პაპს არ სურს და არც ძალუძს რაიმე ცოდვის მიტევება, თუ არ განაცხადებს და არ დაადასტურებს, რომ (ის) ღვთის მიერაა შენდობილი, ანდა, იგი უეჭველად მიუტევებს იმ შემთხვევებში, როცა ამის უფლება შენარჩუნებულიუ აქვს; თუ იგი უგულებელყოფდა ამას, ცოდვა, საერთოდ, შეუნდობელი დარჩებოდა.

7. ღმერთი, საერთოდ, არც ერთ დანაშაულს არ მიუტევებს ისე, თუ, ამავე დროს, ცოდვილს ყველაფერში არ დაუმორჩილებს მღვდელს, როგორც თავის მონაცვლეს.

8. მონანიების კანონები ვრცელდება მხოლოდ ცოცხლებზე; მომაკვდავებს კი – სწორედ ამ დებულებების თანახმად– არაფერი მოეკითხებათ.

9. ამიტომაც გვწყალობს სულიწმინდა პაპის სახით, რადგან იგი (პაპი) თავის დეკრეტებიდან ყოველთვის გამორიცხავს სიკვდილისა და უკიდურესი გაჭირვების შემთხვევას.

10. უმეცრად და ცუდად იქცევიან ის მღვდლები, რომლებიც მომაკვდავებს კანონიკურ ეპიტამიას სალხინებელშიც უნარჩუნებეს.

11. ეს ღვარძლი, კანონიკური სასჯელის სალხინებლისეულ სასჯელად ქცევის თაობაზე, ჩანს, მაშნ ჩაითესა, როდესაც ეპისკოპოსებს ეძინათ.

12. წინათ კანონიკურ სასჯელებს ადებდნენ არა ცოდვათა მიტევების შემდეგ, არამედ მიტევებამდე, ერთგვარად მონანიების გულწრფელობის გამოსაცდელად.

13. თავიანთი სიკვდილით მომაკვდავნი ყველაფერს ინანიებენ და ისინი კანონიკური სამართლისათვის უკვე მკვდარნი არიან და, მაშასადამე, მისგან სამართლიანად თავისუფალნი.

14. მომაკვდავის უსრულობას სულიერ სისაღესა და სიყვარულში აუცილებლად დიდი შიში მოაქვს. რაც უფრო მეტია უსრულობა, მით უფრო დიდია შიშც.

15. (მომაკვდავის) ეს შიში და ძრწოლა/სხვაზე რომ არაფერი ვთქვათ/ თავისთავად საკმარისია, რათა ძალა მიიტანოს სალხინებლის სასჯელზე, ვინაიდან ის ( ეს ძრწოლა) ძალზე ახლოსა დგას სასოწარკვეთილების ძრწოლასთან.

16. ჯოჯოხეთი, სალხინებელი და სამოთხე, როგორც ჩანს, განსხვავდებიან ისე, როგორც სასოწარკვეთილება, ზღვარი სასოწარკვეთილობისა და უშფოთველობა.

17. სალხინებელშ სულთათვის, როგორც ჩანს, აუცილებელია, რომ იმდენადვე იკლოს ძრწოლამ, რამდენადაც იმატებს სიყვარული.

18. არც გონებრივი მოსაზრებით, და არც საღმრთო წერილით, როგორც ჩანს, ასევე არ არის დამტკიცებული, რომ მათ (სულებს სალხინებელში) არ შეუძლიათ მოიპოვონ დამსახურებული მდგომარეობა ან არ შეუძლიათ გაზარდონ სიყვარული.

19. აგრეთვე არც ისა ჩანს დამტკიცებული, რომ ისინი დარწმუნებულები და დაიმედებულნი იყვნენ თავიანთ ნეტარებაში, ანდა, სულ ცოტა, რომ ყველანი იყვნენ ასე, თუმცაღა ჩვენ შეიძლება სრულებით დარწმუნებულნი ვიყოთ ამაშ.

20. ამიტომ პაპს ყველა ცოდვილის სრულ მიტევებაში ესმის არა საერთოდ ყოველგვარი სასჯელისაგან განთავისუფლება, არამედ მხოლოდ იმათგან (ეპიტიმიისაგან), რომელნიც მან თვითონ დაადო.

21. ცდებიან ინდულგენციის ის მქადაგებლები, რომლებიც ირწმუნებიან, რომ ადამიანი პაპის ინდულგენციის წყალობით ყოველგვარი სასჯელისაგან თავისუფლდება და მოიპოვებს ხსნას.

22. დიახ, პაპი, ვერც ერთ სასჯელს ვერ მიუტევებს სულებს სალხინებელში, რომელნიც მათ ამქვეყნიურ ცხოვრებაში უნდა მოენანიებინათ კანონებისამებრ.

23. თუკი რამენაირ5ად შესაძლებელია ყველა სასჯელის სრული მიტევება, მაშინ ის, უეჭველად, მხოლოდ სრულყოფილთა, ანუ ძალზე მცირედთა, ხვედრი იქნება.

24. ამიტომ ხალხის დიდი ნაწილი გარდუვალად მოტყუებული დარჩება ამ განურჩეველი და გულუხვი დაპირებებით, თითქოს მათ სასჯელები მიეტევებათ.

25. ისეთივე ძალაუფლება, როგორიც პაპსა აქვს საერთოდ სალხინებლის მიმართ, აქვს აგრეთვე განსაკუთრებით ყოველ ეპისკოპოსს თავის ეპარქიაში და ყოველ მოძღვარს თავის მრევლში.

26. პაპი სწორად იქცევა, როცა მიუტევებს სულებს არა გასაღების ძალით (რომელიც მას არა აქვს), არამედ შუამდგომლობის გზით.

27. ადამიანურ მოძღვრებას ქადაგებენ ისინი, ვინცამბობს, რომ როგორც კი ფულები აჩხრიალდება ყუთში, სული მაშინვე ტოვებს სალხინებელსო.

28. უეჭველია, როგორც კი ფულები აჩხრიალდება ყუთში, მაშინვე იზრდება ანგარება და სიხარბე; ეკლესიის შუამდგომლობა კი მხოლოდ ღვთის ნებაა.

29. ვინ იცის, სურს თუ არა ყველა სულს ისე ხსნა სალხინებელში, როგორც, გადმოცემის თანახმად, მოიქცნენ წმინდა სევერინუსი დაწმინდა პასქალიუსი.

30. არავინ უნდა იყოს დაიმედებული, რომ მას ჭეშმარიტი მონანიება საკმარისად აქვს; კიდევ უფრო ნაკლებად უნდა იყოს დაიმედებული ცოდვების სრულ მიტევებაში.

31. როგორი იშვიათიცაა ჭეშმარიტი მომნანიებელი, ასევე იშვიათია ინდულგენციის ჭეშმარიტი მყიდველი, დიახ, ასეთები ძალზე იშვიათია.

32. სამუდამოდ შეჩვენებულ იქნებიან თავიანთ მოძღვრებთან ერთად ისინი, ვინც დარწმუნებულია, რომ ინდულგენციის მეშვეობით მოიპოვებს დახსნას.

33. განსაკუთრებით უნდა ვერიდოთ იმათ, ვინც ამბობს, რომ პაპის ინდულგენცია- ესაა ფასდაუდებელი ღვთიური ნიჭი, რომლის შემწეობითაც ადამიანი ურიგდება ღმერთს.

34. რადგან ამ ინდულგენციათა მადლი ეხება მხოლოდ საკრამენტულ ცოდვათა გამოსყიდვის სასჯელს, რომელიც დაწესებულია ადამიანის მიერ.

35. არაქრისტიანულად ქადაგებს ის, ვინც ასწავლის: მას ვინც სალხინებლიდან სულებს გამოისყიდის ან აღსარების სიგელს (ინდულგენციას) შეიძენს, მეტად აღარ ესაჭიროება მონანიება.

36. ყოველ ქრისტაინს, რომელიც გულწრფელად ინანიებს, სასჯელისა და დანაშაულის სრული მიტევება ინდულგენციის გარეშეც ეკუთვნის.

37. ყოველი ჭეშმარიტი ქრისტიანი, ცოცხალი თუ მკვდარი, მონაწილეა ქრისტესა და ეკლესიის ყოველგვარი სიკეთისა, რაც მას, ასევე, ინდულგენციის გარეშე, ღვთისგან აქვს ნაბოძები.

38. და მაინც არასგზით არ შეიძლება პაპის მიტევებისა და მონაწილეობის (ზემოხსენებულ მადლში) უგულებელყოფა, რადგან ის, როგორც უკვე ვთქვით, განცხადებაა ღვთის მიტევებისა.

39. თვით ყველაზე განსწავლულ თეოლოგთათვისაც კი მეტისმეტად ძნელია, ხალხის წინაშე ინდულგენციის სიუხვისა და გულწრფელი მონანიების ერთდროულად განდიდება.

40. გულწრფელ მონანიებას სურს და უყვარს სასჯელი; ინდულგენციის სიუხვე კი გულგრილს ხდის და სიძულვილს იწვევს მისდამი, ყოველ შემთხვევაში, საამისო საბაბს იძლევა.

41. სამოციქულო ინდულგენცია ფრთხილად უნდა ვიქადაგოთ, რათა ხალხში არ გავრცელდეს მცდარი აზრი, თითქოს ეს ინდულგენცია სიყვარულის სხვა კეთილ საქმეებზე მაღლა იდგეს.

42. ქრისტიანებს უნდა ვასწავლოთ, რომ სულაც არ არის პაპის აზრის, თითქოს ინდულგენციის შესყიდვა რამენაირად მოწყალების საქმის ტოლფასი იყოს.

43. ქრისტიანებს უნდა ვასწავლოთ: ინდულგენციების მყიდველებზე უკეთესად იქცევა ის, ვინც განიკითხავს ღარიბებს ან ეხმარება გაჭირვებულებს.

44. რადგან სიყვარულის საქმის მეშვეობით იზრდება სიყვარული და ადამიანი უმჯობესდება, ხოლო ინდულგენციის მეშვეობით იგი კი არ უმჯობესდება,არამედ მხოლოდ თავისუფლდება სასჯელისაგან. 

45. ქრისტიანებს უნდა ვასწავლოთ: ის ვინც გაჭირვებულს დაინახავს და, მიუხედავად ამისა (მასზე ზრუნვის ნაცვლად), ინდულგენციის შეძენას ამჯობინებს, პაპისეულ შენდობას კი არ მოიპოვებს, არამედ ღვთის რისხვას დაიწევს.

46. ქრისტიანებს უნდა ვასწავლოთ, რომ ვისაც ზედმეტი ქონება არ აქვს, ვალდებულია თავისი ოჯახის რჩენაზე მეტად იზრუნოს და ეს სახსრები არამც და არამც არ გაფლანგოს ინდულგენციებზე.

47. ქრისტიანებს უნდა ვასწავლოთ, რომ ინდულგენციების შეძენა ნებაყოფლობითია და არა ნაბრძანები (ანუ არასავალდებულო).

48. ქრისტიანებს უნდა ვასწავლოთ: პაპს ინდულგენციების გაცემასა და ფულის ამოღებაზე უფრო გულმხურვალე ლოცვა სურს თავისთვის.

49. ქრისტიანებს უნდა ვასწავლოთ: პაპისეული ინდულგენცია სასარგებლოა, თუ მასზე იმედებს არ ამყარებენ, მაგრამ ის უკიდურესად საზიანოა, თუ მისი წყალობით ღვთისმოშიშებას კარგავენ.

50. ქრისტიანებს უნდა ვასწავლოთ: პაპმა რომ იცოდეს ინდულგენციების მყიდველთა გამომძალველობის შესახებ, იგი უმალ წმინდა პეტრეს ტაძრის ფერფლად ქცევას ამჯობინებდა, ვიდრე მის შენებას თავისი სამწყსოს ტყავით, ხორცითა და ძვლებით.

51. ქრისტიანებს უნდა ვასწავლოთ: პაპი – როგორც ეს მას ევალება კიდეც – სიამოვნებით ამჯობინებდა, თუნდაც ამისთვის წმინდა პეტრეს ტაძრის გაყიდვა დასჭირვებოდა, საკუთარი ფული დაერიგებინა ყველა იმათთვის, ვისაც უპირატესად ზოგიერთი ინდულგენციებით მოვაჭრე ფულსა სძალავს.

52. ამაოა და ფუჭი იმედი ინდულგენციების დახმარებით ხსნისა, მაშინაც კი, თუ ზედამხედველი, თვით პაპიც კი, ამისთვის თავის სულს დააგირავებს.

53. ქრისტესა და პაპის მტრები არიან ისინი, ვინც ინდულგენციების ქადაგების გზით სავსებით ახშობენ ღვთის სიტყვას [სახარებას] სხვა ეკლესიებში.

54. უსამართლობაა ღვთის სიტყვის მიმართ, თუკი ერთსა და იმავე ქადაგებაში ერთნაირი, ან უფრო მეტი, დრო ეთმობა ინდულგენციებს, ვიდრე მას [ღვთის სიტყვას].

55. პაპს არ შეუძლია იფიქროს სხვაგვარად, თუ არა ასე: თუკი ინდულგენციას /როგორც უმცირესს/ აღნიშნავენ ერთი ზარით, ერთი პროცესიით, ერთი მღვდემსახურებით, მაშინ სახარება /როგორც უდიდესი/ უნდა იქადაგებოდეს ასობით ზარით, ასობით პროცესიით, ასობით – მღვდელმსახურებით.

56. ეკლესიის საგანძურები, საიდანაც პაპი ინდულგენციას გასცემს, არც საკმარისადაა განსაზღვრული, არც ნაცნობია ქრისტიანი ხალხისათვის.

57. უეჭველია, რომ ისინი წარმავალი საგანძურები არ გახლავთ, რადგან ისინი კი არ განიბნევიან, არამედ იკრიბებიან ამ უამრავი ინდულგენციების გამყიდველის ხელით.

58. ესენი [საგანძურში] აგრეთვე არც ქრისტესი და არც წმინდანების დამსახურება არ არის, რადგან ისინი [საგანძურები] ყოველთვის პაპის [მონაწილეობის] გარეშეც აძლევენ მადლს ადამიანის შინაგან [სულიერ] მეს, ხოლო ჯვარს [ტანჯვას], სიკვდილსა და ჯოჯოხეთს ადამიანის გარეგან [ხორციელ] მეს.

59. ეკლესიის საგანძურებს წმინდა ლავრენტიუსი უწოდებდა ღარიბ მორწმუნეებს, მაგრამ იგი თავის დროის ენაზე მეტყველებდა.

60. აუჩქარებლად ვამბობთ ჩვენ, რომ ეს საგანძური არის ეკლესიის გასაღები, ქრისტეს წყალობით რომ მიენიჭა ეკლესიას.

61. ვინაიდან ცხადია, რომ პაპის ძალაუფლება საკმარისია მხოლოდ ეპიტამიებისა და განსაკუთრებული [პაპზე დამოკიდებული] შემთხვევებისაგან გასათავისუფლებლად. 

62. ეკლესიის ჭეშმარიტი საგანძური კი არის ღვთის დიდებისა და მადლის წმინდა სახარება.

63. მაგრამ ეს საგანძური სამართლიანად ითვლება საძულველად, რადგან იგი პირველებს უკანასკნელად აქცევს.

64. ინდულგენციების საგანძური კი სამართლიანად ითვლება ყველაზე სასიამოვნოდ, რადგან იგი უკანასკნელებს პირველებად აქცევს.

65. მაშასადამე, სახარების საგანძური - ესაა ბადე, რომლითაც წინათ მდიდარ ადამიანებზე თევზაობდნენ.

66. ინდულგენციების საგანძური კი - ესაა ბადე, რომლითაც დღეს ადამიანთა სიმდიდრეზე თევზაობენ.

67. ინდულგენცია, როგორც ამას მოქადაგენი აცხადებენ, უდიდესი მადლია, [მათთვის] მართლაც რომ ასეთია, რადგან დიდი მოგება მოაქვს.

68. სინამდვილეში კი ის [ინდულგენცია] სრულიად უმნიშვნელო მადლია ღვთის მადლთან და ჯვრის წყალობასთან შედარებით.

69. ეპისკოპოსები და მოძღვრები მოვალენი არიან, დაუშვან მოციქულისეული ინდულგენციების ზედამხედველნი მთელი პატივით.

70. მაგრამ უფრო მეტად არიან ისინი ვალდებულნი, თვალყური ადევნონ იმას, რომ ეს ზედამხედველნი პაპისეულ დავალებათა ნაცვლად საკუთარ მონაჩმახს არ ქადაგებდნენ.

71. დაე ანათემას მიეცეს და წყეულიმც იყოს ყველა, ვინც სამოციქულო ინდულგენციების ჭეშმარიტების წინააღმდეგ გამოდის.

72. მაგრამ ვინც უნდულგენციების მქადაგებელთა თავგასული და კადნიერი სიტყვების წინააღმდეგ თამამად გამოდის, კურთხეულმც იყოს!

73. როგორც პაპი სამართლიანად შეაჩვენებს იმას, ვინც ინდულგენციის საქმის საზიანოდ განიზრახავს რაიმე მანქანებას,

74. ისე უფრო მეტად ცდილობს იგი, ანათემით გაანადგუროს ის, ვინც ინდულგენციის საბაბით წმინდა სიყვარულისა და ჭეშმარიტების საზიანოდ მიმართავს მანქანებას.

75, უგუნურებაა ის მოსაზრება, თითქოს პაპის ინდულგენციას ისეთი ძალა ჰქონდეს, რომ მაშინაც კი შეეძლოს ადამიანის ცხონება, თუ იგი ღვთისმშობელს შებღალავს.

76. ამის საპირისპიროდ ჩვენ ვამბობთ, რომ პაპის ინდულგენციას სულ უმნიშვნელო შეცოდების შემთხვევაშიც კი არ ძალუძს დანაშაულის მოხსნა.

77. როცა ამბობენ, თვით წმინდა პეტრეც კი, ახლა რომ პაპი იყოს ვერ შეძლებდაო უფრო დიდი მადლის [ვიდრე ინდულგენციაა], ბოძებას, ეს ცილისწამებაა წმინდა პეტრესა და პაპის მიმართ.

78. ამის საპირისპიროდ ჩვენ ვამბობთ, რომ როგორც ახლანდელის, ასევე საერთოდ ყველა პაპის ხელთ არის უფრო დიდი მადლი [ვიდრე ინდულგენციაა], სახელდობრ, სახარება, სათნოებანი, ნიჭი მკურნალობისა და სხვ. იხ. I კორინთელთა მიმართ 12.

79. იმის თქმა, რომ [ეკლესიებში] თვალსაჩინო ადგილზე აღმართული პაპის ღერბიანი [ინდულგენციის] ჯვარი ქრისტეს ჯვრის ტოლფასია, ღვთისგმობაა.

80.ეპისკოპოსები, მოძღვრები და თეოლოგები, რომლებიც ნებას რთავენ ამგვარ ქადაგებას ხალხის წინაშე, პასუხს აგებენ ამისთვის.

81. ინდულგენციის ასეთ უტიფარ ქადაგებას მივყევართ იქამდე, რომ თვით სწავლულებსაც უჭირთ პაპის ღირსების დაცვა ერისკაცთ ცილისწამებისაგან ან, ყოველ შემთხვევაში მწვავე შეკითხვისაგან.

82. ასე მაგალითად: რატომ არ გამოიხსნის პაპი სულებს სალხინებლიდან წმინდა სიყვარულისა და უკიდურესი გაჭირვების გამო - ეს ხომ უმნიშვნელოვანესი მიზეზია, მაშინ, როდესაც ის ათავისუფლებს უამრავ სულებს წმინდა პეტრეს ტაძრის ასაგებად საჭირო ბინძური ფულის გამო, - რომელიც უმნიშვნელო მიზეზია?

83. და შემდგომ: რატომ არის შენარჩუნებული სულის მოსახსენებელი მესა და ყოველწლიური აღაპი მიცვალებულთათვის, და რატომ არ აბრუნებს ის [პაპი] ყველა შემოსავალს უკან, ან რატომ არ იძლევა მიცვალებულთათვის შეწირული ფულებვის უკან დაბრუნების უფლებას, თუკი ლოცვა უკვე შენდობილთათვის - უმართებულოა?

84. და შემდგომ: ეს რა ახლებური ღვთისმოსაობაა ღვთისა და პაპის წინაშე, რომელიც ნებას რთავს ბიწიერსა და არაკეთილმოსურნეს, გამოიხსნას ღვთისმოსავი და ღვთის ერთგული სული ფულის გამო, ხოლო ღვთისმოსავ და საყვარელ სულს არ ათავისუფლებს პირადი გაჭირვებისა და უანგარო სიყვარულის გამო?

85. და შემდგომ: მონანიების კანონები, რომლებიც სინამდვილეში გამოუყენებლობის გამო უკვე დიდი ხანია გაუქმებული და მკვდარია, კვლავ რატომ გამოიყენება ინდულგენციის ყიდვის გასამართლებლად, თითქოს ისინი კვლავ ძალაშI იყოს?

86. და შემდგომ: პაპის სიმდიდრე სადღეისოდ დიდად აღემატება კრასუსის სიმდიდრეს, ამიტომ ვერ ააშენებს განა წმინდა პეტრეს ტაძარს უმალ საკუთარი ხარჯით, ვიდრე ღარიბ-ღატაკი მორწმუნეების ფულით?

87. და შემდგომ: რას მიუტევებს და რის მონაწილედ ხდის პაპი თავისი ინდულგენციის მეშვეობითY იმათ, ვინც გულწრფელი მონანიების წყალობით უკვე მიიღო სრული მიტევებისა და [მადლში] მონაწილეობის უფლება?

88. და შემდგომ: რა იქნებოდა ეკლესიისათვის იმაზე უკეთესი, თუ პაპი ამ მიტევებასა და მონაწილეობას ყოველ მორწმუნეს უბოძებდა არა [მხოლოდ] ერთგზის, როგორც ის /ახლა/ აკეთებს, არამედ დღეში ასჯერ?

89. თუ პაპი უბოძებს ინდულგენციებს უფრო სულების ხსნისათვის, და არა ფულისათვის, მაშIნ რატომ აუქმებს ის ადრე ბოძებულ ინდულგენციებს, ისინი ხომ ასევე ძალაშია?

90. თუ ერისკაცთა ამ ძალზე მწვავე შეკითხვებს ჩაახშობენ მხოლოდ შიშველი ძალით, და არ გააბათილებენ მათ გონივრული დასაბუთებით, ეს ნიშნავს, რომ ეკლესიასა და პაპს მტრები მასხრად აიგდებენ და ქრისტიანებს გააუბედურებენ.

91. ამიტომ ინდულგენცია რომ იქადაგებოდეს პაპის სულისკვეთებისა და განზრახვის შესაბამისად, ადვილი იქნებოდა ამ შეპასუხებათა გაქარწყლება. დიახ, ისინი საერთოდ არ წამოიჭრებოდა.

92. ამიტომ შორს, ყველა ის წინასწარმეტყველი, ვინც ქრისტიანებს "მშვიდობა, მშვიდობა" - ეუბნება და მშვიდობა კი არ არის.

93. კურთხეულ იყოს ყველა ის წინასწარმეტყველი, ვინც ქრისტიანებს ეუბნება - "ჯვარი, ჯვარი", და ჯვარი კი არის. 

94. ქრისტიანებს უნდა ჩავაგონოთ, რომ მათ უნდა მისდიონ ქრისტეს - მათ თავს - ტანჯვის, სიკვდილისა და ჯოჯოხეთის გზით.

95. და ამგვარად სწამდეთ მათ, რომ შევლენ ცათა სასუფეველში უფრო მრავალი ტანჯვის გზით, ვიდრე ყალბი სულიერი სიმშვიდის იმედით.

წყარო:http://gametv.ge/forum/index.php?showtopic=228&pid=459842&st=2115&#entry459842
კატეგორია: შემეცნებით | დაამატა: gi2gi
ნანახია: 5688 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 4.0/8
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]