მარტინ ლუთერი
2011-03-18, 8:02 PM
მარტინ ლუთერი – დასავლური სამყაროს რეფორმატორი [მარტინ ლუთერი – დასავლური სამყაროს რეფორმატორი გერმანელი ხალხისათვის ლუთერი არის განათლების, მუსიკის რეფორმატორი, მათ შორის, პროტესტანტული გალობისა. განსაკუთრებით დიდია მისი დამსახურება საერთო გერმანული სალიტერატურო ენის ჩამოყალიბების საქმეში, რაც ბიბლიის გერმანულ ენაზე თარგმნით დაიწყო. 1546 წლის 18 თებერვალს გარდაიცვალა მარტინ ლუთერი. ადამიანი, რომელმაც შეცვალა გერმანია, ევროპა და მთელი დასავლური სამყარო. ყოველი ისტორიული პიროვნების ცხოვრებისა და საქმიანობის შეფასების მთავარი კრიტერიუმი, მისი იდეების ზეგავლენაა ადამიანებზე. თუ ადამიანები მისით საუკუნეების მერეც აღფრთოვანდებიან, თუ ადამიანები მის იდეებს საუკუნეების მერეც მისდევენ, მაშასადამე, მას დიდი ღვაწლი მიუძღვის მათ წინაშე. ადამიანის მოღვაწეობის განხილვა თუ შეფასება აუცილებლად უნდა მოხდეს ამ ადამიანი ცხოვრების გარემოს გათვალისწინებით. ამას ისტორიზმის პრინციპი შეიძლება ვუწოდოთ. ასე მაგალითად, არ შეიძლება ალექსანდრე მაკედონელის მოქმედებების განსჯა თანამედროვე მსოფლიოში ან მის რომელიმე ნაწილში გაბატონებული რწმენა-წარმოდგენების შესაბამისად. უფრო გასაგებად – არ შეიძლება, მაგალითად, მართლმადიდებელი წმინდანები შეაფასონ რადიკალმა ისლამისტებმა, მართლმადიდებლობისადმი, წინასწარ, უარყოფითად განწყობილებმა და ა. შ.. ცნობილი ადამიანების ცხოვრების შეფასებისას თავი უნდა შევიკავოთ, როგორც მათი კრიტიკისაგან, ისე გაიდეალებისაგან და მაშინ ობიექტურები ვიქნებით და ისტორიაც ბევრს გვასწავლის. ამგვარ მიდგომას შეიძლება ადამიანური ობიექტურობა ეწოდოს. მომავალი რეფორმატორი დაიბადა 1483 წლის 10 ნოემბერს აისლებენში, საქსონიაში, გლეხური წარმოშობის ბიურგერის ოჯახში. 14 წლისა მიაბარეს ფრანცისკანელთა ორდენის სკოლაში. 1501 წელს ჩააბარა ერფურტის უნივერსიტეტში. შესანიშნავად სწავლობდა, გამოირჩეოდა თანატოლებში. 1505 წელს ხელოვნების მაგისტრის ხარისხი მიიღო და მამის სურვილით დაიწყო იურისპრუდენციის შესწავლა. იმ წელსვე ავგისტინელების ორდენის მონასტერში წავიდა და მომავალ წელს ბერად ეკურთხა. სხვადასხვა გადმოცემები და ლეგენდები არსებობს იმის შესახებ, რატომ აირჩია ახალგაზრდა ნიჭიერმა ყმაწვილმა ბერის ცხოვრება. ამ ნაბიჯმა განსაზღვრა მომავალი დასავლური სამყაროს ბედი. მესებს ატარებდა, თან მასწავლებლობდა და თან სწავლობდა. დაინტერესდა ნეტარი ავგუსტინეს ნაშრომებით. 1509 წელს მიიღო "ბიბლიის ბაკალავრის" წოდება. მერე კი "სენტენციარიის" წოდებაც. იოჰან ფონ შტაუფიცმა, მისმა მასწავლებელმა და მეგობარმა დიდი გავლენა იქონია მასზე. 1511 წელს საძმომ გააგზავნა რომში. მისმა მორწმუნე გულმა დიდი ტკივილი განიცადა რომის კურიაში გამეფებული ფუფუნებისა და სხვა მოვლენების გამო. 1512 წელს მიანიჭეს ღვთისმეტყველების დოქტორის ხარისხი. ხელმძღვანელობდა ბიბლიის თეოლოგიის კათედრას შტაუფიცის მაგივრად. ძალიან უყვარდა თავისი საქმე. თურმე, მუდამ უსუსურობის განცდას ატარებდა ღვთის მომართ და ცოდვის შეგრძნებას. კითხულობდა კურსებს საკითხებზე – ფსალმუნების, რომაელთა, გალატიელთა და ებრაელთა მიმართ. პარალელურად შეისწავლიდა ბიბლიას. თან 11 მონასტრის საქმეებს ხელმძღვანელობდა. მერე ამბობდა: "მივხვდი, ღვთიურ მადლს ჩვენ ვიღებთ მხოლოდ ღვთისადმი რწმენით და მისი მადლით და ცოდვები მიგვეტევება მხოლოდ რწმენის გამოო". სწორედ ამით დაუპირისპირდა რომის ეკლესიაში არსებულ წარმოდგენას პაპის უცოდველობის შესახებ და იმ დროს გამოცხადებულ ინდულგენციებით ვაჭრობას. 1515 წელს პაპმა ლეო X გამოსცა ბულა ინდულგენციებით ვაჭრობის შესახებ. ამ ბულის თანახმად, ადამიანებს ფულის გადახდის საფასურად შეეძლოთ თავისი ცოდვების გამოსყიდვა. მაგალითად, ქმრის მიერ ცოლის ცემის ცოდვის გამოსყიდვა 3 ლივრი და 14 სუ ღირდა (ვერცხლის ლივრი 20 სუს შეადგენდა). ძმის, დედის ან მამის მკვლელობის ცოდვის გამოსყიდვისთვის უნდა გადახდილიყო 17 ლივრი და 15 სუ. ბერის, იოანე ტეტცელის პროკლამაციის მიხედვით, რომელიც საქსონიაში მოღვაწეობდა, ინდულგენციის მყიდველი უფრო უმანკო ხდებოდა, ვიდრე ადამი იყო ცოდვამდე. ინდულგენციების გაყიდვით დაგროვებული ფული უნდა მოხმარებოდა წმინდა პეტრეს ტაძრის მშენებლობას და პაპის სხვა საქმიანობას რომში. მარტინ ლუთერი გამოვიდა პაპის წინააღმდეგ. მან ვიტენბერგის ეკლესიის კარიბჭეზე მიაჭედა თავისი "95 თეზისი". თეზისებით, სხვა საკითხებთან ერთად, უარყოფდა პაპის უცდომელობის იდეას, გმობდა ინდულგენციებით ვაჭრობას და ცოდვის გამოსყიდვის შესაძლებლობას მხოლოდ რწმენითა და სინანულით მიიჩნევდა. პაპის კურიასა და მარტინ ლუთერს შორის ბრძოლა გაჩაღდა. ლუთერი ერეტიკოსად გამოაცხადეს და ეკლესიიდან განკვეთეს, თუმცა ამან ვერ გააჩერა. პაპმა დახმარება სთხოვა გერმანელი ერის საღვთო რომის იმპერატორს კარლოს V-ს. მოიწვიეს გერმანელი მთავრების კრება ვორმში, სადაც ლუთერს უნდა მოენანიებინა თავისი ქმედებები. ლუთერმა უარი თქვა. ლუთერი კანონგარეშე გამოცხადდა, მაგრამ შეიფარა საქსონელმა მთავარმა ფრიდრიხ ბრძენმა. იან ჰუსივით ვერ დაწვეს. მალე ფრიდრიხს და ლუთერს ბევრი მომხრე გაუჩნდა გერმანელ მთავრებსა და მოსახლეობას შორის. განსაკუთრებით პოპულარობა მოიპოვა ლუთერმა გერმანელებისადმი მიმართვით, სადაც პაპის წინააღმდეგ ბრძოლას მთელი ერის საქმედ აცხადებდა და განსაკუთრებით, ბიბლიის გერმანულ ენაზე თარგმნის მეშვეობით. გუტენბერგის მიერ გამოგონილმა სტამბამ ლუთერს და მის საქმიანობას პროპაგანდის დიდი საშუალება მისცა. ეს იყო პროტესტანტული რეფორმაცია კათოლიკურ სამყაროში, რომელმაც დიდად შეცვალა დასავლეთის მომავალი, თუმცა საბოლოოდ საქმე ლუთერის სიკვდილის მერე დასრულდა. თუმცა, ჩვენი აზრით, პირველი რეფორმაცია იყო დასავლეთის ქრისტიანობის მიერ ფილიოკვეს დამატება მრწამსში. რეფორმაციას მერე მოჰყვა კონტრრეფორმაცია. 1545-1565 წწ. ტრიენტის კრებით ინდულგენციებით ვაჭრობაზე რომის ეკლესიამ უარი თქვა, სამაგიეროდ, ეკლესიისა და ტრადიციის ავტორიტეტი უეჭველად გამოცხადდა. დაიწყო ეკლესიის ავტორიტეტის აღდგენაზე ზრუნვა სხვადასხვა მეთოდებით. ლუთერი, როგორც ხდება ხოლმე დაპირისპირების დროს, არ დაკმაყოფილდა, არ გაჩერდა მხოლოდ პაპიზმის წინააღმდეგ გამოსვლით და რეფორმაცია მოახდინა სარწმუნოებისა. მან გამოაცხადა, რომ არ არის აუცილებელი მარხვა, მომლოცველობა, აღსარება, წმინდანთა თაყვანისცემა. მისი თქმით, საჭირო არ არის ბერობა. შვიდი საიდუმლოდან მხოლოდ ნათლობასა და ზიარებას აღიარებდა. ლუთერის აზრით, ღვთის თვალში პატიოსანი გლეხის შრომა არ ჩამოუვარდება ბერის მიერ ლოცვასა და ღვთის მსახურებაში განვლილ წლების ღვაწლს. ის უარყოფდა პაპის უცდომელობის "დოგმატს" და აღიარებდა მხოლოდ წმინდა წერილს, არ აღიარებდა ქრისტიანულ ტრადიციას. 1425 წელს იქორწინა ყოფილ მონაზონ ქალზე, კატარინა ფონ ბორაზე. გაუჩნდათ ექვსი შვილი. 1524-1526 წლების გლეხთა ომის დროს აჯანყებულების წინააღმდეგ მიღებულ მკაცრ ზომებს ამართლებდა. 1529 წელს გამოსცა თავისი დიდი და პატარა "კატეხიზმო". სიცოცხლის ბოლო წლებში ავადმყოფობდა. მაქს ვებერის აზრით, ლუთერის ნააზრევმა არა მარტო რეფორმაციის დიდი ტალღა გამოიწვია, არამედ მისმა დამოკიდებულებამ შრომისადმი და რელიგიისადმი დიდი ბიძგი მისცა კაპიტალიზმის ჩასახვას დასავლურ სამყაროში. მან დიდად განსაზღვრა ახალი დროის სულისკვეთება. გერმანელი ხალხისათვის ლუთერი არის განათლების, მუსიკის რეფორმატორი, მათ შორის, პროტესტანტული გალობისა. განსაკუთრებით დიდია მისი დამსახურება საერთო გერმანული სალიტერატურო ენის ჩამოყალიბების საქმეში, რაც ბიბლიის გერმანულ ენაზე თარგმნით დაიწყო. 2003 წელს გერმანიაში ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით მარტინ ლუთერი ყველა დროის დიდ გერმანელებს შორის მეორე ადგილზე გავიდა. ზოგიერთი მკვლევარი მარტინ ლუთერს აკრიტიკებს მისი ანტისემიტური განცხადებების გამო, როდესაც ის მოუწოდებდა სინაგოგების დანგრევისა და ებრაელების განდევნისაკენ ("ებრაელებისა და სიცრუის შესახებ"). 1938 წლის 10 ნოემბრის ღამეს, მარტინ ლუთერის დაბადების დღეს, გერმანიაში ნაცისტებმა განახორციელეს "ბროლის ღამე", დალეწეს ებრაელების მაღაზიათა ვიტრინები. თუმცა, ჩვენი აზრით, ეს მხოლოდ დამთხვევა უნდა იყოს. "ბროლის ღამის" მიზეზი ორი დღით ადრე პარიზში ებრაელის მიერ გერმანელი ჩინოვნიკის მკვლელობა გახდა. დღეს გერმანელ ერს აერთიანებს არა ლათინური ღვთისმეტყველება, არამედ ერთიანი სალიტერატურო ენა, რაც დიდწილად მარტინ ლუთერის დამსახურებაა.
კატეგორია: შემეცნებით | დაამატა: gi2gi
ნანახია: 1043 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]