მთავარი » ფაილები » შემეცნებით

მანაროლა
2011-05-19, 1:30 AM

მანაროლა… ზღაპრული პაწაწინა ქალაქი იტალიის ზღვისპირეთში… სინკე ტერეს ანუ „ხუთი მამულის" რეგიონში გაშენებულია ხუთი მომცრო სოფელი (Monterosso al Mare, Vernazza, Corniglia, Manarola, and Riomaggiore), რომლებიც ერთმანეთს ფეხით სავალი ბილიკებით უკავშირდება. ხუთივე სოფელი თვითმყოფადია და ერთმანეთისგან განსხვავებული. ამჯერად მოგზაურობით დაინტერესებულთა ყურადღებას პატარა, მაგრამ საკმაოდ ცნობილ მანაროლაზე შევაჩერებ.

ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ღირსება, რაც სინკე ტერეს დაბას გააჩნია, ესაა მანქანების არარსებობა. ერთადერთი გადაადგილების საშუალება, რასაც აქ შეხვდებით, ეს მომცრო ზომის ავტობუსია, რომელსაც მგზავრები პარკიდან ცენტრამდე გადაჰყავს. ხოლო ხუთივე სოფელს შორის დამაკავშირებელი ტრანსპორტი მატარებელია. ზუსტად ასე შეგიძლიათ მოხვდეთ მანაროლაში.

სახელი მანაროლა ლათინური სიტყვებიდან – Magna Rota – წარმოიშვა, რამაც ადგილობრივ დიალექტში ცვლილება განიცადა – Magna Roea, რაც „დიდ ბორბალს" ნიშნავს. მანაროლა, შესაძლოა, უძველესია სინკე ტერეს ხუთეულიდან, ვინაიდან აქ არსებული San Lorenzo-ს ეკლესიის ქვაკუთხედი 1338 წლითაა დათარიღებული.

ამ თვალწარმტაცი სოფლის ირგვლივ ხშირად შეგხვდებათ ციცაბო ფერდობები, თუმცა იმდენად დიდებული სანახაობაა, რომ მათი სიმაღლიდან გადმოხედვამ შეუძლებელია თავისუფლების გრძნობის მთელი სიმძაფრით არ აღგავსოთ. აქ არ შეგაწუხებთ რაიმე საყვირის სიგნალი, მანქანების ხმაური, ტრანსპორტით გადატვირთული ქუჩები, საგზაო შემთხვევები.

რა თქმა უნდა, შეგიძლიათ, სურვილის შემთხვევაში, მანქანაც ატაროთ; თუმცა, არარეზიდენტ პირებს სპეციალური ნებართვა ესაჭიროებათ მანქანის ყოლისთვის. მისი დაყენება კი მანაროლას შემოგარენში მოგიწევთ და უკან ავტობუსით უნდა დაბრუნდეთ ან სულაც ფეხით გაუყვეთ გზას. ეს არც ისე შემაწუხებელია – ეს სოფელი ნამდვილად შვენიერი და მოხერხებულად პატარაა.

როგორც გითხარით, მანაროლა დანარჩენ სოფლებს ბილიკებით და საცალფეხო ვიწრო გზებით უკავშრდება, რომლებიც ხმელთაშუა ზღვის სანაპიროს მიუყვება. ასევე შესაძლოა ბორანით ან ნავით გაღმა ნაპირამდე გადაცურვა. მანაროლადან რიომაგორამდე მისასვლელ გზას Via dell’Amore ჰქვია, რაც სიყვარულის ბილიკს/ლურჯ გზას ნიშნავს.

თუ გადაწყვეტთ, მანაროლას ესტუმროთ და ხარჯებიც მოზომილად გათვალოთ, თქვენთვის მოსახერხებელი იქნება ახალგაზრდულ ჰოსტელში გაჩერება, რაც აუცილებლად შეგხვდებათ მანაროლასთან არსებული მაღლობის თავზე. იქ არც ჰილტონის სასტუმრო დაგხვდებათ და არც აუზი, სამაგიეროდ ხმელთაშუა ზღვის მშვიდი ტალღები იზრუნებენ თქვენს გაგრილებაზე, განწყობას კი მთების სილამაზე შეგიქმნით.

როგორც სურათზე ხედავთ, საცურაო ადგილი მოხერხებულად და მყუდროდაა შექმნილი. ხმელთაშუა ზღვის ეს პატარა უბე ბევრად დიდია, ვიდრე სურათიდან ჩანს. მანაროლაში მოგზაურობისას ღამისგასათევი სხვა ადგილები შეგიძლიათ მოძებნოთ ამ ლინკით.

თუკი ადრე, უძველესი ტრადიციებიდან მოყოლებული, მარანოლაში მცხოვრებნი თავს თევზჭერითა და ღვინის წარმოებით ირჩენენ, ახლა ადგილობრივები სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოსულ ტურისტებს მასპინძლობენ, რომლებსაც განსაკუთრებულად იზიდავთ აქაური ფეხით სასიარულო ბილიკები, ზღვისპირას განლაგებული ციცაბო მთები და სოფლის მახლობლად გაშენებული ვენახები. ადგილობრივი წარმოების ღვინო - ‘Sciacchetrà’ – ისევე, როგორც სხვა ყველაფერი მანაროლაში, განსაკუთრებულად გემრიელია.

კატეგორია: შემეცნებით | დაამატა: gi2gi
ნანახია: 279 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]