მაგია, მეცნიერება და რელიგია (ბრონისლავ მალინოვსკი)
2011-08-21, 1:43 AM

მაგიის ხელოვნება და რწმენის ძლევამოსილება

მაგია! ამ სიტყვის მხოლოდ წარმოთქმაც საკმარისია, რომ თვალწინ ის ფარდა დაგვიდგეს, რომლის მიღმაც ამოუცნობი და საიდუმლოებით მოცული სამყაროა მიმალული. მათთვისაც კი, ვისთვისაც უცხოა ლტოლვა რაიმე ოკულტურისადმი, ვისაც არ იზიდავს `ეზოთერული ჭეშმარიტების~ ყალბ მარგალიტთა ბრწყინვალება, ვისთვისაც უცნობია თანამედროვეობაში მოდის კარნახით გაღვივებული მწველი ინტერესი იმ ნახევრად გასაგები არყოფნიდან აღზევებული ძველი რწმენებისა და კულტურების მიმართ, რომლებმაც ახლა სხვადასხვა `თეოსოფიების~, `სპირიტიზმების~ ან `სპირიტუალიზმების~, სხვადასხვა ფსევდომეცნიერული სწავლებების, `ლოგიებისა~ და `იზმების~ სახელები შეიძინა; მათთვისაც კი, ვისთვისაც მეცნიერული აზროვნების სიცხადეა დამახასიათებელი, სიტყვა `მაგიას~ განსაკუთრებული ხიბლი ახლავს. ეს შეიძლება გარკვეულწილად მაგიაში პირველყოფილი ადამიანების უმნიშვნელოვანესი მისწრაფებებისა და მათი სიბრძნის რაიმე კვინტესენციის ძიების იმედით აიხსნას _ ამგვარი ცოდნის ფასეულობაში დაეჭვება შეუძლებელია, როგორიც არ უნდა იყოს მისი შინაარსი. გარდა ამისა, არ შეიძლება არ ვაღიაროთ, რომ სიტყვა `მაგია~ ჩვენში თითქოს მთვლემარე სულიერ პოტენციას, სულის სიღრმეში არსებულ სასწაულის იმედს და ადამიანის უცნობ შესაძლებლობათა  რწმენას აღვიძებს. გავიხსენოთ თუნდაც ის დამატყვევებელი ძალა, რომელიც სიტყვების _ `მაგია~, `გრძნება~ და `ჯადოქრობა~ აქვს პოეზიაში, სადაც მათი ემოციური მნიშვნელობა მთელი სიცხადით წარმოჩინდება და ჟამთასვლისთვის მოუხელთებელი რჩება. მაგრამ როდესაც მაგიას ხელს სოციოლოგი ჰკიდებს, რომელიც ცდილობს გადააბიჯოს ამ იდუმალებით მოცული სამყაროს ზღურბლს _ რაც სავსებით შესაძლებელია ადამიანთა ისეთ თანამედროვე საზოგადოებებზე დაკვირვების წყალობით, რომლებმაც შეინარჩუნეს ქვის ხანის ყოფა და კულტურა, _ იგი გარკვეული იმედგაცრუებით აღმოაჩენს, რომ მაგია საკმაოდ პროზაული, ზუსტად გათვლილი და, გარკვეულწილად მოუხეშავი ხელოვნებაა, რომელსაც მხოლოდ პრაქტიკული მოსაზრებების გამო მიმართავენ და საფუძვლად სხვადასხვა პრიმიტიული და ზედაპირული რწმენები უდევს, ხელოვნება, რომელიც მრავალი მარტივი და ერთფეროვანი ილეთის შესრულებით ამოიწურება. ამაზე უკვე ვისაუბრეთ, როდესაც ვცდილობდით ისე განგვესაზღვრა მაგია, რომ იგი რელიგიისგან გაგვესხვავებინა და მივუთითებდით, რომ იგი წმინდა პრაქტიკულ ქმედებამდე დადის, ქმედებამდე, რომელიც გარკვეული მიზნის მიღწევის საშუალებად გვევლინება. ამგვარ რამეს ჩვენ მაშინაც ვაწყდებით ხოლმე, როცა ვცდილობთ გავხსნათ ის კვანძები, რომლებითაც იგი ასე მჭიდროდ არის გადახლართული ცოდნასა და იმ გამოყენებითი ხელოვნებების დარგებთან, რომელთაგან გარეგნულად თით ქმის არც კი განსხვავდება. საკმაო ძალისხმევაა საჭირო მისი მენტალური წესრიგის, წესდების არსებითი სპეციფიკისა და მაგიური აქტების განსაკუთრებული რიტუალური ბუნების გასაგებად. _ საველე ანთროპოლოგიის ნებისმიერმა სპეციალიტმა საკუთარი გამოცდილებით იცის, რომ პირველყოფილ ადამიანთა მაგია უკიდურესად მონოტონური და უემოციო საქმიანობაა, სრულებით განსაზღვრული საშუალებებით, რომლის თვალსაწიერი რწმენათა და ამოსავალ წანამძღვართა გარკვეული ერთიანობით შემოიფარგლება. საკმარისია ერთი რომელიმე წესჩვეულების არსში ჩაწვდომა, ერთი რომელიმე ჯადოქრობის პროცესის შესწავლა, მაგიური რწმენის პრინციპების, მაგიის ხელოვნებისა და მისი სოციალური მახასიათებლების გარკვევა და შეძლებთ მოცემული პირველყოფილი ტომის თითქმის ყველა ქმედების არა მხოლოდ გაგებას, არამედ, საკუთარ ქმედებათა ვითარების შესაბამისი ცვალებადობით, მაგის როლში მოვლინებასაც კი, სადაც არ უნდა ხდებოდეს ეს და რაგინდ ძლიერიც არ უნდა იყოს დღემდე შემორჩენილი რწმენა ამ ერთობ მომხიბვლელი ხელოვნებისადმი.

რიტუალი და ჯადოქრობა

განვიხილოთ მაგიის რომელიმე ტიპური აქტი _ მაგალითად, კარგად ნაცნობი შავი მაგიის აქტი, რომელიც, როგორც წესი, სტანდარტული თეატრალური წარმოდგენის ფორმით ტარდება. როგორც ჩანს, აბორიგენების სხვადასხვა მაგიურ ქმედებათა შორის ყველაზე გავრცელებული ყოფილა ჯადოქრობა, რომელიც ხორციელდება ისრის, წამახული ჯოხის, რომელიმე ცხოველის ძვლის ან ფხის საშუალებით. ველური უმიზნებს ან ისვრის ამ იარაღს თავისი წარმოსახვითი მტრის მიმართულებით, რომლის მოკვდინებაც სურს, სახის მანჭვის, მუქარის ჟესტებისა და შეტევის სიმულაციის თანხლებით. ყველაფერი ეს გარკვეულ რიტუალს წარმოადგენს. ამგვარი რიტუალები მრავლადაა აღწერილი ძველ ევროპულ და აღმოსავლურ ტრაქტატებში შავი მაგიის შესახებ, აგრეთვე ეთნოგრაფიულ გამოკვლევებსა და მოგზაურთა მონათხრობებში, თუმცა ამგვარ წარმოდგენებში მონაწილე ველურების მიმიკა და ექსპრესია გაცილებით იშვიათადაა აღწერილი. არა და სწორედ მათ აქვთ გადამწყვეტი მნიშვნელობა. წარმოვიდგინოთ დამკვირვებელი, რომელიც უეცრად აღმოჩნდა მელანეზიის რომელიმე რაიონში და აბორიგენთა ამგვარი საქმიანობის მოწმე გახდა. თუკი მან ზუსტად არ იცის, რას აკვირდება, უთუოდ იფიქრებს, რომ მის წინაშე მთვარეული ან რაიმე მიზეზის გამო მძვინვარებით გონდაკარგული ადამიანები არიან. აბორიგენი არა მხოლოდ მიმართავს იარაღს წარმოსახვითი მსხვერპლისკენ, ის, ამავე დროს, იარაღის ჰაერში ტრიალით დამარცხებული მოწინაღმდეგის გულის განგმირვას და ამით გამოწვეულ მძვინვარებას განასახიერებს. ამგვარად აბორიგენი არა მხოლოდ წარმოადგენს მტერზე საკუთარ გამარჯვებას, გამარჯვების სურვილის მთელ ვნებასაც აქსოვს ამ ქმედებაში. მაშასადამე, ჩვენ ვხედავთ, რომ ემოციის დრამატული გამოხატვა რიტუალის არსებითი ნაწილია მაგრამ რას გამოხატავს თვით ეს რიტუალი? ცხადია, აბორიგენს გამარჯვების საბოლოო შედეგის გამოხატვა რომ სურდეს, მაშინ წარმოდგენაში მოწინააღმდეგის სიკვდილსაც ჩართავდა, მის იმიტაციას მოახდენდა, თუმცაღა ეს ყოველთვის ასე არ ხდება. სამაგიეროდ, წარმოდგენის განუყოფელი ნაწილი ბრძოლისა და გამარჯვების სიტუაციებთან უშუალოდ დაკავშირებული იმ ემოციების გამოხატვაა, რომლებიც მიმიკისა და სხეულის სფეციფიკური მოძრაობების საშუალებით მიიღწევა. ამგვარი რიტუალის უამრავი მაგალითი შეგვეძლო მოგვეყვანა, _ ნაწილს თავადვე ვაკვირდებოდი, უფრო მეტი კი სხვა თვითმხილველებმა აღწერეს. ამ დაკვირვებებით შეგვიძლია დავასკვნათ, რომ შავი მაგიის რიტუალებში ჯადოქარი რაღაცნაირად ზიანს აყენებს, `ასახიჩრებს~ ან საერთოდ ანადგურებს მსხვერპლის განმასახიერებელ საგანს, თან ამ რიტუალს სი- ძულვილისა და ბრაზის გამომხატველი ემოციებით ამდიდრებს. ანალოგიურად, როდესაც სასიყვარულო მაგიის რიტუალებში ჯადოქარი ერევა, ეფერება და ეალერსება სასიყვარულო ლტოლვის ობიექტის გამომხატველ საგანს, ის განასახიერებს თავბრუდამხვევი და მწველი ლტოლვისაგან გონდაკარგული შეყვარებულის გრძნობებს. საბრძოლო მაგიის რიტუალებ- ში ბრაზი, შეტევის მძვინვარება, საბრძოლო ვნებები მეტ-ნაკლებად (შედარებით) უშუალო ფორმით გამოიხატება. ბოროტი სულებისა და ეშმაკების განდევნის მაგიაში ჯადოქრის ქცევა მოგვაგონებს იმ თავზარდაცემული ადამიანის მდგომარეობას, რომელიც პანიკურ შიშს დიდი ძალისხმევით გადალახავს. დანთებული ჩირაღდნები, იარაღის ჟღარუნი ამ სპექტაკლის გაფორმების შემადგენელი ნაწილია. მე აღვწერე ერთ-ერთი ამგვარი რიტუალი, სადაც ეშმაკის ბნელი ძალის მოგერიებისას მაგი წარმოთქვამს შელოცვებს და თითქოსდა დევნის მათ თავისი შიშისაგან გაქვავებული, კრუნჩხვებით მბორგავი სხეულიდან. შიში უკვე იპყრობს სხვა ჯადოქარს, რომელიც მათთან მიახლოებას ცდილობს და ეს შიში გაქცევას აიძულებს. ყველა ამგვარი ქმედება, რომელთა რაციონალური ახსნა, როგორც წესი, მაგიის ზოგიერთი ამოსავალი პრინციპითაა შესაძლებელი, პირველ რიგში, გარკვეული ემოციების გამოვლინებებს ჰგავს. ხშირად ზუსტად იმავე მიზანს ემსახურება ის საგნები და ელემენტები, რომლებითაც მაგიური წარმოდგენებია გაფორმებული. დანები, ბასრად ალესილი საჩხვლეტი(წვეტიანი) და საკვეთი იარაღი, მყრალი ან შხამიანი ნივთიერებები გამოიყენება შავი მაგიის რიტუალებში, არომატული ფისი (ნელსაცხებლები), ყვავილები, მათრობელა ნივთიერებები _ სასიყვარულო მაგიაში, ძვირფასი ნივთები _ საყოფაცხოვრებო მაგიაში. ეს ყველაფერი გამოყენებულია არა იდეების, არამედ გძნობების გამოსახატავად, გრძნობებისა, რომლებშიც შესაბამისი მაგიური რიტუალების მიზნები ფიქსირდება. იმგვარი რიტუალების გარდა, რომელთა მთავარი ელემენტები გარკვეული ემოციის გამოხატვას ემსახურება, არსებობს სხვა რიტუალებიც, რომლებშიც ქმედების მიზანი გარკვეული შედეგის იმიტაციაა ან, სერ ჯეიმს ფრეზერის გამოთქმა რომ ვიხმაროთ, რიტუალი ხდება ამ რიტუალის მიზნის იმიტაცია. მაგალითად, ჩემ მიერ აღწერილ შავი მაგიის ერთ-ერთ რიტუალ- ში, რომელსაც მელანეზიელი აბორიგენები ასრულებდნენ, ჯადოქრობის რიტუალური სრულდება იმით, რომ ჯადოქარი დასუსტებული ხმით გამოსცემს უკანასკნელ ბგერებს, შემდეგ სიკვდილისწინა ხრიალის ხმას და გრძნობამიხდილი ეცემა. სხვა მაგალითების მოყვანა ზედმეტია, ვინაიდან მსგავსი რიტუალები და მაგიის ეს ასპექტი ბრწყინვალედ არის აღწერილი და დეტალურად დასაბუთებული ფრეზერის მიერ. სერ ჯეიმსმა აგრეთვე აჩვენა, რომ არსებობს მაგიური საგნების განსაკუთრებული პროფესიული ცოდნა, რომელიც ამ საგნების თვისებებს, მათ ურთიერთობებს, მსგავსებისა და თანაზიარობის იდეებს ეფუძნება და რომელმაც განვი- თარება მაგიურ ფსევდომეცნიერებებში პოვა. მაგრამ არსებობს ისეთი რიტუალური წარმოდგენებიც, რომლებშიც არ არის არც იმიტაცია, არც მიზნის წინასწარი ჭვრეტა, არც რაიმე კონკურენტული იდეის ან ემოციის გამოხატულება. ცნობილია იმდენად მარტივი რიტუალები, რომ ისინი შეიძლება აღვწეროთ, როგორც გარკვეული მაგიური უნარის უბრალო დემონსტრაცია. მაგალითად, როდესაც ჯადოქარი დგება, მიმართავს ქარს და იძახებს მას. სხვა რიტუალში ჯადოქარი თავის გრძნეულებას გადასცემს რაიმე საგანს და აჯადოებს მას. ამგვარ შემთხვევებში გამოიყენება სრულიად განსაზღვრული მატერიალური ობიექტები _ ისეთი საგნები ან ნივთიერებები, რომლებიც ყველაზე მეტად გამოსადეგნია იმისთვის, რომ მიიღონ, შეინახონ და გადასცენ მაგიური ძალა, იყვნენ ამ ძალების დამცავი გარსი მანამ, სანამ მათი ამოქმედების თუ უშუალო გამოყენების დრო არ დადგება. მაგრამ რა არის ეს მაგიური ძალა, რომელიც ნებისმიერ მაგიურ რიტუალს ახლავს? მაგიური რიტუალის რა ელემენტიც არ უნდა ავიღოთ _ გარკვეული ემოციების გამომხატველი ქმედებები, იმიტაცია თუ საბოლოო შედეგის წინასწარ განჭვრეტა, ან უბრალო ჯადოქრობა _ ყველა მათგანს ერთი რამ აქვს საერთო: მაგიური ძალა, მისი ზემოქმედება ყოველთვის გადაეცემა მოსაჯადოებელ ობიექტს. რა ძალაა ეს? თუკი მის მოკლედ გადმოცემას შევეცდებოდით, შეიძლებოდა გვეთქვა, რომ ეს არის ჯადოქრული შელოცვის გარკვეული, მეტად მნიშვნელოვანი ძალაუფლება. ეს ხაზგასმით აღსანიშნავია, რადგან მკვლევარებს ხშირად ყურადღების მიღმა რჩებათ ეს ძალზე მნიშვნელოვანი გარემოება. ჯადოქრული შელოცვა _ მაგიური რიტუალის უმნიშვნელოვანესი ელემენტია. ჯადოქრული შელოცვის საიდუმლო _ მაგიური საიდუმლოს ნაწილია, რომელიც განდობილისგან (ხელდასმულისგან) განდობილს გადაეცემა. აბორიგენთათვის მაგიის ცოდნა ჯადოქრული შელოცვის ცოდნას ნიშნავს; მაგალითად, შავი მაგიის ნებისმიერი რიტუალის აღწერა ფაქტობრივად იმის დადასტურებაა, რომ მაგიური რიტუალი ჯადოქრობის გარშემო იყრის თავს. ჯადოქრობის ფორმულა მაგიური წარმოდგენის ცენტრალური ნაწილია. პირველყოფილი მაგიის ტექსტებისა და ფორმულების გამოკვლევა გვიჩვენებს, რომ არსებობს სამი ტიპური ელემენტი, რომლებთანაც მაგიური რიტუალების ქმედუნარიანობის რწმენაა დაკავშირებული. უპირველეს ყოვლისა, ეს არის ფონეტიკური ეფექტები, მაგალითად, ბუნებრივი ხმების იმიტაცია: ქარის სტვენა და ქროლა, ზღვის ტალღების ხმაური, ჭექა-ქუხილი, სხვადასხვა ცხოველის გამოცემული ხმები. ეს ხმები სხვადასხვა მოვლენის სიმბოლოებია და ამიტომ აბორიგენებს სწამთ, რომ მათი დახმარებით თავად ამ მოვლენების მაგიური გამოწვევაა შესაძლებელი. ხმები სხვადასხვა ემოციებსაც გამოხატავს, რომლებიც ადამიანის სურვილებს უკავშირდებიან და ამიტომ მათ მაგიურ დაკმაყოფილებას ემსახურებიან. მეორე ელემენტი, რომელიც პირველყოფილ ჯადოქრობაში დიდ როლს ასრულებს _ არის სიტყვები, რომელთა წარმოთქმაც გარკვეული მოვლენების გამოწვევის, მიზნის მიღწევის, მოვლენათა მსვლელობის შენარჩუნების ან მართვის საშუალებაა. მაგალითად, ჯადოქარი აბორიგენი ჩამოთვლის იმ დაავადების ყველა სიმპტომს, რომლის განკურნებაც სურს, იმ შემთხვევაში კი თუ მისი მიზანია რომელიმე ადამიანის სიკვდილი, წარმოთქვამს ფორ მულას, რომელიც მსხვერპლის სიცოცხლის უკანასკნელ წუთებს აღწერს. სამკურნალო მაგიაში ჯადოქარი ხატოვანი სიტყვებით ამკობს ჯანმრთელობისა და სხეულის სიძლიერის დიდებულებას. საყოფაცხოვრებო მაგიის რიტუალებში გამოიყენება სიტყვები მცენარეთა ზრდის, ცხოველებისა და თევზების საკვების შესახებ. მაგის სიტყვებში ის გრძნობებიცაა გადმოცემული, რომლებიც მაგიით გამოხატული ქმედებებისთვისაა დამახასიათებელი და აგრეთვე თავად ეს ქმედებები, რომლებიც შესაბამისი ემოციებით არის შეფერადებული. ჯადოქრობაში გაწაფული აბორიგენი მრისხანებით იმეორებს: `მე დავამტვრევ. . . , მე გავთელავ . . . , მე გავსრეს . . . , მე გავჭყლეტ . . . ", და ამ სიტყვების შემდეგ ჩამოთვლის მსხვერპლის სხეულის სხვადასხვა ნაწილებს და ორგანოებს. ადვილი შესამჩნევია, რომ ჯადოქრული ქმედებები ძირითადად მაგიური რიტუალის სტრუქტურის მსგავსია, ხოლო ჯადოქრული შელოცვის სიტყვები იმავე მოთხოვნებს ემსახურება, რასაც მაგიური რიტუალების საგნები. მესამე ელემენტი, რომელსაც ჯადოქრობა შეიცავს და რომლის ანალოგიც რიტუალებში არ მოიძებნება, არის მითოლოგიური ილუზიები ანუ იმ კულტურის წინაპრებისა და გმირების მოშველიება, რომელთაგანაც თავად მაგია წარმოიშვა. აქ ალბათ ყველაზე მნიშვნელივან მომენტამდე მივდივართ _ ეს არის მაგიის ტრადიციული წყარო.

წყარო: ucnauri.com

კატეგორია: შემეცნებით | დაამატა: gi2gi
ნანახია: 1382 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]