მთავარი » ფაილები » შემეცნებით

კამილო ხოსე სელა - არტისტების კაფე
2011-08-18, 10:54 AM
http://2.bp.blogspot.com/-urFKgoJ35gw/TkVGBDBmLBI/AAAAAAAAAEI/iKYVpgYxB_U/s1600/cela.jpg

სექციაში ორ-ორი პოეტი ეტევა, თუ ისინი გამხდრები არიან და მათი სულები ხორცს აღემატება.

პოეზიაც მახვილგონივრული შედარებებითაა აღსავსე. თოვლის თეთრი სუდარა ახლა მოდაში აღარ არის.

მანდილოსნები არასოდეს იკავებენ თავს რძიანი ყავისაგან. მანდილოსნები ხარბები არიან.


პროვინციელი ჭაბუკი აჭარხლდა და უნებურად მზერა სენიორას სავსე მკერდს მიაპყრო. მათთან, პროვინციაში ასეთი რამ არ ხდება, მათთან, პროვინციაში, მანდილოსნები ჩასუქებულნი კი არიან, მაგრამ ლექსებს არ წერენ. ისინი წინდებს ქსოვენ და ქარგავენ. მათთან, პროვინციაში, მანდილოსნებს ძროხის სუნი ასდით, მაგრამ ანისულის ლიქიორს არ სვამენ; ისინი შოკოლადს მიირთმევენ, ისიც ხანდახან.

მაგიდის თავზე დაფრინავს სიჩუმის წუთიერი ანგელოზი, ჭერს მიასკდება და ტელეფონის ჯიხურში გაუჩინარდება.

მადლიერების ნიშნად სირილო ბატკანივით გაიტრუნა.

ვინციელმა ჭაბუკმა თავად არ იცის, ვინ არის, რა უნდა, ვინ უნდა იყოს და ვინ გახდება.

არტისტების კაფის ოფიციანტები სახით არჩევენ, ვინ კარგი მხატვარია და ვინ ცუდი. კარგ და ცუდ პოეტებსაც არჩევენ. ოფიციანტები არასდროს ცდებიან.

არტისტების კაფეში ისეთი მძიმე და დახუთული ჰაერია, იფიქრებთ, მისი დაღეჭვა ან ხელის შევლება შეიძლებაო.

შესაძლებელი რომ იყოს, როსაურიტას რბილი, ქონმორეული გულის წაკითხვა, როგორც კითხულობენ ვაჭართა დუქნებში გადმოკიდებულ ძროხის შიგნეულს, ბევრი რამ გამოირკვეოდა, მაგრამ როსაურიტას გული კრეტონის შალითაშია გახვეული, რომელსაც ტახტზე დაწყობილ ბალიშებს გადააძრობენ ხოლმე, როდესაც სახლის პატრონი კვდება და სხვა ქვეყანაში - ჯოჯოხეთში, განსაწმენდელსა და სამოთხეში მიაქვს საკუჭნაოს გასაღები, პურისა და ზეითუნის ზეთის საწყობის რკინის გასაღები.

ქალს ისეთი შეხედულება აქვს, თითქოს ჯერ თავხედმა ქმარმა გაუმწარა სიცოცხლე, შემდეგ კი შვილებმა - უმადური არამზადების ბანდამ.

როსაურიტა საშარდე ბუშტში ინახავს ქვიშას, რომლის გაფილტვრაც უძღები შვილივით ჭირვეულ დროს არაფრით არ უნდა.

სირილოს სიხარული კანის ფორებიდან ოფლივით მოწვეთავდა.

-შატობრიანმა თქვა, უსუსურები ჩვენ ვართო, მოზრდილები.

დონ მამედი ისე გავდა შემწვარ ფრინველს როგორც არასდროს, მაგრამ ახლა აღარ მოგინდებოდა ფეხებში ხელი გეტაცა და შიგნეულიანად შეგესანსლა; იგი დაიხრუკა ნიორივით, რომელსაც ტაფაზე დებენ, რათა ზეითუნის ზეთის სიმწარე გაანელონ.

-მთავარია კეთილი სურვილები, დონ მამედ, ფასი კი არა.

ფიჭვის მუქ ნაცრისფერ კუბოში, სანჩესის ნაქსოვი ჟილეტიც ხომ ასეთი ფერისა გახლდათ, დონ მამედი მარიონეტს ჰგავდა, რომელიც რამდენიმე თვის წინ ცივ და უდაბურ ადგილას მიეგდოთ.

მორგში ღატაკთა სამზარეულოს სუნი იდგა.

ტრიალა კარს კიდეებზე ქვემოდან ზემოთ ჯაგრისი ასდევს, ქუჩისკენ გზას რომ უღობავს უკეთურ აზრებს.

მანდილოსნები პროზის, ყავის, ლექსებისა და რძის უძირო ტომრები არიან.

პროვინციელი ახალგაზრდები აღსავსენი არიან მოწიწიებით მანდილოსანთა მნიშვნელოვანი წონის მიმართ.

სიჩუმის ტლანქი, ზანტი ანგელოზი მაგიდების მარმარილოს თავზე ლივლივებს, ხან ჭერს მიასკდება, ხან სამზარეულოს კარში გაუჩინარდება.

პროვინციელი ჭაბუკი ზაფხულის ცხელ დღეებში ამჟავებულ რძესავით აირია.
კატეგორია: შემეცნებით | დაამატა: gi2gi
ნანახია: 213 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]