იულიუს კეისარი ნაწილი II
2011-02-20, 11:01 PM

სამოქალაქო ომი

კრასუსის დაღუპვა მნიშვნელოვალი მოვლენა იყო რომის პოლიტიკურ ცხოვრებაში, რომელმაც საბოლოოდ დაშალა ტრიუმვირატი. პომპეუსმა დემოკრატიული პარტიიდან არისტოკრატიულ-ოპტიმატურ პარტიაში იწყო გადასვლა თანდათან. პომპეუსი დაუახლოვდა რესპუბლიკის ლიდერებს, განსაკუთრებით კი კატონს. კლოდიუს-მილონის შეიარაღებული კონფლიქტის შემდგომ, რომელსაც თავათ კლოდიუსი შეეწირა (კეისრის მომხრე), რომში საგანგებო უფლებები გადაეცა პომპეუსს. პომპეუსმა რამოდენიმე კანონი დაამტკიცებინა სენატს, რაც კეისარს ურთულებდა 48 წლისთვის კონსულად არჩევას. მართალია პომპეუსმა შენიშვნა შეიტანა კანონებში - ეს კეისარზე არ ვრცელდებაო, მაგრამ კომიციამ ეს შენიშვნა არ დაამტკიცა. ამრიგად, 52 წ. შექმნილმა სოციალურ-პოლიტიკურმა ვითარებამ რომში განამტკიცა პომპეუსის კავშირი ოპტიმატებთან. მკვეთრად გაძლიერდა კეისრის მტრების პოზიციები, რომელთაც სათავეში ედგა კატონი; მთელი მოძრობის იდეოლოგი კი იყო მარკუს ტულიუს ციცერონი . 51 წ. გამოვიდა მისი ტრაქტატი "სახელმწიფოს შესახებ" ("De Republica"). 51-49 წწ. კონსულებად ინიშნებოდნენ კეისრის მტრები. ყოველივე ეს რომის მსოფლიო რესპუბლიკას სამოქალაქო ომისკენ მიაქანებდა.

რომში პოლიტიკური სიტუაციის გამწვავებამ გამოიწვია კეისრის კონტრ-ზომები. კეისრის მთავარი სამხედრო ძალები კონცენტრირებული იყო ტრანზალპიურ გალიაში. თვითონ კეისარი კი ერთი ლეგიონით იდგა ცისალპიურ გალიაში. კეისარი ცდილობდა დაენახებინა რომისთვის, რომ ის მაქსიმალურად ცდილობდა სამოქალაქო ომის თავიდან აცილებას. კეისარმა შესთავაზა სენატს დაემტკიცებინათ მისთვის 2 ლეგიონი და ცისალპიური პროვინციისა და ილირიკის მმართველობა. სენატმა ეს საკითხი 49 წ. იანვარში განიხილა და უარჰყო. ციცერონი ცდილობდა ოპტიმალური გამოსავლის მოძებნას, მაგრამ არისტოკრატიული ფრთის უკიდურესმა წარმომადგენლებმა იმარჯვეს და დაამტკიცეს დადგენილება, რომლის თანახმად კეისარს დაუყოვნებლივ უნდა დაეტოვებინა დაკავებული თანამდებობა. კეისრის მომხრეებმა, სახალხო ტრიბუნებმა - მარკუს ანტონიუსმა და კვინტუს კასიუსმა ამ დადგენილებას ვეტო დაადეს. ოპტიმატები მტრულად შეხვდნენ სახალხო ტრიბუნთა გამოსვლას, ეს უკანასკნელნი კი იძულებულნი გახდნენ გაქცეულიყვნენ რომიდან გალიაში, კეისართან.

49 წ. 10 იანვარს, გაიუს იულიუს კეისარი ერთი ლეგიონით მიადგა მდინარე რუბიკონს. ამ მდინარეზე გადასვლის უფლება ჯართან ერთად არცერთ მთავარსარდალს არ ჰქონდა. კეისარი დიდხანს ფიქრობდა ამ პატარა მდინრეზე გადებულ პატარა ხიდის წინ. ბოლოს ხმამაღლა წარმოთქვა: "წილი ნაყარია!" კეისარმა მდინარეზე გადაიყვანა თავისი (მე-13) ლეგიონი და დაიძრა რომისაკენ. ეს კი სამოქალაქო ომის დაწყებას ნიშნავდა. კეისრის მოქმედების მოტივი გახლდათ სახალხო ტრიბუნთა უფლებათა შელახვა; ამით კეისარი სამოქალაქო ომის დაწყების პასუხისმგებლობას თავის მტრებს აკისრებდა. კეისრის რუბიკონზე გადასვლა მის მოწინააღმდეგეთათვის სრული მოულოდნელობა გახლდათ. პომპეუსის მთავარი ძალები ესპანეთში იყო კონცენტრირებული. იტალიაში კეისრის შეჩერება შეუძლებელი გახდა, რამაც განაპირობა პომპეუსის, და მასთან ერთად სენატის უმეტესი ნაწილის გაქცევა რომიდან საბერძნეთში. კეისარი შევიდა რომში. ყველას გასაოცრად, კეისარი დარჩენილ მოწინააღმდეგებს მეგობრულად შეხვდა, რაც მარიუს-სულას კონფლიქტის შემდგომ წარმოუდგენელი გახლდათ. რომიდან კეისარი ესპანეთისკენ დაიძრა, დაამარცხა უმთავარსარდლოდ (უპომპეუსოდ) დარჩენილი ლეგიონები და 49 წ. დასასრულს უმთავრესი ძალები გადასხა საბერძნეთში, ეპირში. პირველი შეტაკება დირაქიუმთან კეისრის მარცხით დასრულდა, თუმც, კეისარმა სწრაფად შესძლო ახალ პოზიციაზე გამაგრება და შემდეგი ბრძოლა ფარსალოსთან (48 წ. 6 ივნისი) ბრწყინვალედ მოიგო. პომპეუსი გაიქცა ეგვიპტეში, სადაც იგი, კეისრის გულის მოსაგებად, ვერაგულად მოკლეს ეგვიპტელებმა გემიდან ნაპირზე გადმოსვლისას. პომპეუსის ჯარის ნაშთები ჩაბარდენ კეისარს. კეისარი კი პომპეუსს დაედევნა; სამი დღის შემდეგ იგი ალექსანდრიაში ჩავიდა, სადაც ეგვიპტელებმა მიართვეს პომპეუსის წარკვეთილი თავი და ბეჭედი. ამის დანახვაზე კეისარს თვალები აეცრემლა. შესაძლოა, ეს არ იყო ფარისევლობა, კეისრის დიდსულოვნების და გულმოწყალობის კვალობაზე (პომპეუსი იყო აგრეთვე კეისრის სიძე - ადრეგარდაცვლილი ქალიშვილის - იულიას მეუღლე).

ეგვიპტეში იმ დროისთვის დინასტიური ბრძოლა მიმდინარეობდა პტოლემეუს ავლეტის ორ შვილს შორის. ანდერძის თანახმად ქვეყანა უნდა ემართა უფროს ქალიშვილს კლეოპატრას ძმასთან - პტოლემეოს დიონისესთან ერთად. დაპირისპირების შემდგომ კლეოპატრა გაძევებულ იქნა ალექსანდრიიდან. ეგვიპტეს კი ერთპიროვნულად მართავდა დიონისე. კეისარმა ეგვიპტეში ჩასვლისთანავე მოითხოვა ვალის დაბრუნება, რომელიც პტოლემეოს ავლეტს აეღო, ბოლომდე გადახდა კი ვერ მოესწრო. ალექსანდრიაში, კეისარს საიდუმლოდ შეხვვდა კლეოპატრა. კეისარი ძლიერ მოხიბლა ეგვიპტის პრინცესამ. შემდგომში, მათი ურთიერთობა დიდ სიყვარულში გადაიზარდა. კლეოპატრას კეისრის მეშვეობით უნდოდა ტახტის დაბრუნება, თვით კეისარს, კი ფული, რაც აუცილებელი იყო მისი პოლიტიკური გეგმების განსახორციელებლად. კეისარმა ეგვიპტის მმართველად ორივე და-ძმა გამოაცხადა, რამაც პტოლემეოსის პარტიის პროტესტი გამოიწვია. პტოლემეოსს ალექსანდრიელებმაც დაუჭირეც მხარი და კონფლიქტი შეიარაღებულ შეტაკებებში გადაიზარდა.


კეისარი და კლეოპატრი; ჟან-ლეონ ჟერომის ნახატი, 1866

ეგვიპტეში კეისარი მცირე ძალებით იყო ჩასული. მისი სიცოცხლე საფრთხეში აღმოჩნდა. კეისარი სასახლეში გამაგრდა, საიდანაც იგერიებდა მტრის თავდასხმებს. ალექსანდრიის პორტში იდგა ეტვიპტური ფლოტი. კეისარი შიშობდა, რომ ეს ფლოტი აჯანყებულთა მხარეზე გადავიდოდა, ამიტომ გასცა ბრძანება დაეწვათ პორტი. სამწუხაროდ, ხანძარმა იმსხვერპლა ალექსანდრიის ცნობილი ბიბლიოთეკაც. როდოსელი ევფრანიოსისა და მითრიდატე პერგამოსელის (მითრიდატე VI უკანონო შვილი) დახმარებით კეისარმა დაამარცხა აჯანყებულები. ეგვიპტის ხელმწიფედ კლეოპატრა დასვა, ეგვიპტე კი რომაელი ხალხის მეგობარ და მოკავშირე ქვეყნად გამოაცხადა. ალექსანდრიის ომმა საშუალება მიცა კეისრის მტრებს ძალები მოეკრიბათ. პონტოს მეფემ, ფარნაკემ (მითრიდატე VI შვილი), ალექსანდრიის ომის დამთავრებისთანვე დაიწყო საომარი მოქმედებები აზიაში. კეისარი წარმოუდგენელი სისწრაფით გადავიდა აზიაში, სადაც 47 წ. აგვისტოში ერთადერთ ბრძოლაში სასტიკად გაანადგურა ფარნაკე. კეისარმა, გამარჯვების აღსანიშნავად სამად სამი სიტყვა მისწერა რომს: მიველ, ვნახე, დავამარცხე (Veni, Vidi, Vici).

აზიის საქმეების მოგვარების შემდგომ კეისარი რომში დაბრუნდა. სამოქალაქო ომის პერიოდში რომის ეკონომიკური მდგომარეობა ძლიერ გაუარესდა, რამაც გამოიწვია ინფლაცია. აქტუალური გახდა ვალთა კასაციის პრობლემა. 49 წ. კეისარმა გამოსცა რამოდენინე კანონი ვალების გადახდის რეგულირებისათვის, რამაც უკმაყოფილება გამოიწვია როგორც მევალეებში, ისევე კრედიტორებში. კეისრის ეკონომიკური პოლიტიკის წინააღმდეგ გამოვიდა ჯერ ცელიუს რუფუსი, შემდეგ კორნელიუს დოლაბელა. მათი მოძრაობა თავიდანვე განწირული იყო. კეისრიანელებმა ორივე აჯანყება ჩაახშეს. კეისარმა რომში წესრიგი აღადგინა. ისევ დაიწყო კონსულთა არჩევა. კეისარმა შეავსო ძალზედ შეთხელებული სენატი, ძირითადად თავისი ცენტურიონებით, რომელთა უმრავლესობა იტალიკურ მუნიციპიათა მცხოვრებლები იყვნენ. 47 წ. აფრიკაში გააქტიურდნენ კეისრის მტრები - რესპუბლიკელები და ნუმიდიის მეფე იუბა. 46 წ. თაფსუსთან კეისარმა დაამარცხა მრავალრიცხოვანი რესპუბლიკური არმია. კატონმა, ყველაზე თავდადებულმა და თანმიმდევრულმა რესპუბლიკელმა შემდგომი წინააღმდეგობა უაზროდ ჩათვალა და თავი მოიკლა. კეისარმა კატონის შვილს მიუსამძიმრა მამის დაღუპვა და გულისტკივილით თქვა: ეჰ, კატონ, შენის სიკვდილით აღმიკვეთე შენთვის სიცოცხლის ჩუქების შესაძლებლობა!". დაიღუპა მეფე იუბაც; ნუმიდია, კი გამოცხადდა პროვინციად Africa Nova. აფრიკის პროკონსულობა კეისარმა უბოძა სახელოვან ისტორიკოსს სალუსტიუს კრისპუსს. რესპუბლიკელთა უკანასკნელი ძალები თაფსუსის ტრაგედიის შემდეგ (დაიღუპა 50 000 რესპუბლიკელი და მხოლოდ 50 კეისარიანელი) თავმოყრილი იყო ესპანეთში. 45 წ. გაზაფხულზე ყველაზე მეტად სასტიკ და სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლაში (სადაც თვით კეისრის სიცოცხე ძაფზე ეკიდა) კეისარმა კვლავ დაამარცხა რესპუბლიკელები; დაეცნენ მათი უკანასკნელი ბასტიონები - კორდუბა და მუნდა. ამით დასრულდა კეისრის პომპეუსელებთან ბრძოლის უკანასკნელი ეტაპი; სამოქალაქო ომი დასრულდა. კეისარი ზეიმობდა - იგი იყო რომის ერთპიროვნული მმართველი.

რომის დიქტატორი

სენატმა კეისარს უწოდა "სამშობლოს მამა" (Pater Patriae), მას მიენიჭა მუდმივი იმპერატორობა (Dictator Perpetuus), ასევე ცენზორის უმაღლესი რწმუნებები და სახალხო ტრიბუნთა უფლებები (Tribunitia Potestas). მას უფლება ჰქონდა ყველგან ეტარებინა წითელი ტოგა, როგორც მეფეს. რომში დაბრუნებულმა კეისარმა ბევრი თავისი მტერი შეიწყნარა. იგი პირადად შეხვდა ციცერონს პუტეოლში (შემგდომში, ციცერონმა ერთ თავის მეგობარს მისწერა ჩვენ, მე და კეისარი ერთმანეთს შევხვდით არა როგორც ორი პოლიტიკური მოწინააღმდეგე, არამედ როგორც ორი ლიტერატორიო. კეისარმა აპატია მარკუს ბრუტუსსაც და რომის პრეტორადაც კი დანიშნა იგი. ამნისტიის შემდგომ კეისარმა დაიწყო რეფორმატორული მოღვაწეობა: პირველად მან გამოსცა "მუნიციპალური კანონი" რის საფუძველზედაც რომიდან განდევნა უსაქმური მაცხოვრებლები და გადაასახლა კოლონიებში. კეისარმა რომში გრანდიოზული მშენებლობები დაიწყო, სადაც უსაქმურთა დანარჩენი ნაწილი დაასაქმა. რომში აშენდა "იულიუსის ზღუდე" სახალხო კრებისათვის, "იულიუსის ფორუმი". რომში უმუშევრობამ და ქურდობამ იკლო. მოქალაქეთა გაღატაკების თავიდან ასაცილებლად, კეისარმა შეზღუდა მფლანგველობა; მან დაადგინა ფულადი ხარჯების ნორმა, ამ ნორმაზე ზევით ფულის ხარჯვა იკრძალებოდა. რომში, მონათა მოზღვავებამ გამოიწვია გლეხთა გაღატაკება, პაუპერიზაცია. იაფასიანი მონის შრომა იტალიის მიწათმეურნეობიდან დევნიდა თავისუფალ მიწათმოქმედებს. კეისარი ცდილობდა აღედგინა წვრილი და საშუალო მიწათმფლობელობა, და საამისოდ დაიწყო მიტოვებული სოფლების აღდგენა, გზების გაყვანა, ჭაობების ამოშრობა. კეისარმა გააძლიერა საპოლიციო ზედამხედველობა გზებზე ყაჩაღობის აღსაკვეთად. ახლადგამოყოფილ ნაკვეთებზე კეისარმა თავისი ვეტერანები და ქალაქის უქონელი მოსახლეობა დაასახლა. კეისარმა იცოდა, რომ მიწაზე დამკვიდრების შეჩვევას წლები ესაჭიროებოდა, ამიტომ მან აკრძალა ნაკვეთთა მიტოვება ან გაყიდვა არანაკლებ 20 წლის მანძილზე. კეისარი ახალისებდა მრავალშვილიან ოჯახებს; ზღუდავდა მსხვილ ლატიფუნდარებს და მათგან მოითხოვდა მონის შრომის შეზღუდვას. კეისარმა კოლონიები დააარსა იტალიის გარეთ, ასე მაგ. გალიაში - ბეზიე, არლი, ორანჟი, იულიუსის ფორუმი, ნიმი; კართაგენში, კორინთოში და ასევე აზიაში. კეისარი ახალისებდა განათლებას რომაელთა შორის. ამისთვის მან მოიწვია ბერძენი მასწავლებლები, მეცნიერები, ექიმები ხელოვანნი, კეისარმა ტერენციუს ვარონს დაავალა რომში დიდი ბიბლიოთეკის დაარსება. კეისარმა დაადგინა მთელი სახელმწიფოსათვის ერთიანი ზომის, წონის და ფულის სისტემა. დაიწყო მოსახლეობის აღწერა და ქონებათა შეფასება. კეისარმა ჩაატარა კალენდრის რეფორმაც, დაადგინა წელიწადში 12 თვე. 1 იანვარი კი გამოაცხადა წლის დასაწყისად. (მე-7-ე თვეს, მის საპატივცემულოდ ეწოდა ივლისი). კეისარი კიდევ მრავალ ღონისძიებას გეგმავდა სამომავლოდ: მას უნდა დაეწყო რომში მარსის გრანდიოზული ტაძრისა და დიდი თეატრის მშენებლობა, პომპტინის ტბების ამოშრობა და ნატბეურევზე სამეურნეო ცხოვრების დამკვიდრება; იგი აპირებდა ოსტიის ნავსადგურის რეკონსტრუქციას; აპენინებზე გზების მშენებლობას; კეისარი გეგმავდა მთელი სახელმწიფოსათვის ერთიანი კანონმდებლობის შექმნას, რისთვისაც შექმნა სპეციალური კომისია.

კეისრის სიკვდილი 


კეისრის საფლავი რომში

მაგრამ კეისარს არ დასცალდა ყველა ჩანაფიქრის განხორციელება: კეისრის აშკარად გამოხატული მონარქისტული ტენდენციები რესპუბლიკელთა აღშფოთებას იწვევდა. მის წინააღმდეგ შეითქვა სენატორთა (ადრე მის მიერ შეწყალებულ მოწინააღმდეგე რესპუბლიკელთა) მცირე ნაწილი; დაახლოებით 60 კაცი. მათ ხელმძღვანელობდნენ გაიუს კასიუს ლონგინუსი, მარკუს იუნიუს ბრუტუსი და დეციმუს იუნიუს ბრუტუსი. (არსებობს გადმოცემა, რომლის თანახმადაც კალპურნიას, მის მეუღლეს დაესიზმრა ცუდი სიზმარი და დაითანხმა კეისრი უარი ეთქვა სენატში წასვლაზე. კეისარმა ცოლს დაუჯერა, თუმც ცრუმორწმუნე არ იყო. ერთი ვერსიის თანახმად, სწორედ ამ სხდომაზე უნდა ეღიარებინათ კეისარი მეფედ. მაგრამ კეისარს მისივე მკვლელები ესტუმრნენ სახლში, გადააფიქრებინეს სახლში დარჩენა და სენატში წაიყვანეს. შეთქმულებს ეჩქარებოდათ; 18 მარტს პართიაში გალაშქრებას აპირებდა კეისარი. გზაში, უცნობმა მას ტახტრევანში წერილი შეუგდო, სადაც მის წინააღმდეგ შეთქმულებაზე აფრთხილებდა, და თან მიაძახა "მხოლოდ შენ წაიკითხე, კაისარო, და სასწრაფოდ"-ო. მაგრამ კეისარს ეს წერილი შეუნახავს სხვა დროს წასაკითხად. სენატთან კეისარმა მისანი სპურინნა დაინახა, რომალმაც მას ადრე ურჩია მარტის იდუსს ერიდეო. კეისარმა მას ღიმილით მიმართა "მარტის იდუსიც მოვიდა". სპურინნამ კი ცივად უპასუხა "მოვიდა, მაგრამ ჯერ არ გასულა.").

ძვ. წ. 44, 15 მარტს, შეთქმულებმა, რომის სენატში, პომპეუსის ქანდაკებასთან მოკლეს კეისარი.


კეისრის მემკვიდრეობა

მიუხედავად კეისრის ხანმოკლე სიცოცხლისა, მის მიერ დაწყებული პროცესი შეუჩერებელი აღმოჩნდა; რესპუბლიკის დღეები დათვლილი იყო. მონარქია, როგორც ალბათ იმ დროისთვის ყველაზე ოპტიმალური წყობილება, კეისრისთვის რომის სახელმწიფოს გადარჩენას ნიშნავდა. ქვეყანაში მომხდარი ყველა რეგრესიული თუ ნეგატიური მოვლენა კეისრის ყურადღების ქვეშ ექცეოდა: კორუფცია, უმუშევრობა და პარაზიტული არსებობა, ფლანგველობა, პაუპერიზაცია, უწიგნურობა და ბევრი სხვა რამ მისი ყოველდღიური ზრუნვის საგანი გახლდათ. ის კულტურულ-ეკონომიური პროგრესი, რაც რომის სახელმწიფომ ავგუსტუსის მმართველობის პერიოდში განიცადა, განაპირობა სწორედ კეისრის ბოლო წლების მოღვაწეობამ. კეისრის გრანდიოზული გეგმები აღემატებოდა ერთი ადამიანის შესაძლებლობებს, თუმც, რომ არა ნაადრევი სიკვდილი, მას შესაძლოა განეხორციელებინა კიდეც თავისი სტრატეგიული გეგმები. იულიუს კეისარი მიეკუთვნება ადამიანთა იმ მცირე ჯგუფს, რომელთაც შესძლეს კარდინალურად შეეცვალათ მსოფლიო ისტორიის განვითარების გეზი.


კატეგორია: შემეცნებით | დაამატა: gi2gi
ნანახია: 1211 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]