ჰერაკლე (მითოლოგია)
2011-02-22, 6:40 PM


ჰერაკლე (ბერძნ. Ηρακλής, ლათ. Herculēs) -- ბერძნული მითოლოგიის მიხედვით, ღვთაებრივი გმირი. ზევსის და ალკმენეს ვაჟი, პერსევსის შვილთაშვილი.სექციების სია [დამალვა]


ვიდრე ჰერაკლე დაიბადებოდა, ღმერთების კრებაზე ზევსმა დაიტრაბახა: ვინც დღეს პერსევსის შთამომავლობაში პირველი დაიბადება, ყველა მეზობელი ქვეყნის მბრძანებელი შეიქმნებაო, ძველი გმირის ყველა სხვა შთამომავალზე აღმატებული. ცხადია, ზევსი ჰერაკლეს გულისხმობდა, რადგან ალკმენე მისგან ფეხმძიმედ იყო.

მაგრამ ზევსმა იცოდა, რომ მისი მეუღლე ჰერა ეჭვით იყო ანთებული თავისი მეტოქის ალკმენეს მიმართ, მეუღლეს არასოდეს არ აპატიებდა უბრალო მოკვდავ ქალთან კავშირის დაჭერას, ქმრის მორიგი ღალატის ამბავი კარგად ჰქონდა გაგებული და არაფრად ეჭაშნიკებოდა ალკმენეს ვაჟის დღეკეთილობა.

ცბიერმა ჰერამ ზევსს ფიცი ჩამოართვა, რომ ვინც დღეს პერსევსის შთამომავლობაში პირველი დაიბადებოდა, ნამდვილად თავისი გვარ–ტომის მბრძანებელი იქნებოდა. მისივე დავალებით ამ წუთებში ზევსს გონება დაუბნელა სიცრუისა და უბედურების ქალღმერთმა ატემ, ამით ისარგებლა ჰერამ, მოატყუა ქმარი და იზრუნა იმისათვის, რომ მიკენის მეფეს სთენელოსს უკეთესი ხვედრი რგებოდა; მის მეუღლეს ნიკოპეს, რომელიც აგრეთვე პერსეიდი იყო (პელოპის ასული), ჰერაკლეზე ადრე ეშვა ძე, რომელსაც ევრისთევსი ეწოდა. ამრიგად, ჰერამ ზევსი მოატყუა, პერსეიდების მბრძანებლობა ჰერაკლეს – ზევსის შვილს კი არა, უბრალო მოკვდავს ევრისთევსს დაებედა. არც ატეს დაადგა კარგი დღე. განრისხებულმა ზევსმა ეს ბოროტების ქალღმერთი ოლიმპოდან ძირს გადმოაგდო და მას შემდეგ სიცრუის მაუწყებელი დედამიწაზე დაიარება, ადამიანთა შორის.

ასე ჩაფუშა ჰერამ განზრახვა, ჰერაკლეს რომ დიდ ბედნიერებას უწინასწარმეტყველებდა.

მაგრამ ჰერამ არც ეს იკმარა, შემდეგაც ყოველნაირად ცდილობდა, ალკმენეს შვილისათვის ზიანი მიეყენებინა. ალკმენემ ტყუპი შვა: ჰერაკლე და იფიკლე. ერთი ზევსისა იყო, მეორე ამფიტრიონის. გმირის პირველი სახელი ალკიდე იყო, ჰერაკლე დელფოს სამისნოს ორაკულმა პითიამ უწოდა. „ჰერაკლე" ნიშნავს "წარმატებათა მომპოვებელს ჰერას ჯიბრზე". დედოფალს ჰერას ხრიკებისა ეშინოდა და ახალშობილი ჰერაკლე გარეთ დასვა, ერთ მინდორზე, რომელსაც შემდეგ ჰერაკლეს მინდორი ეწოდა. აქ ყმაწვილი უსათუოდ დაიღუპებოდა, რომ მის ბედზე იქ გზად არ გამოევლოთ ჰერას და ათენას. ათენამ ბავშვი აიყვანა, გაოცებული ათვალიერებდა ღვთაებრივი სილამაზის ყრმას და მერე ჰერას გაუწოდა, სთხოვა, ძუძუ აწოვეო ამ მშვენიერ არსებას. ჰერამ ღვთაებრივი ძუძუ მისცა, მაგრამ ჰერაკლე უფრო მძლავრად წოვდა, ვიდრე მის ასაკს შეეფერებოდა. ჰერას მკერდი ეტკინა და ბავშვი მიწაზე დააგდო. ათენას ისევ შეეცოდა, ბავშვი მეორედ აიყვანა და თებეში მცხოვრებ დედოფალს ალკმენეს მიჰგვარა, ნაპოვნი ბავშვიაო, უპატრონო და სთხოვა, გაზარდეო. ასე გახდა იძულებული მოყვარული დედა, რომ ღვიძლი შვილი ღმერთების შიშით სასიკვდილოდ გაემეტებინა. ახლა კი, როგორც დედინაცვალს, ისევ ღმერთების რიდით, სიკვდილისგან ეხსნა ის, ვინც სხვისი შვილის სახით მიჰგვარეს. მეორე მხრივ, მშობელმა დედამ ღვიძლი შვილი შიშით გასწირა, ხოლო დედინაცვალმა ჰერამ ბუნებრივი სიძულვილით გამსჭვალულმა, თავისდა უნებურად გადაარჩინა გერი, ვისაც სიკვდილი ელოდა. ეს კიდევ არაფერი: ჰერამ თავისი ღვთაებრივი ძუძუ აწოვა გერს და, მართალია, სულ ორიოდე წვეთი რძე არგუნა, მაგრამ ესეც საკმარისი იყო იმისათვის, რომ უკვდავება მიენიჭებინა. ამრიგად, ისევ ჰერამ აქცია უკვდავ გმირად ის, ვისაც მისი შიშით უმალ სიკვდილი ელოდა.

ალკმენემ კი თავისი შვილი პირველი დანახვისთანავე იცნო და სიხარულით ჩააწვინა აკვანში.

მაგრამ არც ჰერას ეძინა. გაიგო და მწარედ ინანა; როგორ თუ მტერი მკერდზე მჰაყვდა და შურისძიების შემთხვევა ხელიდან გავუშვიო! გაშმაგებულმა ქალღმერთმა აკვანში მწოლარე ჰერაკლეს ორი საზარელი გესლიანი გველი მიუგზავნა. ალკმენეს სამყოფელ ოთახში შესრიალდნენ ღია კარიდან, აკვანზე აცოცდნენ, რომ ბავშვი დაეგესლად და გაეგუდათ. ვიდრე მოახლეები რაიმეს გაიგებდნენ და მძინარე დედა რამეს იღონებდა, გველი უკვე შემოეხვია კისერზე პატარა ჰერაკლეს, ახრჩობდა. ბავშვმა ტირილით გაიღვიძა და თავი ასწია. ასეთ ცივ სახვევს არ იყო ჩვეული, არ მოეწონა, ეხამუშა და პირველად გამოცადა თავისი ღვთაებრივი ძალა. უხსენებელთა თავები მოიხელთა, ორივეს თითო ხელით ჩაეჭიდა, მოუჭირა და მაშინვე გაგუდა უწმინდურები. მოახლეებმა მაშინღა შეამჩნიეს გველები. დაუძლეველმა შიშმა ყველანი შორიახლო გააშეშა.

ალკმენე შვილის ტირილმა გამოაღვიძა. ფეხშიშველა წამოვარდა საწოლიდაბ, მაშველს უხმო და გველებს მიეჭრა, მაგრამ ყრმას ისინი უკვე დაეხრჩო ნორჩი ხელებით. თებეს ბატონებსაც გაეგონათ ქალების ძახილი, მაშველს რომ უხმობდნენ და შეიარაღებულები შემოიჭრნენ. ამფიტრიონიც მოვარდა საწოლ ოთახში, გაშიშვლებული მახვილით ხელში. ჰერაკლეს ზევსის საჩუქრად თვლიდა და უყვარდა. ახლა ისიც იდგა აკვანთან და უყურებდა იმას, რაც მოხდა. თან უხაროდა, თან შეძრწუნებული იყო, თანაც აოცებდა ახლადშობილი ყრმის გაუგონარი ღონე. ეს საგმირო საქმე დიდ სასწაულად ჩათვალა და დიდი ზევსის წინასწარმეტყველი, ბრძენი ტირესია იხმო. მან იქვე უწინასწარმეტყველა მეფეს, დედოფალს და ყველა იქ მყოფს, ბავშვის მთელი მომავალი ცხოვრება: მრავალ ურჩხულს მოკლავს ზღვასა და ხმელეთზე, თვითონ გიგანტებს დაამარცხებს სასტიკ ბრძოლაში, ჯაფით აღსავსე მიწიერი ცხოვრების შემდეგ მარადიულ ცხოვრებას ეზიარება ღმერთებს შორის და ცოლად ერგებაო ჰებე, ზევსისა და ჰერას ასული, ნექტრის მიმწოდებელი, მარადიული სიჭაბუკის ქალღმერთი.
ჰერაკლეს აღზრდა
მისნის ასეთი წინასწარმეტყველება რომ მოისმინა, ამფიტრიონმა გადაწყვიტა ბავშვისათვის ღირსეული აღზრდა–განათლება მიეცა. გმირები და ბრძენკაცები იხმო, რომ ყოველი სიბრძნე და საგმირო ჩვევა ესწავლებინათ. თვითონ ამფიტრიონმა ეტლით სრბოლა ასწავლა, დანარჩენებმა სხვა ხელოვნება: მშვილდოსნობა – ევრიტემ, კრივი და ჭიდაობა – ჰარპალიკემ. კომოლკოსი ასწავლიდა სიმღერასა და ქნარის მოხდენილად დაკვრას. პოლუქსის ტყუპისცალი კასტორი – მძიმედ შეიარაღებასა და ბრძოლის ველზე გამარჯვებას; ლინოსი აპოლონის ჭაღარა შვილი, კითარის დაკვრას, თან წერასა და მწიგნობრობაში წვრთნიდა. კენტავრი ქირონი მეცნიერებას ასწავლიდა. ჰერაკლე ბეჯითი მოსწავლე იყო, მაგრამ სიმკაცრესა და უსამართლობას ვერავის აპატიებდა. მოხუცი ლინოსი კუშტი მასწავლებელი გამოდგა. ერთხელ, როცა შეგირდს განუსჯელად სცემდა, ყმაწვილმა ხელი საკრავს სტაცა, მასწავლებელს დაჰკრა თავში და სული გააცხებინა. მართალია, ჰერაკლემ მაშინვე ინანა ჭარმაგი მასწავლებლის მოკვლა, მაგრამ სასამართლოზე მაინც ალალმა მოსამართლემ რადამანთისმა, ზევსის შვილმა და შემდეგ ალკმენეს მეორე ქმარმა, ჭაბუკი სასჯელისაგან გაათავისუფლა და საერთოდ წესად დაადგინა: თუ მკვლელობა თავდაცვის გამო მოხდებოდა, მკვლელი არ უნდა დასჯილიყო.

მაგრამ ჰერაკლეს ცხოვრება მაინც შეიცვალა. ამფიტრიონს შეეშინდა, ვაითუ ასეთი რამ კიდევ ჩაიდინოსო, და საარაკო ღონის პატრონი ყმაწვილი ჯოგში გაგზავნა, იალაღებზე, სადაც ხარები დაუდიოდა. აქ გაიზარდა და დავაჟკაცდა ჰერაკლე, ტოლი არ ჰყავდა. ზევსის შვილი იყო და ვინც შეხედავდა, თავზარი ეცემოდა. ოთხი ადლი სიმაღლის ბუმბერაზს თვალები ნაღვერდლებივით უბრიალებდა. არასოდეს ისარს და შუბს მიზანს არ ააცდენდა. თვრამეტი წლისა მთელს საბერძნეთში სწორუპოვარი ვაჟკაცი იყო, უღონიერესი და უმშვენიერესი. ახლა დრო დადგა, რომ გადაეწყვიტა, ამ ღონეს სიკეთისათვის მოიხმარდა თუ სიავისთვის.
ჰერაკლე გზაჯვარედინზე

ამ ხანებში ჰერაკლემ ჯოგები მიატოვა, მწყემსებს დაემშვიდობა და ერთ უკაცრიელ მხარეში წავიდა. მიდიოდა და ფიქრობდა, რა გზა ავირჩიო ცხოვრებაშიო. ჩამოჯდა და შეისვენა. მოულოდნელად გამოჩნდა ორი დიდებული მანდილოსანი, ერთის გარეგნობა მეტყველებდა მის სიდარბაისლესა და წარჩინებაზე, ტანად ლაღი და სპეტაკი იყო, გამოხედვაში კდემა და გამორჩეული თავდაჭერა იხატებოდა, ზნებოთ სრულყოფილი ჩანდა, უმწიკვლო სამოსი უქათქათებდა. მეორე ქალი ნაპატიები, ნებიერი და ჩასუქებული იყო. კანის ბუნებრივ ფერს ფერ–უმარილის სიწითლე და სითეთრე სჭარბობდა, ამპარტავნული თავდაჭერა ჰქონდა, წელში ალვასავით გამართულს თვალები ფართოდ გაეხილა და ისეთი რჩეული სამოსი ეცვა, რომ ქალის მომხიბლაობა თვალში გეცემოდათ. ცეცხლოვანი მზერით გაზომა საკუთარი გარეგნობა, მერე მიმოიხედა, სხვებიც თუ მიყურებენო; ხშირ–ხშირად გადახედავდა თავის ჩრდილსაც. როცა ორივე მანდილოსანი მოახლოვდა, ერთმა ჩვეულებრივი ნაბიჯით განაგრძო სვლა, მეორემ კი ნაბიჯს უმატა, რომ მისთვის გაესწრო, ჭაბუკთან მივიდა და უთხრა:

– ჰერაკლე! მე ვხედავ, ჯერაც ვერ გადაგიწყვეტია, რომელ გზას დაადგე ცხოვრებაში. თუ მეგობრად მე ამომირჩევ, ყველაზე სასიამოვნო და ბედნიერ გზაზე გაგიყვან. არც ერთი სიამე არ აგცდება, ყოველგვარ წყანს გვერდს აუვლი. ომებსა და საქმეებზე არ ინაღვლებ, საზრუნავი და საწუხარი არაფერი გექნება, მხოლოდ იმაზე იფიქრებ, რა საჭმელი და სასმელი ინატრო, რა იგემო, რით გაერთო: როგორ დაატკბო შენი თვალი და ყური უფრო საამური განცდებით; როგორ იცხოვრო ფუფუნებაში ბუმბულებზე და როგორ გაატარო დრო. ყველა სიკეთე უშრომლად და გაურჯელად მოგევლინება. დარდი ნუ გაქვს, სამაგიეროს არაფერს მოგთხოვ და სადარდელად არ გაგიხდი დღეკეთილობას. პირიქით, ყოველივე ეს სხვისი ხელით მოგერთმევა და არაფერზე უარის მოლოდინი არ გექნება, რადგან ჩემს მეგობრებს ყველაფრით უსაზღვრო სარგებლობის ნებას ვაძლევ.

როცა ჰერაკლემ ეს მაცდური დაპირებანი მოისმინა, გაოცებულმა ჰკითხა:

– , ო დედაკაცო, მითხარ შენი სახელი.

– მეგობრები "ნეტარებას" მიწოდებენ, ხოლო მტრები, რომელთაც ჩემი დამცირება უნდათ "მეძავსა" და "ზარმაცს" მეძახიან.

ამასობაში მეორე ქალიც მოახლოვდა და მშვიდად უთხრა:

– მეც შენთან მოვსულვარ, ჰერაკლე, ძვირფასო, რადგან ვიცნობ შენს მშობლებს, შენს ნიჭსა და აღზრდას. ყოველივე ეს მაიმედებს, რომ თუ ჩემს გზას ამოირჩევ, ყველა დიდებულსა და ამაღლებულ საქმეში გამორჩეული ოსტატი იქნები. მაგრამ ესეც იცოდე, ვერავითარ სიამტკბილობას ვერ დაგპირდები, მხოლოდ საქმეს შემოგთავაზებ, და ყველაფერი ღმერთების ნებით მოხდება. იცოდე, რაც რამ სანუკვარია და სასიამოვნო, ღმერთები ადამიანს უშრომელად და გაურჯელად არაფერს მიართმევენ; თუ გსურს ღმერთებმა პატივი გცენ, ღმერთებს უნდა პატივს სცემდე. თუ გსურს შენმა მეგობრებმა შეგიყვარონ, შენს მეგობრებს სარგებლობა უნდა მოუტანო; თუ გინდა სახელმწიფომ პატივი დაგდოს, მას უნდა ერთგულად ემსახურო; თუ გწადია მთელი საბერძნეთი შენს სათნოებას შეჰხაროდეს, საბერძნეთის კეთილისმყოფელი უნდა იყო; თუ გინდა მოიმკა, უნდა დათესო; თუ გსურს იბრძოლო და გაიმარჯვო, ბრძოლისა და გამარჯვების ხელოვნებას უნდა დაეუფლო; თუ გინდა შენი სხეული მუდამ ჯანმაგარი იყოს, მუდამ შრომითა და ოფლის ღვრით უნდა გააკაჟო.

აქ სათნოების მქადაგებელს სიტყვა ჩამოართვა ხორციელი სიამის მქადაგებელმა გარყვნილებამ:

– ხომ გესმის, საყვარელო ჰერაკლე, უთხრა, – ხომ გესმის, რა მძიმე და შორეულ გზას გისახავს ეს დედაკაცი? ხომ ხედავ, რა გზა უნდა გაიარო, რათა ბოლოს კმაყოფილი დარჩე? მე კი უმოკლესსა და უადვილეს გზაზე გაგიყვან და მალე გაზიარებ ნეტარებას.

– საცოდავო, – მიუგო სათნოებამ – საიდან შეგიძლია ფლობდე ჭეშმარიტ საუნჯეს? ან რომელ სიამოვნებას იცნობ, როცა ყოველ სიხარულს მხოლოდ ძღომაში ხედავ? შენ ჭამ უმალ, ვიდრე მოგშივდება და სვამ, როცა ჯერ არ გწყურია; ჭამის მადა რომ გქონდეს, მზარეულებს დაეძებ; ხალისით რომ დალიო, უკეთეს ღვინოებს შოულობ; ზაფხულში შფოთავ და თოვლს ნატრობ, თვოლში კი ზაფხულის სითბო გენატრება. არც ერთ საწოლს არ სჯერდები – საკმაოდ ფუმფულა არ არისო. შენს მეგობრებს აიძულებ მთელი ღამე ღრეობაში გაატარონ, დღის უკეთესი ნაწილი კი – ძილში. ამიტომაც მთელს ახალგაზრდობას ფუფუნებაში გალევენ მორთულ–მოკაზმულები, სიბერის წლებში კი ნაადრევი დაღლილობითა და სნეულებით გამოფიტულები ძლივ დალასლასებენ, შერცხვენილები უსარგებლოდ გატარებული დღეებისათვის და დაღდასმულები იმ ტვირთის სიმძიმით, რაც უნდა ზიდონ. თვითონ შენ, თუმცა ქალღმერთი ხარ და უკვდავი, ღმერთებმა აგითვალწუნეს, ადამიანებმა კი შეგიძულეს. რაც ყურს ყველაზე მეტად ეამება, შენი ქება, არასოდეს მოგისმენია; რაც თვალს ყველაზე მეტად ახარებს, შენი ქმნილების ხილვა, არასოდეს გღირსებია. მე კი, პირიქით, ყველა ღმერთთან, ყველა კეთილ ადამიანთა ახლო ურთიერთობა მაქვს. ხელოვანთ ჩემი სახით ჰყავთ კეთილი შემწე, ოჯახის მამებს ერთგული დარაჯი, მსახურები ჩემში ხედავენ საიმედო ქომაგს. მე ვარ პატიოსანი მონაწილე სამშვიდობო საქმეებისა, სანდო თანამებრძოლი ომში, უერთგულესი მეგობარი და თანამდგომი მეგობრობაში. ჭამა–სმაში და ძილში ჩემს მეგობრებს მეტი შნო და გემოვნება აქვთ, ვიდრე მცონარებსა და ლოთებს. ახალგაზრდების უხარიათ მოხუცთაგან შექების მოსმენა. მოხუცებს კი ახალგაზრდების პატივისცემა. კმაყოფილებით იგონებენ თავიანთ ოდინდელ საქმეებს და ბედნიერად თვლიან თავს თავიანდი ახლანდელი მდგომარეობით, ჩემი წყალობით შეჰყვარებიათ ღმერთებს, მეგობრებს, დაუფასებია სამშობლოს. როცა აღსასრულის დღე დაუდგებათ, უპატიოდ კი არ მიაბარებენ მიწას, დავიწყებას კი არ მიეცემა მათი სახელი, შთამომავალნი მოკრძალებით მოიგონებენ, მომდევნო თაობები ყველა დროში დიდების შარავანდედით შემოსავენ მათ სახელს. ასეთი ცხოვრება აირჩიე, ჰერაკლე, და ნუღარ ყოყმანობ: შენს წინაშე ძევს უნეტარესი გზა.
ჰერაკლეს პირველი საგმირო საქმეები

მოჩვენებანი განქარდნენ და ჰერაკლე ისევ მარტო დარჩა. უკევ მტკიცედ გადაწყვიტა, სათნოების მძიმე გზას დავადგებიო. მალე კიდევაც მიეცა შემთხვევა, რაიმე კეთილი საქმე ჩაედინა.

საბერძნეთში იმ დროს ჯერაც მრავლად იყო უსიერი ტყეები და გაუვალი ჭაობები, სავსე მრისხანე ლომებით, მძვინვარე ტახებითა და სხვა საშინელი არსებებით. ქვეყნის განთავისუფლება ძალუმი მხეცებისა და უნდო ყაჩაღებისაგან, რომლებიც მგზავრებს უდაბურ ადგილებში უსაფრთებოდნენ, ძველი გმირების უდიდესი დამსახურება იყო.

ჰერაკლეც ამ საქმისათვის იყო მოწოდებული. თავისიანებთან დაბრუნებულმა მალე შეიტყო, რომ კითერონის მთის კალთებზე, სადაც მეფე ამფიტრიონის ჯოგები ბალახობდნენ, ერთი საშინელი ლომი გამოჩენილა და თავისი მძვინვარებით მწყემსებს თავზარსა სცემდა. როგორც კი ეს ამბავი გაიგო, ახალგაზრდა გმირი იქით გაეშურა, მთას მიადგა შეიარაღებული, უღრან ტყეში შევიდა, ლომი იპოვნა, დაახრჩო, ტყავი ტანზე მოისხა და პირღია მუზარადის მაგიერ დაიდგა თავზე. ლომის ტყავი ამის შემდეგ ჰერაკლეს განუშორებელი ატრიბუტი გახდა.

როცა ამ ნადირობიდან ბრუნდებოდა, გზაში შემოეყარა მინიელთა მეფის ერგინეს მსახურთა რაზმი. ეს მეფე ყოველწლიურად მძიმე და სამარცხვინო ხარკს ახდევინებდა თებელებს სრულიად უსამართლოდ, და მისი კაცები ამ ხარკის ასაკრეფად მიდიოდნენ. ჰერაკლეს სათნოების ქალღმერთის დავალებით თავი უკვე სიკეთის ქომაგად მიაჩნდა და დაუყოვნებლივ შეება ელჩებს, რომელთაც თებეს მიწა–წყალზე ყოველგვარი ძალადობის ნება ეძლეოდათ. ჭაბუკი გმირი მოძალადეებს იოლად გაუსწორდა, ცხვირები და ყურები დააჭრა, კისერზე დაჰკიდა და ისე გაისტუმრა თავიანთ მეფესთან. ერგინემ ამ საქმის ჩამდენის დაუყოვნებლივ გამოგზავნა მოითხოვა და თებეს მეფემ ქვეყნის აოხრების შიშით შეასრულა ეს მოთხოვნა. ჰერაკლე მინიელებთან გასამგზავრებლად გაემზადა, მამაც მოყმეთა რაზმი შეადგინა და მტერთან საომრად გაიყოლა. მაგრამ არც ერთ თებელს შინ იარაღი არ აღმოაჩნდა, რადგან მინიელებს მთელი იარაღი წაეღოთ, რათა თებელებს ხელის გამოღება და მოძალადეთა განდევნა გაებედათ.

მაშინ ათენამ ჰერაკლე თავის ტაძარძი დაიბარა, საკუთარი იარაღი გადასცა, ჭაბუკები შეიარაღდნენ იმ აღჭურვილობით, რაც წინაპრებს მტრისათვის წაერთმიათ და ღმერთებისათვის მიეძღვნათ. ასეთი მცირე შეიარაღებული რაზმით მიუახლოვდა გმირი საომრად დაძრულ მინიელთა ჯარს ერთ ვიწრო ბილიკზე. აქ მტერს თავისი სამხედრო ძლიერება და რიცხობრივი სიჭარბე ვერაფერს შველოდა. ერგინე თვითონ ჩაება ბრძოლაში, ვერაფერს გახდა და თითქმის მთელი მისი ჯარი გაწყდა. მაგრამ ბრძოლის ველზე დაიღუპა ამფიტრიონიც, ჰერაკლეს მამინაცვალი, მისი მამაცი თანამებრძოლი. განრისხებული ჰერაკლე ამ ბრძოლის შემდეგ დაუყოვნებლივ გაემართა ორქომენში, მინიელთა სატახტო ქალაქში, შეიჭრა ჭიშკრებში, ცეცხლი წაუკიდა სამეფო სიმაგრეს და დაანგრია ქალაქი.

მთელი საბერძნეთი გაოცებული იყო ამ გაუგონარი გმირობით და თებეს მეფემ კრეონტმა გამორჩეული პატივის ნიშნად თავისი მშვენიერი ასული მეგარა ჰერაკლეს მიათხოვა. მეგარამ გმირს სამი ვაჟი აჩუქა.

ჰერაკლეს დედა კი მეორედ გათხოვდა, მოსამართლე რადამანთისს გაჰყვა.

თვითონ ღმერთებმა დაასაჩუქრეს სწორუპოვარი გმირი. ჰერმესმა თავისი ხმალი მისცა, აპოლონმა – ისრები, ჰეფესტოსმა – ოქროს კარპაჭი, ათენამ – საომარი სამოსელი.
ჰერაკლე გიგანტებთან ბრძოლაში

გმირს მალე მიეცა შემთხვევა, რომ ღმერთებისათვის თავისი მხურვალე მადლობა საქმით დაემტკიცებინა. გიგანტებს შეება. გიგანტები იყვნენ საზარელი ბუმბერაზები, რომელტაც ფეხების მაგიერ უზარმაზარი ფორეჯებიანი გველები ესხათ, მახინჯი სახეები ჰქონდათ, ბანჯგვლიანი თავები და გრძელი წვერ–ულვაში. ეს ზარდამცემი ბუმბერაზები გეამ ანუ დედამიწამ უშვა ურანოსს, ანუ, ზეცას და მშობელმა დედამიწამ აუმხედრა ღმერთების ახალ მბრძანებელს ზევსს, რადგან ზევსმა მისი პირველი შვილები – ტიტანები დაამარცხა და ტარტაროსში ჩააგდო.

გიგანტები ქვესკნელის წყვდიადიდან ამოირაგნენ და ფლეგრეის შორეულ ველებზე გამოჩნდნენ, თესალიაში. მათი მნახველი ვარსკვლავები გაშეშდნენ, ფერი დაკარგეს ხომლებმა, ხოლო ფებოსმა მზის ეტლი უკან გააბრუნა. ქვეყნიერებაზე წყვდიადი ჩამოწვა.

– წადით, შეებით, შური იძიეთ ჩემთვის და ღმერთების ძველი ნაშიერებისათვის, – უთხრა მათ დედამიწამ. – პრომეთეს არწივი ჯიჯგნის, ტიტიოსს ქორი კორტნის, ატლასს ზურგზე ცის თაღი ადგას, სხვა ტიტანები ბორკილებს აჩხრიალებენ. წადით, შური იძიეთ, იხსენით ტიტანები! გამოიყენეთ ჩემი საკუთარი კიდურები, მთები და კლდეები, საფეხურებად და იარაღად! შენ, ტიფონო, გამოსტაცე ღმერთების მეუფეს ხელიდან სკიპტრა და მეხი! ენკელადოსო, შენ დაამხე პოსეიდონი, განდევნე და ზღვას დაეპატრონე! რეტოსმა მზის ღმერთს უნდა გამოსტაცოს ეტლის სადავეები, პორფირიონმა დელფოს სამისნო უნდა აიღოს!

ბუმბერაზების სიხარულს საზღვარი არა ჰქონდა, დედის ასეთი დავალება რომ ესმოდათ, ისე ხორხოცობდნენ, თითქოს გამარჯვება უკვე მოპოვებული ჰქონდათ, თითქოს ზეიმით მიათრევდნენ პოსეიდონს არ არესს, ციურ ქოჩორში ჩაავლეს ხელები აპოლონს და ძირს დასცეს სინათლის ღმერთი. ერთი აფროდიტეს უკვე ცოლს ეძახდა, მეორეს არტემიდე მოუნდა, მესამე ათენას ისაკუთრებდა. ამ გოროზი ლაპარაკით გავიდნენ თესალიის ველზე, ავიდნენ მთებზე, მთა მთაზე ააჩხორეს და ასე შეუტიეს ზეცას.

ამასობაში ირისმა, ღმერთების შიკრიკმა, ელვის სისწრაფით დაიარა ცა და მიწა, შეყარა ყველა ოლიმპიელი ღმერთი, ზღვასა და ხმელეთზე, ცაში თუ მდინარე–წყალთა წიაღში. მანებიც კი ამოიხმო ქვესკნელიდან. პერსეფონემ მიატოვა თავისი ჩრდილოვანი სამეფო, და მისი მეუღლე, დაბინდული ქვესკნელის მობინადრე მდუმარე სულთა მეუფე, შუქის მოძულე რაშებით ოლიმპოზე აფრინდა.

როგორც ალყაშემორტყმული ქალაქის ბინადარნი მოზღვავდებიან ყოველი მხრიდან და თავს შეიყრიან, რათა მშობლიური ქალაქი დაიცვან, ასე მოგროვდნენ ოლიმპოს ღმერთები მშობლიურ კერასთან.

– ჩემთან შემოკრებილო ღმერთებო, – მიმართა ზევსმა, – თქვენ ხედავთ, როგორ შემოგვიტია დედამიწამ თავისი ახალი ნაშიერებით. შეებით და გაგზავნეთ ქვესკნელსი იმდენი ახალი გვამი, რამდენი ვაჟიც მეამბოხე დედამიწამ გამოგვიგზავნა!

როგორც კი ზევსმა მოკლე სიტყვა დაასრულა, მეხთა ქუხილი ატყდა ცათა შინა, ხოლო დაბლა გეამ მიწისძვრით უპასუხა. ბუნება აირია და გახდა მოუწყებელი, როგორც პირველყოფილი ქაოსის ჟამს. გიგანტებმა მთა მოგლიჯეს, მთაზე დაადგეს, მოარღვიეს ოსა, პელიონი, ეტა, ათოსი, მოაქუჩეს ერთად, მოგლიჯეს უზარმაზარი როდოპის მაღალი მთაგრეხილი, მდინარე ჰებროსის ნახევრიანად, ცად ააჩხორეს და უზარმაზარი კიბით ავიდნენ ღმერთების საბრძანებელში, კლდის ლოდებითა და ალმოდებული მუხების ტროეცნით დაიწყეს ოლიმპოზე იერიში. მძიმე დღეები დაუდგა ზევსის მოდგმას.

ორაკულმა უწინასწარმეტყველა ღმერთებს, ვერც ერთი უკვდავთაგანი ვერ დახოცავსო გიგანტებს და მათი მოკვლა მხოლოდ მაშინ შეიძლება, როცა ღმერთებს გვერდით რომელიმე მოკვდავი ამოუდგებაო. ეს მისნობა გეამაც იცოდა და გულმოდგინედ ეძებდა ისეთ ჯადოსნურ წამალს, რომელიც მის გიგანტებს მოკვდავისათვის უვნებელს გახდიდა. ასეთი უწყვლადობის ბალახი მართლაც იზრდებოდა დედამიწაზე, მაგრამ გეას ზევსმა დაასწრო. მზეს, მთვარესა და ვარსკვლავებს უბრძანა, დედამიწა არ გაანათოთო და როდესაც ის ელვის სისწრაფით მოწყვიტა და ათენას დაავალა, ჰერაკლე ამომიყვანეო.

ოლიმპოს მწვერვალზე კი სასტიკი ბრძოლა იყო გაჩაღებული. არესმა თავისი მოჭიხვინე რაშები ხელჩართული შეტაკების დროს მტრის რაზმის შუაგულში შეაჯირითა, მისი საბრძოლო ეტლის თავზე ომის ღმერთის ოქროს ფარი ცეცხლზე უფრო მხურვალე სხივს აფრქვევდა, მისი მუზარადი ნაპერწკლებს ყრიდა მოფრიალე ფაფრიდან. გახურებულ ბრძოლაში შუბით განგმირა გიგანტი პელოროსი, რომელსაც ფეხების მაგირე ორი უზარმაზარი გველი ება, შემდეგ კი მოკრუნჩხულ გვამსა და მოსისინე გველებს თავისი ეტლით ზედ გადაუარა და გადათელა. მაგრამ ურჩხულმა თავისი სამი სული მხოლოდ მაშინ ამოუშვა, როდესაც მოკვდავი ჰერაკლე დაინახა. ჰერაკლე, ის იყო, ამოვიდა ოლიმპოს უმაღლეს საფეხურზე, მიმოიხედა ბრძოლის ველზე და მაშინვე თავისი მშვილდი მოზიდა, მიზანში ამოიღო გიგანტი ალკიონევსი. განგმირული ბუმბერაზი ცას მოსწყდა, ძირს გადაფრინდა, მაგრამ როგორც კი მშობელი მიწის კალთებს შეეხო, ისევ გაცოცხლდა, წამოიწია და ოლიმპოს მიაშურა. ათენას რჩევით ჰერაკლემ ის დაითრია და მოაშორა მხარეს, სადაც დაიბადა. როცა უცხო მიწაზე მოხვდა, სულიც დალია.

ახლა გიგანტი პორფირიონი გავიდა სახიფათო ადგილზე, რათა ჰერაკლეს და ჰერას ცალ–ცალკე შებმოდა. მაგრამ ზევსმა უეცრად შთაუნერგა სურვილი, რომ ქალღმერთის ნამდვილი სახე პირისპირ ეხილა და ვიდრე პორფირიონი ჰერას საბურველს აგლეჯდა, ზევსმა მეხი ჰკრა, შემდეგ კი ჰერაკლემ ისრით მოუსწრაფა სიცოცხლე. უეცრად მეომარი გიგანტების რიგს გამოეყო ურჩი ეფიალტე და ღმერთებს ცეცხლოვანი თვალები მიანათა.

– ეს კარგი სამიზნეა ჩვენი ისრებისათვის! – სიცილით თქვა ჰერაკლემ გვერდით მებრძოლის – აპოლონ ფებოსის გასაგონად და მაშინვე ღმერთმა მარცხენა თვალი გამოსთხარა, ნახევრად ღმერთმა კი მარჯვენა.

ევრიტე მოკლა დიონისემ თავისი კვერთხით – თირსოსით, ხოლო ჰეფესტოსმა ღვთაებრივი ხელიდან ნიაღვრად დაფრქვეული ცეცხლოვანი ლავით კლიტიოსი ძირს დაანარცხა. ბრძოლის ველიდან გაქცეულ ენკელადოსს ათენა პალადამ კუნძული სიცილია ესროლა და შიგ ჩამარხა. ბუმბერაზი პოლიბოტე უფრო შორს გაექცა პოსეიდონს, კუნძულ კოსს მიაწყდა, მაგრამ ზღვის ღმერთმა ამ კუნძულის ნაწილი აიტაცა, სტყორცნა და სამუდამოდ დაფარა. ჰერმესს თავზე პლუტონის ზუჩი ეხურა, გიგანტ ჰიპოლიტოსს შეუტია და მოკლა. ორ დანარჩენს პარკების კომბლები მოხვდათ და სასიკვდილოდ დაშავდნენ. სხვები ზევსმა განგმირა მეხით და ელვით, ძირს გადმოყარა დედამიწაზე, სადაც ჰერაკლემ თავისი ისრებით ყველას სიცოცხლე მოუსწრაფა.

ამ გმირობამ ნახევრად ღმერთს ციურთა სამუდამო პატივისცემა მოუხვეჭა. ზევსმა ოლიმპიელები უწოდა ყველას, ვინც ამ სასტიკ ბრძოლაში მას ეხმარებოდნენ, რათა ამიერიდან ამ სიტყვით გაერჩიათ მამაცები ლაჩრებისაგან. ასეთი მაღალი პატივის ღირსად მოკვდავი ქალის შობილთაგან მხოლოდ დიონისე და ჰერაკლე გახადა.
ჰერაკლე და ევრისთევსი

ჰერაკლეს დაბადების წინ ღმერთების კრებაზე ზევსმა განაცხადა: ვინც დღეს პერსევსის შთამომავალთაგან პირველი დაიბადება, ყველა სხვა პერსეიდის მბრძანებელი გახდებაო. ასეთი პატივი მოფიქრებული ჰქონდა მისი და ალკმენეს შვილისათვის. მაგრამ ცბიერმა ჰერამ ისე მოახერხა, რომ პერსეიდებიდან იმ დღეს პირველი დაიბადა პერსევსის მეორე შვილიშვილი ევრისთევსი და არა ჰერაკლე, რომლის დედაც ჰერას სძულდა, როგორც მეტოქე. ამიტომაც არგივიელთა ქვეყანაში მიკენის მეფედ დაჯდა ევრისთევსი, ხოლო ჰერაკლე გახდა მისი ქვეშევრდომი, რომელსაც სხვა მოკვდავთათვის შეუძლებელი საგმირო საქმეები დააკისრა.

ჰერაკლე უარს ამბობდა მიკენის უბადრუკი მეფის მორჩილებაზე, მაგრამ ზევსი თავის გადაწყვეტილებას ვერ დაარღვევდა, ამიტომ გმირს უბრძანა, მიკენის მეფის ყველა დავალება შეასრულეო. ნახევრად ღმერთი მაინც უხალისოდ ემორჩილებოდა მოკვდავ მეფეს. ხსნას ეძებდა და დელფოში წავიდა, ორაკულს ჰკითხა თავისი საქმე, რომ ათი გმირობა უნდა მოახდინო მეფის დავალებით, შემდეგ კი უკვდავებას გაზიარებენო. საერთო ჯამში ჰერაკლემ თორმეტი საგმირო საქმე ჩაიდინა ევრისთევსის დავალებით, თუმცა ორი მათგანი მას მიკენის მეფემ არ ჩაუთვალა.

მძიმე საგონებელში ჩავარდა გმირთაგმირი: როგორ ვემსახურო ჩემზე დაბალსა და უმწეოს! ეს ხომ ჩემს ღირსებას ამცირებსო! მაგრამ თავის მამას ზევსს რომ არ დამორჩილებოდა, ეს კიდევ უარეს უბედურებას უქადდა, თანაც შეუძლებელი იყო. ეს ამბავი გაითვალისწინა და კიდეც გამოიყენა ჰერამ, რომლის გულშიაც ღმერთების წინაშე გმირის დიდმა დამსახურებამაც კი ვერ ჩაკლა ჰერაკლეს სიძულვილი და მძიმე კაეშანი ბორგნეული სიგიჟით შეუცვალა. ჰერაკლე ისე შეიშალა, რომ თავისი საყვარელი ნახევარძმისა და თანამებრძოლის – იფიკლე ვაჟის იოლაოსის მოკვლაც კი განიზრახა, მაგრამ იოლაოსმა გაქცევით უშველა თავს. მაშინ ჰერაკლე საკუთარ შვილებს დაერია, მეგარასაგან რომ ჰყავდა, და უმოწყალოდ დახოცა, რადგან ბორგნეულს ეგონა, რომ გიგანტებს ხოცავდა. როცა სიგიჟემ გაუარა, გონს მოეგო, ჰერაკლე ღრმად შეაწუხა თავისმა საზარელმა საქციელმა, შინ ჩაიკეტა და ადამიანებთან ყოველგვარი ურთიერთობა შეწყვიტა. ბოლოს, როცა ამნაირი უბედურებით თავს დატეხილმა ნაღველმა ოდნავ გაუარა, გადაწყვიტა ევრისთევსის დავალებული სამძიმო საქმეების აღსრულება და ამ მიზნით ევრისთევსს ესტუმრა ტირინთოში, რაც აგრეთვე ამ მეფის საბრძანებელში შედიოდა.
 
ჰერაკლესა და ნემეის ლომის ორთაბრძოლა
პირველი გმირობა – "ნემეის ლომი"

პირველად ევრისთევსმა ჰერაკლეს ნემეის ლომის მოკვლა დაავალა: მხეცის ტყავი მომართვიო საჩუქრად. ამ ძღვენის მირთმევა არ იყო იოლი. ეს მძვინვარე ლომი ცხოვრობდა პელოპონესში, კლეონესა და ნემეის ტყეებს შორის, არგოლიდის მიდამოებში. ადამიანის იარაღი ამ ლომს ვერ მოწყლავდა. ზოგიერთები ამბობდნენ, რომ ეს იყო ტიფონისა და ექიდნეს ნაშიერი, ამ გველ–ქალისა, რომელმაც მრავალი სხვა ურჩხულიც შვა (სფინქსი, ქიმერა, ლერნეს ჰიდრა). სხვები ამტკიცებდნენ, მთვარიდან ჩამოვარდაო დედამიწაზე.

ამრიგად, ჰერაკლე ნემეის ლომთან შესაბმელად გაემგზავრა და კლეონეში ჩავიდა, სადაც ერთმა ღარიბმა დღიურმა მუშამ, სახელად მოლორქოსმა, მეგობრულად მიიღო. სწორედ იმ დროს ესტუმრა, როცა ეს ღარიბი კაცი ზევსისათვის სამსხვერპლო ხარის დაკვლას აპირებდა.

– კეთილო კაცო, – უთხრა ჰერაკლემ, – აცალე, იცოცხლოს ამ ხარმა კიდევ ოცდაათი დღე. თუ ამ დროში ნადირობიდან მშვიდობით დავბრუნდი, შწსწირე მხსნელ ზევსს, ხოლო თუ მე მომვკვდე, შემომწირე მე, როგორც უკვდავებაში გადასულ კაცს.

ასე დაარიგა და წავიდა. გვერდზე კაპარჭი ეკიდა, ცალ ხელში მშვილდი ეჭირა, მეორეში თავისი დიდი კომბალი, გარეული ზეთისხილისა, რაც ჰელიკონის მთებში ნახა და ძირფესვიანად მოგლიჯა. ნემეის ტყეში რომ შევიდა, ყოველ მხარეს თვალს აცეცებდა, რათა გაშმაგებული მხეცი დაენახა უმალ, ვიდრე ის თვითონ თვალს მოჰკრავდა.

შუადღე იყო. არც ლომი ჩანდა და არც მისი ბუნაგის გზა–ბილიკი, რომ კვალს გაჰყოლოდა. კაციშვილი ვერ ნახა, საზარელი მხეცის შიშს ყველა შინ ჩაეკეტა. ლამის მთელი დღე დაეხეტებოდა
კატეგორია: შემეცნებით | დაამატა: gi2gi
ნანახია: 906 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]