მთავარი » ფაილები » შემეცნებით

ბუდიზმი
2011-02-20, 10:59 PM


ბუდას ქანდაკება, ტავანგ გომპა, ინდოეთი

ბუდიზმი (ასევე დჰარმა ან ბუდა დჰარმა, დაახ. ნიშნავს: კანონი, ან გაღვიძებულის კანონი), რელიგია, პრაქტიკული ფილოსოფია, ასევე ზოგიერთი წარმოდგენით ფსიქოლოგია, რომელიც ემყარება ბუდა შაკიამუნის (სიდჰარტა გაუტამას) სწავლებას. მომდინარეობს ძველი ინდოეთიდან, დაახ. ძვ. წ. VI - V საუკუნეებიდან. ბუდიზმი ინდოეთის სუბკონტინეტზე გავრცელდა ხუთი საუკუნის განმავლობაში ბუდას გარდაცვალებიდან, შემდგომ ორ ათასწლეულში კი დომინანტური რელიგია გახდა ცენტრალურ, სამხრეთ-აღმოსავლეთ და აღმოსავლეთ აზიაში. ამჟამად ბუდიზმი იყოფა სამ ძირითად ტრადიციად: თერავადა (სანსკრ. შთავირავადა), მაჰაიანა და ვაჯრაიანა. მსოფლიოში დაახ. 708 მილიონი მიმდევარი ჰყავს და ერთ-ერთ მსოფლიო რელიგიად ითვლება. მიმდევართა რაოდენობით მეხუთეა მსოფლიოში ქრისტიანობის, ისლამის, ინდუიზმის და ტრადიციული ჩინური რელიგიის შემდეგ.


ბუდდჰა შაკიამუნის ცხოვრება 


მე19 ს-ის მონღოლური ფერწერა, ბუდდჰა შაკიამუნი ბოდჰისატტვა ავალოკიტეშვარასა და მანჯუშრის შორის მჯდომარე
 მთავარი სტატია : სიდჰართა გაუტამა.

ძვ. წ. V საუკუნეში თანამედროვე ნეპალში ინდოეთის საზღვართან, მდინარე განგის ხეობაში, სამეფო ოჯახში დაიბადა ვაჟი, რომელსაც სახელად სიდჰართა დაარქვს. ჯერ კიდევ შობამდე ბრძენებმა უწინასწარმეტყველეს, რომ თუ ბავშვი სასახლის კედლებსა და ეზოს გალავანს არ დატოვებდა, მსოფლიოს მბრძანებელი გახდებოდა, თუ არა და, მისგან დიდი წმინდანი, ახალი რელიგიის მოძღვარი გამოვიდოდა.

როცა დაიბადა, ახალშობილი მოხუცებულმა ბრძენმა მოინახულა და დაადასტურა ბრაჰმანების წინასწარმეტყველება: ეს ბავშვი სწორედ ის არის, ვინც ქვეყანას ახალ რელიგიას მოუტანსო. ასიტამ გაიხარა მისი ხილვიასგან, მაგრამ დანაღვლიანებული წავიდა, რადგან ძალზე მოხუცი იყო და იცოდა, რომ ვერ მოესწრებოდა ამ დღეს.

მამა უფლისწულს განმარტოებაში ზრდიდა, რათა სასახლის გარდა ამ ქვეყანაზე სხვა ცხოვრების შესახებ არაფერი სცოდნოდა. ცდილობდა, წუთისოფლის ვაება და ბოროტება მას არ შეხებოდა. თექვსმეტი წლისას მეფის ასული შერთეს ცოლად და შვილიც შეეძინა.

ერთ დღეს სიდჰართამ ეტლიდან ქუჩაში მშვილდივით მოხრილი ადამიანი დაინახა, რომელიც ძლივს მოძრაობდა ხელჯოხის დახმარებით, და განცვიფრდა, ეს რა არისო? მეეტლემ უთხრა: ნუ გიკვირს, ეს სიბერეა, რომელიც ყველა დაბადებულის ხვედრიაო. შინ დაბრუნებულუი სიდჰართა ნაღვლიან ფიქრებს მიეცა.

ერთ დღესაც მან სნეულებისაგან დაუძლურებული კაცი დაინახა და გაიგო სნეულების შესახებ, რომელიც ყველა ადამიანს ემუქრება.

მესამედ სიდჰართამ დაინახა გაუნძრევლად მწოლიარე ადამიანი, რომელიც სადღაც მიჰყავდათ. როცა იკითხა, უთხრეს ეს მკვდარია, ყველა დაბადებულის ხვედრი ეს არისო.

ბოლოს სიდჰართამ თავგადაპარსული, ყვითელ სამოსელში გახვეული კაცი დაინახა და, როცა იკითხა, ეს ვინღა არისო, უთხრეს ეს არის ასკეტი (განდეგილი), რომელიც ხეტიალობს ამქვეყნად, რათა ჭეშმარიტებას მიაგნოს და ამ წუთისოფლის ცოდვა-ბრალის საიდუმლო ამოხსნასო, ადამიანები იხსნას ამქვეყნიური სატანჯველისაგანო.

და მიატოვა 29 წლის სიდჰართამ სასახლე, მშობლები, ცოლი და შვილი და მოხეტიალე ასკეტის გზას დაადგა. შვიდი წელი იხეტიალა სიდჰართამ, ბევრი მოძღვარი და ბრძენი მოინახულა, მაგრამ მათმა სიბრძნემ არ დააკმაყოფილა: ვერ დაინახა მათ ნააზრევში ჭეშმარიტება, რომელიც ადამიანებს ხსნას მოუტანდა. ვერც ასკეტურმა ცხოვრებამ ვერ დაანახა გზა ხსნისაკენ. ბოლოს, ერთი ლეღვის ხის ძირას დაჯდა ფეხმორთხმული და ჭეშმარიტების გამოცხადებას დაელოდა.

მართლაც, სიდჰართამ მიიღო ჭეშმარიტების გამოცხადება, რამაც სახე გაუსხივოსნა, სიდჰართას ბუნება სრულიად გარდაიქმნა - ეს გამოღვიძებას ჰგავდა. ამიტომ ეწოდა მას ბუდა, რაც ნიშნავს „გამოღვიძებულს" და „გასხივოსნებულს".

ამის შემდეგ ორმოცი წლის განმავლობაში ბუდა დადიოდა ინდოეთის ქალაქებში და ქადაგებდა თავის მოძღვრობას. მას უამრავი მიმდევარი გამოუჩნდა და ინდოეთის ფარგლებს გასცდა. ღრმად მოხუცებული კი იგი გარდაიცვალა, მიაღწია რა ნირვანას.

ბუდიზმის ძირითადი პრინციპები

ბუდას მოძღვრების - ბუდიზმის საფუძველია ოთხი ჭეშმარიტება:

  1. ეს ქვეყანა სავსეა სულიერი და ფიზიკური ტანჯვით: ტანჯვაა დაბადება, სნეულება, სიყვარულიც და საყვარელ არსებასთან განშორებაც ტანჯვაა, ტანჯვაა სიბერე და, საბოლოოდ, სიკვდილი.
  2. არსებობს ტანჯვის მიზეზი. ეს არის სიცოცხლის, ყოფნის სურვილი, ლტოლვა ქონებისა და დიდების მოხვეჭისკენ.
  3. შესაძლებელია ტანჯვის თავიდან აცილება: ამისთვის ადამიანმა უარი უნდა თქვას ყოველგვარ სურვილზე.
  4. არსებობს ტანჯვის აცილების სხვა გზა, რაც ადამიანებს საბოლოო ხსნას მოუტანს.

ხსნის გზა რვა საფეხურისგან შედგება:

  1. მართალი სარწმუნოება, რათა სწამდეს ეს ოთხი ჭეშმარიტება.
  2. მართალი განზრახვა, რათა ადამიანი იქცეოდეს იმ ოთხი ჭეშმარიტების თანახმად.
  3. მართალი ზრახვები, რათა უარი თქვას სიცრუეზე, ცილისწამებაზე...
  4. მართალი ქმედება, რათა არ ავნოს ცოცხალ არსებებს - არც ადამიანს, არც ცხოველს, არც მწერს.
  5. მართალი ცხოვრება, რათა პატიოსნებით მოიპოვებდეს ცხოვრების სარჩოს.
  6. მართალი ძალისხმევა, რათა მუდამ იშორებდეს ამაო ფიქრებსა და ცუდ გავლენებს.
  7. მართალი მეხსიერება, რათა მუდამ ახსოვდეს, თუ კიდე რა დარჩა შეუსრულებელი ჭეშმარიტი ცხოვრების გზაზე.
  8. მართალი თვითჩაღრმავება, რათა მიაღწიოს შინაგან სიმშვიდეს, აღარ აღელვებდეს მიწივრი ზრახვები, არც სიხარული სრულყოფილების მიღწევისა და საბოლოო გათავისუფლების გამო.

მხოლოდ ხსნის გზის რვა საფეხურის გავლის შემდეგ მიაღწევს ადამიანი ხსნას, ბუდასავით გასხივოსნებას, გამოღვიძებას ცრუ ცხოვრებიდან, რომელიც ცუდი და მტანჯველი სიზმარია, ჭეშმარიტ ცხოვრებაში. ამ გამოღვიძებას ბუდიზმში ნირვანა ეწოდება: ეს არის სრული სიმშვიდე - არც სიცოცხლე, არც სიკვდილი.


კატეგორია: შემეცნებით | დაამატა: gi2gi
ნანახია: 181 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]