მთავარი » ფაილები » შემეცნებით

ბიბლიოთეკა ციფრულ ეპოქაში
2011-08-26, 2:42 PM

ინტერნეტის განვითარებამ და თანამედროვე ტექნოლოგიებმა მოიტანა ის, რომ დღესდღეობით ტრადიციულ წიგნებზე მეტად მოთხოვნა ელექტრონულ წიგნებზეა. როდესაც კომპიუტერი თითქმის ყველა ოჯახის შემადგენელ ნაწილად იქცა, გაცილებით მარტივია ამა თუ იმ წიგნის ციფრული ვერსიის მოძიება და საჭირო ინფორმაციის მიღება. ამ ტენდენციას ბიბლიოთეკებმაც აუბეს მხარი და მსოფლიო მასშტაბით უკვე დაიწყო წიგნების ციფრულ ფორმატში გადაყვანა. ამ მხრივ თანამედროვეობას არც საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა ჩამორჩება.
უკვე წლებია, რაც ეროვნული ბიბლიოთეკა მკითხველებს ელექტრონულ ბიბლიოთეკას და მასში გაერთიანებულ სხვადასხვა პროექტებს სთავაზობს, იქნება ეს სამოქალაქო საზოგადოების ციფრული ბიბლიოთეკა თუ ელექტრონული ლექსიკონები. ამ პროექტებზე მოგვიანებით გიამბობთ. თავდაპირველად კი თქვენი ყურადღება გვინდა შევაჩეროთ ყველაზე ინტერაქტიულ პროექტზე, რომელსაც საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა ახორციელებს. ეს არის ქართული საგანძურის, „ვეფხისტყაოსნის" ხელნაწერის შექმნა, რომელიც წარმოდგენილი იქნება როგორც ონლაინ რეჟიმში, ასევე ხელნაწერის სახით. 
მეცნიერების კულტურისა და სამოქალაქო განათლების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, გიორგი კილაძე: საქართველოს პარლამენტის ეროვნულმა ბიბლიოთეკამ დაიწყო პროექტი „ხელნაწერი ვეფხისტყაოსანი". იდეს ავტორი გახლავთ კობა ჭუმბურიძე. ჩვენ ვთვლით, რომ ამ ნაწარმოების გადაწერა უნდა მოხდეს ყველა საუკუნეში, თუმცა ამ საუკუნეში ეს ხორციელდება ციფრულ ფორმატში. ბიბლიოთეკის ვებ-გვერდზე განთავსებულია პროექტი, რომელშიც უამრავი ადამიანია ჩართული. ჩვენ ვახორციელებთ „ვეფხისტყაოსნის" 1776 სტროფის ხელით გადაწერას და, პირველ რიგში, ეს ყველაფერი ხდება ონლაინ რეჟიმში. ეს არის ყველაზე ინტერაქტიული პროექტი, სადაც 1776 ადამიანია ჩართული. ინტერნეტში თითოეული სტროფის გადამწერს ექნება საშუალება საძიებო სისტემის დახმარებით მოიძიოს საკუთარი გვარი და საკუთარი ხელნაწერი სტროფი. ხოლო თავად წიგნი კი იქნება ერთადერთი ორიგინალური ეგზემპლარი, რომელზეც მუშაობა 2012 წელს დასრულდება.
შემდეგში, ერთი წლის განმავლობაში „ხელნაწერი ვეფხისტყაოსანი" განთავსდება საზოგადოებასთან ურთიერთობის და კულტურული პროგრამების განყოფილებაში. შემდეგ კი გადავა იშვიათ გამოცემათა განყოფილებაში.კიდევ ერთხელ უნდა აღინიშნოს, რომ ეს არის ყველაზე ინტერაქტიული პროქტი, რომელიც ელექტრონულად ხორციელდება. გარდა ამისა, გამომდინარე იქიდან, რომ დღესდღეობით სოციალური ქსელები აქტიურად არის ჩართულ სამოქალაქო ცხოვრებაში, facebook-ზე ჩვენ შევქმენით „ლიტფორუმი ებლიტფო", სადაც ვათავსებთ გადასაწერი სტროფების რაოდენებას. ერთი კვირის განმავლობაში ხდება ამ სტროფების გადაწერა მსურველების მიერ. გარდა ამისა, ამავე გვერდზე ჩვენი მკითხველები და მომხმარებლები ათავსებენ „ვეფხისტყაოსნის" ვიდეო ჩანაწერებს, სადაც თავად კითხულობენ სხვადასხვა სტროფებს. საბოლოო ჯამში, პროექტის დასრულების შემდეგ, ჩვენ ვგეგმავთ ამ ჩანაწერების ერთ მასალად შეკრებას, სადაც დართული იქნება ხელნაწერი „ვეფხისტყაოსნის" ელექტრონული ვერსია. გვინდა აღვნიშნოთ, რომ პროექტში „ხელნაწერი ვეფხისტყაოსანი" გაზეთმა „ნავიგატორმაც" შეიტანა წვლილი. გარდა ამ გრანდიოზული პროექტისა, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა ახორციელებს სხვადასხვა ელექტრონულ პროექტებს. მათ შორისაა სამოქალაქო საზოგადოების ციფრული ბიბლიოთეკა, სამოქალაქო საზოგადოების ქართული პერიოდ-გამოცემების ციფრული კოლექცია, ასევე ქართული ლიტერატურის ციფრული კოლექცია და ელექტრონული ლექსიკონი. სამოქალაქო განათლები განყოფილების უფროსი, ხათუნა კენჭიაშვილი: Civil ენციკლოპედიური ლექსიკონი მოცავს სხვადასხვა დასახელების წიგნებში, ალმანახებსა და პერიოდულ გამოცემებში არსებულ სამოქალაქო განათლებასთან დაკავშირებულ ტერმინოლოგიას. მასში შეტანილია სამოქალაქო განათლების განყოფილების მიერ მოძიებული განმარტებები, პერსონალიები, მნიშვნელოვანი ისტორიული მოვლენები და თარიღები. აქ თავმოყრილია 5147 ტერმინი. ამ ყველაფრის მოძიება და სხვადასხვა ტექსტური მასალებიდან ამოკრეფა კი მოხდა ჩვენს მიერ. გიორგი კილაძე: საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ციფრული ბიბლიოთეკა საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის სამოქალაქო განათლების განყოფილების პროექტია. პროექტი ხორციელდება 2006 წლიდან. „საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ციფრული ბიბლიოთეკის” პროექტი შეიქმნა ფონდ „ღია საზოგადოება – საქართველოს" ფინანსური მხარდაჭერით და დღესაც წარმატებით ახლდება და ივსება. ეს არის მუდმივად განახლებადი ელექტრონული კოლექცია, სადაც გაერთიანებულია ქართულ ენაზე გამოცემული ლიტერატურა სამოქალაქო განათლების, ადამიანის უფლებების, სამართლის, ეკონომიკის, საერთაშორისო ურთიერთობების და სხვა მომიჯნავე დარგებში. ჩვენ კოლექციის განახლებისა და შევსების მიზნით, აქტიურად ვთანამშრომლობთ საქართველოში მოქმედ არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, ავტორებთან და გამომცემლებთან. წიგნების ციფრულ ფორმატში გადაყვანისთვის ვიყენებთ პროგრამას greenstone digital library software, რომელიც გაქართულებულია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მიერ. პროექტი „ქართული პერიოდ-გამოცემების ციფრული კოლექცია" ხორციელდება 2008 წლიდან. კოლექციაში შესულია საქართველოში მოქმედი სხვადასხვა არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების, ინსტიტუტებისა და ფონდების მიერ გამოცემული ჟურნალები, სერიული გამოცემები, სტატიები, ანგარიშები, ბიულეტენები, ტრენინგის მასალათა კრებულები, მიმოხილვები, ანალიზი. ციფრული კოლექციების შექმნა მოიტანა თანამედროვეობა, იმ მოთხოვნამ რომელიც დღეს დგას. ჩვენ აუცილებლად ვითვალისწინებთ მკითხველის მოთხოვნებს და ვცდილობთ, რომ მათ მიერ მოთხოვნილი ესა თუ ის წიგნი მოვიპოვოთ და ციფრულ ფორმატში შემვათავზოთ მათ. ხათუნა კენჭიაშვილი: გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ ის წიგნები, რომელიც გაერთიანებულია სამოქალაქო საზოგადოების ციფრულ კოლექციაში, არის არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გამოცემული, შესაბამისად ტირაჟი გაცილებით ნაკლები აქვს. ჩვენ ვცდილობთ, რომ მოვიპოვოთ შესაბამისი საავტორო უფლებები, თუმცა ამ მხრივაც შეგვექმნა გარკვეული პრობლემები. ხშირ შემთხვევაში ავტორებს აქვთ კომერციული დაინეტერესება და წიგნის ციფრულ ფორმატში გადაყვანის უფლებას არ გვაძლევენ. ამისათვის ჩვენ შევქმენით ინტრანეტი, ე.წ. შიდა ქსელი. ეს არის ერთი სერვერი, სადაც მიერთებულია ხუთი კომპიუტერი. ამ სერვერზე თავმოყრილია ის წიგნები, რომლის საავტორო უფლებები შეზღუდულია. შესაბამისად, ამ ხუთი კომპიუტერის საშუალებით მომხმარებლები ვერ შეძლებენ ამ წიგნების გავრცელებას ან ასლის გაკეთებას. თუ მკითხველს სჭირდება ესა თუ ის წიგნი, მას შეუძლია მოვიდეს და ისარგებლოს ე.წ. შიდა ქსელით. იმუშაოს რამდენიმე წიგნზე ერთდროულად. რაც დრო გავა, კიდევ უფრო მეტი ყურადღება დაეთმობა საავტორო უფლებებს. ამიტომ, ინტრანეტი არის პროექტი, რომელსაც დიდი შესაძლებლობები და მომავალი აქვს.

ავტორი: ირინა ჭოჭუა

წყარო: navigator.ge

კატეგორია: შემეცნებით | დაამატა: gi2gi
ნანახია: 538 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]