აბრაამ ლინკოლნი
2011-03-12, 7:33 PM




აბრაამ ლინკოლნი (ინგლ. Abraham Lincoln  (დ. 12 თებერვალი, 1809 – გ. 15 აპრილი, 1865) - ამერიკის შეერთებული შტატების რიგით მე-16 პრეზიდენტი 1861-1865 წლებში. ის წარმატებით უძღვებოდა ქვეყანას ყველაზე რთული შიდა კრიზისის პერიოდში - ამერიკის სამოქალაქო ომის დროს. მან მოახერხა ერთიანობის შენარჩუნება და მონათმფლობელობის დასრულება.

პრეზიდენტობამდე ლინკოლნი ილინოისის შტატში ადვოკატად მუშაობდა, ასევე ილინოისის შტატის საკანონმდებლო ორგანოს და აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის წევრი იყო. მას ორჯერ ჰქონდა აშშ-ის სენატში არჩევის წარუმატებელი მცდელობა. როგორც მონობის წინააღმდეგ აქტიურმა მებრძოლმა მან რესპუბლიკური პარტიის შიდა არჩევნები მოიგო 1860 წელს და ამავე წელს საპრეზიდენტო არჩევნებშიც გაიმარჯვა, რითაც იგი პირველი რესპუბლიკელი პრეზიდენტი გახდა. არჩევნებში ლინკონის გამარჯვებიდან ინაუგურაციამდე აშშ-ს სამხრეთის შტატები გამოეყვნენ და ამერიკის კონფედერაციული შტატები ჩამოაყალიბეს.

სამოქალაქო ომის დროს იგი პირადად წარმართავდა საომარ მოქმედებებს კონფედერაციის წინააღმდეგ, რომელიც იუნიონის გამარჯვებით დასრულდა. ლინკოლნი მთელი ომის განმავლობაში წარმატებით ცდილობდა არ დაეშვა დიდი ბრიტანეთის და სხვა ევროპული ქვეყნების ინტერვენცია. მან გაატარა ღონისძიებები, რომლებმაც გამოიწვია მონათმფლობელობის გაუქმება. გამოსცა ემანსიპაციის პროკლამაცია 1863 წელს, რომელიც კონსტიტუციის მე-13 შესწორებით განმტკიცდა. 1864 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ლინკოლნი მეორე ვადით აირჩიეს პრეზიდენტად.

სამოქალაქო ომში კონფედერაციული შტატების კაპიტულაციიდან მეხუთე დღეს, 1865 წლის 14 აპრილს, იგი სამხრეთელთა მხარდამჭერმა ჯონ ბუთმა სასიკვდილოდ დაჭრა. ლინკოლნი მეორე დღეს დილით გონებაზე მოუსვლელად გარდაიცვალა. ის აშშ-ის ოთხ მოკლულ პრეზიდენტს შორის პირველი იყო. მეცნიერების მიერ იგი აშშ-ის ერთ-ერთ ყველაზე საუკეთესო პრეზიდენტადაა მიჩნეული. ლინკოლნის პორტრეტი 5 დოლარიან ბანკნოტზეა გამოსახული.

კატეგორია: შემეცნებით | დაამატა: gi2gi
ნანახია: 1062 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]