ზვიადი და მერაბი …(წერილები)
2011-03-31, 11:50 PM

ზვიად გამსახურდია

ძმაო, მერაბ!

დიდად დამწყდა გული, უარი რომ გითხრეს შვებულებაზე, თუმც ბევრი ხანი აღარ დაგრჩენია მანდ ყოფნისა და ღვთის იმედით, ყოველივე კარგად წარიმართება. დედას ხშირად ვნახულობ, მე მგონი, გვარიანადაა. აბა, შენ იცი, მერაბ, ძლიერ დაკვირვებით იყავი. საბას ნათქვამი გაიხსენე: ”ფრთხილად იყავ, შინაც იყვეო”. განსაკუთრებით გთხოვ, როდესაც ბოლო თვეები მოაწევს, უკიდურესად ფრთხილად იყავი, სასმელი არ გაიკარო, ყველა წვრილმანი გაიაზრე, ასჯერ გაზომე და ერთხელ გასჭერი. განსაკუთრებით გზაში.

მე არა მიშავს. ვმუშაობ თარგმანებზე, ღვთისმეტყველებაზე, თემაზე: ”ვეფხისტყაოსანი და შუასაუკუნეთა კულტურა”. ”საღვთისმეტყველო კრებულში” ბევრი რამ კარგი კეთდება. შენ რომ ჩამოხვალ, უთუოდ დიდი ასპარეზი გექნება მანდ მოღვაწეობისთვის ჭეშმარიტად, სულია მთავარი და მაცხოვრის სიტყვები: ”ეძიეთ სასუფეველი ღვთისა და დანარჩენი ყოველი მოგეცეთ თქვენ”.

გიგზავნი ჩემს თარგმანს მათეს სახარებისას, საეკლესიო კალენდარს 1981 წლისას, აგრეთვე ძვირფას წიგნს მღვდელ პოლიევკტოს კარბელაშვილისას ”საქართველოს მღვდელმთავარნი”, სადაც უამრავი განსაცვიფრებელი ფაქტებია ჩვენი დიდი მღვდელმთავრების ცხოვრებაზე, რომელთაც სხვაგან ვერსად შეხვდები (ჩქმალავენ). გიგზავნი აგრეთვე გაზეთს უნივერსიტეტისას, სადაც დაიბეჭდა თენგიზის წერილი დავით აღმაშენებელზე, როგორც გრაალის რაინდზე. მე და შენი საუბრები გაუხსენებია, თითო ოროლ წიგნიდან ციტატებით შეუვსია და ისე გამოუყვანია საქმე, თითქოს თვითონ აღმოაჩინა ეს ამბავი. თუმც არაფერია, ნუ განვიკითხავთ. ფოსტით შენი არაფერი მომსვლია, ალბათ გრძნობ, რომ უსარგებლოა გამოგზავნა და არ აგზავნი. მოგიკითხეს ჩემებმა. აბა შენ იცი, იყავი დაკვირვებით, თავს მოუარე. გთხოვ, ყოველ დილა-საღამოს, განსაკუთრებით ბოლო თვეებში, იკითხე ხმამაღლა 90-ე ფსალმუნი. ხომ იცი, რა ჯავშანია!

შენი ძმა ზვიადი

გამარჯობა, ძმაო ზვიად!

შენც კარგად მოგეხსენება, გაურკვევლობაზე მეტად არაფერი მეჯავრება, ერთი სიტყვით, ასე იოლად არ ჩაუვლით ეგ ამბავი. კუთვნილის შერჩენა არ იქნების. ისიც კმარა, რაც გააკეთეს. საქართველო თუ მართლა რესპუბლიკაა, ქართველს ციმბირში რა უფლებებით ასახლებენ. არ გეგონოს, საკუთარ ხვედრზე ვწუწუნებდე, მაგრამ როდესმე სერიოზულად დასმა ამ საკითხისა ურიგო არ იქნება. მოკლედ, კიდევ ვცდი საცდელს. ვნახოთ, რა გამოვა.

სხვა რა მოგწერო _ თოვლი დნება…

თვენახევრიანი ტალახი, წყვილი ჩექმა და მისი ჯანი. ეს სიღატაკე ჩვენებურ დიდებულ გაზაფხულს რომ შევადარო, თავისთავად დაწუწუნება გამოვა და არ ღირს. წუწუნი რას გვიქვია, ან რა ჩვენი საკადრისია წუწუნი. ამიტომ შენზე მუდამ იმედიანად ვფიქრობ. მჯერა, კარგადა ხარ და მაგრად უნდა იყო. სიძნელეებთან გამკლავება თავად შენგან ვისწავლე და სხვისგან არ გესწავლება. ამიტომ მეტს არაფერს დავუმატებ. მარტოოდენ მაცხოვრის ჩვენის, იესო ქრისტეს არდგომას გილოცავ წინასწარ და შენს სახლეულთან მოკითხვას გაბარებ.

მერაბი
1978 წ.

გამარჯობა, ძმაო ზვიად!

მივიღე შენი წერილი, ფრიად გამეხარდა. მე არა მიჭირს რა. ვარ ჯანმრთელად, ყოველმხრივ გვარიანად. საკითხავი აქ დროც არის და წიგნებიც. ვმუშაობ ქარხნაში, სახარატო ჩარხზე. შენ ალბათ მანდ მეცხვარეებში ხარ, საკითხავი დროც გექნება. ძალიან კარგი, რომ ხმა მომაწვდინე. ჩემს ამბებს მე სახლში მოვწერ ხოლმე და ისინი შეგატყობინებენ. ცოტნე ახლა ალბათ დიდი ბიჭი იქნება. შემატყობინე, რამდენ ხანს გაგრძელდება შენი ”ყაზბეგობის” პერიოდი. დოდოს ამბები ზოგ-ზოგი რამ გავიგე. აბა, ყოჩაღად იყავი. მომიკითხე მანანა და ლელე. გისურვებთ ყოველივე სიკეთეს.

შენი ძმა მერაბი
25.11.1978 წ.
ეს წერილი ნაჩქარევი გამოვიდა. წერილებს კიდევ მოგწერ უფრო ვრცლად. მაგრად და მხნედ იყავი

* * *

ზვიად გამსახურდია
ღამის მგოსანი
(იგავი)

ერთ მზიან ღამეს ღმერთმა შექმნა ჩიტები. ეშმაკს შეშურდა და იგივე გაიმეორა ღამით, მაგრამ ჩიტების ნაცვლად ბრმა ღამურები გამოუვიდა, რომელთაც მხოლოდ ბნელში ძალუძთ ფარფატი.

ღვთის ერთ ჩიტს შეებრალა ღამურები და შესთავაზა უფალს: _ გამიშვი მათთან. მე მათ ვუმღერებ მზის საგალობელს, თვალს ავუხელ, დღეს შევაყვარებ და ისევ ნამდვილ ჩიტებად ვაქცევო.

_ ვერას გაიგებენ! _ მიუგო უფალმა _ წადი და უმღერე მათ მთვარის საგალობელი. მთვარე ხომ ძმაა მზისა. მე იგი ღამისთვის შევქმენი, მისი შუქიც მზის სინათლის ანარეკლია. უმღერე მათ საგალობელი მთვარის შუქისა!
იმ დღიდან ღამღამობით გალობს ეს ჩიტი, რათა ღამურები ჩიტებად გარდაქმნას. ხალხი მას ბულბულს უწოდებს.

* * *

მერაბ კოსტავა
იადონი და ბულბული
(იგავი)

ერთხელ გალიაში დამწყვდეული იადონი მოჰყვა ტრაბახს, რომ იგი ბულბულზე დიდი ხელოვანია. ”ყველგან და ყველასთან, ტყვეობასა თუ თავისუფლებაში ერთნაირის მომხიბვლელობით ვგალობ. ჯერაც არასოდეს გავუწბილებივარ მუზას. ბულბული კი ხმადაშრეტილი სდუმს გალიაში, მუზათა მადლს მოკლებული”.

”ამაოდ უტოლებ თავს ბუნების დიდ მგოსანს _ ააბდღვიალა ბროლის ლარნაკში ფურცლები ვარდის კოკორმა _ იმიტომ როდი სდუმს ბულბული გალიაში, რომ მას სიმღერა არ შეუძლია, არამედ იმიტომ, რომ თავისუფლების პირმშოა იგი და მიჯნურობის ცეცხლით ანთებული მგოსანი. ამასთან, ხელოვნების მხოლოდ ჭეშმარიტ დამფასებლებს უგალობს იგი, რომელთაც ძალუძთ შუაღამისას ძილი განიფრთხონ და ბაღში გავიდნენ მის მოსასმენად. შენ კი, მონობას შეჩვეული, შენი გალიის მეთვალყურეებს უგალობ მხოლოდ და იქვე სარკმლის რაფაზე შემოსკუპებულ კატას, რომელსაც შენი სიმღერისა არაფერი გაეგება და მხოლოდ იმას ნატრობს, როგორმე ღია დარჩებოდეს გალიის კარი შენს პატრონს, რათა ერთ წამში გადაგსანსლოს”.

კარგი მგოსანი ხელმწიფისა და მისი ვეზირებისათვის იგივეა, რაც მხუყე სადილზე დასაყოლებელი დელიკატესი. ჭეშმარიტი მგოსანი კი მხოლოდ ღვთისა, სიბრძნისა და მშვენიერების მსახური უნდა იყოს.

კატეგორია: საქართველო | დაამატა: gi2gi
ნანახია: 1118 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]