ზაზა შათირიშვილი “ვაჟა-ფშაველა და პოეზიის საწყისი”
2011-03-17, 4:58 PM


როგორც მიწიდან იზრდება ბალახი,
ისე იზრდება ენიდან ლექსი…
ფრიდრიხ ჰოლდერლინი

«სტუმარ-მასპინძლისა» და «ალუდა ქეთელაურის» საერთო თემა პიროვნებისა და საზოგადოების კონფლიქტია. მაგრამ საქმე ისაა, რომ, მაგალითად, «სტუმარ-მასპინძელში» ერთმანეთს უპირისპირდება არა „კოლექტიური» და „ინდივიდუალური», არა პიროვნება და საზოგადოება (თემი), არამედ ორი კანონი _ სტუმარ-მასპინძლობის „წესი» (ოჯახის კანონი) და „წესი» სისხლის აღებისა (თემის კანონი). ჯოყოლა და აღაზა იცავენ ერთ წესს, ხოლო თემი _ მეორეს და, ცხადია, რომ (როგორც ჭეშმარიტ ტრაგედიაში), ორივე მხარე მართალია.
ჩემი აზრით, ვაჟა-ფშაველას „ჰუმანისტური» ინტერპრეტაცია (რომ ვაჟა გმობს ერთა შორის შუღლსა და „გლობალურ ღირებულებებს» ამკვიდრებს; რომ „ინდივიდუალიზმი» აქ „ტოტალიტარიზმსა» და „კოლექტივიზმს» უპირისპირდება) ქრონოლოგიური პროვინციალიზმის გამოვლინებაა. ვაჟა-ფშაველას გააზრება მხოლოდ მარადიულ კონტექსტში შეიძლება: „მარადიული» კი აქ მეტისმეტად მარტივ რამეს აღნიშნავს – უწყვეტ კლასიკურ პოეტურ ტრადიციას.

პოლისი და ოჯახი

ტრაგედია, ჰეგელის ესთეტიკის თანახმად, ესაა, როცა ზეცა მიწას უპირისპირდება, ოჯახი – ქალაქს, ოლიმპოს ღმერთები – ქვესკნელის ღმერთებს, ოჯახის კანონი _ პოლისის კანონს და როცა ორივე მხარე მართალია. მიცვალებულის დამარხვა, ისევე როგორც სტუმარ-მასპინძლობის „წესის» დაცვა, ოჯახის საქმეა, ხოლო მოღალატის დასჯა თუ სისხლის აღება – პოლისმა (თემმა) უნდა აღსარულოს. ამიტომაც, ჰეგელის აზრით, საუკეთესო ტრაგედია არის არა სოფოკლეს «ოიდიპოს მეფე» (როგორც ამას არისტოტელე ფიქრობს), არამედ სოფოკლეს «ანტიგონე».
ანტიგონეს კონფლიქტი ისაა, რომ ანტიგონეს ძმა – პოლინიკე – ერთ-ერთი იმ შვიდთაგან, რომელიც თებეს წინააღმდეგ იბრძოდა – თებეს მეფემ, კრეონმა, როგორც მშობლიური ქალაქის მოღალატე, დაუმარხავი დატოვა. ამიტომაც დაირღვა დამარხვის რიტუალი – პოლინიკე ჰადესის მიღმა დარჩა, რის გამოც ქვესკნელის ღმერთები შეურაცხყოფილნი და განრისხებულნი არიან. მათი რისხვა, ცხადია, ოჯახს დაატყდება, რადგან დამარხვის რიტუალი ოჯახმა უნდა აღასრულოს, მაგრამ, მეორე მხრივ, მოღალატე უნდა დაისაჯოს, მისი დასჯა კი – პოლისის საქმეა. მაშასადამე, ერთმანეთს უპირისპირდება ორი კანონი – პოლისის კანონი, რომელსაც ოლიმპიელი (ზეციური) ღმერთები მფარველობენ, და ოჯახის კანონი – რომელსაც ქვესკნელის (ხთონური) ღმერთები განაგებენ.
«სტუმარ-მასპინძელში» სამი კონფლიქტია: ჯოყოლა უპირისპირდება თემს, ანუ სტუმარ-მასპინძლობა უპირისპირდება სისხლის აღებას; აღაზასაგან ზვიადაურის დატირება ასევე, უპირისპირდება თემის კანონს, ხოლო სულ ბოლოს, ჯოყოლა ისევ უპირისპირდება თემს, რადგან „მარტო ბრძოლა» სახლის, ოჯახის, ანუ საკუთარი ღირსების დაცვაა, ხოლო თემი, ცხადია, სხვაგვარად ფიქრობს. სამივე შემთხვევაში მართალია ორივე მხარე, რადგან ორივე მხარე ოდენ ერთ „წესს», ერთ კანონს იცავს და აღასრულებს.
«სტუმარ-მასპინძელი» ტრაგიკული ნაწარმოებია, მაგრამ არ არის ტრაგედია – ესაა ეპოსი.

ზღვა და მთა

თავდაპირველად იყო ზღვა და იყო ქალაქი ტროა. ამის შემდეგ კი იყო დიდი ომი. ტროას ომიდან ნაწილებად და ნაწილებად მობრუნებულ ვეტერანებს მოჰქონდათ არა ოდენ სახელი და დიდება. მათ მოჰქონდათ ამბები, ლექსად ნათქვამი ამბები, რადგანაც სალექსო საზომი _ ესაა მეხსიერებისა და ენის ბუნებრივი ყალიბი. მაგრამ ბუნებას სჭირდება საკუთარი თავი _ სტიქია, რათა ამბავი ლექსად იქცეს, ხოლო სიტყვა შეუწყობელი – შეწყობილ სიტყვად. როცა ტროას ომის ვეტერანები იონიის ზღვაზე მოცურავდნენ, ისინი ნიჩბებს რიტმულად უსვამდნენ – მოსმა / პაუზა / მოსმა / პაუზა / მოსმა – ასეთი იყო დაბრუნების რიტმი. ტროას ომის ამბებიდან და ზღვის ზვიადაური ჯოყოლასთვის და აღაზასთვის უკვე ძმაა. მოსისხლე, რომელიც მსხვერპლად შეწირეს, სტუმარ-მასპინძლობის ქრონოტოპოსში – ესაა ძმა, რომელიც მოკლეს. მოკლული და დაუმარხავი ძმა არ შეიძლება დაუტირებელი დარჩეს. წესი არ არის. სწორედ ამიტომ, სტუმარ-მასპინძლობა და ძმადნაფიცობა საიქიოსაც ჰყოფს.
ქვესკნელის ღმერთები კი ჩუმად არიან. ისინი უკვე აღარ არიან ღმერთები.

არისტობულოსის ამბავი

როდესაც პატროკლეს ცხედრისთვის ბრძოლას დაიწყებენ, ერთი ქისტი გადაწყვეტს, რომ „მარტოკამ უნდა იომოს». მარტოკამ უნდა იომოს, რადგან მისი სტუმარი და ძმა დაუმარხავია, ხოლო მისი ღირსება შელახულია. ის უნდა შეებრძოლოს მტერს, რადგან უნდა დაიცვას უკვე არა მთლიანად თემი, არამედ ოდენ საკუთარი სახლ-კარი, ოჯახი, ოჯახის წესი, ანუ ღირსება.
ჰეროდოტე თავის ისტორიაში გვიყვება ვინმე სპარტელი არისტობულოსის ამბავს: როცა მან შეატყო, რომ სპარტელები მარცხდებოდნენ, გამოვიდა ფალანგიდან, სხვა მხრიდან შეუტია მტერს, მარტომ იბრძოლა და სპარტელებს გამარჯვებაში დაეხმარა. სპარტელთა კანონის თანახმად, ფალანგიდან გამოსვლა არ შეიძლებოდა. ამიტომაც, არისტობულოსი ქალაქის კედლების გარეთ დაუმარხავი დატოვეს.
არისტობულოსის შემთხვევაში ერთმანეთს დაუპირისპირდა პოლისის სიყვარული და პოლისის კანონი.

ჯანღი და პირიმზე

ჯოყოლა და ზვიადაური, ცხადია, საიქიოშიც ძმადნაფიცები არიან. ასევე, ზვიადური და აღაზა და-ძმაა საიქიოშიც. უფრო ზუსტად, სწორედ საიქიოს ეს ვიზიონი („სურათი») ამტკიცებს, რომ სტუმარ-მასპინძლობა, ძმადნაფიცობა, დის მიერ ძმის დატირება ნამდვილად მოხდა. ეს ყოველივე ჭეშმარიტია. ყველაფერი სწორია. ყოველივე ის, რაც მოხდა, სტუმარ-მასპინძლობის წესის მიხედვით მოხდა. ამიტომაც, ვიზიონი ლოკალიზებულია სივრცეში – ჩნდება სწორედ იმ ადგილას, სადაც ჯოყოლა მოკლეს.
მაგრამ ვიზიონს ჯანღი ეფარება -

მაგრამ გაჩნდება ჯანღი რამ
კურუმად შავის ფერითა,
დაეფარება სანახავს
წერა-მწერალის წერითა.
ზედ აწევს ჯადოსავითა,
არ დაიმტვრევა კვერითა,
ვერ შეულოცავს მლოცავი,
არ აიხდება ხელითა.
მხოლოდ მდინარის ხმა ისმის,
დაბლა მიქანავს ხველითა
და უფსკრულს დასცქერს პირიმზე
მოღერებულის ყელითა…

რა არის ეს ჯანღი? რაღა თქმა უნდა, ეს არაა ის „შავი ნისლი», რომელიც პოემის დასაწყისში როგორც „სტუმარი ცოტა ხანისა, / ხვალ სხვაგან წავა აქითა».
მაშ, რა არის ეს ჯანღი? საქმე ისაა, რომ როგორც არსებობს თემის წესი და სტუმარ-მასპინძლობის წესი, ასევე, არსებობს ჯანღი და პირიმზე „მოღერებულის ყელითა». ჯანღი და პირიმზე ბუნების ორ „წესზე» მიგვითითებს. მაგრამ იმისათვის, რათა სტუმარ-მასპინძლის ფინალი და ბუნების ეს ორი წესი გავიგოთ, საჭიროა ვაჟას სხვა ტექსტის მოხმობა:

ბუნება მბრძანებელია,
იგივ მონაა თავისა,
ზოგჯერ სიკეთეს იხვეჭავს,
ზოგჯერ მქმნელია ავისა,
ერთფერად მტვირთველი არის
საქმის თეთრის და შავისა;
საცა პირიმზეს ახარებს,
იქვე მთხრელია ზვავისა…

ბუნების ამ ორი წესის „დიალექტიკური სინთეზი» ვაჟასთან არ ხდება, რადგანაც ეს შეუძლებელია. შესაძლებელია ოდენ შერიგება.

ვაჟა-ფშაველა და კლასიკური პოეტური ტრადიცია

«ალუდა ქეთელაური», «გველისმჭამელი» და «სტუმარ-მასპინძელი» შერიგების გარეშე მთავრდება. ბუნების ორი წესი ყველგან უპირისპირდება ერთმანეთს. ოღონდ, თუ სტუმარ-მასპინძელში ამ ორ კანონს სტუმარ-მასპინძლობის წესი და თემის წესი ეწოდება, «გველისმჭამელში» ესაა – ქაჯების წესი და კაცთა წესი, «ალუდა ქეთელაურში» – „მტერობა» და „კაი-ყმობა».
ესქილეს ორესტეა წარმოგვიდგენს და გვიჩვენებს, რომ შერიგება შესაძლებელია – ოღონდ მხოლოდ მაშინ, თუ ოლიმპოსა და ქვესკნელის ღმერთები შეთანხმებას მიაღწევენ. მხოლოდ ამის შემდეგ დაეხსნებიან შურისმაძიებელი ერინიები დედისმკვლელ ორესტეს. მაგრამ, საქმეც ისაა, რომ ეს შერიგება დროებითია. ეს უფრო მორიგებაა, ვიდრე შერიგება.
კითხვაზე, თუ როგორაა შესაძლებელი შერიგება, ანტიკურ პოეზიას პასუხი არა აქვს. მაგრამ ანტიკურ პოეზიას აქვს ის ყალიბი, რომელმაც ეს შერიგება შეიძლება გამოხატოს – ესაა ვერგილიუსის «ენეიდა». როგორც კლასიკოსი ფილოლოგი რუდოლფ ბორხარდტი აღნიშნავს, «ენეიდა» – „ესაა მთელი ლათინური დასავლეთის ძველი აღთქმა», ისევე როგორც „ელინური აღმოსავლეთის ძველი აღთქმა პლატონია – ორივე [ვერგილიუსი და პლატონი] ახალი აღთქმისკენ მონიშნავს გზას, ორივეს ძალუძს მისი მიღება და ათვისება,» – დასძენს ერნსტ რობერტ კურციუსი.
თუკი ჰომეროსი ქალაქის დანგრევისა და შინდაბრუნების ამბავს გვაუწყებს, ვერგილიუსი ქალაქის დანგრევის, ადამიანის ხსნისა და ახალი ქალაქის დაარსების ამბავს მოგვითხრობს. ვერგილიუსი მოგვითხრობს, თუ როგორ აღდგა ძველი ტროა ახალი ქალაქის სახით. ამიტომაც, ეს ახალი ქალაქი – რომი – არის მარადიული ქალაქი-ფენიქსი. როცა ენეასი ჰადესში ჩადის, ის ოდენ, ოდისევსის მსგავსად, საკუთარ მომავალს როდი უჭვრეტს, ის, ამავე დროს, ხედავს საკუთარი ქალაქის, იმ ქალაქის, რომელიც უნდა დააარსოს – მარადიულ მომავალს. ენეასი უჭვრეტს საკუთარ შთამომავლობას, ხედავს PAX ROMANA-ს და მის შემოქმედს – ავგუსტუსს. გასაკვირი არაა, რომ სწორედ ვერგილიუსი გახდა ლათინური საშუალო საუკუნეების მოძღვარი და მეგზური, დანტეს მეგზური საიქიოს გზაზე – ჯოჯოხეთიდან სამოთხის კარიბჭემდე.
მაგრამ დავუბრუნდეთ კითხვას – როგორაა შესაძლებელი ეს შერიგება? ეს შესაძლებელია ოდენ იმ შემთხვევაში, თუ თვითონ ღმერთი საკუთარი თავის მსხვერპლშეწირვით შეარიგებს მიწასა და ზეცას, პოლისსა და ოჯახს, მონასა და მბრძანებელს, პირიმზესა და ჯანღს, ელინსა და იუდეველს, საეროსა და სასულიეროს – შეარიგებს ერთხელ და სამუდამოდ შემრიგებელი რიტუალით, რომელიც იქნება მის მიერ, მასთან ერთად და მასში.
ვაჟას ერთადერთი პოემა, რომელიც შერიგებით მთავრდება, «ბახტრიონია»:

დაფიქრდა გველი ძლიერად,
გული ევსება ბრალითა.
ბევრის ცოდვების მოქმედსა
გადაუბრუნდა გუნება:
რა სიბრალულით იმსჭვალვის
მისი გველური ბუნება!
… …
მთელს ერთ თვეს ასე უვლიდა
ადამის მოდგმის მტერია,
ბოროტების გზა გაუშვავს,
სიკეთე დაუჭერია!

დროთა აღდგენის ეს ყალიბი, ასევე ვერგილიუსთან გვხვდება, ოღონდ არა «ენეიდაში», არამედ ბუკოლიკების IV ეკლოგაში:
ULTIMA CUMAEI VENIT IAM CARMINIS AETAS;
MAGNUS AB INTEGRO SAECLORUM NASCITUR ORDO.
IAM REDIT ET VIRGO, REDEUNT SATURNIA REGNA,
IAM NOVA PROGENIES CAELO DEMITTITUR ALTO.
TU MODO NASCENTI PUERO, QUO FERREA PRIMUM
DESINET AC TOTO SURGET GENS AUREA MUNDO,
CASTA FAVE LUCINA; TUUS IAM REGNAT APOLLO.
დადგება, სიბილას სიტყვით, ჟამთასვლის მარადი რკალი,
თავიდან იწყება დროის დიდებულ წყობათა სრბოლა.
გვახარებს ქალწული კვლავაც სატურნის საუფლოს მოსვლას,
ახალი თაობა ზეცით ეშვება ისევე მაღლით.
ო, ამ ახალშობილ პირმშოს – სასწაულს – ნიშანს, რომ რკინის
თაობას ოქროსით შეცვლის, მეოხად ეყავ და შემწედ,
ქალწულო ლუცინავ! უფალ აპოლოს სუფევის დროა.

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, საჯარო ლექციები ეროვნულ ბიბლიოთეკაში, 16 ივნისი, 2006 წელი.

კატეგორია: საქართველო | დაამატა: gi2gi
ნანახია: 987 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]