თელავი
2011-03-12, 8:44 PM



თელავი, ქალაქი აღმოსავლეთ საქართველოში, გომბორის ქედის ჩრდილოეთ-აღმოსავლეთი კალთის ძირას და ალაზნის ვაკეზე. კახეთის მხარის და თელავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი. თბილის-თელავის სარკინიგზო ხაზის ბოლო სადგური. ზღვის დონიდან 550-800 მ, თბილისიდან 158 კმ. ქალაქად გამოცხადდა 1801 წელს. მოსახლეობა 21,8 ათასი (2002 წ.).
ახლანდელი თელავის ტერიტორიაზე პირველი დასახლება გვიანდელი ბრინჯაოს ხანაში გაჩნდა, ელინისტურ ხანაში განვითარდა, ხოლო გვიანდელ ანტიკურ ხანაში მის ბაზაზე წარმოიქმნა ქალაქის ტიპის დასახლება.
პირველად მოხსენიებულია ძველი ბერძენი გეოგრაფის კლავდიოს პტოლომეს (II ს.) "გეოგრაფიაში” "Teleda-ს" ფორმით. ქართულ წყაროებში გვხვდება XI საუკუნიდან, როდესაც იგი კახეთ-ჰერეთის სამთავროს ცენტრი გახდა. XII საუკუნეში იგი საქართველოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქალაქი იყო განვითარებული ვაჭრობითა და ხელოსნობით. თელავზე გადიოდა სავაჭრო-საქარავნო გზები. XIII საუკუნის II ნახევრიდან, მონღოლთა ლაშქრობების შემდეგ მისი მნიშვნელობა დაეცა. შემდგომში იგი მონღოლი მოხელის სადუნ მანკაბერდელის საკუთრება გახდა. XV-XVI სს-ში თელავი ისევ დაწინაურდა. XVII საუკუნეში ქალაქის შემდგომი განვითარება შეაფერხა ირანის შაჰის აბას I-ის ლაშქრობებმა. XVII საუკუნის II ნახევარში კახეთის მეფე არჩილ II-მ თავისი რეზიდენცია გრემიდან თელავში გადმოიტანა. ამ პერიოდიდან თელავი მწიგნობრობის კერად იქცა. აქ სხვადასხვა დროს მოღვაწეობდნენ არჩილ II, დავით II (მამყული-ხანი), თეიმურაზ II, საიატნოვა და სხვა. თეიმურაზ II-ისა და ერეკლე II-ის ოჯახში დამკვიდრებულ ლიტერატურულ ტრადიციებზე აღიზარდა ქართველ ბატონიშვილთა მთელი თაობა. 1758 წელს თელავში დაარსდა საფილოსოფოსო-საღვთისმეტყველო სკოლა, რომელიც 1782 წელს სემინარიად გადაკეთდა. აქ საგანმანათლებლო და შემოქმედებით საქმიანობას ეწეოდნენ ფილიპე ყაითმაზაშვილი, გაიოზ რექტორი, დავით რექტორი და სხვა.
ქართლ-კახეთის სამეფოს რუსეთის იმპერიასთან შეერთების (1801) შემდეგ თელავი ახალი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის თელავის მაზრის ცენტრი გახდა.
მნიშვნელობა.
თელავი მნიშვნელოვანი სატრანსპორტო კვანძი, სამრეწველო, სასოფლო-სამეურნეო (მეღვინეობის) და კულტურული ცენტრია. აქ არის სახელმწიფო უნივერსიტეტი (ყოფილი პედაგოგიური ინსტიტუტი), თეატრი, ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი. ქალაქის ღირშესანიშნაობებია: ღვთაების ბაზილიკა (VI-VII სს.), ციხე-სიმაგრე ძველი გალავანი (X-XI სს.). თელავში არის ალავერდის ეპარქიის რეზიდენცია.
მოამზადა: გიორგი კალმახელიძემ  

კატეგორია: საქართველო | დაამატა: gi2gi
ნანახია: 1106 | რამოტვირთვები: 0 | კომენტარი: 2 | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 2
  • gi2gi 2011-03-15

    შემოგევლე ბაკო :******

  • TELAVSKI 2011-03-15

    SU TELAVIA SU GULAVIA RA IXVI JIGARIXAR DZMA

  • კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
    [ რეგისტრაცია | შესვლა ]