მთავარი » ფაილები » საქართველო

ტიციან ტაბიძე “ილია ჭავჭავაძე”
2011-03-17, 8:14 PM

ილია ჭავჭავაძე


ტიციან ტაბიძე – "ილია ჭავჭავაძე”

(ნაწყვეტი)

მეცხრამეტე საუკუნეში საქართველოს ჰყავდა ორი პროვიდენციალი პიროვნება: ილია ჭავჭავაძე და ივანე მაჩაბელი. ქართული პრობლემა შეიძლება ამ ორი პიროვნების შესწავლით აიხსნას. მაჩაბელზე ჩვენ ვიტოვებთ უფლებას მოკლე დროში დავწეროთ. ილია ჭავჭავაძის მკვლელობის 15 წლის თავზე კი გვინდა აღვნიშნოთ დეკლარაციით ის თეზისები, რომელნიც შემდეგში გაიხსნება მაჩაბელის მონოგრაფიაში. გადაუმეტებლად შეიძლება ითქვას, რომ მე-19 საუკუნე საქართველოში ილიამ კიდეც მოიგონა, კიდეც შეჰქმნა და თავის სისხლით კიდეც დაჰკირა.

ჩვენ შეიძლება ამ საუკუნის შესწავლის დროს ბევრი დეფექტებიც აღმოვაჩინოთ, მაგრამ ერთი კი მაინც უცილობელია – ამ დიდი ეპოპეის მთავარი მბრძანებელი იყო ილია ჭავჭავაძე.

ილია ჭავჭავაძემ თავის დევის ხელით სრულიად გადატეხა ეს სტილი და ჩვენ გვაქვს უკვე ანალოგია ევროპული მწერლობის მასშტაბით.

მართალია, ჯერ არ არის შესწავლილი, მაგრამ ჩვენი დაკვირვებით და თანამედროვეთა მოწმობით, სამი მეოთხედი იმ სიტყვებისა, რომელსაც დღეს ხმარობს ქართული ჟურნალისტიკა, ილიას მოგონილია. შემდეგი თაობა ამას არ უკვირდება, როგორც ის არ უკვირდება იმას, ვინ მოიგონა ან შეჰქმნა პირველად ენა.

ამ ხნის განმავლობაში ილია ჭავჭავაძე იდგა როგორც გიგანტი. ყოველი მოზღვავებული ტალღა, უცხო თუ შინაური, იმას დაეტაკებოდა და ილიაც მოიგერიებდა.

ილია ჭავჭავაძის ყოველი გამოსვლა ამ შემთხვევაში აყენებდა იმ სანახაობას, როგორც არტილერიის სიმფონია ომების დროს. და ეს ტანკი (როგორ აგავს ილია ტანკს ფიგურითაც) სტკეპნიდა ქართულ მწერლობას; ამის ნაკვალევს დევის ნაფეხური ჰქვია.

ამიტომ იყო, რომ ილიას ყველა ანგარიშს უწევდა, და შეუძლებელიც იქნებოდა მისი ბუნებრივი და შეურყეველი მეთაურობა თითქმის 40 წელი, რომ მას ასეთი მაგარი ხერხემალი არ ჰქონოდა.

ილია ყველგან ცდიდა თავის თავს: ის იყო პოეტი, ბელეტრისტი, დრამატურგი, პუბლიცისტი, ჟურნალისტი, მეცნიერი, რეჟისორი, ფინანსისტი, ორატორი, ისტორიკოსი და კიდევ რამდენი სხვა, და ამიტომ არის, რომ ჩვენ დღესაც არ ვიცით, რომელ ამ დარგში ვეძიოთ მისი ნამდვილი სახე.

მაგრამ ერთი რამ ცხადია, და ეს მადლიერი თემაა ახალი გამოკვლევისათვის: მეცხრამეტე საუკუნეში ქართული პროზა შექმნა ილია ჭავჭავაძემ და დღემდის მისი პროზა არ არის დაძლეული. ჩვენ აქ არ შევუდგებით ანალიზს მისი სტილისას, რომელიც მას აყენებს ყველაზე მაღლა, განსაკუთრებით საცოდავი არიან პროზაში ისინი, ვინც ილიას ეხვივნენ გარს, ეს შეიძლება ითქვას მისი კრიტიკული პროზის შესახებაც.

უნდა აგრეთვე ხსენება იმასაც, რომ ილიას ლექსი, ყოველ შემთხვევაში, არ ჩამორჩებოდა აკაკის ლექსს და მხოლოდ თანამედროვეთა უკულტურობას უნდა მიეწეროს ის, რომ ილიას აყენებდნენ აკაკიზე დაბლა.

ჩვენში რომ გაჩნდნენ დადაისტები, ისინიც ვერ უარყოფენ ილია ჭავჭავაძის დიდ ფიგურას. ილია რომ გამოაკლდეს მეცხრამეტე საუკუნეს, მაშინ იქნებოდა საქართველო სამუდამოდ დაბნელებული.

ამიტომ გასაგებია ის კალამბური, რომელიც წამოცდა ვალერიან გუნიას, რომელსაც, როცა შეეკითხა ერთი ფრანგი, ჰყავს თუ არა დიდი კაცი საქართველოსო, უპასუხა ასეთი ფრანგულით: Ilia un Ilia.

ილიას სიკვდილმა გულის ძარღვამდის შეარყია საქართველო, და ყველა უბრალო ხალხიც ამბობდა, აქ არის დასაწყისი ახალი ეროვნული შეგნებისო, ამის ფაქტებს ჩვენ ყოველდღე ვხედავთ.

ილიას პოეზიიდან მარტო წიწამური რომ დარჩენილიყო, მაინც სამუდამოდ აატირებდა საქართველოს და სამუდამოდაც დარჩებოდა თემა პოეზიისათვის.

1922 წ.

კატეგორია: საქართველო | დაამატა: gi2gi
ნანახია: 147 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]