სოლომონ დოდაშვილი - (1805-1836)
2011-03-26, 4:40 PM
სოლომონ ივანეს ძედოდაშვილი დაიბადა 1805 წლის 17 მაისს სოფელ მაღაროში, ახლანდელი სიღნაღის რაიონი. იგი იყო ქართველი განმანათლებელი, ფილოსოფოს-ლოგიკოსი, ჟურნალისტი. 1818 წელს შევიდა სიღნაღის სასულიერო სასწავლებელში 1820 წელს კი – თბილისის სასულიერო სემინარიაში, რომელიც 1822 წელს დაამთავრა. 1827 წელს დაამთავრა პეტერბურგის უნივერსიტეტის ფილოსოფიურ – იურიდიული ფაკულტეტი და იმავე წელს დაბრუნდა თბილისში. 1828 წელს იყო გაზეთ ,,ტფილისის უწყებანის” ქართული გამოცემის რედაქტორი, 1832 წლის დეკემბერში დააპატიმრეს რუსეთის თვითმპყრობელობის წინააღმდეგ შეთქმულებაში მონაწილეობისათვის, ხოლო 1834 წელს გადაასახლეს ვიატკაში, სადაც ჭლექით გარდაიცვალა 1836 წლის 20 აგვისტოს.
ს. დოდაშვილის მსოფლმხედველობის ფორმირებაზე დიდი გავლენა მოახდინა რუსეთის მოწინავე პროგრესულმა აზროვნებამ. პეტერბურგში იგი დეკაბრისტების გამოსვლას დაესწრო და მათი უმოწყალო დასჯის მოწმე გახდა, რამაც მასზე წარუშლელი კვალი დატოვა, მან საქართველოში ჩამოიტანა დეკაბრისტ კ. რილეევის ,,ნალივაიკო”, რომელიც დაპატიმრების დროს აღმოუჩინეს.
ს. დოდაშვილის ფილოსოფიური შრომებია ,,ლოგიკა”, ,,ლოგიკის მეთოდოლოგია” და ,,რიტორიკა”. ს. დოდაშვილის აზრით ფილოსოფიის ობიექტი არის ადამიანის შინაგანი სამყარო ანუ ,,სამყარო ჩვენში”, რასაც იგი მჭიდროდ უკავშირებს მატერიალურ სამყაროს. ლოგიკის ობიექტად კი ,,საერთო აზროვნების წესებს” ანუ ,,გონებისა და აზროვნების საყოველთაო და უცვლელ კანონებს” მიიჩნევს. ს. დოდაშვილმა ლოგიკიდან და, საერთოდ, ფილოსოფიიდან გამორიცხა ყოველგვარი ზებუნებრივი ძალა. სინამდვილის შემეცნების ერთადერთ გზად ასახვა აღიარა.
ლოგიკის მეთოდოლოგიის ამოცანად ს. დოდაშვილს მიაჩნია შემეცნების სრულყოფა, შემეცნების საზღვრების გაფართოება ანუ ლოგიკის გამოყენება პრაქტიკაში.
,,რიტორიკაში” ს. დოდაშვილი განიხილავს ესთეტიკის ზოგად პრობლემატიკას, ეხება პროზისა და პოეზიის, მჭერმეტყველებისა და, საერთოდ, ხელოვნების თეორიას, ხელოვნებაში მისთვის ძირითადია შინაარსი და არა ფორმა, შინაარსი კი ობიექტური სინამდვილით არის გაპირობებული. შემოქმედისათვის აუცილებელია განათლება, ჭეშმარიტების სიყვარული, ბუნებრივი მონაცემები, დიდი მგრძნობიარობა.
ს. დოდაშვილი ილაშქრებს ყოველგვარი ცრუმორწმუნეობის წინააღმდეგ, ქადაგებს განათლების ფართო დანერგვას. მისი განმანათლებლური იდეები პატრიოტიზმით იყო ნაკარნახევი. ს. დოდაშვილის იდეებმა საფუძველი ჩაუყარა და ხელი შეუწყო თერგდალეულთა მოღვაწეობას.
ს. დოდაშვილს დიდი ღვაწლი მიუძღვის ქართული ენის გრამატიკისა და ლიტერატურის განვითარების საქმეში. ჯერ კიდევ 1830 წელს დაიბეჭდა
ს. დოდაშვილის სასკოლო გრამატიკა სათაურით ,,შემოკლებული ქართული ღრამმატიკა” (1827წ.). წიგნის მიზანია გამართული წერა-კითხვისა და სწორი მეტყველების სწავლება. მასში შეტანილია შემდეგი დისციპლინები: მორფოლოგია, სინტაქსი, ორთოგრაფია. ს. დოდაშვილის გრამატიკა გამოირჩევა მასალის მწყობრი და თანმიმდევრული განხილვით, ნათელი მსჯელობით, მკაფიო დებულებებითა და დახვეწილი ტერმინოლოგიით. დახასიათებულია ბრუნვათა სინტაქსური ფუნქციები.
ს. დოდაშვილი იყო ბელეტრისტი, ლიტერატურის ისტორიკოსი და თეორიტიკოსი. ს. დოდაშვილმა დატოვა მდიდარი ეპისტოლური მემკვიდრეობაც (წერილები ი. ხელაშვილისადმი, ფ. კიკნაძისადმი, ანა დედოფლისადმი, ოქროპირ ბატონიშვილისადმი და სხვა).

სოლომონ დოდაშვილი



კატეგორია: საქართველო | დაამატა: gi2gi
ნანახია: 1269 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]