მთავარი » ფაილები » საქართველო

სიმონ კილაძე – “უსაზღვრო” საქართველო
2011-10-27, 8:20 PM

საქართველოს სახელმწიფო საზღვრები… პირველად ამ თემაზე საუბარი 1980-იანი წლების მიწურულში, ეროვნული მოძრაობის გააქტიურების ჟამს დაიწყო – ალბათ, ბევრს ახსოვს იმ პერიოდში მოარული რუკა "საქართველო ერთა ლიგის მიერ ცნობილ საზღვრებში”, რომელზეც შტრიხებით იყო მონიშნული 1921 წლის შემდგომ დაკარგული (უფრო ზუსტად, ჩვენი მეზობლებისათვის გადაცემული) ტერიტორიები… საბჭოთა ხელისუფლების დროს საქართველოს ტერიტორიის ფართობი რამდენჯერმე მნიშვნელოვნად შეიცვალა, თანამედროვე სახე კი ძირითადად გასული საუკუნის 50-იანი წლების მეორე ნახევარში მიიღო. ასეთი მდგომარეობა შენარჩუნდა 90-იანი წლების დასაწყისამდე, ანუ საბჭოთა კავშირის დაშლამდე.
დღეს, როცა საქართველოს სახელმწიფოს ტერიტორიულ მთლიანობასა და საზღვრების ურღვევობაზე ვსაუბრობთ, ხშირად ხაზს ვუსვამთ ხოლმე – "1991 წლის 21 დეკემბრის მდგომარეობით” და იქვე ვუმატებთ: "საქართველო საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში”. პირველი გულისხმობს საქართველოს ტერიტორიის მდგომარეობას საბჭოთა კავშირის დაშლის იურიდიულად დადასტურების ჟამს (როცა შეიქმნა დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობა), მეორე კი – საერთაშორისო ორგანიზაციების, უპირველესად კი გაეროს მიერ აღიარებულ საქართველოს საზღვრებს, რომელიც სსრ კავშირის დაშლის მომენტში არსებობდა.

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და საზღვრების მდგომარეობის ფიქსაციის ზუსტი თარიღი შეტანილია საქართველოს ძირითად კანონშიც (მეორე მუხლი), რაც საკმაოდ უპრეცედენტო ფაქტია – ყოველ შემთხვევაში, საქართველოს მოსაზღვრე არც ერთი სახელმწიფოს (აზერბაიჯანი, სომხეთი, რუსეთი, თურქეთი) კონსტიტუცია მსგავს დებულებას არ შეიცავს.
საზღვარი რომ მხოლოდ ერთი სახელმწიფოს ნება-სურვილით არ დგინდება, ეს აქსიომაა. განსაკუთრებით ეს ეხება სახმელეთო საზღვარს, რომელიც უშუალოდ მოსაზღვრე ქვეყნის ხელისუფლებასთან მოლაპარაკების საფუძველზე წყდება. მხარეები აფიქსირებენ ერთმანეთის საზღვრების აღიარებას, შემდეგ ყალიბდება საზღვრების ზუსტად დამდგენი ორმხრივი კომისიები, რომლებიც სხდომების დროს მსხვილმასშტაბიანი რუკებითა და სხვა ტოპოგრაფიული მასალებით სარგებლობენ. რუკებზე მხარეები (კომისიის წარმომადგენლები) შეთანხმებული მოქმედებით ატარებენ საზღვრის მიმართულების მაჩვენებელ ხაზს, ანუ ახდენენ დელიმიტაციას. ყოველივე ეს დასტურდება შესაბამისი ორმხრივი დოკუმენტებით – ჯერ კომისიის გადაწყვეტილებით, შემდეგ კი სამთავრობოთაშორისო სასაზღვრო შეთანხმებით. სახელმწიფოთა მიჯნების დასადგენად მომდევნო ეტაპია დემარკაცია – საზღვრის ადგილზე გატარება და შესაბამისი სპეციალური ატრიბუტებით აღჭურვა, რომელსაც ასევე ორმხრივი კომისიის წევრები ახორციელებენ.
კიდევ ერთი მომენტი: ამა თუ იმ სახელმწიფოს პოლიტიკურ-ადმინისტრაციულ და სხვა სახის რუკებზე საზღვრების არსებობა ჯერ კიდევ არ ნიშნავს იმას, რომ აღნიშნული საზღვრის სიზუსტე მომიჯნავე მხარეთა მიერ იურიდიულადაა დადასტურებული. სხვაგვარად რომ ვთქვათ, შეიძლება რუკაზე საზღვარს ათეული წლების მანძილზე ვხედავდეთ, მაგრამ სინამდვილეში ესაა საზღვრის ზოგადი მიმართულება, რომელიც შესაძლოა მხოლოდ პირობითი იყოს, ანუ ის დასაზუსტებელია და მხოლოდ ერთი მხარის – რუკის გამომცემელი სახელმწიფოს ხელისუფლების პოზიციას ასახავს.
დღეს საქართველოს სახელმწიფო საზღვრების საერთო სიგრძე, სასაზღვრო პოლიციის მონაცემების თანახმად, 2148 კილომეტრია, აქედან თურქეთთან – 275 კმ, სომხეთთან – 224 კმ, აზერბაიჯანთან – 446 კმ, რუსეთთან – 894 კმ. საზღვაო საზღვრის (სანაპირო ზოლის) სიგრძე – 309 კმ.
ეს, როგორც იტყვიან, შესავლის სახით.
ახლა კი უშუალოდ ვისაუბროთ იმ პრაქტიკულ საკითხებსა და პრობლემებზე, რომლებიც, საქართველოს საზღვრებზე შექმნილი გარეგნული სიმშვიდის მიუხედავად, მაინც არსებობენ – მართალია, "გარედან არ ჩანს”, თუმცა მხარეებს შორის საკმაოდ მნიშვნელოვანი უთანხმოების საფუძველია. გასაგებია, რომ ეს პროცესი ხანგრძლივია, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ბევრი მნიშვნელოვანი საკითხი საზოგადოებისთვის უცნობი რჩება. ასეთი ვითარება ხშირად მითქმა-მოთქმისა და ფაქტების დამახინჯება-ინტერპრეტირების საფუძველი ხდება.
ალბათ, გადაჭარბებული არ იქნება იმის თქმა, რომ სწორედ ამგვარი სიტუაციაა შექმნილი საქართველოს საზღვრებზე აზერბაიჯანთან და სომხეთთან (რუსეთთან, დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტისა და სხვა გასაგები მიზეზების გამო, სადელიმიტაციო პროცესი საერთოდ შეჩერებულია), თუმცა ამჯერად ჩვენ აზერბაიჯანთან არსებულ მდგომარეობაზე ვიმსჯელებთ.

დავა აზერბაიჯანთან: დავით გარეჯის პრობლემა

საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრების სადელიმიტაციო ორმხრივი სამთავრობოთაშორისო კომისია 1996 წელს ჩამოყალიბდა. მას შემდეგ თითქმის 15 წელი გავიდა, კომისიის ქართველმა და აზერბაიჯანელმა წევრებმა – როგორც დიპლომატებმა და სასაზღვრო დაცვის უწყების წარმომადგენლებმა, ასევე ექსპერტებმა საკმაოდ დიდი მუშაობა გასწიეს, დაზუსტდა საზღვრის თითქმის 65-70 პროცენტი (ანუ დაახლოებით 300-მდე კილომეტრი), მაგრამ ოთხიოდე წლის წინათ დელიმიტაციის პროცესში გადაულახავი ზღუდე აღიმართა. მკითხველი ალბათ, უკვე მიხვდა: საუბარია დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსზე.
საერთოდ, ტრადიციადაა ქცეული, რომ სადელიმიტაციო კომისიის სხდომების შედეგებზე მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში ვრცლად ძალიან იშვიათად საუბრობენ და მხოლოდ ზოგადი სიტყვებით შემოიფარგლებიან ხოლმე: სხდომა გაიმართა, განიხილეს საკითხები, დაზუსტდა მხარეთა პოზიციები, ექსპერტები დოკუმენტების შესწავლის მიზნით მუშაობას აგრძელებენ – აი, დაახლოებით ასეთია მასმედიაში გამოქვეყნებული მოკლე ცნობათა ძირითადი შინააარსი. თუმცა მოგვიანებით მაინც "ჟონავს” ინფორმაცია, რომ თურმე სხდომები დაძაბულად მიმდინარეობს, თურმე ქართულ და აზერბაიჯანულ მხარეებს შორის ერთგვარი გაუცხოებაც არსებობს და ოპტიმიზმის საფუძველიც საკმაოდ მყიფეა, წინსვლის ნაცვლად პროცესი გაყინულია.
სწორედ ამგვარი ვითარების დამადასტურებელია დავით გარეჯის პრობლემაც, რომელიც უკვე კარგა ხანია, გასცდა ერთობლივი კომისიის დავის ჩარჩოებს და ის გარკვეულწილად სახელმწიფოთაშორისო უთანხმოების ობიექტად გადაიქცა. პრობლემა განვლილი წლების მანძილზე ვერა და ვერ მოგვარდა. ბუნებრივია, არსებული უთანხმოება აისახა ქართულ და აზერბაიჯანულ პრესაშიც, რომლებშიც საკმაოდ ბევრი და თანაც მწვავე მასალა გამოქვეყნდა. რადგან ასეთ დროს ყველას მიაჩნია, რომ სიმართლე მის მხარესაა, შესაბამისად, ქართველებიც და აზერბაიჯანელებიც ერთმანეთის პოზიციებს მიკერძოებულად და ტენდენციურად თვლიან.
ვფიქრობთ, ინტერესმოკლებული არ იქნება, რომ აზერბაიჯანის გაზეთ "ზერკალო”-ში (24 სექტემბერი) გამოქვეყნებულ ერთ-ერთ მასალას გადავხედოთ: როგორც მასშია ნათქვამი, რაიმე განსაკუთრებული სახელმწიფოთაშორისო პრობლემები საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არ არსებობს, გარდა ერთისა: ესაა უდაბნოს (ჩობან-დაღის) მთაზე მდებარე შუა საუკუნეების სამონასტრო კომპლექსის და იმავდროულად სამხრეთ კავკასიის უმნიშვნელოვანესი კულტურული და რელიგიური ღირსშესანიშნაობის კუთვნილების პრობლემა. აზერბაიჯანელები მას თავიანთი წინაპრების – ქრისტიანი ალბანელების მემკვიდრეობად მიიჩნევენ და მას კეშიკჩს უწოდებენ, ქართველები კი – დავით გარეჯს. საზღვარი ზუსტად მთაზე გადის და სამონასტრო კომპლექსის ერთი ნაწილი, აზერბაიჯანელი მესაზღვრეების აზრით, მათ ტერიტორიაზე მდებარეობს.
საზღვრის ამ მონაკვეთის გამო დავა ქართველ და აზერბაიჯანელ დიპლომატებსა და მეცნიერებს შორის ათ წელზე მეტი ხნის წინათ დაიწყო… დავის მიზეზი შემდეგშია: ქართველი ექსპერტ-ისტორიკოსები დავით გარეჯს უძველეს ქართულ ქრისტიანულ-მართლმადიდებლურ ძეგლად მიიჩნევენ, თავის მხრივ, აზერბაიჯანელები თვლიან, რომ "კეშიკჩი” კავკასიელ ალბანელთა ქრისტიანული ეკლესიაა, თუმცა იქვე აღიარებენ, რომ მოგვიანებით ის საქართველოს ავტოკეფალური ეკლესიის დაქვემდებარებაში გადავიდა. როგორც "ზერკალო” წერს, ქართული მხარე აზერბაიჯანს ტერიტორიის გაცვლას სთავაზობდა, საზღვარი რომ უდაბნოს მთიდან უფრო სამხრეთით გადაწეულიყო, მაგრამ ბაქო ამგვარ წინადადებაზე არ დათანხმდა. თითქმის იგივე პოზიციებია დაფიქსირებული გაზეთ "ეხო”-შიც (16 ივლისი).
შეიძლება კითხვა დაიბადოს: მაინც რატომ არ თანხმდება აზერბაიჯანი საქართველოს წინადადებას? განა რა პრინციპს ეფუძნება ბაქოს პოზიცია?
საქმე ისაა, რომ აზერბაიჯანის მხარისათვის დავით გარეჯის პრობლემა ძალზე მნიშვნელოვანია და შეიძლება ითქვას, მტკივნეულიც: ჯერ ერთი, რომ აზერბაიჯანულ ისტორიოგრაფიაში გაბატონებული კონცეფციის თანახმად, თითქმის ყველა უძველესი ქრისტიანული ეკლესია-მონასტერი, რომელიც რესპუბლიკის ტერიტორიაზე მდებარეობს, მათ შორის – მთიან ყარაბაღშიც, ძირითადად ალბანური წარმოშობისაა (ორი ათასი წლის წინათ კავკასიის ალბანეთი, აზერბაიჯანელი ისტორიკოსების აზრით, გარდა საკუთრივ დღევანდელი აზერბაიჯანის ტერიტორიის დიდი ნაწილისა, მთიანი ყარაბაღის ჩათვლით, მოიცავდა ამჟამინდელი საქართველოს სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილსაც) და რადგანაც ალბანური კულტურის მემკვიდრე სწორედ აზერბაიჯანია, დავით გარეჯიც სწორედ მას ეკუთვნის.
შესაბამისად, თუ რომელიმე ძეგლის მიმართ გამონაკლისი იქნება დაშვებული და ბაქო უკან დაიხევს, ეს მთიანი ყარაბაღის საკითხში პრობლემებს შექმნის. ეს იმას ნიშნავს, რომ ხაზი გადაესმება აზერბაიჯანელ მეცნიერთა შრომის 70-წლიან ნაყოფს და რომ იმავწუთს სომეხი ისტორიკოსები შეტევას დაიწყებენ… შესაბამისად, აზერბაიჯანმა მტკიცედ უნდა დაიცვას თავისი კულტურული მემკვიდრეობა. ამ შემთხვევაში არავითარი ტერიტორიული გაცვლა არ დაიშვება, როგორც ამას საქართველო ითხოვდა.
მეორე მომენტი ამ დავაში, აზერბაიჯანელ მეცნიერთა აზრით, ისაა, რომ ისტორიული ძეგლი, პრინციპში, გადასაცემ-გადმოსაცემი და ვაჭრობა-გაცვლის საგანი არ უნდა იყოს: "ხომ გაქვთ თქვენ საქართველოში მე-12 საუკუნის დროინდელი განჯის კარი? ის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი კულტურული ძეგლია. შეიძლება, მისი უკან დაბრუნება ქართველებმა კეთილი ნებით გადაწყვიტონ, მაგრამ ჩვენ, აზერბაიჯანელებს, ამგვარი მოთხოვნის არც იურიდიული და არც მორალური უფლება არ გვაქვს”, – ამბობს ცნობილი ბაქოელი მეცნიერი ალტაი გიუშევი.
მოკლედ რომ ვთქვათ, ბაქოს გაზეთებში გამოქვეყნებული მასალების გაცნობის შემდეგ მთავარი დასკვნა ასეთია: "დავით გარეჯი აზერბაიჯანისაა, არავის არ დავუთმობთ და თუ ქართველებს ამ მონასტრის ნახვა და მოლოცვა სურთ, ამაში, რასაკვირველია, ხელი არ უნდა შევუშალოთ”.
ორ მეზობელს შორის არსებობს საზღვრის კიდევ სხვა შეუთანხმებელ-დასაზუსტებელი მონაკვეთებიც. გარდა ამისა, თავს იჩენს ხოლმე ბუნებრივი პროცესებით გამოწვეული არასასურველი მოვლენები, როგორიცაა, მაგალითად, სასაზღვრო მდინარის – ალაზანის ნაპირების ეროზია. ალაზანს რთული კონფიგურაცია აქვს და შესაბამისად, კალაპოტისა და ადგილობრივი პირობების გათვალისწინებით, მისი მარჯვენა – საქართველოს კუთვნილი ნაპირი ირეცხება და ინგრევა. რადგანაც, საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით, ამგვარ მდინარეებზე საზღვარი მდინარის კალაპოტის შუაში გადის, ამიტომ ეროზიული პროცესის კონტროლისა და ანალიზისათვის, აგრეთვე კალაპოტის მდგომარეობის შემოწმების მიზნით, აუცილებელია პერიოდულად გაზომვები და ნაპირსამაგრი სამუშაოები ჩატარდეს. ამისათვის, ცხადია, ორმხრივი შეთანხმება უნდა არსებობდეს, თუმცა, სამწუხაროდ, ჯერ-ჯერობით ამ საკითხზე მხარეები არ მოლაპარაკებულან.
როგორც ვხედავთ, საზღვრის დელიმიტაციის საკითხი გარემოს დაცვისა და ეკოლოგიის სფეროსაც უკავშირდება. მხარეთა მიერ ამ საკითხის მოწესრიგებაც აუცილებელია. მისასალმებელია, რომ ბოლო ხანს საზღვრის დაზუსტების პროცესის მიმდინარეობით (კონკრეტულად კი ალაზნის ნაპირებთან მიმართებით) საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციებიც დაინტერესდნენ.

"ბაქო ჩვენი მეგობარია, მაგრამ ჭეშმარიტება რომ უფრო ძვირფასია?”

ჯერ კიდევ ივლისის დასაწყისში აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ხალაფ ხალაფოვი დარწმუნებით აცხადებდა, სასაზღვრო შეთანხმებას საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ხელი უახლოეს დროში მოეწერებაო. ცოტა მოგვიანებით ეს იმედები განამტკიცა საქართველოში აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის ვიზიტმაც: ბუნებრივია, როცა ორი ლიდერი ერთმანეთს ძმობა-მეგობრობას ეფიცება, როცა საკითხი აზერბაიჯან-საქართველოს კონფედერაციის შექმნას ეხება, ამ დროს უკვე სასაზღვრო პრობლემების მოგვარების თაობაზე დაბრკოლებები, ბუნებრივია, უნდა მოხსნილიყო. თითქოსდა ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა საქართველო-აზერბაიჯანის ორმხრივი სადელიმიტაციო კომისიის რიგით მე-11 სხდომაც, რომელიც ამ ორიოდე კვირის წინ, 23-24 სექტემბერს ქალაქ ბელაქანში (ყოფილი ზაქათალის ოლქი, საინგილო) გაიმართა.
ქართული მხარის მიერ ინფორმაცია, როგორც ყოველთვის, იმედიანი გავრცელდა: მისი გაცნობისას მკითხველს ისეთი შთაბეჭდილება შეექმნება, რომ სახელმწიფო საზღვრების დელიმატაციის პროცესში რაიმე მნიშვნელოვანი ბარიერი მართლაც უკვე აღარ არსებობს.
რაც შეეხება აზერბაიჯანელების განცხადებას, ის საკმაოდ მშრალია, თუმცა მასში აშკარად არის მინიშნება, რომ მხარეები ზოგიერთ საკითხში ვერ შეთანხმდნენ. ესე იგი, როგორც ირკვევა, არც მთლად ისე "ლაითადაა” საქმე, როგორც ქართულმა მხარემ წარმოადგინა.
ასეთ საკმაოდ გაურკვეველ და ორაზროვან მდგომარეობაში "ცეცხლზე ნავთი დაასხა” გაზეთმა "ეხო”-მ (25 სექტემბერი), რომელშიც გამოქვეყნდა სტატია სათაურით "შეთანხმება ვერ მოხერხდა”: "არც ქართული და არც აზერბაიჯანული მხარისაგან პოლიტიკური თანხვედრა არ არის. ფაქტია, რომ სახელმწიფოებს ერთმანეთის სასარგებლოდ დათმობებზე წასვლა არ სურთ. შესაბამისად, სასაზღვრო საკითხი კიდევ დიდხანს იქნება განხილვის პროცესში. ასეთ სიტუაციაში ორივე მხარისათვის მისაღები გადაწყვეტილების მიღწევა ძალიან რთულია”, – ნათქვამია პუბლიკაციაში.
რა თქმა უნდა, ზუსტად ვერ ვიტყვით, თუ რა ხდებოდა ბელაქანში, მაგრამ მასმედიის მასალებზე დაყრდნობით შეიძლება ვივარაუდოთ, რომ სხდომა, ალბათ, საკმაოდ დაძაბულად მიმდინარეობდა. რადგანაც შეხვედრა, ფაქტიურად, უშედეგოდ დასრულდა, ეს ნიშნავს, რომ მხარეთა კონსულტაციები და დამატებითი საექსპერტო მოქმედებანი კიდევ რამდენიმე წელიწადს გაგრძელდება. ეს ნიშნავს, რომ საქართველოს მიჯნები აზერბაიჯანთან კვლავ დაუზუსტებელი იქნება.
ერთი რამ აშკარაა: ქართული საზოგადოებისა და საქართველოს ქრისტიანულ-მართლმადიდებლური ეკლესიის პოზიციის გათვალისწინებით, დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის საზღვრით გაყოფა დაუშვებელი იქნებოდა. მართალია, ოფიციალურად, სახელმწიფო დონეზე აზერბაიჯანი ამ რელიგიური ძეგლის გადაცემის პრეტენზიას არ გამოთქვამს, მაგრამ არც იმაზე თანხმდება, რომ საზღვარმა ძეგლის სამხრეთით გაიაროს. აზერბაიჯანელ მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ მთლიანად თუ არა, კომპლექსის რაღაც ნაწილი მათ ქვეყნის კონტროლქვეშ უნდა იყოს. თუ ბაქო კეშიკჩს მთლიანად საქართველოს დაუთმობს, ასეთ შემთხვევაში ქვეყნის ისტორიოგრაფია და კულტურული მემკვიდრეობის კონცეფცია უდიდეს დარტყმას მიიღებს.
როგორც ვხედავთ, შექმნილია საკმაოდ არასასიამოვნო და გაურკვეველი სიტუაცია, რომელიც, ფაქტობრივად დღეისათვის ჩიხშია შესული.
არისტოტელესა და პლატონის დავისა არ იყოს, მართალია, ბაქო ჩვენი მეგობარია, მაგრამ რა ვქნათ, როცა ჩვენთვის ჭეშმარიტება უფრო ძვირფასია?
სამწუხაროდ, ჩვენ ჯერ-ჯერობით იძულებული ვართ, შევეგუოთ ამგვარ ვითარებას.
რატომ? იმიტომ, რომ… რა დასამალია და საქართველო ხომ ენერგეტიკის სფეროში ძირითადად აზერბაიჯანზეა დამოკიდებული. ენერგოშემცველებს – ბუნებრივ გაზს, ნავთობს სწორედ აზერბაიჯანიდან ვიღებთ (როგორც ამბობენ, შეღავათიანი ფასებით).
ნუ დავივიწყებთ საქართველოს სატრანსპორტო კომუნიკაციებსაც, რომლებიც აზერბაიჯანთანაა დაკავშირებული და კვლავ ძირითადად ენერგოშემცველების გადაზიდვის ხარჯზე ღებულობს მოგებას. ალბათ, უპრიანი იქნება, ისიც დავაფიქსიროთ, რომ აზერბაიჯანი საქართველოზე ბევრად უფრო ძლიერია სამხედრო და ეკონომიკური თვალსაზრისით, რასაც ბუნებრივი რესურსებით სიმდიდრე განაპირობებს.
რა თქმა უნდა, ოფიციალურად აზერბაიჯანი საქართველოზე არავითარ ზეწოლას არ ახდენს (მეგობრებს შორის ზეწოლა რა მოსატანია!), მაგრამ ბაქოს დომინირება და პრინციპული პოზიცია შიგადაშიგ მაინც გამოვლინდება ხოლმე, გნებავთ, სასაზღვრო პრობლემების გადაწყვეტის დროს.

"პრო” და "კონტრა” კონსენსუსის მოლოდინში

აზერბაიჯანელი პოლიტოლოგები საზღვრების დელიმიტაციის პროცესის სამომავლოდ გადადებას გვთავაზობენ: მათი თვალსაზრისით, მთავარია, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანის სტრატეგიული ინტერესები ერთმანეთს ემთხვევა, არსებობს თანამშრომლობის ფართო არენა, საზღვრების დაზუსტება კი მოიცდის. დაუზუსტებელმა საზღვრებმა ჩვენ შორის სერიოზული დაძაბულობა არ უნდა გამოიწვიოს, მოლაპარაკება იმდენ ხანს უნდა გაგრძელდეს, რამდენიც საჭიროა კომპრომისული გადაწყვეტილების მისაღწევადო.
დავეთანხმოთ საქართველოს საზღვრების დელიმატაცია-დემარკაციის პროცესის გადადებას?
ოპტიმისტების მტკიცებით, ხომ ვცხოვრობდით 20 წელი დაუზუსტებელი საზღვრებით? ესე იგი, შეგვიძლია კიდევ ამდენივე და მეტიც მოვითმინოთ. გლობალიზაციისა და ინტეგრაციის პროცესების ფონზე საზღვრები ხომ ფაქტობრივად მაინც სიმბოლურ მნიშვნელობას იძენს. დადგება დრო და ჩვენთანაც ევროპული შენგენის ზონის კავკასიური ანალოგი გვექნება. ესაა ყველაზე იდეალური და ოპტიმალური გამოსავალი რეგიონში მშვიდობის დამყარების მიზნით.
პესიმისტები იტყვიან, რომ კავკასიური ინტეგრაცია საკმაოდ პრობლემატური საკითხია – ბევრჯერ იყო ამ საოცნებო მიზნის მიღწევის მცდელობები, მაგრამ ხელშემწყობთან შედარებით უფრო ბევრი ხელშემშლელი ფაქტორები არსებობს. სასაზღვრო-ტერიტორიული დავები, როგორც ჩანს, მომავალშიც გაგრძელდება. რეგიონში ტერიტორიული გადანაწილების პროცესი მიმდინარეობს. ასეთ ვითარებაში, თუ სახელმწიფო გქვია, საკუთარი საზღვრების დაზუსტება და დაცვა უნდა შეგეძლოს. სადაა ოქროს შუალედი? სადაა კონსენსუსი? ალბათ, სადღაც ახლოს, მაგრამ მის მისაღწევად მხარეებმა გონივრული, ერთმანეთისათვის მისაღები კომპრომისებით უნდა იმოქმედონ. ამავე დროს ცხადია, რომ კონსენსუსისათვის ორივე მხარის ხელმძღვანელთა მზადყოფნა და პოლიტიკური ნება უნდა არსებობდეს.

"რეზონანსი”

http://iberiana.wordpress.com/

კატეგორია: საქართველო | დაამატა: gi2gi
ნანახია: 208 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]