მთავარი » ფაილები » საქართველო

შიო არაგვისპირელის დაბადების დღისადმი („ადე, ჩამოვიდა“..)
2012-01-06, 0:32 AM

1867 წლის 4 (ახალი სტილით 16) დეკემბერს დაიბადა ცნობილი ქართველი მწერალი, შესანიშნავი ნოველისტი შიო ზაქარიას ძე დედაბრიშვილი, რომელსაც უფრო შიო არაგვისპირელის სახელით იცნობს ქართველი მკითხველი.

დაიბადა მღვდლის ოჯახში. 1877 წლიდან სწავლობდა ტფილისის სასულიერო სასწავლებელში, 1883 წლიდან კი სასულიერო სემინარიაში. გაიტაცა რევოლუციურმა იდეებმა, რის გამოც სემინარიიდან გამორიცხეს. ორი წლის მერე აღადგინეს და გააგრძელა სწავლა.

1889 წელს დაასრულა სემინარია და 1890 წელს პოლონეთში გაემგზავრა საბეითლო ინსტიტუტში სწავლის გასაგრძელებლად. 1893 წელს ქართველ სტუდენტებთან ერთად დაარსა „საქართველოს გათავისუფლების ლიგა". რის გამოც, იმპერიის ხელისუფლებამ მეგობრებთან ერთად დააპატიმრა. იჯდა ვარშავის, მერე კი ქუთაისის ციხეში. 1895 წელს დაასრულა სწავლა და დაიწყო მუშაობა.

მისი ნაწარმოებები იბეჭდებოდა 1880-იანი წლების ბოლოდან. ბევრი ხელნაწერი დაეკარგა დაპატიმრების დროს. შიო არაგვისპირელმა, ერთ-ერთმა პირველმა, შემოიტანა ქართულ მწერლობაში პროზაული ჟანრის მცირე ფორმები: ფსიქოლოგიური ნოველა, ესკიზი, ეტიუდი… მან გაამდიდრა ქართული მწერლობა…

შიო არაგვისპირელის დაბადების დღის აღსანიშნავად, მკითხველს ვთავაზობთ მის შესანიშნავ ფსიქოლოგიურ ნოველას „ადე, ჩამოვიდა!..", რომელშიც კარგადაა გადმოცემული გაჭირვებული, შიმშილისგან გატანჯული, ღატაკი ადამიანის ფიქრები… ნოველა დაწერილია 1893 წელს.

ადე, ჩამოვიდა!..

(ფსიქოლოგიური ეტიუდი)

გოგია მეწისქვილე გულ-ხელ დაკრებილი მივიდა წისქვილის ქვასთან და ალას კვირისტავებით მიეყრდნო. იმან გადახედა ქვის გარშემო სუფთად მოგვილ სახრილეს, მერე ალაში ჩაიხედა, რომელიც სახრილესავით სუფთად იყო მოგვილი და, უკმაყოფილოდ თავის ჩაქნევის შემდეგ, კრიჭას გაშტერებით დაუწყო მზერა. სულ ერთ წამს არ უმზერია ასე გაშტერებით, რომ გადაალაჯა და კრიჭას ძირიდან ხელი ამოჰკრა. კრიჭა მოხვდა ხვიმირს და ისეთი ხმა გამოიღო, რომ გოგია მიხვდა, ხვიმირში არა ყრია-რაო. სარეკი-კი, რომელიც კრიჭასთან უღლით იყო დაკავშირებული, ოდნავ შეთამაშდა და ქვაზე რაკრაკი დაიწყო. ხვიმირის ხმას მაინც არ ერწმუნა გოგია. ის შესდგა წისქვილის ქვაზე და შიგ ჩაიხედა, თანაც ხელი მიუს-მოუსვა შიგნიდან ხვიმირის გვერდებს და რადგან ხელში არა მოხვდა-რა, რამდენჯერმე მაგრად დაარტყა სილა, მაგრამ იმან მაინც ცარიელის ხმა ამოიღო…

"ფუი!..” – მწარედ გააფურთხა გოგიამ და უკანვე ძირს გადმოაბიჯა ფეხი.

დღეს რამდენჯერ გამოუჩხრეკია წისქვილის ყველა კუთხე, ძირი აღმა უქმნია, მაგრამ აგერ ეხლაც ისევ მიდის და სჩხრეკავს. მიიარ-მოიარა ყველა კუნჭული, გაჩხრიკა ყველა სამინდე კოდი, კასრი და ხოკრი; რამდენჯერმე გადააგორ-გადმოაგორა ლიტრიანები, მაგრამ კიდევ მაინც ვერ დაკმაყოფილდა. ის დაღრეჯილის სახით მივიდა წისქვილის ქვასთან და მოწყვეტით ალაზე ჩამოჯდა; ნიდაყვები მუხლებზე დააყრდნო და ორივე ხელი თავის დამძიმებულ თავს ბოძკინტად შეუყენა.

რას ეძებდა გოგია ასე მოუსვენრად?

ფქვილს, ფქვილს და ფქვილს!

გუშინ უკანასკნელი ნახევარი თეფში ფქვილი ხმიადად გამოაცხო და გუშინვე შეჭამა, დღეს-კი აგერ დაწანწალებს და აქა-იქ, სადაც წინად მრავლად იყო ფქვილი, დაეძებს, მაგრამ ყველა ის ადგილი, ყველა საფქვილე ავეჯეულობა დაწმენდილი და დარაკრაკებული ხვდება. "ერთი ბეწო მაინც იყოს სადმე!..” უსიტყვოდ იძახდა ყოველი გაჩხრეკის დროს, მაგრამ ეს "ერთი ბეწოც” არსად იყო, ფქვილის ნაალაგევიც აღარას ეტყობოდა…

- შე დალოცვილო, ღმერთო, ერთი კიდევ გამაგონე ჩემი წისქვილის გოგვის ხმა და მერე თუნდ!.. – ხმა-მაღლა წარმოსთქვა გოგიამ კარგა ხნის სიჩუმის შემდეგ და საფქვილე პირს გვერდზე შეხედა, საიდანაც თითქოს ამ სიტყვების შემდეგ, ელოდა, ფქვილი გადმოიფანტებაო, მაგრამ ქვა არ იძროდა და საფქვილეც შეუგანგლავი შესცქეროდა გოგიას. "ეჰ!” გულჩაწყვეტით ამოიოხრა, რაკი ფქვილი ვერ დაინახა და თავი ისევ-ისე ხელებს დააყრდნო და იატაკის პატარა ნახვრეტიდან ლურჯად ამომჭვრეტ ყინულს ჩაფიქრებით მზერა დაუწყო.

გარედან-კი მარქაფაზე გადამჩქეფი წყლის შუილი შემოისმოდა და გოგიას ათასგვარ ფიქრს უბადავდა თავში, წარსულს უღვიძებდა და აგონებდა იმ დროს, როდესაც მოცლა აღარც-კი ჰქონდა, რომ ცოტახანს შეესვენა და სული მოებრუნებინა, როდესაც იმის წისქვილის კარზე ურმების ჭრიალი იდგა და სავსე საცალოები შეჰქონდათ და გამოჰქონდათ.

გოგია თანდათან გაიტაცა ამ მოგონებამ და სულ დაავიწყდა ეხლანდელი დრო.

ესმის გოგიას, რომ დატვირთული ურემი ჭრიალით მოადგა კარს. აგერ, ტომრების შემოტანაც უშველა და მინდის აღება დაიწყო. მერე, რამოდენა მინდს იღებს?! თითქმის ერთი დიდი სიმინდის კასრი აავსო და გაბრწყინებული დასცქერის. იმის სიხარულს საზღვარი აღარ აქვს. უხარიან, რომ ამ ზამთრის საგძალი იშოვა. იმდენი ერგო მინდში, რომ ზაფხულამდის მიჰყვება ეს და ზაფხულში-კი, ღვთის მადლით, ახალი მოვა.

ხვიმირი კიდევაც აავსეს და ახლა ღარში წყლის მოგდება-ღა აკლია, რომ წისქვილმა მუშაობა დაიწყოს.

გოგიამ ღარის თავიდან ჩქარა აიღო ფიცრები და მარქაფას ჩაუწყო, რის შემდეგაც წყალი ღარისკენ გაქანდა და… და… ცოტა ხანიც და ბორბალმა წყალი ააქაფა, ააშფოთა და წვრილსა და მსხვილ მბრჭყვინავ წინწკლებს წისქვილის ქვეშ გაბმით ფანტვა დაუწყო. სარეკი წისქვილის ქვაზე არაკრაკდა, რის გამოც კრიჭა ინძრევა და ხორბალს, თითქოს სთვლისო, მარცვლობით ქვის ყელში ჰყრის. ქვა-კი გუგუნებს, გუგუნებს და ყოველ დაგუგუნებაზე საფქვილე პირიდან ბღუჯა-ბღუჯა ფქვილი გადმოდის და ალაში სრიალი ჩააქვს. ქვის გუგუნი, სარეკის რაკრაკი და წყლის შუილი ერთად ერთდებიან და ერთგვარი ხმა გამოისმის, რომელმაც გოგიას გულში განუსაზღვრელი სიხარული აღძრა. ღმერთო, რამდენი ხანია, რაც გოგიას ეს სანატრელი ხმა აღარ სმენია!.. ეხლა ასმინე და აგერ, როგორ აღტაცებით სულგანაბული უსმენს ამ ნეტარ ხმას, და აღტაცებისაგან თვალთ ცრემლი მოსდის…

- გოგია!.. – ამ დროს დასძახა ერთმა პარკ-აკიდებულმა შუა ხანში შესულმა კაცმა, რომელიც ის-ის იყო წისქვილში ხელების ფშვნეტით შემოვიდა და გოგიას თავს წაადგა.

- ჰა!.. საფქვავი მოიტანე?!

- ჰო!..

- გვიან მოგერგება ჯერი, სხვაგან წაიღე, ვერა ხედავ, რამოდენა საფქვავია აქ?! – დაბნეულად წამოიძახა გოგიამ და თავი ისე ჩაჰკიდა.

- რას ამბობ, კაცო, საფქვავი, აბა, სადა გაქვს?! – გაკვირვებით შეხედა გაყინულ წისქვილის ქვას და პარკი მოიხსნა.

- საფქვავი?! არ არის?! – გაკვირვებით დაეკითხა ახლად მოსულს და აქა-იქ თვალების ცეცება დაიწყო.

უეცრად შესწყდა სანატრელი ხმა წისქვილისა. აღარ ისმის სარეკის რაკრაკი და აღარც ქვის გუგუნი. გარედან მარტო მარქაფაზე წყლის შუილი-ღა შემოისმის.

- უჰ!.. – გულ-ჩაწყვეტით წამოიძახა გოგიამ, როცა დარწმუნდა, რომ ის სანატრელი ხმა, რომელიც სულ რამდენიმე წუთის წინად ესმოდა და აღტაცებაში მოჰყავდა, მოჩვენება იყო, და შმუშვნით წამოდგა.

- აბა, შენი ჭირიმე, გოგი, დროით დააბრუნე, თორემ შინ სახლობა სიმშილით მიწივის!

- ხორბალია? ჰა!.. სად გიშოვია?.. ზედიზედ დაეკითხა და პასუხს აღარ მოუცადა, ისე გავარდა გარედ და წყალი მარქაფაზე საჩქაროდ მოწყვიტა.

ახლად მოსულმა ხორბალი დააყარა და ქვამ ჩქარ-ჩქარი გუგუნი მორთო.

წეღან თუ მოჩვენება იყო, ეხლა ნამდვილია!.. ეხლა ნამდვილად ესმის გოგიას ეს სანატრელი ხმა. ღმერთმან უსმინა და აუსრულა თხოვნა: კიდევ გააგონა ტკბილი ხმა… ხომ აუსრულდა ნატვრა და მაშ, რაღად შესცქერის ასე დაღონებული და მობუზული მბრუნავ ქვას?

"შე დალოცვილო ღმერთო, ერთი კიდევ გამაგონე ჩემი წისქვილის ქვის გოგვის ხმა და მერე თუნდ…” ინატრა წეღან და, აჰა, აკი გააგონა!..

არა, შესცდა წეღან, ეხლა ნანობს, რომ მაგრე ინატრა და არა სხვანაირად. "წისქვილის ქვის გოგვის ხმის” გაგონება იმისთვის უნდოდა გოგიას, რომ მინდი აეღო და თავისი მოთხოვნილება დაეკმაყოფილებინა, სიმშილი მოეკლა. იმას უნდოდა ამ ნატვრით გამოეხატნა, რომ საფქვავი ბევრი მოვიდესო და არა მარტო ხმა გამაგონეო, თორემ "წისქვილის ქვის გოგვის” ხმის გაგონება რომ სდომებოდა, განა უსაფქვაოდ-კი ვერ მოუგდებდა წყალს და ქვას ხრიალს ვერ დააწყებინებდა?!

ვისი ბრალია?! როგორც ინატრა, ისე აუსრულდა. აკი ამისათვის ხმას არ იღებს და მარტო დაღონებული შესცქერის ფქვილს, რომელსაც ერთ მუჭასაც ვერ მოაკლებს: სირცხვილით როგორ სთხოვოს მინდი ნახევარ კოდ ხორბლის გამოფქვაში?! ღმერთი აღარ არის?! მაგრამ რა ქნას, რომ სიმშილი ძალას ატანს?!

ფქვილის დანახვაზე მუცელმა სულ კაკანი დაუწყო და სიმშილი უფრო გაუცხოველდა. გოგია ხმის ამოუღებლივ გატრიალდა და გარედ გავიდა, რომ ფქვილისთვის აღარ ეცქირნა. ხორბლის პატრონი-კი მხარ-თეძოზე წამოწოლილიყო და გაჩაღებული ბუხრისთვის ზურგი შეექცია. იმისი ღრმად ჩანაოჭებული შუბლი ამტკიცებდა, რომ არც ის იყო საამური ფიქრებით გატაცებული…

გოგია დაჩაგრული სახის გამომეტყველებით, მობუზული და გულ-ხელ-დაკრებილი წისქვილის კედელს აეტუზა. სითბო-გამოლეული მზის სხივებისაგან თვალებ-ჩაჭუტული უსიცოცხლოდ გასცქეროდა ალაზნის ველს, რომელსაც თეთრი ზეწარი გადაჰკროდა და ბზინვა გაჰქონდა.

- ღმერთო, გაზაფხული მაინც ჩქარა დადგეს!.. – წამოიძახა გოგიამ კარგა ხნის სიჩუმის შემდეგ და ალაზნის ველს აქეთ-იქით თვალი გადაავლო, თითქოს ელოდა, ეხლავე დადგება გაზაფხული და ველი ამწვანდებაო. მაგრამ მწვანე ვერსად დაინახა, ყველგან ბრწყინავი თოვლი დახვდა…

"ფქვილი, ფქვილი, ფქვილი!..” წისქვილის ქვა-კი ამას ჩასძახოდა ყურში ამ დროს და მადას უღვიძებდა.

- მეც მინდა ფქვილი, მაგრამ საიდან მოვიტანო?! – მწარის ღიმილით უპასუხა გოგიამ ქვას და თვალები დახუჭა.

"შედი შინ… შინ შედი, შინ, შინ!..” – ჩასჩურჩულებდა თავის მხრით ბორბალზე მჩქეფი წყალი.

წყალი და წისქვილის ქვა ერთად შეერთდნენ და განუწყვეტლივ ამას ეუბნებოდნენ: "შედი შინ, შინ, შინ! ფქვილი, ფქვილი, შედი შინ, შინ!.. სთხოვე ფქვილი, სთხოვე ფქვილი, ფქვილი!..”

გოგიამ ყოყმანი დაიწყო: უნდოდა შესულიყო და ფქვილი ეთხოვნა, მაგრამ რცხვენოდა…

- ეჰ, რაც უნდა გახდეს, ვსთხოვ!.. – ხელის ჩაქნევით გადაწყვეტით წარმოსთქვა, რაკი ქვა და წყალი თავისას არ იშლიდნენ, და შინ შევიდა.

ის თავს წაადგა ბუხრის პირას მწოლარეს და დაიწყო აკანკალებულის ხმით:

- შენი ჭირიმე, გეგე…

იმან თხოვნა აღარ დაათავა, რადგან დაინახა, რომ გეგეს ჩასძინებოდა და გულიანად ხვრინავდა.

უეცრად თავში სხვა აზრმა გაუელვა და ამის მიხედვით თეფშს ხელი წამოავლო და ალასთან მივიდა, რომ ფქვილი ამოეღო ჩუმად და ასე დაეხსნა თავისი თავი თხოვნისაგან.

ცალი ხელით თეფში ფქვილში წაურია და მეორით-კი კრიჭა შებერტყა, რომ უკანასკნელი მარცვლებიც ჩამოეყარა იქიდან.

- ეს რას მეყოფა?! – წამოიძახა იმან, როცა სავსე თეფშს დახედა, და ისევ შიგ მოაქცია… – ქურდობა გავწიო და ერთი თეფშისათვის!..

"ხა, ხა, ხა, ხა!.. სულ, სულ!..” – ჩასძახეს ამ დროს ქვამ და წყალმა.

- ჰო, სულ, სულ!.. მე-კი ადამიანის შვილი არა ვარ?!.. მშიერი ხომ არ მოვკვდები?!. – აღელვებით წამოიძახა და საჩქაროდ ნაჯახს ხელი წამოავლო.

"მოჰკალ, მოჰკალ, მოჰკალ!..” – ქვა და წყალი აქეზებდნენ თავიანთი ხმით და აბედვინებდნენ გოგიას მკვლელობას.

თვალებ-ანთებული და ნაჯახ-ამართული თავს წაადგა მძინარეს და ის-ის იყო უნდოდა ნაჯახი დაეკრა, რომ ამ დროს იდუმალმა ხმამ ჩასჩურჩულა ყურში: "აბა, შენი ჭირიმე, გოგი, დროით დააბრუნე, თორემ შინ სახლობა სიმშილით მიწივის!”

ამ ხმაზე გოგიას მკლავი მოუდუნდა და ნაჯახის მაგივრად ფეხი ოდნავ წაჰკრა თავში.

- ადე, ჩამოვიდა!.. – ფეხის წაკვრასთან ერთად აღელვებული ხმით დასძახა ზევიდან და საჩქაროდ გარედ გავარდა…


კატეგორია: საქართველო | დაამატა: gi2gi
ნანახია: 214 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]