საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საგარეო პოლიტიკა
2011-03-12, 8:31 PM
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საგარეო პოლიტიკა

ამასთან, კავკასიაში იკვეთებოდა დიდ სახელმწიფოთა აშკარა თუ ფარული ინტერესები, რაც მკაფიოდ აისახებოდა საქართველოს, აზერბაიჯანისა და სომხეთის პოლიტიკურ სვე-ბედზე.

საგარეო პოლიტიკის სფეროში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმთავრეს ამოცანას მისი სუვერენიტეტის საერთაშორისო ცნობა და აღიარება წარმოადგენდა. ხელისუფლების ძალისხმევაც ამ კუთხით წარიმართა. დამფუძნებელი კრება, საგარეო საქმეთა სამინისტრო, მისი დიპლომატიური წარმომადგენლობები უცხოეთში მიზანმიმართულად საქმიანობდნენ დასახული ამოცანის ხორცშესასხმელად.
პირველი სახელმწიფო, რომელთანაც საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ საერთაშორისო ურთიერთობა დაამყარა, კაიზერული გერმანია იყო. გერმანიამ იხსნა საქართველო თურქეთის ოკუპაციის საფრთხისაგან და ქართველ ხალხს შესაძლებლობა მისცა, აღედგინა 117 წლის წინ გაუქმებული ეროვნული სახელმწიფოებრიობა. 1918 წლის 28 მაისს ფოთში ხელმოწერილ იქნა გერმანია-საქართველოს ხელშეკრულება, რომელიც, ომის მდგომარეობიდან გამომდინარე, ორ ქვეყანას შორის სამხედრო, ფინანსურ და სავაჭრო პრობლემებს აწესრიგებდა.

დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის თანხმობით საქართველოში შემოვიდა ორი ბავარიული ათასეული, ხოლო თბილისში ბინა დაიდო გერმანიის სამხედრო-დიპლომატიურმა მისიამ გენერალ ფონ კრესის მეთაურობით. მალე ბერლინს ეწვია საქართველოს ოფიციალური დელეგაცია საგარეო საქმეთა მინისტრის ა. ჩხენკელის ხელმძღვანელობით. მომზადდა საქართველო-გერმანიის "სამეგობრო, ეკონომიკური და სამართლებრივი ხელშეკრულება.” მიღწეული შეთანხმებით, გერმანია ცნობდა და აღიარებდა საქართველოს სახელმწიფოებრივ დამოუკიდებლობას. ამ კურსს წინააღმდეგობა არც გერმანიის რაიხსტაგში შეხვედრია. საფუძველი ეყრებოდა პარტნიორულ ურთიერთობას, რომელიც ორივე ქვეყნისათვის მისაღებ და ხელსაყრელ პრინციპებს ეფუძნებოდა.

მართალია, ვილჰელმ მეორეს საქართველოსთან მიმართებაში საფუძვლიანი სტრატეგიული, ეკონომიკური და პოლიტიკური ინტერესები ამოძრავებდა, მაგრამ ეს ინტერესები არ ლახავდა საქართველოს სუვერენიტეტს, არ ეწინააღმდეგებოდა ქართველი ხალხის ეროვნულ მისწარაფებებს.

გერმანელები არ ჩარეულან საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საშინაო საქმეებში, მათ საქართველოს დამოუკიდებლობის გარანტობა იკისრეს და დანაპირები პატიოსნად შეასრულეს. როცა 1918 წლის ივნისში საქართველოს სამხრეთში თურქები შემოიჭრნენ, გერმანელმა ჯარისკაცებმა, ქართველთა მხარდამხარ, სიცოცხლეც შესწირეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვა-შენარჩუნებას. გერმანელებს უარი არ უთქვამთ საქართველოს ბუნებრივი და მატერიალური რესურსების გამოყენებაზე, მაგრამ ნაცვალგებითა და სათანადო ანაზღაურებით.

გერმანიის დიპლომატიურ წარმომადგენლობას საქართველოში გრაფი შულენბურგი ხელმძღვანელობდა. მოგვიანებით იგი ამ პოსტზე დოქტორმა რაუშერმა შეცვალა. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სრულუფლებიან ელჩად გერმანიაში ვ. ახმეტელაშვილი წარგზავნეს.
1918 წლის ივლისში თბილისში დაარსდა გერმანულ-ქართული კულტურული საზოგადოება, ჩამოყალიბდა გერმანულ-ქართული სავაჭრო პალატა, გერმანიის მთავრობამ ქართველი მოსწავლეებისათვის დააწესა რამდენიმე სტიპენდია. განიხილებოდა საქართველოსათვის 50 მილიონი მარკის სესხად გამოყოფის საკითხი, ჭიათურის მარგანეცის კონცესიისა და ფოთის პორტის ექსპლუატაციის პროექტები გერმანული ფირმებისა და კომპანიების მონაწილეობითა და სხვ. მაგრამ ამ საქმიან ურთიერთობას გაგრძელება არ ეწერა.

პირველ მსოფლიო ომში განცდილმა მარცხმა და 1918 წლის ნოემბერში ქვეყანაში განხორციელებულმა რევოლუციამ გერმანია იძულებული გახდა თავისი სამხედრო კონტიგენტი საქართველოდან გაეყვანა. მათ ნაცვლად სამხრეთ კავკასიაში შემოსული ბრიტანეთის არმიის სარდლობა შეეცადა ხელი შეეშალა გერმანელთა სამშობლოში დაბრუნებისათვის. ქართველობამ ყველაფერი გააკეთა, რათა თავის მოამაგე გერმანიის მხედრობას უვნებლად დაეტოვებინა რესპუბლიკის ფარგლები. საქართველოს მთავრობამ ღირსეულად გააცილა თბილისიდან მიმავალი გერმანული ეშელონები. საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის დაცვაში შეტანილი წვლილისათვის მრავალი გერმანელი ჯარისკაცი და ოფიცერი თამარ მეფის ორდენით იქნა დაჯილდოებული.

მართალია, გერმანიასა და საქართველოს შორის ინტენსიური სამხედრო და ეკონომიკური თანამშრომლობა ვეღარ განვითარდა, მაგრამ ორი ქვეყნის დიპლომატიური ურთიერთობა არ შეწყვეტილა. 1920 წლის სექტემბერში გერმანიამ საქართველოს სუვერენიტეტი დე იურედ აღიარა.
ურთიერთობა მეზობელ სახელმწიფოებთან


საქართველო და აზერბაიჯანი

ამიერკავკასიის სეიმის დაშლის შემდეგ აზერბაიჯანის სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობაც თბილისში გამოცხადდა. ახლად ჩამოყალიბებული რესპუბლიკის მთავრობა ფატალი ხან-ხოელის თავმჯდომარეობით გარკვეული დროით საქართველოს დედაქალაქში მოღვაწეობდა. შემდეგ იგი განჯაში გადავიდა, მოგვიანებით კი, ბაქოში დამკვიდრდა, რომლის ბოლშევიკთაგან განთავისუფლება მხოლოდ თურქეთის არმიის დახმარებით მოხერხდა. საქართველომ და აზერბაიჯანმა დე ფაქტო ცნეს ერთმანეთის სუვერენიტეტი. საქართველოს ოფიციალურ წარმომადგენლად აზერბაიჯანში ნ. ქარცივაძე დაინიშნა. სრულუფლებიანი ელჩის პოსტზე იგი ჯერ გ. მახარაძემ, შემდეგ კი, გ. ალშიბაიამ შეცვალეს. აზერბაიჯანის დიპლომატიური წარმომადგენლობა თბილისში მ. ჯაფაროვს ჰქონდა მინდობილი.

საქართველოსა და აზერბაიჯანის ურთიერთობის ხასიათზე საგარეო ფაქტორების გარდა (მსოფლიო ომი და მისგან გამომდინარე შედეგები), გავლენას ახდენდა რუსეთის მძიმე კოლონიური მემკვიდრეობა, სახელდობრ, ურთიერთგაუმიჯნავი და მოუწესრიგებელი საზღვრები. საზღვრების გამიჯვნას აზერბაიჯანის ხელისუფლება რელიგიური პრინციპით უდგებოდა და საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას ზაქათალის ოლქს, ასევე მუსლიმებით დასახლებულ ბორჩალოსა და ახალციხის მაზრების ნაწილს ეცილებოდა. ეს მიწა-წყალი ისტორიულად საქართველოს კუთვნილი იყო, მაგრამ ახლა მეზობელთა მხრიდან სადავო გამხდარიყო. სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის გამოცხადებისთანავე აზერბაიჯანმა ზაქათალის ტერიტორია სამხედრო ძალით დაიკავა და მთელ ოლქზე საკუთარი იურისდიქცია გაავრცელა. საქართველოს მთავრობის პროტესტს რეალური შედეგი არ მოჰყოლია, საინგილო ფაქტობრივად აზერბაიჯანის ხელში რჩებოდა.

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა სომხეთ-აზერბაიჯანსა და მთიელთა რესპუბლიკასთან მჭიდრო თანამშრომლობის, კავკასიის ეკონომიკური და სამხედრო-თავდაცვითი შეკავშირების კურსს ახორციელებდა. გეოსტრატეგიული ინტერესები, სამეურნეო და ეკონომიკური საჭიროებანი საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკებს ურთიერთდაახლოებისა და პარტნიორობისაკენ უბიძგებდა. ბაქოს ნავთობი საქართველოსთვის შეუცვლელი იყო, აზერბაიჯანისთვის კი საქართველო დასავლურ სამყაროსთან დამაკავშირებელ უმოკლეს გზას წარმოადგენდა. ამ გარემოებებს ორივე ქვეყანაში ანგარიში ეწეოდა. 1918 წლის დეკემბერში დაიდო ხელშეკრულება, რომელიც აზერბაჯანსა და საქართველოს შორის თავისუფალ – უბაჟო ტრანზიტს აწესებდა, 1920 წელს გაფორმებული შეთანხმება კი საქონლის ურთიერთგაცვლის პროცედურათა გამარტივებას ითვალისწინებდა.

მეტად მნიშვნელოვანი იყო აზერბაიჯანისა და საქართველოს თანამშრომლობა თავდაცვის სფეროში, რაც 1919 წლის ივნისში ამ სახელმწიფოთა სამხედრო ხელშეკრულებით დაგვირგვინდა.

ხელშეკრულების მოქმედების ვადად 3 წელი განისაზღვრა. ხელმომწერი მხარეები ვალდებულებას კისრულობდნენ, საგარეო საფრთხისა და აგრესიის შემთხვევაში თავიანთი შეიარაღებული ძალებით ერთად გამოსულიყვნენ ორივე რესპუბლიკის სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის ან ტერიტორიული ხელშეუხებლობის დასაცავად.

საქართველოსა და აზერბაიჯანის სამხედრო ხელშეკრულებამ დიდი მოწონება და მხარდაჭერა ჰპოვა ორივე ქვეყნის პოლიტიკურ სპექტრში. საქართველოს დამფუძნებელ კრებაში დოკუმენტი ერთხმად იქნა რატიფიცირებული, აზერბაიჯანის პარლამენტში კი მისი დამტკიცების წინააღმდეგ მხოლოდ ბოლშევიკები გამოვიდნენ.

ხელშეკრულების სპეციალური პუნქტი საქართველოსა და აზერბაიჯანის თავდაცვით კავშირთან შესაერთებლად ადგილს ტოვებდა სამხრეთ კავკასიის მესამე რესპუბლიკისთვისაც, მაგრამ სომხეთი ამ ალიანსს არ შეერთებია.

საქართველოს მთავრობის ინიციატივით, 1919 და 1920 წ.წ. აპრილში ორჯერ მოწვეულ იქნა კავკასიურ რესპუბლიკათა კონფერენცია. ტერიტორიულ პრობლემათა გარდა, განიხილებოდა ეკონომიკური, საგარეო პოლიტიკაში შეთანხმებული მოქმედების საკითხები და სხვ. აღსანიშნავია, რომ პარიზის სამშვიდობო კონფერენციაზე წარგზავნილი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკისა და აზერბაიჯანის ოფიციალური დელეგაციები პოულობდნენ საერთო ენას, ახერხებდნენ კონსტრუქციულ თანამშრომლობას, აქვეყნებდნენ ერთობლივ მიმართვებს, განცხადებებსა და სხვა დოკუმენტებს.

აზერბაიჯანისა და საქართველოს მთავრობებსა და საკანონმდებლო ორგანოებს შორის სრულად იყო დაცული დიპლომატიური ეტიკეტი. ისინი მისასალმებელ ადრესებსა თუ დეპეშებს ცვლიდნენ ერთმანეთში თითოეული რესპუბლიკის სახელმწიფოებრივი ცხოვრების მნიშვნელოვან მოვლენასა და ღირსახსოვარ თარიღთან დაკავშირებით.

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა მზად იყო მიეცა აზერბაიჯანისთვის ბათუმის ნავსადგურით თავისუფალი ტრანზიტის უფლება, მაგრამ მეზობელი სახელმწიფოს პოლიტიკური წრეები მეტს ესწრაფოდნენ, – თითქმის მთელ სამუსლიმანო საქართველოს უმიზნებდნენ და თავიანთი პრეტენზიების დაკმაყოფილებას მოკავშირეთა უმაღლესი საბჭოს ლონდონისა თუ სან-რემოს კონფერენციებზე ცდილობდნენ. ამასთან, ბათუმის ოლქში ჩამოყალიბებული აზერბაიჯანული ორგანიზაციები (საქველმოქმედო საზოგადოება და სხვ.) მოქმედებდნენ საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესების საზიანოდ, ადგილობრივ მაჰმადიან მოსახლეობაში ეწეოდნენ პანისლამისტურ აგიტაციას, ხელს უწყობდნენ სეპარატიზმის გაღვივებას. საქართველოს ხელისუფლება სახელმწიფოებრივი უსაფრთხოების დაცვის მიზნით გარკვეულ ღონისძიებებს მიმართავდა, მაგრამ სიტუაციის გამწვავებას აშკარად ერიდებოდა.

საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის მდგომარეობა მაინც დაიძაბა, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც 1920 წლის აპრილის ბოლოს ბაქოში საბჭოთა ხელისუფლების შექმნა გამოცხადდა და ქვეყანაში მთელ ძალაუფლებას ბოლშევიკები დაეპატრონენ. აზერბაიჯანის ტერიტორიაზე რუსეთის წითელი არმიის ინტერვენციისთვის რესპუბლიკის ხელისუფლებას დიდი წინააღმდეგობა არ გაუწევია. ბოლშევიკური პარტიისათვის მმართველობის გადაცემას მხარი დაუჭირა აზერბაიჯანის პარლამენტის წევრთა აბსოლუტურმა უმრავლესობამ. ასეთ ვითარებაში საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას აღარ მოეთხოვებოდა აზერბაიჯანთან თავდაცვითი ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დაცვა. ქართული სამხედრო შენაერთების აზერბაიჯანში გაგზავნისაგან საქართველოს მთავრობამ თავი შეიკავა. თბილისმა პოლიტიკური თავშესაფარი მისცა ბოლშევიკთაგან დევნილ აზერბაიჯანის დამხობილი ხელისუფლების წარმომადგენლებს, მაგრამ ვერ შეძლო დაეცვა საკუთარი მოქალაქეები გასაბჭოებულ ბაქოში. აზერბაიჯანის რევკომის განკარგულებით თითქმის სრული შემადგენლობით დააპატიმრეს საქართველოს დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელობა, დახვრიტეს აზერბაიჯანის არმიაში მომსახურე რამდენიმე ქართველი ოფიცერი, მათ შორის გენერალი ბ. მაყაშვილი და სხვ.

1920 წლის მაისის დამდეგს საბჭოთა აზერბაიჯანის საზღვრებიდან საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო ნაწილებმა გამოილაშქრეს. დემოკრატიულმა რესპუბლიკამ მოახერხა თავდაცვა და აგრესორი მოიგერია. იმის მიუხედავად, რომ ამ შეტაკებით ერთმანეთს რუსეთი და საქართველო დაუპირისპირდნენ, მათი დაზავების შემდეგ სამშვიდობო ხელშეკრულება აზერბაიჯანის საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკასა და საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას შორისაც დაიდო. ზავი 1920 წლის 12 ივნისს აღსტაფაში გაფორმდა.

აღსტაფის ხელშეკრულებამ მეტი სიცხადე შეიტანა საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრების გამიჯვნაში. საზღვარი ცარიზმის დროინდელ თბილისისა და განჯის გუბერნიების გამყოფ საადმინისტრაციო ხაზზე გაევლო, მაგრამ მხარეები კვლავ ვერ შეთანხმდნენ ზაქათალის ოლქზე. საკითხის გადაწყვეტა საარბიტრაჟო კომისიას მიენდო.
საქართველო და სომხეთი

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ხელისუფლება სახელმწიფო საზღვრების დადგენას ისტორიული, ეკონომიკური, სტრატეგიული და სხვ. პარამეტრებით მიუდგა. სომხეთის მმართველი წრეები კი ტერიტორიულ გამიჯვნას ეთნიკური და რეალური მოსახლეობის პრინციპით მოითხოვდნენ. სომხეთი საქართველოს ლორე-ბორჩალოს, ახალციხისა და ახალქალაქის მაზრებს ეცილებოდა. მასვე პრეტენზია ჰქონდა თბილისზე, გორზე, ბათუმსა და ბათუმის ოლქზე.

სადავო საკითხების გადასაწყვეტად საქართველოს მთავრობამ სომხური მხარე არაერთხელ მიიწვია კონფერენციაზე, სთავაზობდა, პრობლემები მოლაპარაკებათა გზით გადაეჭრათ, შეუთანხმებლობის შემთხვევაში კი მიემართათ საერთაშორისო არბიტრაჟისთვის. სომხეთის რესპუბლიკის მესვეურები საბოლოო პასუხს გაურბოდნენ, საქმის საგნობრივ განხილვას აჭიანურებდნენ, ხოლო, როცა მიიჩნიეს რომ, საამისო დრო დადგა, სადავო ტერიტორიების ხელში ჩაგდება იარაღის ძალით მოინდომეს.

1918 წლის შემოდგომაზე კავკასიაში გამარჯვებულ სახელმწიფოთა სახელით ბრიტანეთის ჯარები განლაგდნენ. რეგიონში ინგლისელთა გამოჩენამ აღაფრთოვანა სომხეთის რესპუბლიკის პოლიტიკური ლიდერები და ქვეყნის მმართველი დაშნაკთა სოციალისტური პარტია. სომეხ პოლიტიკოსებს ინგლისელები თავიანთ მოკავშირედ ესახებოდათ. ამ განწყობას აძლიერებდა სამხრეთ კავკასიაში შემოსული ბრიტანეთის არმიის სარდლობა, რომელიც მართლაც ამჟღავნებდა სიმპათიას სომხეთის მიმართ.

სომხებმაც არ დააყოვნეს და თუ აქამდე საქართველოს წინააღმდეგ ფარულ აგრესიასა და სომხურ პრესაში (მათ შორის თბილისურ სომხურ გაზეთებშიც) ანტიქართული სულისკვეთების სტატიების გამოქვეყნებას სჯერდებოდნენ, ახლა ღია საომარი მოქმედება წამოიწყეს.

ძალის პოზიციიდან სომხეთის მთავრობამ ლორეს მაზრაში ნიადაგი უფრო ადრეც, 1918 წლის ოქტომბერშიც მოსინჯა, მაგრამ როცა ქართული მხარის დიდ წინააღმდეგობას წააწყდა, უკან დაიხია და მომხდარი კონფლიქტი დასანან გაუგებრობად გაასაღა.

საქართველოზე გამოლაშქრების წინ სომხეთმა ზურგი გაიმაგრა მოხალისეთა არმიასთან გაფორმებული სამხედრო-პოლიტიკური შეთანხმებით. გენერალმა დენიკინმა არარატის რესპუბლიკას მხარდაჭერა აღუთქვა და დახმარებაც გაუწია.

1918 წლის 9 დეკემბერს სომხეთის რეგულარული შენაერთები ბორჩალოში შეიჭრნენ და რამდენიმე დღეში მნიშვნელოვან სტრატეგიულ პუნქტებს დაეუფლნენ. ერევანში შემუშავებული საერთო გეგმის თანახმად, სომხებით დასახლებულ მაზრის ზოგიერთ სოფელში, რომლებიც დაშნაკთა მიერ წინასწარ იყვნენ აღჭურვილნი იარაღითა და საბრძოლო მასალებით, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საწინააღმდეგო ამბოხებებიც დაიწყო. სომხურმა ქვედანაყოფებმა იერიში მიიტანეს ახალქალაქის მაზრის სოფლებზეც.

ინტერნაციონალიზმის ერთგულ საქართველოს სოციალ-დემოკრატიულ ხელისუფლებას, რომელიც 300 ათასამდე ლტოლვილ სომეხს თავის მიწა-წყალზე უანგაროდ ინახავდა, ვერ წარმოედგინა, რომ "მოძმე” სომხეთი საქართველოსთან ომს გააჩაღებდა. მაგრამ, როცა სომხეთის მთავრობამ ქართულ მხარეს თბილისის ჩათვლით ტერიტორიის დაცლა ულტიმატუმის ფორმით ოფიციალურად მოსთხოვა, ყველაფერს თავისი სახელი დაერქვა.

საქართველოს მთავრობამ 18 დეკემბერს მობილიზაცია გამოაცხადა და სახალხო გვარდიისა და ჯარის ნაწილები ფრონტის ხაზისკენ დაძრა. დაიწყო მოხალისეთა რაზმების შედგენაც. ქართველების მხარდამხარ მოხალისეთა რიგებში ერთიანდებოდა ბორჩალოს მაზრის აზერბაიჯანელი მოსახლეობაც. საბრძოლო ოპერაციებს ხელმძღვანელობდნენ გენერლები გ. მაზნიაშვილი, ს. ახმეტელაშვილი, ა. მაყაშვილი და სხვ. მალე ფრონტზე ქართველთა უპირატესობა გამოიკვეთა. შულავერთან გადამწყვეტ ბრძოლაში მოწინააღმდეგემ მიატოვა პოზიციები და უკან დაიხია.

მოკავშირეთა არმიის სარდლობამ მედიატორობა იკისრა. მისი შუამავლობით, 1918 წლის 31 დეკემბერს საომარი მოქმედებები შეწყვეტილ იქნა.

ომი დამთავრდა, მაგრამ საქართველოსა და სომხეთის ურთიერთობას ადრინდელი სიმწვავე არ დაკლებია. იარაღმა ვერ გადაჭრა მეზობელ სახელმწიფოთა წინააღმდეგობანი. მოგვიანებით სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ო. ქაჯაზნუნი აღნიშნავდა: "ომმა დაგვაფიქრა ბევრ რამეზე. … ვიბრძოდით იმ მეზობელთან, რომელთანაც ყველაზე მჭიდრო კონტაქტი უნდა გვქონოდა. ჩვენ ხომ საქართველოს მეშვეობით ვუკავშირდებოდით გარე სამყაროს. ჩვენ ამას ვგრძნობდით და გულწრფელად გვსურდა ქართველებთან მეგობრულად ცხოვრება, მაგრამ ვერ შევძელით. ამაში გარკვეული როლი საქართველოს მთავრობის პოზიციასთან ერთად, ითამაშა ჩვენმა უძლურებამ, ჩვენმა პოლიტიკურმა განუვითარებლობამ და სახელმწიფოებრივი მართვის უუნარობამ”.

1919 წლის 9-17 იანვარს თბილისში გაიმართა სომხეთ-საქართველოს კონფერენცია, რომლის მუშაობაში მოკავშირე სახელმწიფოთა წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ. მიღწეული შეთანხმებით, ბორჩალოს მაზრის სადავო ტერიტორია ლორეს ნეიტრალურ ზონად გამოცხადდა და დადგინდა მისი საზღვრები. საკითხის საბოლოო გადაწყვეტამდე, აქ მორიგეობით უნდა მდგარიყო ქართული და სომხური ჯარი.

საქართველოსა და სომხეთის მეორე კონფერენციაზე (1919 წლის 28 თებერვალი – 3 მარტი), ასევე მოკავშირეთა მონაწილეობით, მხარეთა შორის მოწესრიგდა დიპლომატიური ურთიერთობის, საგარეო ვაჭრობის, მოქალაქეთა მიმოსვლის, საკომუნიკაციო კავშირების აღდგენისა და სხვ. საკითხები. რაც შეეხება საზღვრების საკითხს, იგი კვლავ ღიად დარჩა, იმ იმედით, რომ მას პარიზის სამშვიდობო კონფერენცია გადაწყვეტდა.

1919 წლის 8 მარტს საქართველომ დე იურედ აღიარა სომხეთის რესპუბლიკა, 24 მარტს კი სომხეთმაც იურიდიულად ცნო საქართველოს სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტი. საქართველოს სრულუფლებინი წარმომადგენლის როლს სომხეთში ს. მდივანი ასრულებდა. სომხეთის დიპლომატიურ მისიას საქართველოში სათავეში ედგა ა. ჯამალიანი.

1919 წლის 3 ნოემბერს საქართველოსა და სომხეთს შორის თბილისში ორი ხელშეკრულება დაიდო. პირველი დოკუმენტი მხარეებს ყველა სადაო საკითხის ურთიერთშეთანხმებით ან არბიტრაჟის მეშვეობით გადაწყვეტას ავალდებულებდა, ხოლო მეორე მეზობელ რესპუბლიკებს შორის სამი წლის ვადით თავისუფალ ტრანზიტს ითვალისწინებდა. ორივე ხელშეკრულება რატიფიცირებულ იქნა, როგორც საქართველოს დამფუძნებელ კრებაში, ისე სომხეთის ხორვუდში (პარლამენტში).

გონივრული კომპრომისების გზით, შესაძლებელი იყო მოეგვარებინათ საზღვრებისა და ტერიტორიული გამიჯვნის პრობლემებიც, მაგრამ სომხეთის ხელისუფლება დათმობაზე არ მიდიოდა. სომხეთის რესპუბლიკის მესვეურებს მოკავშირე სახელმწიფოების გადაჭარბებული იმედი ჰქონდათ. დიდ მხარდაჭერას მოელოდნენ ისინი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ ვილსონისაგანაც (იმ დროს აქტიურად განიხილებოდა სომხეთზე აშშ მანდატის დაწესების საკითხი), რის გამოც მეზობლებს ანგარიშს აღარ უწევდნენ, პარიზის, ლონდონისა თუ სან-რემოს საერთაშორისო კონფერენციებზე თამამი მოთხოვნებით გამოდიოდნენ.

საქართველოსთან მიმართებაში სომხეთი არ კმაყოფილდებოდა მისთვის აღთქმული გარანტიით, დათმობოდა გასასვლელი შავ ზღვაზე. იგი ხან სომხეთ-საქართველოს საზღვრის მდინარე ჭოროხზე გავლების წინადადებას აყენებდა და ბათუმის ნავსადგურის ნაწილს მოითხოვდა, ხანაც სომხეთის ბათუმთან დამაკავშირებელი მომავალი სარკინიგზო ზოლის ექსტერიტორიულობასა და მის სრულ საკუთრებაში აღიარებას იჟინებდა. მეტს ვეღარც ქართული მხარე შეელია და შეთანხმებაც ვერ მოხერხდა. საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკასთან სომხეთის ტერიტორიული პრეტენზიების საერთაშორისო დონეზე გადაწყვეტის იმედი ამაო გამოდგა. სომხეთი მეზობელი ქვეყნებისაგან განმარტოებული დარჩა. მეტიც, საქართველოს შემდეგ მას სამხედრო კონფლიქტი აზერბაიჯანთანაც მოუხდა (1920 წლის გაზაფხული).თვითიზოლაციის დამღუპველი შედეგი არარატის რესპუბლიკამ მალევე იწვნია. როცა 1920 წლის ნოემბერში მუსტაფა-ქემალის არმია ყარსსა და ალექსანდროპოლში შეიჭრა, სომხეთს ფაქტობრივად არავინ გამოესარჩლა. განწირული მეზობლის დასაცავად ხელი არც საქართველოსა და აზერბაიჯანს გამოუღიათ. სომხეთს "შემწედ” მხოლოდ ბოლშევიკური რუსეთი მოევლინა. მოსკოვმა თურქთა აგრესია კი შეაჩერა, მაგრამ სომხეთის სახელმწიფოებრივ დამოუკიდებლობას ბოლო მოუღო და ეს ქვეყანა კრემლის მარიონეტ საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკად გადააქცია.
კატეგორია: საქართველო | დაამატა: gi2gi
ნანახია: 963 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]