მთავარი » ფაილები » საქართველო

"ზოგს დაუტოვეს ოქრო და ვერცხლი, ზოგს – ბორკილივით თავისუფლება..."
2012-04-22, 3:53 PM

ძალიან დიდხანს ვფიქრობდი, როგორ შეიძლებოდა დამეწყო სტატია მურმან ლებანიძეზე - პოეტზე, რომლის ლექსები და ამ ლექსებზე დაწერილი სიმღერები თითქმის ყველა ქართველმა ზეპირად იცის. ბოლოს, 2002 წლის „ლიტერატურულ საქათველოში" მასზე მურმან ჯგუბურიას მოკლე მოგონებას გადავაწყდი და დიდხანს არც მიფიქრია:

„ამ ამბავს, სამეგრელოში, ერთ ჭირის სუფრაზე მოვკარი ყური. თამადას, იქ წასულების სულის მოსახსენიებელი მოეთავებინა და აქ დარჩენილებს ადღეგრძელებდა.
"სად იყავი, სვიმო-პატენი, ამდენი ხანი რომ არ ჩანდითო" - ჰკითხა საუკუნეს მიტანებულ ბაბუაჩემს ერთმა შუახნის კაცმა.

"იქ ვიყავიო, - მიუგო ბაბუაჩემმა, - მაგრამ არ მიმიღეს და უკანვე გამომაბრუნესო"!
"იქ თუ იყავი, უეჭველად, მამაჩემს ნახავდიო", - ჩააჟინდა თანამესუფრე.
"არა, არ მინახავს, მამაშენი იქაც მომკვდარა და სხვაგან გადაუსვენებიათო".
ანუ: ვისაც შენისთანა მემკვიდრე დარჩა, იმას სხვა რა დაემართებოდაო. ეს თუ იგულისხმა.

ეს ამბავი მოვუყევი ერთხელ ბატონ მურმანს.

"სოკრატეს ან პლატონის პირით რომ თქმულიყო, ამ შეგონებას ქვეყანა დაიმახსოვრებდაო", - მითხრა ბატონმა მურმანმა და ჩაფიქრებულმა, სალექსო სტრიქონივით გამართული სიტყვა მოაყოლა:

"აქ ყველა ვკვდებით, მთავარია, იქ აღარ მოვკვდეთ!" დარდი ნუ გაქვს, ბატონო მურმან, შენი ლექსების პატრონს ხელმეორედ სიკვდილი არ უწერია."

მურმან ლებანიძე იმ რამდენიმე ქართველ პოეტს შორის იყო და არის, რომლის წიგნებიც მაღაზიების დახლებზე დიდხანს არ ჩერდებოდა. იმ პოეტთა შორისაცაა, რომელთა შემოქმედების საფუძვლიანად მცოდნეც კი დაბეჯითებით ვერ გეტყვით, რომელი მიმართულება სჭარბობს მათ ლირიკაში: პატრიოტული, სასიყვარულო, სალაღობო... 
რასაკვირველია, ამ სტატიას მურმან ლებანიძის უძირო პოეზიის მიმოხილვის, მით უმეტეს, ანალიზის პრეტენზია ვერ ექნება - იგი, უბრალოდ, გაგახსენებთ თანამედროვეობის ერთ-ერთ უდიდეს პოეტს, რომელსაც შარშან, ნოემბერში, 88 წელი შეუსრულდებოდა. 

„არ გაბედოთ ლაპარაკი თქვენ ჩემთან - ომზე!"

მურმანის ლექსებში ომის თემატიკას ერთ-ერთი გამორჩეული ადგილი უჭირავს. მარუხის უღელტეხილზე და ყუბანში იბრძოდა, სადაც დაიჭრა კიდეც. ფრონტის ხაზზეც კი ახერხებდა ლექსების წერას. მეტიც, სწორედ ფრონტზე დაწერილი ლექსების გამო მიიღეს მწერალთა კავშირის წევრად. ჭრილობები მთელი დარჩენილი სიცოცხლის განმავლობაში ტანჯავდა, თუმცა, მის ლექსებში თითქმის არ არის წუწუნი, უიმედობა და პესიმიზმი. 

ამ სტატიაში მურმან ლებანიძის ლექსებიდან სრულად მხოლოდ ერთი შეგხვდებათ. ისიც, მხოლოდ იმიტომ, რომ ეს ლექსი, რატომღაც, ჩაკარგულია მის შემოქმედებაში. ლექსი ათეული წლების წინაა დაწერილი და, თუ შეიძლება ასე ითქვას, ცოტა მკაცრად დაწერილიც შეიძლება მოგეჩვენოთ, მაგრამ გადმოიტანეთ დღევანდელ საქართველოში და მიხვდებით, რომ ეს ლექსი აქტუალობას არასოდეს დაკარგავს ქვეყანაში, სადაც ერთნი ბრძოლის ველზე ეცემიან და მეორენი კი მათ გმირობაზე ქირქილებენ (თუნდაც ბოლო ომის მაგალითზე).

რეპლიკა „ომგადახდილ კოლეგას"

თქვენ იცით ომი? ცრუობთ, ტყუით, არა ხართ კაცი!

იცით ფასადი; კი, ბატონო, - იცით ომი დიდკაცის ცოდნით - 

გულისგული არ იცით ომის...

თქვენ არ ყოფილხართ იმ ძველ ომში

არც ახალ ომში თქვენ არ წახვალთ -

ხელს არ გიწყობთ ასაკი, რანგი.

იქნება ომი, - მე არ ვგონებ, ერთ დღეს გათავდეს,

თქვენ მიგიწვევენ (ადრეც ბევრჯერ მიუწვევიხართ)

დივიზიის, კორპუსის შტაბში

ჯერ გაგიშლიან შიმშილობის კვალობაზე პურმარილს გვარიანს,

მერე გაგიყვანენ სადმე ახლოს, უსაფრთხო სანგარში,

მიწაყრილზე დაგიდებენ ცეცხლსასროლ იარაღს

იქნება ვინმე, ლესელიძის მაგივრად სხვა - 

და მერე, მცოდნეს, მომსწრეს კიდევ ერთი ომისას

სპეცთვითმფრინავით თბილისისკენ გამოგაფრენენ.

მე ვარ სალდათი - 

სამწუხაროდ, ძაღლის მძორ და ცხენისლეშნაჭამი -

არ გაბედოთ ლაპარაკი 

თქვენ ჩემთან - ომზე!!!

ასე, პირდაპირ იცოდა სათქმელის თქმა არამარტო ლექსში, ყოველდღიურ ცხოვრებაშიც. მის ამ თვისებას მტერი უფრო ბევრი შეუძენია მისთვის, ვიდრე მოყვარე, მაგრამ ამის გამო უკან არასოდეს იხევდა. 

სიყვარული და ამღერებული ლექსები 

ალბათ, არ არსებობს ზრდასრული ქართველი, რომელმაც მურმან ლებანიძის ლექსზე „გაზაფხული შემოსულა, ლენ!" დაწერილი სიმღერა თუ თავიდან ბოლომდე არა, ნაწილობრივ მაინც არ იცის. ისიც ბევრმა იცის, რომ ამ ლექსში ნახსენები „ლენ" მურმან ლებანიძის მეუღლე, ელენე ჭავჭავაძეა, რომლისადმი უდიდესი სიყვარული პოეტმა არაერთ ლექსში გამოხატა. 

ლეილა მეტრეველი წერს: „მძიმე ხვედრის მიუხედავად, ელენე ჭავჭავაძე ბედნიერი ცოლი მგონიაერთი მხრივ, იმიტომ, რომ ის მიზეზია არაერთი უმშვენიერესი ლექსის, მეორე მხრივ კი იმიტომ, რომ მან იცოდა, ვის გვერდით ცხოვრობდა და "ხალხს პოეტი შეუნარჩუნა”. იშვიათად თუ მოიძებნება ქალი, რომელიც საკუთარ შესაძლებლობებს _ ბოლო წვეთამდე _ ასე უშურველად ხარჯავდეს მეუღლეზე, თუნდაც ეს უკანასკნელი მურმან ლებანიძე იყოს. დარწმუნებული ვარ, ქალბატონი ლენას გარეშე მურმან ლებანიძე მურმან ლებანიძე ვერ იქნებოდა". რასაკვირველია, ამას ყველაზე უკეთ სწორედ მურმან ლებანიძე გრძნობდა და მეუღლეს განუმეორებელი ლექსებით ანებივრებდა. მის ბავშვობასაც კი, რომლის მომსწრე ვერაფრით ვერ იქნებოდა, უდიდესი სითბოთი ახსენებდა:

"ელენე – ლენა იყო,
მაგრამ უბღვერდი ყველას
და დიდი პაპა ნიკოც
ჯიუტად გეძახდა ლელას”.

მოგვიანებით კი, როცა ბევრი რამ შეიცვალა, მაგრამ არ შეიცვალა მათი სიყვარული, მურმან ლებანიძემ განუმეორებელი ლექსი მიუძღვნა თავის სიყვარულს და ორი შვილის დედას:

"ხელთ ერბო-კვერცხი მოგვიწვი,
სათვალით კერავ გობანს.
მე შენი სიმხნე რომ ვიცი,
იქმოდი ლელაობას.

მაგრამ ვერა ჰქმენ, ცხადია, 
ქმარ-შვილსღა შეგვრჩი, ლელავ,
შენ ჩემო ცოლო, გადიავ,
დაო, ძმაო და ყველავ!”

მურმან ლებანიძის და ელენე ჭავჭავაძის თანაცხოვრება ია-ვარდით მოფენილი არ ყოფილა. ამას ელენე ჭავჭავაძის მოგონებებიც ადასტურებს:

"... ხუდადოვის ტუბდისპანსერიდან გამოწერილი მურმანი მესამე დღეს აბასთუმანში გავაგზავნე. მაგრამ თბილისში რა გამაჩერებდა! ჯერ ერთი, ბავშვებს გაზრდა სჭირდებოდათ, მე კი არავითარი სახსარი აღარ გამაჩნდა. მოვკიდე ხელი ზაზას და ფიქრიას და ბორჯომში წავედი. იქ მაშინ რაიკომის მდივნად ჯიბო ლომაშვილი მუშაობდა. მივედი და ავუხსენი ჩემი გამოუვალი მდგომარეობა. ყურადღებით მომისმინა. შეწუხდა. სადღაც დარეკა.... პატარა ცემის სკოლა–სანატორიუმში პედაგოგად გამამწესეს. იცით, ეს ჩემთვის რამხელა ამბავი იყო? ბევრი კი არა, რაღაც სამასი მანეთი ხელფასი მქონდა, მაგრამ იმედისთვის ესეც კმაროდა... 

პატარა ცემელებმა გამაფრთხილეს, აქ ნაადრევი და ცივი ზამთარი იცის, შეშას თავის დროზე თუ არ მოიმარაგებ, გაგიჭირდებათო. შეშის საყიდელი ფული მართლა არ მქონდა. ჰოდა, რა უნდა მექნა? რვა თუ ცხრა წლის ზაზა ვაჟკაცივით მედგა მხარში. დავდიოდით ტყეში და ვეზიდებოდით პატარ–პატარა გუდურებს. ის ზამთარი, როგორც იქნა, გადავაგორეთ... 

პროდუქტებისთვის ბორჯომში ჩავდიოდი. ზაფხულში კიდევ არაფერი, ზამთარში მიჭირდა! ორი კილომეტრი, დარსა თუ ავდარში ფეხით უნდა გამევლო. მდინარე ბორჯომულაზე მაშინ ხიდი არ იყო. ბევრჯერ ჩამმტვრევია ყინული და შინ თავით ფეხებამდე გალუმპულ–გათოშილი დავბრუნებულვარ. გავწამდი, ასთმა დამემართა. 

გული მაინც საგულეს მქონდა – შვილები გვერდით მყავდნენ. დროდადრო მურმანიც ამოგვაკითხავდა ხოლმე..." სხვათა შორის, მურმან ლებანიძის გარდაცვალების შემდეგ ელენე ჭავჭავაძესაც არ უცოცხლია დიდხანს...

„ჩემო თვალნათელო, ჩემო ფრთანათელო..."

მურმან ლებანიძის ლექსში, „გაზაფხული შემოსულა, ლენ!" ნახსენები „მკვირცხლი ბიჭი" - ზაზა ლებანიძეა, ხოლო „ოდესმე დიდი ყოფილა საქართველო" - კიდევ ერთი, ამღერებული და ვერდავიწყებული ლექსი-სიმღერა პოეტმა ქალიშვილს, ფიქრიას მიუძღვნა. 

მურმანისა და ფიქრიას მამაშვილობა განსაკუთრებული იყო. მოსკოვში, როცა მურმან ლებანიძე, უკვე მერამდენედ, სამკურნალოდ იყო წასული, ფიქრია უდიდესი სითბოთი და სიყვარულით სავსე წერილებს უგზავნიდა. იმ დროს თვითონ პოეტი იგონებდა მოგვიანებით, თუმცა, ამ მოგონებებში თითქოს სიკვდილსაც დასცინოდა, თავის ავადმყოფობას აბუჩად იგდებდა და ყურადღება შვილზე გადაჰქონდა: 

"ჩემი ფიქრია მე ბებერ მგელს – აკელას მეძახდა, – გასაგებია, რომ "მაუგლის" მიხედვით. ჩემი მორიგი სიკვდილის წინ (სიკვდილი არც ამჯერად შედგა!) თბილისიდან წერილი მომწერა დიდ ქალაქში, საიდანაც, გამორიცხული არ იყო, თუთიის დახუფული ყუთით ჩამოსატანი გავმხდარიყავი სამშობლოში... 

"ჩემო საყვარელო აკელა! – მწერდა ფიქრია, – შერხანი ჯერაც დააბოტებს ჯუნგლებში... ასე რომ, ჯერ კიდევ ბევრი ბრძოლა გაქვს მოსაგები! ახლა ძალიან გვიანია... მალე გათენდება... ზაზას სძინავს, ბებიასაც.. ჩვენ კარგად ვიქნებით, თუ... 

გიკოცნი რბილ და თბილ ხელებს და... ფერფლისფერ თმებს. გკოცნი, გეხვევი, გეფერები. აბა, შენ იცი! იცოდე, ძალიან გვჭირდები! მაუგლი" 

სიცოცხლის მიწურულს პოეტს უდიდესი ტრაგედია დაატყდა თავს: ფიქრია გარდაიცვალა. ელგუჯა ლებანიძე წერს: 

"... ქრონიკული უფულობით გატანჯულმა ოჯახმა უკანასკნელი გროშები მოაგროვა და ავადმყოფი მოსკოვში გადააფრინა. იმედი დიდი არ იყო, მაგრამ, იქნებ სასწაული მომხდარიყო? 

სამწუხაროდ, სასწაული არ მოხდა. შუაღამისას სასტუმროში რეკავს ტელეფონი და ავი წინათგრძნობით გატანჯულ მამას მოსკოვის ჰაერივით უსაშველოდ ცივი ხმით ცხელ ტყვიასავით მიახლიან: „თქვენი ქალიშვილი გარდაიცვალა!" 

აი, ასე - უბრალოდ და შემზარავად – „თქვენი ქალიშვილი გარდაიცვალა!": არც თანაგრძნობა, არც წუხილი... 

"რა უნდა ვუთხრა მშობლებს?" – ვფიქრობდი სამძიმარზე მიმავალი. დედამიწის ზურგზე აკი ჯერ არავის მოუგონია სიტყვები, რომლებიც ოდნავ მაინც გაანელებს უზომო მწუხარებას. აკი მურმანიც ბრძანებს: " არ არის სიტყვა, არ არის სიტყვა, სამძიმრად რომელიც ითქმის". ისევ მურმანმა მიშველა: 

– აღარაფერი მითხრა! – და ხელის აწევით შემაჩერა..." 

ფიქრიაც საოცრად ლამაზ ლექსებს წერდა და შვილის გარდაცვალების შემდეგ მამამ მისი კრებული გამოსცა... ეს ფიქრიას ერთი ლექსის ფრაგმენტია:

"გვედგა – სისხლისფერი ღვინო 
სტუმრად – ვაჟიკაცი მეჯდა, 
ვსვამდი – ჩემს სტუმრებთან ერთად, 
ქარი კარ – ფანჯარას გლეჯდა... 
გული – საწყალობლად ძგერდა 
გარეთ – თებერვალი ყეფდა..." 

აუხდენელი წინასწარმეტყველება

ცალკე საუბრის თემაა მურმან ლებანიძის ლექსები გალაკტიონზე და, საერთოდ, მათი დამოკიდებულება ერთმანეთთან. რასაკვირველია, მურმან ლებანიძისა და გალაკტიონის ერთად ხსენების დროს ყველას ის ლექსი ამოგვიტივტივდება მეხსიერებიდან, რომელშიც მურმანმა აღწერა, როგორ სთხოვა ერთხელ გალაკტიონს, მეორე პოეტი დაგვისახელეო და პოეზიის მეფემ კი ჭინკებავსებული თვალებით იკითხა - „საქართველოში?" 

სწორედ ამ და გალაკტიონზე დაწერილი სხვა ლექსების გამო მიენიჭა მურმან ლებანიძეს გალაკტიონ ტაბიძის სახელობის პრემია, რომელიც მისთვის უძვირფასესი ჯილდო იყო, ამიტომ, მის სხვა პრემიებს და ტიტულებს აქ აღარ ჩამოვთვლით. 

ბოლოს კი, ერთ ლექსში ნახსენები პოეტის წინასწარმეტყველება, რომელიც, სამწუხაროდ, აუხდენელი დარჩა: „შენთან, შენთან, გალაკტიონ, შენთან მოვალ მალე!" - რაც ეკუთვნოდა, ის კი წამოსცდა, მაგრამ...

მურმან ლებანიძე დიდუბის პანთეონშია დაკრძალული, მაშინ როცა მთაწმინდაზე უამრავი ისეთი განისვენებს, რომელთა ადგილი არათუ მამადავითზე, არამედ... მაგრამ ამაზე სხვა დროს...

კატეგორია: საქართველო | დაამატა: gi2gi
ნანახია: 8730 | რამოტვირთვები: 0 | კომენტარი: 13 | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]