ფიროსმანი – “მეეზოვე”
2011-04-05, 10:27 PM

მეეზოვემეეზოვე

მეეზოვე რიყეში, ზაქარია ჩიქოვანის სახლის სარდაფში მოთავსებულ სასადილოში, რომელსაც ერქვა ,,ბოლო კეთილი” და ეკუთვნოდა ორ ძმას აბუაშვილს, ნიკალამ დახატა ყველასავის ცნობილი წვერებაბურძგნილი, თეფშის ტოლა მედალჩამოკიდული ,,დვორნიკი” (მეეზოვე), ეს ხომ მირზოევის ქარვასლის მეეზოვე, იეზიდი რაშიდ ადამოვია. გადმოცემით მარგარიტას სიყვარულის დაკარგვის შემდეგ ფიროსმანისთვის ცხოვრებამ დაჰკარგა ფასი. ამ მეეზოვემ შეიკედლა კიბის ქვეშ, ერთ ბეწო ოთახში. მეეზოვის ნაწყალობებ კიბის ქვეშ მდებარე სათავსოში შეყუჟული, დროს ებრძოდა, ხატავდა და ხატავდა.

ერთ დღეს მარგარიტასთან მისულ ნიკოს მეკარემ წერილი შეაჩეჩა ხელში. მარგარიტა წასულიყო, ნიკოს დახატული სურათი დაეტოვებინა და სამუდამოდ ემშვიდობებოდა. გაოგნებული და დარეტიანებული ნიკო დუქანში შევიდა მეგობრებთან. ღამე იქ გაათია, მერე სურათი აიღო და წავიდა. ერთი სახლის კიბეზე ჩამოჯდა გულდათუთქული. ფიქრებში გართულს თავზე მეეზოვე წამოადგა. კეთილმა, ყურადღებიანმა მეეზოვემ ნიკოს ამბავი დაწვრილებით მოაყოლა, შეეცოდა უსახლკარო, უსასხრო, იმედგაცრუებული ადამიანი და თავშესაფარი კიბის ქვეშ, ხელსაწყოების ფარდულში შესთავაზა. საჭმელიც თვითონ მიჰქონდა. შვილივით უვლიდა. რამოდენიმე ხანი ნიკო ამ ქვეყანას არ იყო, მაგრამ მერე ცოტა მოიხედა. ერთ დღეს, როცა მეეზოვემ საჭმელი მიუკითხა, ნიკომ მისი სურათი დაახვედრა. მეეზოვის აღტაცებას საზღვარი არ ჰქონდა, გულში იხუტებდა სურათს და გაიძახოდა: არა, ნამდვილად მე ვარ, ნახე, როგორ მგავსო.

**************************************************************

ქურთი მეეზოვე, რომელიც ფიროსმანმა დახატა, სწორედ იმ ეზოს გვიდა, სადაც ნიკალა ცხოვრობდა. სულ საღებავებით ყოფილა მოსვრილი, ხელებიც მუდამ დათხუპნული ჰქონია და ტანსაცმელიც, რადგანაც ფინჯის გასაწმენდად ქსოვილის ნაჭერი არ მოეპოვებოდა და ტანსაცმელზე იწმენდდა ხელებსაც და ფუნჯსაც.

ეთერ კაკალაშვილის მოგონება ფიროსმანზე

************************************************************************************

მაყურებელმა რომ უფრო ახლოს დაინახოს გმირი, ფიროსმანი თავიდან იშორებს ყველაფერ ზედმეტს. ისევე როგორც მის ნახატებში "მზარეული”, "მუშები”, "ორთაჭალელი ტურფები”, "ლომი”, "მეეზოვე” წარმოდგენილია გაშიშვლებულ ატმოსფეროში.

ფიროსმანის ხატვის სტილი, წარმოგვიდგინოს თავისი პერსონაჟები შიშველ სცენაზე, შესაძლოა შევადაროთ თეატრალურ წარმოდგენას, რომელშიც მსახიობები ითამაშებდნენ დეკორაციების გარეშე. როგორც თეატრალურ წარმოდგენაში, ასევე ნახატზე, ამ შემთხვევაში ერთი მიზანია: მაყურებლის ყურადღების გამახვილება პერსონაჟზე ან მსახიობზე.

მეეზოვის ზურგს უკან ჩვენ ვერ ვხედავთ არც ეზოს, არც სახლს, არც ნაგავის გროვას, არც დაცვენილ ფოთლებს, არც ცოცხს. მრავალფეროვანი დეკორაციების და გრიმების საშუალებით გაადვილებულია მსახიობის ამოცანა. უნიღბოდ, შიშველ სცენაზე თამაშისათვის საჭიროა სახის შინაგანი ხედვის დიდი ინტენსიურობა. ამის გარეშე იქნება მხოლოდ ცარიელი სიტყვები. ფიროსმანი ირჩევს სწორედ ამ რთულ გზას.

მეეზოვის ფეხებს ქვეშ ერთი მუჭა რუხი მიწაა დაყრილი. თუ კარგად დავაკვირდებით, შესაძლოა გამოვარჩიოთ ფიცრის იატაკი, რომელზედაც დგას მეეზოვე. ხოლო მეეზოვის უკან თეთრი ფონი – კედელია.

მაგრამ ამ შემთხვევაში ფიროსმანი ნამდვილი ილუზიონისტია: კედელი მთლიანად იხსნება, იღება. ხოლო კედლისა და იატაკის გამყოფი ხაზი აღიქმება როგორც ჰორიზონტის ხაზი. კონკრეტული რეალობიდან ჰორიზონტზე მიმავალი გზა ისეთი სიმსუბუქითაა შესრულებული რომ სუნთქვა შეგეკვრება.

ფიროსმანი ხშირად იყენებს კონტრასტულ ფერებს. "მეეზოვე”-ში ძირითად ფერად ფიროსმანმა გამოიყვანა იისფერი. მხატვარი იისფერს ხშირად არ ხმარობს. ამიტომ ნახატსაც განსაკუთრებული კოლორიტი შეურჩია.

სურათზე არ არის მინიშნებული წელიწადის დრო. სიცივეზე მიგვითითებს სახის ფერი, აგრეთვე ხელების რუხი-იისფერი გაშეშება. ხელის იისფერი თითები უფრო მარცხენა ხელის იისფერი თითები იპყრობს ყურადღებას. თითები შეკუმშულია სიცივისაგან, რომ გაყინული თითის წვერები ხელისგულებით გათბეს.

მეეზოვეს უხეში, სქელი მაუდის შავი ლაბადა აცვია. ხელთათმანები არ უკეთია, შესაძლოა იგი არ შედიოდა მეეზოვის ფორმაში, ან საერთოდ მოუხერხებელია ყოველდღიური მუშაობისას.

სიცივეზე მიგვანიშნებს სურათის საერთო კოლორიტიც. სახეზე და ხელებზე რუხი-იასამნისფერი ადევს. იატაკზე ერთმანეთში დინამიურად გადადის ნათელი და ბნელი ლაქები, ჩრდილების ზოლები.

ფიროსმანი შუქჩრდილებს იშვიათად მიმართავს. ეს სურათი გამონაკლისია. ჩრდილი აქვს ხელჯოხს და მეეზოვის ფეხებს, მათი ჩრდილები ერთდება და ქმნის ერთიან ჩრდილს.

ნახატზე დიდი ადგილი უკავია შავ ფერს. შავია პალტო, მეეზოვის ხელჯოხი, თვალები. მორუხო-შავი ფერისაა ჩრდილები.

მეეზოვე თავისი ასაკის გამო იძულებულია დაეყრდნოს მსხვილ ხელჯოხს, რომ მყარად იგრძნოს თავი მიწაზე, რომელიც ფეხქვეშ უსხლტება. ხელჯოხი წარმოადგენს არამარტო ფიზიკური წონასწორობის წყაროს, არამედ მასში ხდება ფერის კონცენტრირება. მასში დალექილია მთელი სურათის სიშავე, განსაკუთრებით იატაკის სიშავის. ხელჯოხი კვერთხის, არგანის სიმბოლოა, რომლითაც დადიან განდეგილი გიორგი და ფიროსმანის სამყაროს სხვა მომლოცველები. მეორეს მხრივ, ეს ის ხელჯოხია, რომლითაც წისქვილის ზღურბლთან დგას მოხუცი მეწისქვილე.

რადგანაც ცოცხის მაგივრად მეეზოვეს ხელში ხელჯოხი უკავია, ეს მიგვანიშნებს მხატვრის მისწრაფებას, გამოხატოს უფრო განზოგადებული სახე.

ფიროსმანის ნახატების ფონი უპირატესად ერთფეროვანია, ან უკეთეს შემთხვევაში – ორფეროვანი. მაგრამ ცალკეულ სურათებზე მხატვარი ახდენს ფონის ზუსტ, ნაზ მოდელირებას. ასეთი რამ გვხვდება განწყობითი ხასიათის ნახატებზე. სწორედ ასეთს განეკუთვნება "მეეზოვე”. იისფერისა და თეთრის შეხამება მიგვანიშნებს სურათზე ცივ სითბოს ატმოსფეროზე. ისევე როგორც ზამთრის დილის კვამლი, ასეთი ცივი სითბო ახვევია გარს მეეზოვეს.

მნიშვნელოვანია ფერების კონტრასტები. მეეზოვის თეთრი წინსაფრის კონტრასტი მოთეთრო-მოშავო ფონთან. წინსაფრის სითეთრე ცივია. თეთრი ფონი კი შედარებით თბილი. ასე რომ მეეზოვის ფიგურა თითქოს ცივ წინსაფარსა და შედარებით თბილ ფონს შუა არის მოქცეული.

თეთრი ფერი სულიერი სიწმინდის ფერია. მაგრამ სხვადასხვა კონტექსტში იგი სხვადასხვა შინაარსს იძენს. ერთია – ორთაჭალის ტურფას სითეთრე, მეორეა – მეეზოვის.

მეეზოვის შემთხვევაში იგი მიგვანიშნებს მის ხანგრძლივ, სინდისიან და სუფთა ცხოვრებას. ადამიანი, რომელიც იბრძვის ჭუჭყთან და ნაგავთან, წინსაფარი თითქოს თეთრ ფარს, ჯავშანს წარმოადგენს. თეთრ წინსაფარში ჩაქსოვილია ამ ცხოვრების რწმენა, სიმამაცე და ღირსება. თითქოს თავიდან იშორებს ამ ცხოვრების ნაგავს. აღსანიშნავია წინსაფრის ერთი მნიშვნელოვანი თავისებურება: მისი თეთრი სივრცე შემოსაზღვრულია უწყვეტი შავი კონტურის ხაზით. ამით ხაზგასმულია მოცემული სივრცის ხელშეუხებლობა, სისრულე და მთლიანობა.

ცხადია, მეეზოვე არ გახლავთ ანგელოზი, რომელსაც გაფრენისთვის მხოლოდ ფრთებიღა აკლია. მის მძიმე ცხოვრებაში ყოფილა ყველაფერი. ახლა მას შეუძლია აზრობრივად დაიჭიროს განვლილ გზაზე ყველაზე მნიშვნელოვანი  - ნამდვილი ადამიანურობის ის ნაწილაკები, რომლებთანაც ქონია შეხება, ან წარმოუსახავს აზრობრივად. ერთფეროვან დღეთა გრძელ ჯაჭვში ყველაფერს ვერ გაიხსენებ. და ესეც არა არის მთავარი. მთავარია ის რომ, მან ბოლო დღეებამდე შეინარჩუნა უფლება თეთრ წინსაფარზე.

უკბილო ლოყები ჩაუცვივდა, ღაწვის თავები უფრო გამოესახა, ყურები თითქმის სახეს შერწყმია. მსხვილი ცხვირი მძიმედ დაშვებულა. ტუჩები სრულებითაც არ ჩანს, იგი ხშირი მოწითურო წვერითაა დაფარული. დალაქის მაკრატელი იშვიათად თუ შეხებია მეეზოვის წვერს. მეეზოვის ფორმის ქუდიდან უწესრიგოდ გადმოყრილან  თმები. ფეხზე აცვია ადამიანური სიტყვით ძნელად განსასაზღვრავი ფეხსაცმელი – კალოშები თუ რეზინის ყელიანი ფეხსაცმელი (ბოტები).

ჩვენს წინაშე არც მომლოცველია კვერთხით, არც ტყის კაცი და არც მეთევზე, მხატვარმა ფორმის ქუდის ყვითელ ზოლზე გარკვევით წააწერა – "მეეზოვე” – და ნომერი: 1035.

ამით ფიროსმანმა დაგვიხატა ადამიანი, რომელიც ამ ცხოვრებაში აღმოჩნდა მეეზოვედ.

წიგნიდან გ. ბუაჩიძე "ფიროსმანი, ანუ ირმის გასეირნება”.

***********************************************************

«მეეზოვის» იერსახე დაუნდობელი, შეიძლება აგრესიული ასპექტითაც კი არის ინტერპრეტირებული. «მეეზოვე» სასაცილოა თავის სიუშნოვით და ველური გამომეტყველებით. მაგრამ მისი სიუშნოვე ღიმილის მომგვრელობის პარალელურად ღრმად დრამატულიც არის და თანაგრძნობას იწვევს. სწორი დრამატული ძალა აკეთილშობილებს მეეზოვის დისპროპორციულ იერსახეს. დამაჯერებლობის, ადამიანის ხასიათის გახსნის და დიდი ინტიმის შექმნის მიზნით ბევრი მხატვარი ცდილობდა და ცდილობს იერსახეებში თანხვედრულად შექმნას სასაცილოობის, კეთილშობილი ტრაგიკულობის, ველური სიცოცხლისუნარიანობის ელემენტები. მაგრამ ეს მეტად ძნელი განსახორციელებელი ამოცანაა. მხატვარს შინაგანად და უნებლიეთ თუ არ გააჩნია ადამიანის სიუშნოვეში შინაგანი კეთილშობილების და მშვენიერების აღმოჩენის უნარი განგებ ვერაფრით ვერ გამოიმუშავებს ასეთ ხედვას. ეს ხედვა შინაგანი ხდომილებაა და გამომდინარეობს ძლიერი პიროვნების მხრიდან ადამიანისადმი თანაგრძნობის ქრონიკული განწყობიდან.

თემო ჯაფარიძე წიგნიდან "ნიკო ფიროსმანი”

*************************************************

ზოგიერთი მისი პორტრეტი, როგორც, მაგალითად, მეეზოვე, ეს სიმბოლური ფიგურა ძველი რუსული პოლიციური რეჟიმის უაზრობისა, დიდი დაკვირვების ნიჭს მოწმობს, დიდ რეალისტურ ალღოს სინამდვილის ასახვაში.

გერონტი ქიქოძე – "ნიკო ფიროსმანი”

კატეგორია: საქართველო | დაამატა: gi2gi
ნანახია: 1335 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]