ფილიპე გოგიჩაიშვილი – ორი ეპიზოდი ილია ჭავჭავაძის ცხოვრებიდან
2011-03-17, 8:03 PM

ილია ჭავჭავაძე

თბილისის სემინარიის მეხუთე კლასში ვიყავი გადასული. ეს იყო 1891 წელს. ჩვენი, მოწაფეობის, ტანჯვა, რასაც სწავლა ეწოდებოდა, ერთი თუ ორი თვის დაწყებული იყო. ეს ტანჯვა განსაკუთრებით მწვავე იყო მეხუთე-მეექვსე კლასელებისათვის, რადგან ამ, ორი უკანასკნელი კლასის სასწავლო პროგრამა სემინარიაში სულ ღვთისმეტყველების საგნებით იყო გავსებული, რომელნიც ყველა სემინარიელს, მორწმუნესაც კი, ჭირივით ეჯავრებოდა და რომელთაც გულის ზიდილით იზეპირებდა.
დიდებული შემოდგომა იყო, უმშვენიერესი დრო ჩვენს ქვეყანაში, რომელმაც გაზაფხული სრულებით არ იცის, ხოლო ზაფხული მეტისმეტად ცხელი. ზამთარი კი _ რაღაც გაჟეჟილი, არც ზამთარს ჰგავს და არც შემოდგომას. ბედმა გაგვიღიმა მოწაფეებს: გომილეტიკის მასწავლებელი, რომელიც წინათ მეთვალყურედ იყო და ახლახან ამ საგნის მასწავლებლად დანიშნეს, ავად გახდა და გაკვეთილებზე ვეღარ მოდიოდა. ნება მიბოძეთ ამ «გომილეტიკის» ახსნა-განმარტებას აღარ გამოვუდგე, დღეს ვის რაღად უნდა იგი: იყო სემინარიაში ასეთი საღვთისმეტყველო «მეცნიერებაც», რომელსაც სემინარიელებს გვაზეპირებინებდნენ, ყველას გვიხაროდა ამ «მეგომილეტიკე» მასწავლებლის მოუსვლელობა, მაგრამ განსაკუთრებით _ მე, რომელსაც მისი დანახვა ყოველთვის ბოღმას მომგვრიდა ხოლმე. როცა ავად გახდა და გაკვეთილის გაცდენა დაიწყო, ყველას გვესიამოვნა: მისი საგნის საათი თავისუფალი გვრჩებოდა. შეგვეძლო კლასში სხვა რამე «გარეშე» წიგნების (ასე ეძახდნენ მაშინ არა სასემინარო წიგნებს) კითხვით გავრთობილიყავით. მართალია, დიდი სიფრთხილის გაწევით: დერეფანში ვინმე ამხანაგი უნდა დაგვეყენებინა ყარაულად, რომელსაც უნდა ეთვალთვალებინა, რომ მოულოდნელად მეთვალყურე ან ინსპექტორი თავს არ წამოგვდგომოდა. საქმე მაინც სახიფათო იყო, ვინაიდან ჩვენი ყარაული ზოგჯერ ვინმე ამხანაგთან ლაპარაკში გაერთობოდა და ამ დროს ბერი (ინსპექტორი) შეუმჩნევლად შემოძვრებოდა და თავს დაგვეცემოდა. განგებ ატარებდა უქუსლო ფეხსაცმელს, რომ მოგვპარვოდა, ბრახაბრუხით არ შემოსულიყო. ამიტომ იმ თავისუფალ საათში მოწაფეების მხოლოდ ნაწილი რჩებოდა კლასში, ხოლო სხვები ეზოში ჩადიოდნენ და ოთურმას გადადიოდნენ.
მაგრამ ეს სიხარული მალე წაგვამწარა ინსპექტორმა, ბერმა ნიკანდრამ. მან გადასწყვიტა გომილეტიკის თავისუფალი საათი თავის საგნის _ «პასტირიკისათვის» გამოეყენებინა დამატებით. ესეც ერთ-ერთი საღვთისმეტყველო «მეცნიერება» გახლდათ სემინარიაში. დაიწყო ამ ნიკანდრამ თავისი‘«პასტირიკით» იმ საათში ჩვენთან სიარული. მიუჯდებოდა კათედრას, ჩვენსკენ არცკი იხედებოდა, გადანაბავდა თვალებს და მოგვიყვებოდა წმინდანების და ღვთისმეტყველების ამბებს.
მობეზრდათ მოწაფეებს ეს ზედმეტი‘«დატვირთვა» (ე. ი. ამ თერმინის შინაარსი, ვინაიდან თვით ეს თერმინი მაშინ არ იყო ხმარებაში) და გადასწყვიტეს 14
ერთსულოვნად გაფიცულიყვნენ: იმ საათებში აქ, კლასში, ნუ დავრჩებით, ეზოში ჩავიდეთ, და როცა მოვა და არ გვნახავს უკან გაბრუნდებაო. სიმართლე უნდა ვთქვა, არ ვიყავი ასეთი‘«აჯანყების» მომხრე: რა გინდათ იმ დასაქცევ ეზოში, _ ვეუბნებოდი ამხანაგებს, _ ან რას გიშლით ეს ოხერი ბერი. _ დაერჭობა კათედრასთან, ჩვენსკენ არც კი იხედება, ვისაც გსურთ, ყური უგდეთ, ვისაც არა, _ იკითხეთ რაც გინდათ, დამშლელი არავინაა, საათიც გაირბენს და ბერიც წაშავდება მეთქი, ე. ი. დამშლელი როგორ არ იყო, მაგრამ ბერი აბა რას წარმოიდგენდა, რომ ვინმე მის თვალწინ სხვა რამ წიგნის კითხვას გაბედავდა! არ დამიჯერეს. მაშინ კი ვუთხარი: თუ გავდივართ, აღარ უნდა შემოვიდეთ მეთქი. ყველანი გავილალენით, თითქმის ყველანი ეზოში ჩავიდნენ და თამაშს მოჰყვნენ. მე ზემო მოაჯირიდან ვუცქეროდი. დარეკეს. ბერი კლასში შევიდა, ნახა, _ არავინ იყო, და გააფთრებული გარეთ გამოვარდა. მეცა გზაში მე, ხელი წამავლო და ჩამძახა:‘«კლასში, კლასში!» «მამაო ინსპექტორო (ასე უნდა გვეთქვა: «მამაო ინსპექტორო»), კლასში არავინაა და მარტო მე რად გინდივართ მეთქი». «ახლავე, ახალავეო», მომაძახა და ეზოში ჩავარდა. იქ თავი მოუყარა ჩემს ამხანაგებს. გამოირეკა წინ თხებივით და ზევით ამორეკა. რომ მომიახლოვდნენ, ვეღარ მოვითმინე და ვუთხარი: «შეგირცხათ თავი, ან გამოსვლა რა იყო, ან შესვლა რაღა არის მეთქი». ეს იყო და ეს. ამ სიტყვებზე ყველა ჩემი ამხანაგი ხელიდან დაუსხლტა ბერს და ისევ ეზოში გაიქცა. ბერმა გაიგონა, რომ მე რაღაცა ვთქვი ქართულად და მას საწმყსო შემოეფანტა. ცხადად ჩანდა, რომ აჯანყების მეთაური და წინამძღოლი მე ვიყავი. გაიქცა გაცოფებული, მაშინვე გამგეობა შეჰყარა (რექტორის თავმჯდომარეობით) და მოახსენა დაწვრილებით ამ საშინელი აჯანყების ამბავი. გამგეობამაც მიიღო სათანადო დადგენილება: ზოგს‘«ვიგოვორი» ჩაუწერა ჟურნალში, ზოგს ნიშანი‘«ოთხი» ყოფაქცევაში, ხოლო მე «ოთხიც» მომაკრა და, როგორც ჯანყის «მეთაური», სულ მთლადაც გამრიცხა სემინარიიდან.
შემდეგ მოხერხდა ამ დადგენილების გაუქმება. დავრჩი ისევ სემინარიაში, მაგრამ, ეს ჩემი ბერი გაბუტული მყავდა, ჟურნალს რომ წაიკითხავდა, ჩემს გვარს არ ახსენებდა, არც არაფერს მეკითხებოდა, რომ შარი არ მოედვა რა, მის გაკვეთილებს არ ვაკლდებოდი. ერთხელ გაკვეთილის დროს გვერდით ამხანაგს ჩუმად რაღაცას ველაპარაკებოდი, თურმე შემამჩნია და ჩემი გვარი ამოიძახა. წამოვეყუდე გაკვირვებული. მკითხა რა ვთქვი მე ახლაო! მე არაფერი გამიგონია, მასლაათში ვიყავი გართული, აბა რას ვუპასუხებდი. უშველებელი «ერთი» დამისვა ჟურნალში. ამის შემდეგ მთელი თვეების განმავლობაში არას მეკითხებოდა. ეყუდა ბოძივით ის ჩემი‘«ერთი» ჟურნალში. მინდოდა ამის თაობაზე დავლაპარაკებოდი, მაგრამ როგორც კი მივუახლოვდებოდი, მაშინვე გარბოდა, თითქოს ეშმაკს გაურბისო. ბოლოს, როგორც იყო, ვუდარაჯე და კიბესთან დავიჭირე: «მამაო ინსპექტორო, – მივუხმატკბილე, წელში მოზნექით, თვალების დახრით, – პატიოსანო მამაო, თქვენ, ასეთ დიდებულ პედაგოგს, როგორ შეიძლება ჩემი‘«ერთი» ჟურნალს გიუშნოებდეს, გამასწორებინე მეთქი.‘«მე შენ ჩემ მოწაფედ არ გთვლი, დაგტოვეს სემინარიაში, მაგრამ მე არ გთვლი ჩემ მოწაფედო». არ მოვეშვი, ვიფიქრე, რახან დამელაპარაკა, იქნებ მოვთოკო მეთქი: «მამაო პატიოსანო, – ვეუბნები, _ ეს ხომ ცოდვაა, ღმერთი იწყენს მეთქი». ერთხანს მეჯანჯალა, ბოლოს დამეთანხმა: კარგი, გამოგკითხავ, მაგრამ იცოდე ყველაფერს, უკლებლივ ყველაფერსო. ამ მუქარამ შემაფიქრიანა, რამდენიმე ღამე გავათეთრე მის‘«პასტირიკაზე». მაგრამ მიზანს მივაღწიე, – იძულებული გავხადე გადაესწორებინა ნიშანი. ამის მეოხებით იყო, რომ შემდეგ კლასში გადასვლის შესაძლებლობა მომეცა, თორემ, ბერი რომ მოუდრეკელი დარჩენილიყო, შეიძლე-ბოდა მეორეხელ გამორიცხვა მხვდომოდა «მცირე წარმატებულობის» მიზეზით. იმ«აჯანყების» ნაშხეფი მაინც დამრჩა: სემინარიის გათავებისას ყოფაქცევის ის ნიშანი არ მომაშორეს დიპლომში, გამომისტუმრეს იმავე‘«ოთხით», ე. ი.‘«სამგლე ბილეთით», რაც იმას ნიშნავდა, რომ რუსეთში არსად შემეძლო შესვლა უმაღლეს სასწავლებელში.
ეს ყველაფერი – ჰო, მაგრამ ილია რა შუაშიაო, იტყვის ვინმე. შესცდება: თუ აქომამდე მონათხრობი გლახა ჭრიაშვილის ლაპარაკს ჰგავს, მაშ ილიას არ დავშორებივარ. ეს ერთი და მეორე: ილია იმ«შუაშია», რომ სწორედ ის ამბავი, რაც ზემოთ მოგახსენეთ, იყო იმის მიზეზი, რომ პირველად ვნახე ილია პირადად და მას ველაპარაკე. და იგივე ამბავი მიზეზი იყო არა თუ ამის, არამედ მეტისაც, რასაც ქვემოთ მოგახსენებთ.
მთელ კლასს ზურგი აგვეწვა, როცა სემინარიის გამგეობის გადაწყვეტილება შეგვატყობინეს. მოწაფეები დაფაცურდნენ. ყველაზე უფრო მე მომხვდა, მაგრამ ყველაზე ნაკლებ მე დავფაცურდი. იმიტომ, რომ, ჩემდა საუბედუროდ, ყოველთვის დონდლო და უფოლადო ვიყავი, რომ იტყვიან:‘«დატრიალება»,‘«მიდგომ-მოდგომა» _ არასოდეს არ მეხერხებოდა, ჩვენი დაფაცურება ის იყო, რომ ზაქარია ჭიჭინაძეს მოვადექით: ის იყო ჩვენი მკვებავი წიგნებით და ჩვენი გაჭირვების ტალკვესი. შევჩივლეთ ჩვენი გაჭირვება, სემინარიის რეჟიმი, ბერების მხრივ მოყენებული ტანჯვა-ვაება.
ზაქარია წავიდა და ანტონ ფურცელაძეს შეატყობინა. ანტონი კიდევ ილიასთნ წავიდა და ამგვარად ჩვენი ამბავი ილიამდე მივიდა. ილია ამ ამბით დაინტერესდა, გამოჰკითხა ყველაფერი ანტონ ფურცელაძეს და უთხრა, ეგზარხოსს ვინახულებო. სემინარიის გამგეობის დადგენილება ეგზარხოსის დამტკიცებას საჭიროებდა. და აი, ილია დაიძრა.
ეს იყო ის‘«მეტი», რაზედაც მე ზემოთ მოგახსენეთ. ეს მართალია მეტზე მეტი იყო. ჩვენ, მოწაფეებს, ერთ წამსაც არ მოგვსვლია აზრად, რომ ილია ასეთი პატარა საქმისთვის დაიძროდა და ეგზარხოსთან წავიდოდა. არც ჩვენ, ახალგაზრდობას, არც სხვა ვინმეს საქართველოში ილია ისეთ კაცად არ ჰყავდა წარმოდგენილი, რომ იგი სასწავლებლიდან გამოგდებული თვითეული მოწაფის გულისთვის მთავრობასთან სარბენად ყოფილიყო დასახურდავებელი. ჩვენ ვფიქრობდით მხოლოდ, რომ ილია რომელიმე ქართველ ეპისკოპოსს ეტყოდა თავის აზრს, მისი პირით შეუთვლიდა ან ეგზარხოსს ან სემინარიის მთავრობას, და ჩვენი საქმისთვის ესეც საკმარისი იქნებოდა. ილიას შეთვლილი სიტყვაც გასჭრიდა, ბერებს ჩააფიქრებდა.
მაგრამ წარმოიდგინეთ ჩვენი გაოცება, როდესაც გავიგეთ, ილია თვითონ წავა ამ საქმეზე ეგზარხოსთან და მოელაპარაკებაო. ამ ჩვენ პატარა საქმეს ილიამ თურმე უფრო ღრმად შეხედა: ჯერ იყო და _ რექტორის მოკვლა, მერე, სამი წლის შემდეგ დიდი «არეულობა» სემინარიში (მისი მეთაურები იყვნენ ნოე ჟორდანია და ფილიპე მახარაძე), ახლა კიდევ ეს ამბავი მეხუთე კლასში, თანაც ის პოლიციური რეჟიმის სასწავლებელში, _ ილიამ ყველა ეს დაალაგა თავისებურად, ჩაჯდა ეტლში და ეგზარხოსს მიადგა კარებზე. ჭიშკართან ალექსანდრე ეპისკოპოსი შეხვდა და, ილია რომ დაინახა, გაუკვირდა:‘«შენ აქ რა გინდაო?» ილიამ უთხრა: ეგზარხოსთან მივდივარ სემინარიის საქმეებზე და მოდი შენც წამყეო. ალექსანდრემ იუარა, – შენ წადი, შენ უკეთ გააკეთებო. ილიამ ეგზარხოსს სადარბაზო ბარათი შეუგზავნა, და უმალვე მისმა კელენიკმა ორივე ცალი კარი გაუღო. ილია შევიდა, წინ უზარმაზარი ახმახი ბერი, არქიეპისკოპოსი (თუ მეხსიერება არ მღალატობს ფლავიანე შემოეგება, რომელშიაც სამი ილია გამოიჭრებოდა. ფლავიანემ კმაყოფილება იგრძნო თავის თავმოყვარეობისათვის, რომ ასეთი დიდი კაცი ეახლა, მაგრამ თანაც აცბა, _ არ იცოდა, რაზე იყო სტუმარი მისული. და ილია, თურმე, მოუყვა და მოუყვა. ეს ჩვენ ზოგი გავიგეთ ეგზარხოსის კელენიკის ნაწყვეტ-ნაწყვეტი სიტყვებიდან, ზოგიც ეპისკ. ალექსანდრეს მიერ ნაცნობებისთვის ნაამბობიდან. ილიამ გადმოულაგა, თურმე, _ რბილად და ფრთხილად, მაგრამ მაინც გადმოულაგა _ სემინარიის ამბები, სემინარიის რეჟიმი, მასწავლებელთა და მოსწავლეთა ურთიერთგანწყობილება, ყოვლად დაუშვებელი და უარსაყოფელი, გადავიდა ჩვენი მეხუთე კლასის ამბავზე, და იჩივლა სემინარიის ბერებზე, რომ მოსწავლეების აღზრდის საქმეში ხელმანკიანები არიან, რომ ბავშვების რაღაც ცელქობას (ასე მონათლა ჩვენი იმდროინდელი გაფიცვა) უდიდეს დანაშაულობად ხდიან, ბავშვებს სასწავლებლის გარეთ ჰყრიან, რომ ისინი იქნებ კეთილი მწყემსები და მოძღვრები გამოსულიყვნენ, ახლა კი ღვარძლით და სიბოროტით ივსებიან, ვინ იცის, კეთილი მოძღვრების ნაცვლად, ქვეყანას ავაზაკები და დამნაშავენი შეეძინონ, რომ ყველა ეს ასეთი მოპყრობის ბრალი იქნება, რომ ასეთ აღზრდაში არ სჩანს არც სათნოება, არც სიყვარული, არც დათმობა, არ სჩანს ქრისტეს სული, ქრისტეს მოძღვრება და სხვადა სხვა და სხვა. ეგზარხოსი, თურმე, გამოლენჩებული უსმენდა, საწინააღმდეგო ვერა უთხრა რა, მხოლოდ ჩემზე, ეთქვა, იმას ძალიან უჩივიან სემინარიაშიო, მეთაური ყოფილაო. აღუთქვა ილიას, რომ მეხუთე კლასელების წინააღმდეგ რეპრესიებს არ დაამტკიცებდა. ლაპარაკი რომ დასასრულს უახლოვდებოდა, ეგზარხოსთან, შესულა ეპისკოპოსი ალექსანდრე, რომელსაც ილიასთვის დახმარების გაწევა მოუნდომებია და ეგზარხოსისთვის უთქვამს: ვაპატიოთ მოწაფეებს, ცოტა რამ სასჯელი დაუნიშნოთო. მაგრამ ილიას წამოუძახნია: ახ, არა, ალექსანდრე, მისი მაღალმეუფება შემპირდა, რომ არავითარ სასჯელს არ დაუნიშნავსო. ამგვარად, ილიამ მოწმის წინაშეც დაადასტურებინა ეგზარხოსს თავისი დაპირება, მიანდო თავისი ეგზარხოსის მადლიან ლოცვა-კურთხევას, გამოემშვიდობა, ალექსანდრეს ეშმაკურად გადაჰხედა და იმავე ეტლით შინ დაბრუნდა.
მეხივით გავარდა ეს ამბავი სემინარიაში. ილია ჭავჭავაძეს აქაურ რუსობაში კიდევ უფრო დიდი სახელი ჰქონდა, ვიდრე ქართველობაში. სემინარიის ანაფორიანი და უანაფორო ბერები გაოცებულნი იყვნენ, თუ როგორ მოხდა, რომ ილია ჭავჭავაძე დაიძრა ასეთი საქმისთვის, და თანაც შეშინებულნიც იყვნენ, რომ ილიამ ეგზარხოსთან იჩივლა მათზე. შედეგი ამისა იყო ის, რომ სემინარიის გამგეობის დადგენილება ჩაფარცხეს, იგი არ დაუმტკიცებია ეგზარხოსს.
რამდენიმე დღის შემდეგ ზაქარია ჭიჭინაძემ გადმოგვცა შეგირდებს ანტონ ფურცელაძის ნაამბობი, რომ ილია იყო ეგზარხოსთან და ეგზარხოსმა აპატია მოწაფეებსო და შეგვატყობინა. ილიას სურს რამდენიმე მოწაფის ნახვა და გაცნობაო. დროც დაგვინიშნა.
უნდა გამოვტყდე, ამ ამბავმა უფრო ამიწვა ზურგი, ვიდრე სემინარიიდან ჩემი გამორიცხვის ამბავმა. მე ამ ჩვენი‘«საქმის» შუაგულში ვიყავი ჩაფლული, როგორც მთავარი დამნაშავე, ამიტომ ილიასთან გასაგზავნი დელეგაციის წევრობა არ ამცდებოდა. და მეშინოდა, მერიდებოდა, არ ვიცი რის, მაგრამ ისეთ დიდ კაცთან 17
მისვლა ძალიან მეშინოდა. ძნელია დღევანდელ ახალგაზრდებს გავაგებინოთ ის უსაზღვრო მორიდება და კდემამოსილება, რომელიც იმ დროის ახალგაზრდობას გვქონდა მწერლობისა და მწერლების მიმართ, და მით უფრო ისეთი კაცის მიმართ, როგორიც ილია ჭავჭავაძე იყო. მე სხვისას არას გეტყვით, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ჩემი საკუთარი სულიერი განწყობილება ხომ კარგად ვიცი. და ეს კდემა და მორიდება მქონდა მიუხედავდ იმისა, რომ მაშინ მე როდი ვიყავი მთლად ბაიყუშად ჩასათვლელი. მე იმ ხანებში ნიღილისტი კაცი გახლდით, არა ერთი და ორი მოწინავე რუსი მწერლის ნაწერი «შეჭმული» მქონდა, სიარულითაც ტკეპნა-ტკეპნით დავდიოდი, კისერი და თავიც ისე მეჭირა, როგორც შეჰფერის ტვირთმძიმეს, ნაადრევად ცოდნა-მეცნიერებით დამძიმებულ ახალგაზრდას. ნაბეჭდი სიტყვისაც არ ვიყავი მთლად ხამი.
ჯერ კიდევ მეორე კლასში ვიყავი, რომ ზაქარია ჭიჭინაძემ ჩემს მიერ ნათარგმნი ერთი წიგნაკიც კი დაბეჭდა ქართულად (ჩემი გვარის დაბეჭდვის ნება არ მივეცი, მაგრამ მან მაინც მიაბეჭდა ნახევარ გამოცემას). «ივერიასაც» ვუგზავნიდი ზაფხულობით, სხვადასხვა ფსევდონიმებს ამოფარებული, კორესპონდენციებს, რომელთაგან ზოგი, ჩემდა უსაზღვრო გასახარებლად, კიდეც იბეჭდებოდა. ყველა ამას მოგახსენებთ არა თავის საქებად (აქ საქები მაინც და მაინც არაფერია), არამედ იმისათვის, რომ გაგაგებინოთ იმდროინდელი ახალგაზრდობის განწყობილება პრესისა და მწერლობის მიმართ, რომ თუმცა მთლად ხამი არ ვიყავი მეთქი, მაგრამ რიდი და კდემა მაინც დიდი მქონდა. აი თუნდ ეს მაგალითი: სემინარიაში ჩემთან ერთად სწავლობდა იაკ. ცინცაძე (ია ეკალაძე), როგორც მახსოვს, მესამე კლასიდან დაითხოვეს, და ამ სემინარიიდან გაგდებულმა ჩემმა ამხანაგმა მალე იშოვნა ადგილი «ივერიის» რედაქციაში, _ წვრილ ამბებს ათარგმნინებდნენ. ამ გარემოებამ ცოტაოდნავ ძირს დასწია ჩემ თვალში რედაქციის შარავანდედი, გამბედაობა მომიმატა, და ერთ დღეს გადავწყვიტე რაღაცა ჩემი ნაწერი მიმეტანა რედაქციაში.
რედაქციას (კუკიაში) დიდი კიბე ჰქონდა ეზოდან შემოსასვლელი. კიბემდე გულმაგრად ვიარე, მაგრამ კიბის ძირს რომ მივატანე, ფეხები გამიჩერდა, წინ ვეღარ წავედი. მაღლა რედაქციის კარებთან დავინახე, რომ წერილების სარედაქციო ყუთი იყო მიკრული. ჩემს თავს ვუთხარი: მოდი ავალ იქამდე და ჩემს ხელნაწერს იმ ყუთში ჩავაგდებ მეთქი, ძალღონე მოვიკრიბე, შუა კიბემდე კი მივედი და მეტი ვეღარ შევძელი, ფეხები აღარ დამემორჩილა, გაჩერდა, უკან გავბრუნდი. უკან წასასვლელად კი ძალიან დამემორჩილა, სულ თრიხინ-თრიხინით წამიღო.
და, ამის შემდეგ, თქვენ შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, თუ რა გულისხეთქა უნდა გამომევლო ილიასთან წასვლის მოლოდინში. ილია რამდენჯერმე მყავდა სახით შორიდან ნანახი, მენახა კრებებზე, მომესმინა მისი ლაპარაკიც. და ამ ლაპარაკის მოგონება იყო, რომ მაფრთხობდა. მჭერმეტყველების მხრივ არაჩვეულებრივს თითქოს არას წარმოადგენდა, არც ჟესტი და მიმიკა ჰქონდა ტრიბუნის, არც მაღალი, მგრგვინავი ხმა; გარეგნულად არ ჰქონდა ისეთი არც მიხვრა, არც მოხვრა, რომ მაცქერალ-მაყურებელი დაეტყვევებია. მართალია, მისი ლაპარაკი კი იყო მწყობრი, არასოდეს არ ახლდა გაჭირვების «ყეე», არასოდეს სიტყვის ძებნა ან წაფორხილება. მისი ლაპარაკი იყო შეკრული, სიტყვა სიტყვას მოსდევდა თავის ადგილას. აზრი აზრს, არაფერი მეტი ან უადგილო ან სიტყვის ძებნისას სულისმოსათქმელად ჩამატებული, _ შეგეძლო სიტყვა-სიტყვით ჩაგეწერა მისი ნათქვამი, და გასასწორებელ-გასაშალაშინებელი შიგ არა იქნებოდა რა. მაგრამ 18
მასში იყო რაღაც იდუმალი, რაც ყველას ყურადღებას იპყრობდა, ყველას გულისყურს ხელში იჭერდა და ნათქვამს გაფაციცებით ასმენინებდა. რაგინდ დიდი კრება ყოფილიყო, რაგინდ ნაირნაირი, რაგინდ ჭრელი ხალხი ყოფილიყო შიგ, ილია რომ ლაპარაკს დაიწყებდა, ყველა სმენად გადაიქცეოდა, ისეთი სიჩუმე შეიქმნებოდა, რომ ბუზის გაფრენა გაიგონებოდა, და ამიტომ ილიას დაბალი ხმით ლაპარაკი ყველას ესმოდა, ერთი სიტყვა არავის გამორჩებოდა, და ეს სიჩუმე დაურღვეველი რჩებოდა, ვიდრე იგი თავის სიტყვას არ გაათავებდა.
მგონია, იმ იდუმალებას თუ საიდუმლოებას შეადგენდა ეს ორი რამ, ერთი მეორესთან შედუღებული: მისი შეუდარებელი დიალექტიკა, ლოგიკური აზრთმიმდინარეობა და ის მწყობრი და უზადო ქართული ლაპარაკი, რომელიც მას ჰქონდა, დღეს ქართული ლაპარაკი, როგორც ქართული ლაპარაკი, არავის გაგაკვირვებთ, მაგრამ უნდა წარმოიდგინოთ ილიას დროს, როდესაც მთელი ჩვენი ნასწავლი თაობა მეტნაკლებ გადაგვარებული იყო, ენით მაინც, და რომ წინადადებას ვერ იტყოდა ქართულად, იმასაც ბლუკუნით, რომ შიგ თხუთმეტი რუსული სიტყვა და ოცი ჩიქორთული ქართული არ გაერია. ამ დროს გამოდიოდა ილია, ისევე რუსულზე აღზრდილი და ნამდვილი ქართულით ელაპარაკებოდა, ელაპარაკებოდა «თავისუფლად», ისე, რომ ენა ერთხელაც არ დაებმებოდა, არ წაუბორძიკდებოდა, ერთხელ სიტყვა არ შემოელეოდა, ერთხელ ფრაზის ძებნა არ დასჭირდებოდა. და, რაც მთავარია, თქვენ გრძნობდით, თვალნათლივ ხედავდით, რომ სიტყვა აქ არ იყო მარტოოდენ სიტყვის მასალა, არ იყო სიცარიელის ამომვსებელი, არც საჰო-საარაო, ე. ი. ისეთი, რომელიც შეიძლებოდა ყოფილიყო და არც ყოფილიყო, არამედ იყო აზრით გამოწვეული, აზრით ნაკარნახევი, აზრის შემმოსველი და _ შემმოსველი ყოველთვის სათანადოდ, ფერადად, ნაირნაირად. ადამიანი იფიქრებდა, ასე მწყობრად ქართულ ლაპარაკს წინასწარ ამზადებსო. შესაძლებელია, მაგრამ მე ასეთი შემთხვევის მოწმეც ვყოფილვარ: მინახავს კრებაში ილიას თავისი სიტყვა რუსულად დაუწყია, მაშ, თუ მომზადებაა, ის სიტყვა მას რუსულად უნდა ჰქონებოდა მომზადებული. მაგრამ რამდენიმე წუთის შემდეგ‘«დემოკრატიას» შეუძახნია.
‘ქართულადო», და ილიაც მაშინვე ქართულზე გადასულა, და ეს სიტყვა ისევე მწყობრი, ისევე უნაკლო ქართულით განუგრძია და დაუსრულებია.
ჰოდა, ეს რომ ვიცოდი, მაფრთხობდა მასთან მისვლა.‘«რომ მკითხავს რამეს, როგორ ვუპასუხო შესაფერად, ჩემი ამბავი, რომ ვიცი, ხომ ენა დამებმება. და არ იტყვის ასეთი შტერისთვის ეგზარხოსთან რას მოვეხირებოდიო?» ბევრ ამგვარ რამეს ვეუბნებოდი ჩემ თავს. ამას მარტო ჩემ ახალგაზრდობას ნუ დააბრალებთ, არამედ იმ შარავანდედს, რომლითაც ილია იყო მაშინ ჩვენში მოსილი. ფართო იერიშები მის წინააღმდეგ ჯერ კიდევ არ იყო დაწყებული. ილია თავისი დიდების მწვერვალზე იდგა. და ეს მწვერვალი იყო ყველას მიერ მისდამი ნებაყოფლობით მიკუთვნებული. იყო მისი‘«კეთილშენაძენი», იმით გამოწვეული, რომ იმ ბედკრულ ხანაში ილია იყო ცარიზმის შემოტევების წინააღმდეგ უძლიერესი ხმის ამომღები, ერის ქომაგი და მფარველი. ყოველთვის, როდესაც რაიმე მწვავე საკითხი წამოიჭრებოდა, ყველას ილიასკენ ჰქონდა თვალი მიპყრობილი, _ ილია რას გვირჩევს, ილია რას იტყვისო. ამ შარავანდედს ხელს უწყობდა ისიც, რომ ბუნებით ილია არ იყო‘«მასის» კაცი, არ უყვარდა მრავალ ადამიანში ტრიალი, არ იცოდა ადამიანის ნამეტნავად დაახლოება. ვამბობ «ნამეტნავად» მეთქი და ვგულისხმობ ისეთ დაახლოებას, როდესაც ერთი მეორის სულსა და გულშია ჩამძვრალი, როდესაც წაშლილია, წარხოცილია მიჯნა და საზღვარი მათ შორის და კაცმა აღარ იცის, სად იწყება და სად თავდება ან ერთის ან მეორის პირადი სფერო და პირადი საკუთვნელი, რაგინდ დაახლოებული ჰყოლოდა ადამიანი, ილიას ყოველთვის ჰქონდა იმისა და თავის შორის ერთგვარი მიჯნა გავლებული, რომელსაც ვერ გადალახავდა ის მისი მახლობელი.
და ნუ გაგიკვირდებათ, თუ მე, მაშინ 19 წლის ყმაწვილს, გვარიანად მეშინოდა ილიასთან წასვლა. წასვლა არ ამცდა: ამხანაგებმა ილიას წინაშე წარსაგზავნად და მადლობის გამოსაცხადებლად 3 დელეგატი აირჩიეს, მათ შორის მეც, ის ორი იყო: ერთი _ ალ. მაღალაშვილი (შემდეგში ექიმი, გარდაიცვალა ამ სამი წლის წინათ) და მეორე _ სერ. დადუნაშვილი (ექიმი ამჟამადაც). წავედით საღამოს, შეპირებისამებრ, ანტონ ფურცელაძესთან, რომელმაც თავისი ბინიდან ილიასთან წაგვიყვანა. ილია იმავე სახლში ცხოვრობდა, სადაც «ივერიის» რედაქცია ჰქონდა (კუკიაში, ნიკოლოზის ქუჩაზე). ანტონი წინ გაგვიძღვა კიბეზე თავისი კოჭლი ფეხით, ჩვენ უკან მივყევით, _ ჩემი ამხანაგები, ალბათ, გულის ფანცქალით, მე კი გულის ბაგა-ბუგით. დავრეკეთ, სასტუმრო ოთახში შეგვიყვანეს, ანტონი ილიას კაბინეტში შევიდა ჩვენი მისვლის შესატყობინებლად. ანტონს ცოტა შეაგვიანდა, ჩვენ დრო გვქონდა თვალი მოგვევლო სასტუმრო ოთახისათვის. ახლა რომ ვიგონებ, მდიდრული არა იყო რა შიგ. _ რამდენიმე რბილი სავარძელი, სკამი, ფერადსაფარიანი მაგიდა, კედლებზე რამდენიმე სურათი, მაგიდაზე ფერადი აბაჟურიანი ლამპა და სხვა. გვერდით სასადილო ოთახის ცალი კარი ღია იყო და იქიდან ჩანდა სასადილო მაგიდაზე ზემოდან ჩამოკიდებული ლამპა, რომელზედაც ძირს მსხლისებური ელექტრონის ზარსარეკი იყო ჩამოშვებული, თუმცა ოთახის მოწყობილობაში შესანატრი და გასაკვირველი არა იყო რა, მაგრამ მე მაინც ყველაფერი მომწონდა და მაკვირვებდა.
უნდა იცოდეთ, რომ ჩვენ, სემინარიელები, მაშინ თუმცა მოწინავე იდეების და აზრების ხალხი ვიყავით, მაგრამ მატერიალური კულტურის მხრივ დიდი ბარბაროსები გახლდით. ალბათ, გახსოვთ რაფ. ერისთავის პიესიდან ხინჩლა, _ ნამდვილი ხინჩლები ვიყავით. მე, მაგალითად, მანამდე ჩემ დღეში არ მენახა ლამპის ისეთი ფერადი აბაჟური. ჩვენი, მოწაფეების, აბაჟური ის იყო, რომ ლამპას ავანთებდით, ზედ ქარალდის ნაგლეჯს ჩამოვაცობდით. სიმხურვალისგან ქაღალდი იწოდა, აბოლდებოდა, ნახშირდებოდა, ბოლოს გამომწვარი სულ ძირს ჩამოცურდებოდა და ანთებული შუშა სვეტივით მაღლა აიმართებოდა. ეს მაშინ, როდესაც ასეთ აბაჟურს დაწვის გზით ბუნებრივი მიცვალება ეღირსებოდა. მაგრამ იყო არაბუნებრივიც: რადგანაც ერთ ლამპას რადენიმე მოწაფე ვუსხედით, იმ ჩამოფარებულ ქაღალდს ხან ერთი მისწევდა თავისკენ, ხან მეორე, და ამ გაწევ-გამოწევაში კიდეც ჩამოიფხრიწებოდა.
გაგიძნელდებათ დამიჯეროთ, რომ პირველად ილიას სახლში ვნახე მე ისეთი ჩამოკონწიალებული მსხლისებური ელექტრონის ზარსარეკი. ზარი კი მენახა, მაგრამ ის იყო მავთულზე მიმაგრებული; მავთულის სახელურს რომ ჩამოაჯანჯღარებდა, ზარის ღრიალი მთელ უბანს მოედებოდა. აქ კი თურმე, აუდგომლად, თითს რომ მიაჭერდი ღილს, ნაზად დარეკდა სხვაგან.
ერთი სიტყვით, ნამდვილი ხინჩლა გახლდით ამ მხრივ, ამიტომ ადვილად მიხვდებით, რომ ილიას სასტუმროს მოწყობილობამაც ჩემზე დიდი შთაბეჭდილება იქონია. ილია მანამდის წარმოდგენილი მყავდა როგორც დიდი გონების კაცი. ახლა ამას ესეც მიემატა: რომ იგი ყოფილა დიდი ქონების კაციც.
შეგვიხმეს კაბინეტში. წინ ილია მოგვეგება, ხელი ჩამოგვართვა, შეგვიყვანა. პატარა კაბინეტი იყო, სულ წიგნებით და ქაღალდებით სავსე. წიგნები და ქაღალდები მაგიდაზეც, მაგიდის გვერდითაც, მაგიდის წინაც, კარადაშიც, ერთ სკამზედაც. სამნივე ერთ პატარა დივანზე დაგვსხა, და შეგვეკითხა.
‘აბა როგორაა, ყმაწვილებო, თქვენი საქმეები? ძალიან გაწუხებენ ბერები?» ჩვენც მოვუყევით, ნაწყვეტ-ნაწყვეტად, მაგრამ მაინც მოვუყევით. უფრო მაღალაშვილს ვალაპარაკებდით, ის უფრო გაბედული იყო და ორატორობაც მისთვის გვქონდა მინდობილი. ხანდახან ანტონიც წამოგვეშველებოდა, ის ილიაზე უფრო იყო უშუალოდ სემინარიის საქმეების «კურსში», რადგან მასთან დროგამოშვებით სემინარიელები დადიოდნენ. ვუამბეთ, როგორ გვავიწროებდნენ ბერები, როგორ გვიშლიდნენ ყველაფრის კითხვას, როგორ იდევნებოდა და აღმოფხვრილი იყო იქ ყველაფერი ქართული, და ამას უფრო დავაწექით, _ თუმცა არ ვტყუოდით, სიმართლეს მოუთხრობდით, მაგრამ _ არ ვმალავ _ საღებავს კი ვამუქებდით. ილია ყურადღებით გვისმენდა, ხანდახან თავს გაიქნევდა. ეს ჩვენი ლაპარაკი სულ ნაწყვეტ-ნაწყვეტი იყო: მაღალაშვილმა ბუნებით ნაწყვეტობით ლაპარაკი იცოდა, ჩვენ კი, მე და მესამე ამხანაგი, ჩვეულებრივ პირობებში თითქმის უფრო ვახერხებდით გაბმულ ლაპარაკს, მაგრამ აქ ორივეს გაბედულება გვაკლდა. პირადად მე ძალიან კარგად მქონდა მოფიქრებული, რასაც ვეტყოდი და როგორც ვეტყოდი, მომზადებული მქონდა მადლობაც, რომ ყურადღება მოგვაქცია და ჩვენი გულისთვის გაისარჯა, მაგრამ იმ წამში ყველაფერი ეს სადღაც გამიქრა, სულ მთლად გამიქრა, მე მხოლოდ ილიას შევჩერებოდი თვალებში, იმ თვალების გამომეტყველებამ ყველაფერი დამავიწყა.
იქ ერთსა და იმავე დროს ღიმილიც იხატებოდა და დარდი-ნაღველიც. ილიამ გვითხრა, რომ იყო ჩვენს საქმეზე ეგზარხოსთან, ეგზარხოსმა დანაშაული გაპატიათო, და გვირჩია, თავდაჭერილი ვყოფილიყავით და გულს არ ავყოლოდით.‘«აბა რა გამოვა, ყმაწვილებო, ამგვარი აფეთქებიდან, სარგებლობას ვერას ნახავთ, უნდა მოითმინოთ, მეტი გზა არაა, და სწავლა დაასრულოთ. რომელია თქვენში გოგიჩაიშვილი? იმას ძალინ ემდურიან ბერები, არეულობის მოთავედ სთვლიანო». სიტყვა ვერ ამოვიღე, ჩემი‘«რეჩი», სადღაც გულის კოვზთან შეჩერდა და მარტო კისერი ღა წავყავ ინდოურივით წინ. ამ დროს კაბინეტში‘«ივერიის» თანამშრომელი ალ. ყიფშიძე (ფრონელი) შემოვიდა და სასემინარიო ლაპარაკი შესწყდა. ილიამ გაგვაცნო ალ. ყიფშიძეს:‘«ესენი არიან ბერების განაწამები სემინარიელებიო». რამდენიმე სიტყვა ყიფშიძემაც გვითხრა, მფარველობის და დარიგების ტონით (ასეთი ტონი ილიას სრულებით არ ჰქონებია, როდესაც გველაპარაკებოდა).
ლაპარაკი სხვა საგნებზე გადავიდა. ილიას წინ მაგიდაზე თავისი თხზულების კორექტურის ფურცლები ედვა (მაშინ მას ქართველთა გამომცემელი ამხანაგობა ბეჭდავდა) და ანტონს შესჩივლა: ჩემი ნაწერების კორექტურა ყოველთვის მიძნელდებაო, ვცდილობ, მაგრამ თვალი სიტყვებზე ისე გადადის, რომ ცალკე ასოებს ვერ ამჩნევს და შეცდომები მრჩებაო. ბევრგვარად ვცადე: ხან თავიდან წაკითხვა, ხან ბოლოდან, ხან გვერდიდან, მაგრამ მაინც ბევრი არა გამოვიდა რაო. ამასობაში გაზეთის სხვა თანამშრომლებიც შემოვიდნენ: გრიგოლ ყიფშიძე, ნიკო ხიზანიშვილი, თუ არ ვცდები, შემდეგ არტემ ახნაზაროვიც, აგრეთვე ალ. ჭყონია. სხვების სახელები ჩემმა მეხსიერებამ ვერ შეინარჩუნა.
ხიზანიშვილი ჭამის საშინელი მოყვარული იყო, და ილიამ მაშინვე სასადილო ოთახში გაგვიწვია, _ ჩვენც, სემინარიელები. ახლა ჩვენთვის ახალი წამება დაიწყო. უნდა იცოდეთ, რომ სემინარიელი იმ რასის წარმომადგენელი გახლდათ, რომელიც ტანჯულ _ წამებული იყო ყველგან, როცა საჭირო იყო ეტიკეთი, ფორმის დაცვა, განსაზღვრული წესის მიყოლა. ჭამასაც ხომ ცოდნა უნდა. 

                                                                              გადმოწერე სრულად

კატეგორია: საქართველო | დაამატა: gi2gi
ნანახია: 1177 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]