მთავარი » ფაილები » საქართველო

პირველი ოქტომბრიდან ქვეყანაში ნაფიცი მსაჯულის ინსტიტუტი შემოდის
2011-02-20, 6:09 PM



პირველი ოქტომბრიდან ქვეყანაში ნაფიცი მსაჯულის ინსტიტუტი შემოდის. საქართველოს 12 მოქალაქე მთავარი მოსამართლე გახდება. ნაფიცი მსაჯული არ შეიძლება იყოს პოლიტიკოსი, ძალოვან უწყებაში მომუშავე პირი, იურისტი, ფსიქოლოგი, ფსიქიატრი და სასულიერო პირი. თავდაპირველად ნაფიცი მსაჯულები 109-ე მუხლით ბრალდებულების საქმეს განიხილავენ, ...რაც დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას ნიშნავს.

`საწყის სტადიაზე ეს ყველაფერი იქნება თბილისის საქალაქო სასამართლოში და განიხილება ყველაზე მიუღებელი - დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი დანაშაული. ეს იქნება პილოტური პროცესი, ხოლო შემდგომ გაიზრდება დანაშაულთა კატეგორია, რომელსაც მსაჯულები განიხილავენ და დაემატება რეგიონული პროცესები,`- განმარტა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ზაზა მეიშვილმა.

მისივე თქმით, ერთი წლის შემდეგ თბილისის საქალაქო სასამართლო იქნება აღმოსავლეთ საქართველოში ჩადენილი ამ კატეგორიის დანაშაულის განმხილველი ორგანო, იმავე ფუნქციას დასავლეთ საქართველოში ქუთაისის საქალაქო სასამართლო შეასრულებს.
ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი ნაწილია იმ რეფორმისა, რომელიც საქართველოში ბოლო სამი წელია მიმდინარეობს და მალე ახალი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მიღებით დაგვირგივნდება...
ირაკლი კოტეტიშვილი

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მთავარი პროკურატურის აპარატის უფროსი

ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი ნაწილია იმ რეფორმისა, რომელიც საქართველოში ბოლო სამი წელია მიმდინარეობს და მალე ახალი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მიღებით დაგვირგივნდება. ეს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სიახლეა სხვა სიახლეებთან ერთად, რომლთა მიზანიც შეჯიბრებითი სისხლის სამართლის სისტემის შექმნაა. ახალი საპროცესო კოდექსის მიხედვით გამოძიება და სასამართლო შეჯიბრებითი გახდება. მხარეებს, ერთი მხრივ - სახელმწიფო ბრალდებას და გამოძებას, მეორე მხრივ კი - ბრალდებულს და მის დამცველს თანაბარი საშუალებები ექნებათ, რათა გამოძიების ეტაპზე მოიპვონ მტკიცებულებები და სასამართლოში საკუთარი პოზიცია ნაფიცი მსაჯულების ან მოსამართლეების წინაშე თანაბარ პირობებში დაიცვან. მოწმეებსაც მხოლოდ სასამართლოს მსვლელობის დროს დაკითხავენ.

ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი ეტაპობრივად დაინერგება - 2012 წლის 1 ივლისამდე მხოლოდ თბილისის საქალაქო სასამართლოში და მხოლოდ მკვლელობის საქმეებზე; ორი წლის შემდეგ კი, მთელ საქართველოში, ნებისმიერ დანაშაულზე გავრცელდება, რომელიც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ამ სისტემის შემოღების ძირითადი მიზეზი ისაა, რომ მართლმსაჯულება უფრო დემოკრატიული გახდეს და საზოგადოების ნდობა სასამართლო სისტემის მიმართ გაიზარდოს. ბუნებრივია, ნდობის ამაღლების სხვა გზებიც არსებობს, მაგრამ ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი ყველაზე სწრაფი და ეფექტურია. რადგან მოქალაქეები უშუალოდ ერთვებიან მართლმსაჯულების აღსრულებაში. ეს ძალიან დემოკრატიული ინსტიტუტია, რომელიც მოქალაქეებს სამოქალაქო შეგნებას უმაღლებს და მათ უფრო მეტად კანონმორჩილებს ხდის. ამოსავალი წერტილია ისიც, რომ განსასჯელის ბრალეულობას, ანუ ჩვეულებრივ მოქალაქეს ასევე ჩვეულებრივი მოქალაქეები განსჯიან და ვერდიქტს გამოუტანენენ. სასჯელის ვადების განსაზღვრა კი მოსამართლეების პრეროგატივაა.

ნაფიცი მსაჯულების არჩევა გადამწყვეტი ფაქტორია სამართლიანი ვერდიქტის გამოსატანად. თუ მსაჯულები არასწორად შეირჩნენ, ვედიქტიც უსამართლო იქნება. ამიტომ მსაჯულების არჩევის პროცესს დიდი მნიშვნელობა ენიჭება. ერთიანი ამომრჩევლათა სია თავს იყრის თბილისის საქალქო სასამართლოში. სპეციალური კომპიუტერული პროგრამა შემთხვევითი ამორჩევის პრინციპით 50 კანდიდატის სიას ამოყრის საერთო საარჩევნო სიიდან. შემდეგ მხარეები იკრიბებიან სპეციალურ სასამართლო სხდომაზე და მოსამართლეს უყენებენ შუამდგომლობას, თუ რომელი კანდიდატის აცილება სურთ. კანდიდატების გაცხრილვა საკმაოდ რთული პროცესია. დარჩენილიებიდან პირველი 14 კანდიდატი შედის სასამართლოს ოქმში.

კანონის მიხედვით მსაჯული ზეწოლისგან ნებისმიერი მხრიდან უნდა იყოს დაცული. სისხლის სამართლის კოდექსში შედის ცვლილება, რომლის მიხედვითაც, დასჯად ქმედებად ცხადდება ნაფიცი მსაჯულის დაშინება, მისი მოსყიდვის მცდელობა, მისი დაყოლიება კონკრეტული გადაწყვეტილების მისაღებად. სახელმწიფო იღებს ვალდებულებას, რომ ამ სისიტემის ამოქმედებისთანავე, ნაფიც მსაჯულთა დასაცავად სხვადასხვა პროგრამა განახორციელოს. იქნება ეს მათი განთავსება სხვადასხვა სასტუმროში , მათი ტრანსპორტირება და სხვ. კანონში ჩადებულია, რომ თუკი მოსამართლე მიიჩნევს, რომ თბილისში შეუძლებელია მოიძებნოს 12 მიუკერძოვებელი მსაჯული, რომელიც ამ საქმეს ობიექტურად განიხილავს, მაშინ მას საქმის განხილვა სხვა ქალაქში გადააქვს, მაგალითად - ქუთაისში ან თელავში. მაქსიმალურად უნდა გამოირიცხოს შესაძლებლობა, რომ ნაფიცმა მსაჯულებმა გადაწყვეტილება რაიმე სახის გარე ზემოქმედების გარეშე გამოტანონ.

საქართველო პატარა ქვეყანაა, მაგრამ მაგალითად, შოტლანდიაში ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი წარმატებით მოქმედებს. ასევეა ევროპის სხვა პატარა ქვეყნებშიც. ალბათობა იმისა, რომ ვიღაც ბრალდებულის ნაცნობი აღმოჩნდება, ბუნებრივია, არსებობს. მაგრამ მხარეებს დასაბუთების საშუალებაც აქვთ და კონკრეტულ მსაჯულზე აცილების მიცემის უფლებაც.

უფლება, რომ ნაფიცმა მსაჯულებმა განიხილონ საქმე, არ ეკუთვნის მხოლოდ ბრალდებულს, ან მხოლოდ სახელმწიფო ბრალდებას. შეჯიბრებითი სასამართლო სისიტემის დროს ორივე მხარეს თანაბარი უფლებები აქვს. ამიტომ თუ ორივეს თანხმობა არ იქნა, ვერც ბრალდებული და ვერც გამოძიება, ვერ მოითხოვს, რომ ვერდიქტი, ნაფიცი მსაჯულების ნაცვლად პროფესიონალმა მოსამართლეებმა გამოიტანონ.

როგორც ჯარში სამსახურია სავადლებულო, ასევე საქართველოს მოქალაქის ვალდებულება იქნება, თუ სასამართლოში გამოიძახებენ, ნაფიცი მსაჯული იყოს. უარის შემთხვევაში, კანონი ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას აწესებს. თუ მოქალქეს არ სურს ნაფიცი მსაჯულობა, მაშინ მას საპატიო მიზეზი უნდა ჰქონდეს. მოსამართლე მხოლოდ იმ შემთხვევაში გაათავისუფლებს მას, თუ ბოლო ერთი წლის განმავლობაში უკვე იყო ნაფიცი მსაჯული და მოქალაქეობრივი ვალი მოიხადა, რაღაც ისეთ სამსახურში მუშაობს, სადაც მისი შეცვლა შეუძლებელია, 70-წელს გადაცილებულებულია, ჯანმრთელბის მდგომარება არ აძლევს მუშაობის საშუალებას, ან დიდი ხნით საზღვარგარეთ მიემგზარება. ასევე აცილებას ექვემდებარებიან ფსიქოლოგები, ფსიქიატრები, იურისტები, პოლიცილები, სასულიერო მოღვაწენი და სახელმწიფო თანამდებობის პირები.


თინა ხიდაშელი

იურისტი, რესპუბლიკური პარტიის წევრი

"ნაფიც მსაჯულთა სასამართლო დემოკრატიის როგორც საუკუთესო, ასევე ყველაზე უარესი მონაპოვარია”. ასე იწყებს თავის ცნობილ წიგნს "ჩვენ, მსაჯულები” ჯეფრი აბრამსონი და შესაძლოა, სწორედ ეს ფრაზა გამოგვადგეს ამ უძველესი ინსტიტუტის შესახებ პირველადი წარმოდგენის შესაქმნელად.

21-ე საუკუნეში ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს შემოღების გადაწყვეტილება, ქვეყანაში, რომელსაც არა თუ ნაფიცი მსაჯულების, არამედ კანონის უზენაესობის (რომ არაფერი ვთქვათ დემოკრატიულ სახელმწიფო მოწყობაზე) ტრადიციაც კი არ აქვს, უკიდურესად სარისკო ნაბიჯია და შეუძლებელია საზოგადოებრივი აზრის მომზადების, ფართო მასშტაბიანი კამპანიისა და შესაბამისი განათლების საზოგადოებაში დანერგვის გარეშე განხორციელდეს. ასეთი ნაბიჯის გადადგმა განსაკუთრებით სარისკოა დღეს, როდესაც თითქმის მთელ მსოფლიოში თანამედროვე ავტორები ნაფიც მსაჯულთა ეფექტურობას დიდი სკეპტიციზმით უყურებენ, და ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მხოლოდ საკუთარი წარსულისა და სამართლებრივი ტრადიციებისადმი ერთგულების ნიშნად, პრინციპში, სიმბოლურად ინარჩუნებენ. მსგავსი დებატები უკვე ათ წელზე მეტია, მიმდინარეობს, მათ შორის, იმ ქვეყნებშიც, სადაც diskusia სახელმწიფოებრიობის ტრადიციის, სამართლებრივი კულტურისა და დემოკრატიის განუყოფელი ნაწილია.

დღეს მკვლევართა უმრავლესობა შეთანხმებულია, რომ ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მხოლოდ მაშინ აქვს რეალური ფუნქცია და მხოლოდ მაშინ არის "ხალხის სასამართლოს” იდეის მატარებელი, თუკი მთავრობის მიერ მიღებული წესები და კანონები ხალხის მიერ გადასინჯვას სწორედ ნაფიც მსაჯულთა სასამართლოში დაექვემდებარება. ამიტომ, ნდობისა და ლეგიტიმაციის ყველაზე მაღალ ხარისხს ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ ანგლო-საქსურ ქვეყნებში, ან როგორც იურისტები ამბობენ, საერთო სამართლის ქვეყნებში მიაღწია.

საქართველოში, ნაფიც მსაჯულთა დამცველები და პროპაგანდისტები, ამ ინსტიტუტზე, როგორც დემოკრატიული სახლემწიფოს მშენებლობის აუცილებელ წინაპირობაზე და თითქმის ერთადერთ გარანტზე, ისე საუბრობენ. შესაბამისად, ნებისმიერი განსხვავებული არგუმენტი დემოკრატიის საწინააღმდეგო არგუმენტად განიხილება. ასეთი დისკუსია, ცხადია, ფუჭი და უშედეგოა.

დემოკრატიული სახელმწიფოების სამართლებრივი სისტემის ზედაპირული გაცნობაც კი ადასტურებს, რომ აღიარებული დემოკრატიების ნახევარზე მეტს ნაფიც მსაჯულთა სისტემა არა აქვთ. მეორე მხრივ, კი ისეთ ქვეყანაში, როგორიც რუსეთია, ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი მუშაობს.

საქართველოში ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს სრულად ამოქმედების შემდეგ, შემოთავაზებული კანონპროექტის მიხედვით, ყველა სასამართლოში, ყველა საქმეზე, წვრილმანი ხულიგნობიდან მკვლელობის ჩათვლით, მხარეების თანხმობის შემთხვევაში ვერდიქტს ნაფიცი მსაჯულები გამოიტანენ. ასეთი სისტემა დღევანდელი მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში არ მოქმედებს ამერიკის შეერთებული შტატების გარდა. ევროპის ქვეყნების უმრავლესობაში, მათ შორის შერეული სისტემის პირობებშიც კი, მსაჯულები მხოლოდ განსაკუთრებით მძიმე, მრავალჯერადი მკვლელობის, სამშობლოს ღალატისა და სხვა მსგავს საქმეებზე მონაწილეობენ. ინგლისშიც კი, ბოლო ოცი წლის მანძილზე, ათასობით საქმეზე გაუქმდა მსაჯულთა სასამართლოები.

ერთმნიშვნელოვნად უნდა აღინიშნოს, რომ მოდელი, რომელსაც ქართველი კანონმდებლები გვთავაზობენ, ყველაზე ახლოს ანგლო-საქსურ, უფრო კონკრეტულად კი, ამერიკის შეერთებული შტატების სისტემისათან არის. თუმცა ეს მსგავსება სულაც არ ნიშნავს მისი ანალოგის შექმნას, ან უფრო მეტიც იმ საუკეთესო ტრადიციების გაზიარებას რაც ამერიკულ მოდელს ახასიათებს. ქართველი კანონმდებელი, შემოთავაზებული კანონპროექტით, ამერიკული მოდელისაგან აცდენით, ერთი მხრივ, მხარეთა უფლებამოსილებებს, ხოლო მეორე მხრივ, მსაჯულების დამოუკიდებლობას უქმნის საფრთხეს. დემოკრატიული ქვეყნების გამოცდილებისა და კანონმდებლობის შესაბამისად, ნაფიც მსაჯულთა სასამართლო ბრალდებულის ნებაყოფლობითი არჩევანია. ეს უკანასკნელი დებულება ერთგვარი იმპერატივია სისტემისათვის, რაც სამწუხაროდ ჩვენთან შემოთავაზებული კანონპროექტით არ არის გათვალისწინებული. ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს პროცესზე თანხმობით, ბრალდებული გამოტანილ ვერდიქტის ლეგიტიმურობის აღიარებას თანხმდება. მაღალი ნდობა, დამოუკიდებლობა და რიგითი, მისი მსგავსი მოქალაქეების წესიერება ის მოტივებია, რომელიც ბრალდებულს ასეთი არჩევანის გაკეთების მოტივაციას უქმნის, და არა პროფესიონალიზმი ან კანონის დეტალური ცოდნა. ამგვარი მოტივაციისა და რწმენის არარსებობის შემთხვევაში, მხარეს ყოველთვის უნდა ჰქონდეს უფლება უარი განაცხადოს მსაჯულებზე და საკუთარი ბედის გადაწყვეტა პროფესიონალი მოსამართლის სასამართლოს მიანდოს.

დემოკრატიული სახელმწიფოების პრაქტიკისათვის უცხოა მრავალი ისეთი დებულება, რომელსაც შემოთავაზებული კანონპროექტი ითვალისწინებს:

ბრალდების მხარის აუცილებელი თანხმობა ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს ჩატარებაზე. უფრო მეტიც, მისი ინიციატივით ასეთი უფლების ჩამორთმევა ბრალდებულისათვის.

სუბიექტური მოტივებით უკვე შერჩეული მსაჯულის პროცესისაგან ჩამოშორება.

საქმის განხილვის შემდეგ მოსამართლის ინსტრუქციებისა და განსაკუთრებით, უკვე მოსმენილი და განხილული ყოველი მტკიცებულების შეფასების წესების პოსტ-ფაქტუმ დადგენა.

მხარეთა მონაწილების გარეშე მსაჯულების შერჩევის შესაძლებლობის დაშვება.

მსაჯულების ურთიერთობა დანარჩენ სამყაროსთან პროცესის მიმდინარეობის დროს, განსაკუთრებით მასმედიასა და ნაცნობ-მეგობრების გავლენის ქვეშ მოქცევის შესაძლებლობა.

ყველა ეს პირობა და საკითხი გასათვალისწინებელი და სამსჯელოა მანამ სანამ, რაიმე საბოლოო გადაწყვეტილება იქნება მიღებული, იმისათვის, რომ სისტემა ჯანსაღ საფუძველზე დაიბადოს და მართლმსაჯულების მიმართ შერყეული რწმენის აღდგენას შეუწყოს ხელი.




კატეგორია: საქართველო | დაამატა: gi2gi
ნანახია: 207 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]