პაოლო იაშვილი – ბიოგრაფია
2011-08-24, 7:51 PM
პაოლო იაშვილი

პაოლო იაშვილი


პაოლო (იგივე პავლე) იაშვილი დაიბადა საჩხერის რაიონის სოფელ არგვეთში. პოეტის დაბადების ზუსტი თარიღი სადაოა, მაგრამ მიჩნეულია, რომ იგი დაიბადა 1892 წლის 2(14) აგვისტოს. პაოლოს დედა, ბაბილინე ბარონის ასული მდივანი, კეთილშობილი, სათნო, ღრმად მორწმნე და სტუმართმოყვარე ქალი ყოფილა. მამა, ჯიბრაელ (ჯიბო) დავითის ძე იაშვილი, წოდებით აზნაური, მთელ დასავლეთ საქართველოში ფართოდ ცნობილი პიროვნება, კიევში განსწავლული პროვიზორი იყო. ჯიბრაელი დიდად მომლხენი და ენამჭევრი თამადაც იყო, მის მონაყოლზე სუფრა სიცილისაგან ზანზარებდა.

საკმაოდ შეძლებულ შვილებმრავალ ოჯახს ხშირად სტუმრობდნენ პაოლოს მეგობრები. ჯიბოს, სახელგანთქმულ ფარმაცევტს, ორსართულიანი სახლი ჰქონდა აგრეთვე ქუთაისშიც. სწორედ აქ ედო ბინა შემდგომში პაოლოს რედაქტორობით გამოცემულ ჟურნალებს "ოქროს ვერძსა” და "ცისფერ ყანწებს”.

პაოლოს გარდა, ჯიბრაელს ოთხი ვაჟი და ერთი ქალიშვილი ჰყოლია. ერთი ვაჟი 1924 წელს დაუხვრეტიათ, პაოლო როგორც ცნობილია, 1937 წელს დაიღუპა, მესამე კი 1940 წელს გადაუსახლებიათ. ეს ფაქტები ნათლად მეტყველებენ ჯიბო იაშვილის შვილების ტრაგიკულ ბედზე, იმაზე, თუ რა რისხვა დაატეხა თავს ახალმა, "ბედნიერმა” ეპოქამ მის დიდ ოჯახს.

განათლება — 1900 წლის 1 სექტემბრიდან პაოლო იაშვილი მშობლებმა ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში მიაბარეს. მასთან ერთად სწავლობდნენ "ცისფერყანწელთა” მომავალი ლიტერატურული ჯგუფის გამოჩენილი წარმომადგენლები: ვალერიან გაფრინდაშვილი და ტიციან ტაბიძე. კლასიკური გიმნაზიის მოწაფეთა ისედაც მძლავრი ეროვნულ-პატრიოტული სულისკვეთება კიდევ უფრო გაძლიერდა 1905 წლის რევოლუციის მოახლოების შედეგად. 1911 წლიდან პოეტმა სწავლა განაგრძო ანაპაში- კერძო გიმნაზიაში.

პაოლო მოწოდებით მხატვარი იყო, ამ მიზნით გაემგზავრა 1913 წელს პარიზში, ლუვრთან არსებული ხელოვნების ინსტიტუტში სასწავლებლად, მაგრამ მოგვიანებით პოეზიით გატაცებამ ხელი ააღებინა ფერწერაზე. პოეტი ახლოს გაეცნო ფრანგი სიმბოლისტების შემოქმედებას. პარიზში გატარებულმა დრომ, შეიძლება ითქვას, გადამწყვეტი როლი შეასრულა პ. იაშვილის ლიტერატირულ მისწრაფებათა გამოკვეთის საქმეში.

1915 წელს მსოფლიო ომის ქარცეცხლსა და "ევროპის” ქაოსს გამოქცეული პოეტი ქუთაისში მკვიდრდება და აქტიურად ებმება ლიტერატურულ ცხოვრებაში.

მოღვაწეობა – პაოლო აქტიურ მონაწილეობას იღებდა მწერალთა კავშირის საქმიანობაში, დღიდან დაარსებისა. მისი საზოგადოებრივი ღვაწლის დახასიათების დროს საგანგებოდ უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ მისი უშუალო რედაქტორობით, ქუთაისში ორი ჟურნალი გამოიცა: "ოქროს ვერძი” და "ცისფერი ყანწები”.

მოგონებებსა და სამეცნიერო ლიტერატურაში ბოლო დრომდე ხშირად იყო ხოლმე ხაზგასმით აღმიშნული, რომ პაოლო იაშვილი აღტაცებით შეეგება 1921 წლის 25 თებერვალს –საქართველოს გასაბჭოების დღეს და იმავე საღამოს დაწერა ამ ფაქტისადმი მიძღვნილი სახოტბო ლექსი – "ახალ საქართველოს”. მიუხედვად იმისა, რომ პაოლოსა და მის მეგობარ "ცისფრერყანწელებს” საბჭოთა ხელისუფლებისადმი მკვეთრად შეურიგებელი პოზიცია არ გამოუმჟღავნებიათ, ეჭვმიუტანლად დასტურდება, რომ ზემოთ აღნიშნული საკითხი, გასაგები მიზეზების გამო, ცალმხრივად და ტენდენციურად შუქდებოდა. ხელისუფლება თუ მისი გარკვეული წევრები ცდილობდნენ ისეთი შთაბეჭდილება შეექმნათ, თითქოს პოეტი აქტიურად იბრძოდა საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დასამყარებლად. ეს ფაქტი დღევანდელი გადასახედიდან არარეალური და მიუღებელია, რადგან სამშობლოს თავისუფლებისათვის მებრძოლი კაცი, ბუნებრივია, შეგნებულად ვერ მოხვდებოდა იმათ ბანაკში, ვინც ქვეყნის დამოუკიდებლობას სისხლში ახშობდა.

1924 წლის ტრაგიკულმა მოვლენებმა მათ ოჯახს თავზარი დასცა. პოეტის ძმა 22 ვასილი სახალხო აჯანყებაში მონაწილეობისათვის შორაპანში დახვრიტეს. 1922–25 წლებში თითქმის 1934 წლამდე პაოლო იაშვილის შემოქმედებითი მუშაობის ინტენსიობა შენელებული ჩანდა.

მისი პირველი ლექსი "ღმერთო, ღმერთო” გაზეთ "კოლხეთში” 1911 წელს გამოქვეყნდა. პ. იაშვილის პირველი წიგნი 1955 წელს გამოიცა, ვრცელი კრებული 1959 წელს. პ. იაშვილის ტრიოლეტებისა და სონეტების გარდა ოსტატურად იყო დაუფლებული თავისუფალ ლექსსაც. მის შემოქმედებაში მარგალიტებივითაა გაბნეული მოთხრებები "ფერადი ბუშტები”, "სამი ტკივილი”. სამწუხაროდ, მან ვერ შეძლო დამთავრება პოემისა "გზა მშვიდობისა” (1936–1937 წლები). იგი მუშაობდა პუბლიცისტიკაში და ეწეოდა მთარგმენლობით საქმიანობასაც. მან ბავშვებისთვის დაწერა რამდენიმე ლექსი: "მედეას ლეკვი”, "შემოდგომის დღე ფოთი”, "ოთარ შოფერი” და სხვა.

პაოლო მონაწილეობდა ყოველ ახალ წამოწყებაში, ხალხის კულტურის განვითრებაში. მან მშვენივრად იცოდა ფერწერით მხატვრობა. იგი ფართო დიაპაზონის პიროვნება იყო. მნიშვნელოვანია პ. იაშვილის წვლილი ქართული თეატრის შექმნის საქმეში. იგი კოტე მარჯანიშვილთან ერთად აქტიურად ჩაება ქართული თეატრის აღორძინებისათვის ბრძოლაში. იყო სცენისმოყვარე, მონაწილეობდა ქუთაისის თეატრში დადგმულ სპექტაკლ "ღალატში”.

პ. იაშვილი სულხან–საბა ორბელიანის დიდი თაყვანისმცემელი იყო. მას უნდოდა ს.ს ორბელიანის ნეშტის პოვნა ვსევსიატკოეში და გადმოსვენება.

პაოლო იაშვილზე ძლიერ იმოქმედა 1931–32 წლებში "ცისფერყანწელების” ჯგუფის გაუქმებამ.

მსხვერპლი – პირველი ყველაზე დიდი მსხვერპლი, რომელიც 1937 წლის რეპრესიებმა შეიწირეს, ქართველ მწერალთაგან, პაოლო იაშვილი იყო. ეს ტრაგედია მოულოდნელი არ ყოფილა. იგი საკამაოდ დიდი ხნის მანძილზე, ნელ-ნელა და თანდათანობით მზადდებოდა. ცხადი იყო, რომ მეხი სულ მალე უნდა გავარდნილიყო.

პაოლო სულიერი ენერგიის მაქსიმალური მოკრებით, ვაჟკაცურად მოემზადა ამ ტარაგედიასთან შესახვედრად და რომ იტყვიან, ერთი ნაბიჯით დაასწრო იმ საბედისწერო განაჩენს, რითაც ხალხისა და ქვეყნის მტრად შერაცხულისათვის ტყვია უნდა დაეხალათ.

ამ გასროლის ხმა მთელს იმპერიაში გაისმა, როგორც ერთ-ერთი ყველაზე გაბედული პროტესტი.

ამ "პროვოკაციული აქტით” გაბოროტებულმა ხელისუფლებამ, სხვა რომ ვერაფერი იღონა, მკვდარი პოეტიც არ დაინდო და მას მოუწყო ულმობელი სასამართლო.
მივყვეთ მოვლენათა მსვლელობას…

გარდა შემოქმედებითი დისკუსიებისა, რომელიც ბოლო ხანს პაოლოს უმართავდნენ ხოლმე "იდეოლოგიური მავნებლობის” გამო, მკაცრად აკრიტიკებდნენ ახლო ურთიერთობისათვის "ხალხის გამომჟღავნებულ მტრებთან”: ჯიქიასთან, ლომინაძესთან, ელიავასთან, აღნიაშვილთან. ხშირად იმართებოდა სხდომები, სადაც მწერალთა კავშირის პრეზიდიუმი მსჯელობდა პოეტის მიერ "ჩადენილ მოღალატებრივ საქმიანობაზე”.

ბრალმდებლებად იქცნენ ძველი მეგობრები თუ თანამოაზრენი, ზიზღნარევი აღშფოთებით გმობდნენ "ხალხის მტრისა და დივერსანტის” საქციელს და კატეგორიულად უსვამდნენ საკითხს, თუ მართალი ხარ-დაგვიმტკიცეო. ასე თანდათანობით მზადდება საფუძველი პაოლო იაშვილის ტრაგედიისათვის.

მწერალთა კავშირის ოქმებში ხშირად გვხვდება ხალხის მტრებად შერაცხულ მწერალთა, დასჯილთა თუ დასასჯელად გამზადებულთა, სიები, რომლებიც შემაძრწუნებელ შთაბეჭდილებას გვიქმნიან 1937 წლის მოვლენებზე. პაოლო ადვილად არ ეგუებოდა მდგომარეობას. მითუმეტეს, რომ მის მიმართ წაყენებული ბრალდებანი სრული სიყალბე და ცილისწამება იყო. მაგრამ, სამწუხაროდ, თავის გამართლებისა და გადარჩენის არანაირმა ფორმამ არ გამოიღო შედეგი.

ერთ დროს არტისტული ბუნებითა და სიცოცხლის ხალისით სავსე პოეტი სასოწარკვეთილებამ შეიპყრო, თითქმის ყველას ჩამოშორდა, "თავის განუყრელ მეგობარს, თავისი სიამის ძმას-ტიცინსაც კი. ხავერდოვან თვალებში განუშორებელი სევდა ჩაუდგა. იშვიათად თუ ვხვდებოდით, ისიც მწერალთა სასახლეში ან მაჩაბლის ქუჩაზე. ასე ზეზეულად ჩაქრა მისი მჩქეფარე სიცოცხლე”. – იგონებს შალვა აფხაიძე.

მეწყერივით თავს დამტყდარმა ბედისწერამ პაოლო ტრაგიკული არჩევანის წინაშე დააყენა: ან დალოდებოდა კარს მომდგარ უმკაცრეს განაჩენს, ან ნიშნად, პროტესტისა და უმწეობისა, თავად უნდა დაესწრო და თვითმკვლელობით აღდგომოდა წინ მოზღვავებულ ბოროტებას. როგორც ცნობილია, პოეტმა მეორე გზა აირჩია…

უკანასკნელი წერილი მან საყვარელ მედეას გაუგზავნა. მისი სიყვარულითა და უკურნებელი დარდით გაშორდა იგი ამ ქვეყანას. პატარა გოგონას სიყვარულმა ვერ შეაცვლევინა გადაწყვეტილება.

მწერალთა სასახლეში დატრიალებული ტრაგედიით სულშეძრულ მიხეილ ჯავახიშვილს ცრემლმოერვით უთქვამს: "ნამდვილი ვაჟკაცი ყოფილა, ყველას გვაჯობა”-ო.
თვითმკვლელობის თავისთავად შემაძრწუნებელ ამ ფაქტს, მეტ ტრაგიკულ შინაარსს ისიც სძენს, რომ პოეტმა ეს საბედისწერო ნაბიჯი სწორედ იმ წუთებში გადადგა, როდესაც პრეზიდიუმის სხდომაზე მისი განაჩენი გამოჰქონდათ”. მან მწერალთა სასახლის კედლები საკუთარი თავისთვის ნასროლი ტყვიის გრიალით შეაზანზარა.
სისხლით შეიღება კაბინეტი, ჭერი და კედლები. სამწუხაროდ, ბოროტების იმპერიაში პროტესტის ნიშნად დაქუხებულმა ამ გასროლამ შედეგი ვერ მოიტანა, ვერ გამოაფხიზლა ეშმაკთან წილნაყარი ადამიანები. პირიქით, ჯერ კიდევ გაუცივებელი და სისხლშეუმშრალი პოეტის გვამს საბჭოთა იდეოლოგიის მონებმა თუ კარიერის მაძიებელმა ზიზღისა და ცილისწამების ახალი რისხვა დაატეხეს.

1937 წლის ტრაგედიიდან მოყოლებული პაოლო იაშვილის, როგორც რეპრესირებული მწერლის, სახელის ხსენებაც კი აიკრძალა. იგი სისხლში გასვრილ წუთისოფელთან საბოლოოდ ანგარიშსწორებული და მასთან საბედისწერო დუელში გამარჯვებული, მარადისობის გზას დაადგა და ყველას დიდსულოვანი დუმილით პატიობდა ადამიანურ სულმოკლეობას და სიმდაბლეს.

პაოლო იაშვილი დაკრძალულია დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

. . .

პაოლო იაშვილი თითქოს სიცოცხლეშივე გრძნობდა შემაზრზენი განაჩენის მოახლოებას, რომელიც თავის ერთ-ერთ ლექსში აისახა:

"ღმერთო! აპატიე,-
მე თუ ვერ მიშველი-
დედას, რომ დაგინთო ჩემ სიგრძე სანთელი,
მისთვის, რომ ჩემს გულში
დაყუჩდეს გრიგალი და კორიანტელი”.

კატეგორია: საქართველო | დაამატა: gi2gi
ნანახია: 1350 | რამოტვირთვები: 0 | კომენტარი: 1 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 1
  • Julz 2011-12-16

    Heck of a job there, it absoultely helps me out.

  • კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
    [ რეგისტრაცია | შესვლა ]