მთავარი » ფაილები » საქართველო

ოთარ ჭილაძე სხვა ვარსკვლავი (ილია ჭავჭავაძე)
2011-03-17, 8:30 PM
ილია ჭავჭავაძე

ილია ჭავჭავაძე

«ჩვენ უნდა ვსდიოთ ახლა სხვა ვარსკვლავს».
ილია ჭავჭავაძე

ყველა ლიტერატურას თავისი განსაკუთრებული წარმომადგენელი ჰყავს, რომელიც ზოგად-საკაცობრიო მაგალითიც არის საერთოდ მწერლობისა და საერთოდ საზოგადო მოღვაწეობისა. აქედან გამომდინარე, მისი დანიშნულებაც გაცილებით დიდია, ვიდრე მწერლობაა, ანდა საზოგადო მოღვაწეობა. უფრო ნათლად რომ ვთქვათ, ისინი, გამორჩეულნი, გვიღვიძებენ ჩვენ, დანარჩენებს, სწავლის სურვილს, განგვაწყობენ სამოქმედოდ, გვიმძაფრებენ შექმნის ჟინს და გვიდასტურებენ «უკეთესი ქვეყნის» არსებობას, დროსა და სივრცეზე გამარჯვების
შესაძლებლობას. ასე რომ, ვიდრე იარსებებს კაცობრიობა, ისინიც, გამორჩეულნიც, ყოველთვის სამაგალითონი და მისაბაძნი იქნებიან. ხოლო რაც მათ ცალ-ცალკე შეუქმნიათ თავიანთ ქვეყნებში, საერთო, საყოველთაო სახელმძღვანელოა, საიდანაც ნებისმიერი მსურველი, უპირველეს ყოვლისა, იმას იგებს, თუ როგორი უნდა იყოს თავად.
ასეთი გამორჩეული პიროვნებაა ჩვენთვის ილია ჭავჭავაძე, მაგრამ, სამწუხაროდ, ყველამ როდი იცის ეს. პირიქით, ამ ბოლო დროს ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს ჩვენი ზოგიერთი გაზეთი ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და შემოქმედების გადაფასებას აპირებდეს, გადაფასებას იმ ფენომენისა, ურომლისოდაც საერთოდ წარმოუდგენელია ჩვენი არათუ სულიერი, არამედ ფიზიკური არსებობაც, ნებისმიერი თვალსაზრისით და ნებისმიერ პოლიტიკურ სიტუაციაში. მაგრამ, ვთქვათ, ილიას პოეტური ფრაზის, ანდა რომელიმე გამონათქვამის კრიტიკა კი არ არის შემაშფოთებელი – ამგვარი კრიტიკა, რასაკვირველია, ვერაფერს დააკლებს «ერის გაზრდილსა» და «ცის დანიშნულს» – მაგრამ დიახაც შემაშფოთებელია, ვერაფრით რომ ვერ მოვახერხეთ აქამდე საერთო აზრისა და შეხედულების შექმნა ჩვენი ერთადერთი მკურნალისა და ქომაგის მიმართ. შემაშფოთებელია, დღევანდელი ქართველის გულშიც რომ პოულობს ადგილს უსაფუძვლო და ბრმა სიძულვილი განუსაზღვრელი და უანგარო სიყვარულის წილ. ჩვენდა სავალალოდ, მხოლოდ იმითღა შეგვიძლია ვინუგეშოთ თავი, რომ დღევანდელი მასობრივი მკითხველი განვითარების ძალიან დაბალ დონეზე დგას და, თავისთავად ცხადია, ყველა დიდი პიროვნების გარშემო ატეხილი მითქმა-მოთქმა უფრო აინტერესებს, ვიდრე თავად პიროვნების ჭეშმარიტი ადგილი და მნიშვნელობა, თუნდაც, პირადად მის ცხოვრებაში.
ლიტერატურის მცოდნესა და საქმეში ჩახედულ კაცს მხოლოდ ღიმილს თუ მოჰგვრის ილიას «კრიტიკოსთა» თავგამოდება. მაგრამ მაინც უნდა ითქვას, ვერც ერთმა მათგანმა ვერ მიაგო კეისარს კეისრისა. მთავარია, გაზეთის დღევანდელმა მკითხველმაც იცოდეს ეს, თორემ, ადვილი შესაძლებელია, ილიას მაგინებლები ილიას უფლებამოსილ და შეუმცდარ მსაჯულებად აღიქვას, რაც, მხოლოდ და მხოლოდ ისევ მისთვისაა საზიანო, რადგან მის თვალში დააყენებს ეჭვის ქვეშ ილია ჭავჭავაძის ფენომენის სიდიადესა და შეუვალობას. და მაინც, უვიცთა დაეჭვებაცა და ბრიყვთა აშკარა გამოხდომებიც მოსატანიც არ არის იმ სახელმწიფო-ებრივი მნიშვნელობისა და საგულდაგულოდ შენიღბულ პოლიტიკასთან, რომელიც აგერ უკვე ასი წელია, წარმატებით ხორციელდება და დღესაც მრავალ შესაძლებლობას იძლევა, რათა არამარტო ილიას გვერდით მოვიხსენიოთ, არამედ ილიაზე არანაკლები პატივი მივაგოთ მის მკვლელებსაც.
აი, მთავარი მიზეზი ჩვენი გაორებისა, ჩვენი ყოყმანისა, ჩვენი ეჭვიანობისა იმ ადამიანთან დაკავშირებით, ვისაც ბრმად უნდა ვენდობოდეთ და გონებრივი და სულიერი სიფხიზლით ვიცავდეთ. მაგრამ ვიდრე ამას მოვახერხებთ, ჯერ კიდევ ბევრჯერ დავეჭვდებით, არის თუ არა ილია ერთადერთი და აუცილებელი ნიშანსვეტი ჩვენთვის; ბევრჯერ ვიკითხავთ გუნებაში, ვიცხოვროთ მისი მაგალითით, თუ სხვა ვარსკვლავს მივსდიოთ უკვე. თუმცა (და არც ეს იცის ჩვენმა დღევანდელმა მასობრივმა მკითხველმა), «სხვა ვარსკვლავის დევნა» უკვე ილიას მაგალითით ცხოვრებას ნიშნავს მხოლოდ. ოღონდ, ჩვენი ღრმა რწმენით, ჯერჯერობით ერთი დღეც არ გვიცხოვრია ილიას მაგალითით. კი ვამბობთ, ხმამაღლაც ვიქადნით, ვიმუქრებით კიდეც, მაგრამ მაინც ძველებურად ვაგრძელებთ ცხოვრებას, ანუ, ვცხოვრობთ მონობაში შეძენილი წესებითა და მონობაში შემუშავებული მსოფლმხედველობით, რაც, პირველ რიგში, სწორედ «სხვა ვარსკვლავის» დანახვას გვიშლის. «სხვა ვარსკვლავი» თავად ილიაა, რო-მელმაც ერთხელ და სამუდამოდ უნდა გამოგვიყვანოს მონობის უკუნეთიდან. აი, როცა იქიდან გამოვალთ, მაშინ უფლებამოსილნიც ვიქნებით და ალბათ უფრო გამართლებულიც იქნება ჩვენგან ახალი სულიერი ნიშანსვეტების ძიება. იქამდე კი, ამის მცდელობაც, სხვა რომ არაფერი ვთქვათ, ძალიან ნაადრევია ნებისმიერი ქართული გაზეთისთვის.
ილია მხოლოდ სისხლიანი წარსული კი არ არის ჩვენთვის, არამედ წართმეული აწმყოცაა და სავალდებულო მომავალიც. მისი ტრაგიკულად დაღუპვის შემდეგ არ ყოფილა ჩვენს ცხოვრებაში ისეთი პერიოდი, მის ნამოღვაწარს მნიშვნელობა დაეკარგოს რომელიმე ჭკუათ-მყოფელი ქართველისთვის; არ ყოფილა მეტნაკლებად მნიშვნელოვანი ქართველი მწერალი, რომელსაც არ განეცადოს მისი კეთილმყოფელი გავლენა. მისი ფენომენი უფალივით მრავალმხრივია და განუყოფელი, ანუ, განუყოფლად იყოფის მხოლოდ და მხოლოდ მის მიმდევართა, თანამზრახველთა, თანამოაზრეთა და თაყვანისმცემელთა შორის. უფრო მარტივად რომ ვთქვათ, ილია იმის სამუდამო საკუთრებაა, ვისაც სამშობლოსთვის უცემს გული.
ილია ჭავჭავაძე ჯერ ისევ ჩვენთან არის, ჯერ საქართველოს ბალახს მისი სისხლი არ შეშ-რობია, ჯერ არ ჩამქრალა მის კუბოსთან ანთებული სანთელი, ჯერ არ გაციებულა მისი ნათელი შუბლი… ხოლო მისი სული საერთოდ არ აპირებს აქედან წასვლას. ჩვენთან ერთად ცხოვრობს, ჩვენ შორის ტრიალებს, მაგრამ ყველას როდი შეუძლია მისი დანახვა. ამისთვის განსაკუთრებული აღზრდაა საჭირო, და საერთოდ, ასეთია ხვედრი იმ გამორჩეულთა, რომლებზედაც ზემოთ ვლაპარაკობდით. ისინი ცოტანი არიან, რადგან არ შეიძლება ბევრნი იყვნენ. მაგრამ მათი მეშვეობით შეიძლება ბევრი ღირსეული ადამიანი აღიზარდოს. ხოლო, რაც უფრო მეტნი იქნებიან ღირსეულნი, მით უფრო თვალსაჩინო, მით უფრო აუცილებელი გახდება მთელი კაცობრიობისთვის, ვთქვათ, ჩვენი ილია თუ რუსების ტოლსტოი, გერმანელების გოეთე თუ ფრანგების ჰიუგო… ყოველი მათგანი, რასაკვირველია, ერთადერთია და განუმეორებელი და, ამიტომაც, ერთმანეთს კი არ ენაცვლებიან, ავსებენ ერთმანეთს, ერთმანეთის სახელს სიდიადესა და სინათლეს ჰმატებენ მხოლოდ, ერთმანეთის შუქით კიდევ უფ-რო ივსებიან და ნათდებიან, როგორც ერთი და იმავე თანავარსკვლავედის ვარსკვლავები.

1998
კატეგორია: საქართველო | დაამატა: gi2gi
ნანახია: 156 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]