ნიკო ნიკოლაძე ბიოგრაფია
2011-02-20, 5:18 PM

ნიკო ნიკოლაძე - Niko Nikoladze

ნიკო ნიკოლაძე - Niko Nikoladze

ქართველმა ერმა ნიკო ნიკოლაძეს, როგორც პროგრესულ მოაზროვნესა და სამოციანელთა ერთ-ერთ თვალსაჩინო მეთაურს, სიცოცხლეშივე დაუმკვიდრა ადგილი ილია ჭავჭავაძისა და აკაკი წერეთლის გვერდით.
ეს უფლება ნიკო ნიკოლაძეს მოუპოვა მრავალმხრივმა და მრავალფეროვანმა პუბლიცისტურმა მოღვაწეობამ, ღრმა ტექნიკურ-ეკონომიკურმა განსწავლულობამ და, რაც მთავარია, მის საქმიანობაში გამოვლენილმა მამულის სიყვარულმა.
ნიკო ნიკოლაძე დაიბადა 1843 წლის 27 სექტემბერს (9 ოქტომბერი) ქ. ქუთაისში. ნიკო ნიკოლაძის მამა იაკობ ნიკოლაძე იმ დროს ცნობილი მეწარმე და ვაჭარი იყო. იაკობს ქუთაისში არაერთი წარმოება ჰქონდა და ფოთის პორტით ხშირად შემოჰქონდა სხვადასხვა დანადგარები უცოეთიდან.
მე-19 საუკუნემდე საქართველოში ვაჭრობა ფრიად სათაკილო საქმედ ითვლებოდა. ქართველები თაკილობდნენ და მას მარტო უცხოელები აწარმოებდნენ: ებრაელები, სომხები, ფრანგები, რომელთაც ძველ დროიდან მოსახლეობის ნება ჰქონდათ მინიჭებული ზოგიერთ ქალაქის და სოფლების განკერძოებულ უბნებში. ნიკო ნიკოლაძე იგონებდა: "ბაბუაჩემი პირველი ქართველი ყოფილა, რომლსაც ეს საქმიანობა დაუწყია იმერეთში, იქნება საქართველოშიაც. მანამდე ქართველები ამას თაკილობდნენ და ამით მხოლოდ უცხოელები იყვნენ დაკავებული… იმერელი გლეხკაცის ცოლი ამ საქმიანობისას პირისახეს თათრის ქალივით აიხვევდა, არავინ წამასწროს თვალი ამ საზიზღარ საქმეზეო”.
ნიკო ნიკოლაძემ 1860 წელს დაამთავრა ქუთაისის გიმნაზია და იმავე წელს გამოაქვეყნა თავისი პირველი წერილები ჟურნალ "ცისკარში” (NN 9,10).
1861 წელს შევიდა პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე. მისი სწავლა პეტერბურგის უნივერსიტეტში ხანმოკლე გამოდგა. სტუდენტთა დემონსტრაციაში მონაწილეობისათვის ნ. ნიკოლაძე
დააპატიმრეს და უნივერსიტეტიდანაც დაითხოვეს. ციხიდან გათავისუფლების შემდეგ პეტერბურგში ცხოვრება აუკრძალეს, მაგრამ მეამბოხე სულის ადამიანს ვერაფერი აშინებს. 1862 ჟურნალ "ისკრაში” (NN 11,12,28,29) გამოაქვეყნა მხატვრული ნარკვევი "პეტერბურგის მხარეზე”, რომელშიც აღწერილია სტუდენტთა ცხოვრება.
1862 წელს საქართველოში დაბრუნდა. მონაწილეობდა ჟურნალ "ცისკრის” ფურცლებზე ძველ და ახალ თაობას შორის გამართულ იდეურ-პოლიტიკურ ბრძოლაში. საზოგადოებრივ ასპარეზზე გამოსვლისთანავე ნიკო ნიკოლაძემ მიზნად დაისახა არსებული სოციალურ-პოლიტიკური მდგომარეობის შეცვლისა და მშრომელთა ცხოვრების გაუმჯობესებისთვის ბრძოლა.
ნიკო ნიკოლაძე კვლავ პეტერბურგს გაემგზავრა და გაზეთ "ნაროდნოე ბოგატსტვოს” რედაქტორობდა. 1864 ჟურნალ "სოვრემენიკში” გამოქვეყნდა მისი ნარკვევი "პროვინციული სურათები”, ამავე წელს სწავლის გასაგრძელებლად საზღვარგარეთ წავიდა, პარიზიდან თანამშრომლობდა გაზეთ "სანკტ-პეტერბურგსკიე ვედომოსტში”. ა. გერცენის მიწვევით თანამშრომლობდა "კოლოკოლში”, რომელშიც დაბეჭდა სტატიები: "გლეხთა განთავისუფლება საქართველოში”, "ჩვენი მომავალი ვექილები”, «”მოსკოვსკიე ვედომოსტის” სამსჯავროს წინაშე», "თბილისიდან”, "ივლისის დღეები თბილისში”, "საქართველოდან”. "კოლოკოლში” თანამშრომლობა ნიკოლაძემ ა. გერცენთან და ნ. ოგარიოვთან უთანხმოების გამო შეწყვიტა. ნიკოლაძემ ლონდონში პ. ლაფარგის მეშვეობით გაიცნოკ. მარქსი, რომელსაც მისთვის შეუთავაზებია I ინტერნაციონალის წარმომადგენლობა კავკასიაში, მაგრამ ევროპაში სასწავლებლად წასულ ახალგაზრდას სამშობლოში დაბრუნება ნაადრევად მიუჩნევია. 1866 ნიკოლაძემ ფრანგულ ენაზე გამოსცა თავისი პირველი წიგნი "მთავრობა და ახალი თაობა”, 1868 ჟენევაში ლ.მეჩნიკოვთან ერთად დააარსა ჟურნალ "სოვრენნოსტი”, რომელშიც დაიბეჭდა ნიკოლაძის ცნობილი სტატიები: "რუსული ემიგრაცია”, "ორი თაობა”, "ევროპის ცხოვრება”, "ნაროდნოე დელო”, "რევოლუციონერის როლი”. ამავე წელს მ.ელპიდინთან ერთად გამოსცა ნ. ჩერნიშევსკის თხზულების პირველი ტონი და რომანი "რა ვაკეთოთ?!”, რომელთა შესავალი წერილები ეკუთვნის ნიკოლაძეს. შვეიცარიაში ყოფნის დროს 1868 დაამთავრა ციურიხის უნივერსიტეტი და დაიცვა დისერტაცია თემაზე "განიარაღება და მისი ეკონომიკური და სოციალური შედეგები” (ფრანგულ ენაზე ცალკე წიგნად გამოვიდა ჟენევაში), რისთვისაც მიენიჭა ციურიხის უნივერსიტეტის დოქტორის ხარისხი. იგი იყო პირველი ქართველი, რომელმაც უცხო ენაზე დაიცვა დისერტაცია.
1870 იანვარში ნიკოლაძე ქუთაისში დაბრუნდა, ხოლო მარტში უკვე თბილისში გადმოვიდა გაზეთ "დროების” თანამშრომლად. 1871 წლიდან სათავეში ჩაუდგა ჟურნალ "კრებულს”, რომელშიც გამოაქვეყნა ბევრი საპროგრამო ხასიათის სტატია პოლიტიკურ და ლიტერატურის საკითხებზე. 1872 პარიზში იმოგზაურა და თავისი შთაბეჭდილებები სათაურით "სხვათა შორის” ჟურნალ "კრებულში” გამოაქვეყნა. 1873 იგი კვლავ პარიზში იყო, ამჯერად ტყიბულის ქვანახშირის საქმეების მოსაგვარებლად. 1873 წლის 1 აპრილიდან პარიზშივე დაიწყო ჰექტოგრაფიულად ნაბეჭდი გაზეთ "დროშის” გამოცემა (დაისტამბა 10 ნომერი). მაისში ნიკოლაძე უკვე სამშობლოში დაბრუნდა და დაიწყო დიდი ლიტერატურული-საზოგადოებრივი მოღვაწეობა; თანამშრომლობდა გაზეთ "დროებასა” და ჟურნალ "კრებულში”; 1878-იდან გამოსცემდა გაზეთ "ობზორს”, რომელიც 1880 წელს მთავრობამ დახურა და მისი რედაქტორი სტავროპოლში გადაასახლა.
1881 წლის თებერვალში ნ. ნიკოლაძე, მრავალგზის თხოვნის შემდეგ, გაათავისუფლეს გადასახლებიდან და ნება დართეს ეცხოვრა მხოლოდ პეტერბურგში. 1881 წელს ნიკოლაძე სტავროპოლიდან პეტერბურგში გადავიდა, სადაც თანამშრომლობდა ჟურნალში "ოტეჩესტვენნიე ზაპისკი” და ფართო ლიტერატურულ მოღვაწეობას ეწეოდა. პეტერბურგში ყოფნის დროს აქტიური მონაწილეობა მიიღო ნ. ჩერნიშევსკის განთავისუფლებაში. 1886 წლიდან მეორე დასის ერთ-ერთი ხელმძღვანელი იყო. 1887-1891 თბილისში რედაქტორობდა გაზეთ "ნოვოე ობოზრენიეს”, თანამშრომლობდა ჟურნალ "მოამბეში”. 1894-1912 წლებში არჩეული იყო ფოთის ქალაქის თავად. მთელი ოცი წლის განმავლობაში სათავეში ედგა ქალაქ ფოთს. მისი ხელმძღვანელობით ჭაობიანი პატარა ფოთი მოკლე დროში დიდი პერსპექტივების მქონე ქალაქად გადაიქცა.
1917 თებერვლის რევოლუციას პეტერბურგში შეხვდა. 1917–1918 წლებში ნ. ნიკოლაძე იყო საქართველოს ეროვნული საბჭოს, ხოლო 1919–1921 წლებში საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრი. 1918 წლის 26 მაისს მან ხელი მოაწერა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტს. 1917 წელს მისი უშუალო მონაწილეობით დაარსდა საქართველოს ეროვნულ–დემოკრატიული პარტია. იყო ამ პარტიის საპატიო თავმჯდომარე. 1920 ნიკოლაძე საზღვარგარეთ გაემგზავრა, როგორც ჭიათურუს მანგანუმის საექსპორტო საზოგადოების დელაგაციის მეთაური; იქ შეიტყო საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების ამბავი და მაშინვე სამშობლოში დაბრუნება ითხოვა. 1924 წელს დაბრუნდა საქართველოში. ნიკოლაძემ დიდი როლი შეასრულა ქართული ლიტერატურის კრიტიკის განვითარებაში. მანვე მოგვცა ი. ჭავჭავაძისა და გ. ორბელიანის მხატვრული შემოქმედების ღრმა ანალიზი.

ნიკო ნიკოლაძე ყველას აცვიფრებდა გაბედული გეგმებითა და პროექტებით. საინჟინრო-ეკონომიკური აზროვნების სიღრმითა და ორიგინალურობით. იგი არ ჩამოუვარდებოდა თავისი დროის დიდ მეცნიერებს – ტექნიკური პროგრესის მამამთავარი იყო საქართველოში.

ნიკო ნიკოლაძემ დიდი ღვაწლი დასდო შავი ქვის და მადნების მოძიება-დამუშავებას, ფოთის ნავსადგურის აშენებას.

ნიკო ნიკოლაძემ მილიონერ ინჟინერ პალაშკოვთან ერთად 1867-1874 წლებში ააგო თბილისი-ფოთის რკინიგზა, რომელიც პირველი აღმოჩნდა ამიერკავკასიაში. ნიკო ნიკოლაძე ამისთვის დაჯილდოვდა ოქროს ჟეტონით, რომელიც უფლებას აძლევდა, უფასოდ ემოგზაურა რუსეთის ნებისმიერი რკინიგზით.

ნიკო ნიკოლაძე 1884-1886 წლებში აქტიურად მონაწილეობდა სურამის გვირაბის პროექტის დამუშავებასა და განხორციელებაში, რომლის დროსაც რკინაბეტონის დიდი სამუშაოები შესრულდა.

1885-1893 წლებში ნიკო ნიკოლაძემ თბილისის მუნიციპალურ მშენებლობაში მთავარი როლი შეასრულა – ააგო ავჭალის წყალსადენი, ხელი შეუწყო ცხენიანი ტრამვაის ("კონკის”) ორგანიზაციას, აბანოების რეკონსტრუქციას და სხვ.

1928 წლის 1 აპრილს 85 წლის ასაკში გარდაიცვალა "ორი საუკუნის ადამიანი”, "უკანასკნელი მოჰიკანი” ნიკო ნიკოლაძე, რომლის ნეშტი 5 აპრილს მიაბარეს მთაწმინდის მიწას.
ნიკო ნიკოლაძის გვერდით დაკრძალულია მისი მეუღლე. ოლღა გურამიშვილის ნეშტი 1956 წლის 10 სექტემბერს დიდუბის პანთეონიდან მთაწმინდაზე გადაასვენეს.

1948 წელს სოფელ დიდ ჯიხაიშში დაარსდა ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმი.
ნიკო ნიკოლაძის შვილი იყო ასევე ძალზედ ცნობილი და საქართველოში პირველი პროფესიონალი სპორტსმენი – გიორგი ნიკოლაძე, ხოლო მისი სიძე გახლდათ ცნობილი მათემატიკოსი ნიკო მუსხელიშვილი.

 












კატეგორია: საქართველო | დაამატა: gi2gi
ნანახია: 2832 | რამოტვირთვები: 0 | კომენტარი: 1 | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 1
  • lia bibileishvili 2011-08-02

    yvelas, visac riTime SeuZlia daexmaros niko nikolaZis saxl-muzeums
    am problemis mogvarebaSi

    didi qarTveli sazogado, politikuri da praqtikosi moRvawis, erovnul-gamaTavisuflebeli moZraobis erT-erTi saxelovani lideris, axali drois reformatoris niko nikolaZis saxl-muzeumi mdebareobs sofel didi jixaiSis centrSi mis mier 1886 wels aSenebul saxlSi, romelic dgas nikos xeliTve gaSenebul unikalur dendro-parkSi. am parkSi asze meti nikoseuli sxvadasxva dasaxelebis unikaluri xe-mcenarea dRemde SemorCenili. maT Soris: samxreT amerikidan nikos mier Camotanili seqvoia, sacobis muxa, sapnis xeebi, bukingamia, amerikuli kaklis xeebi, saukuneze meti xnis Zelqvebis unikaluri xeivani, muxebi, cacxvebi, ulamazesi aRmosavleTis da dasavleTis Wadrebi, italiuri Wadari _ katalpa, himalais kedari, fiWvebi, kedrebi, kiparisebi, sxvadasxva jiSis bambukebis iSviaTi silamazis koromi, glicinia da sxva.
    aRniSnuli dendro-parkis teritoria moicavs 1,5 heqtarze met farTobs.
    parkis movlasa da kidev ufro metad galamazebaSi garkveul daxmarebas gviwevs Cveni soflis mkvidri biznesmeni gela leJava. sponsorobis garda man amas winaT muzeums Tanamedrove sacelavi, sakreWi da totebis saWreli manqana aCuqa, romelic, samwuxarod, male dagvizianda.
    muzeums ara aqvs saSualeba SeiZinos msgavsi inventari.
    Cvenc vcdilobT Cveni ZalebiT raRac wvlili SevitanoT parkis movlasa da axali nargavebiT mis SevsebaSi. baTumis botanikuri baRidan baRis direqtorma b-nma vano papuniZem araerTi iSviaTi jiSis xe-mcenare gvaCuqa _ nekerCxali, kiparisi, korpis muxa da sxva.
    miuxedavad Cveni mcdelobisa movuaroT da davicvaT parkis ZiriTadi mSveneba _ saukunis unikaluri xeebi, bevri maTgani mainc xmeba (ase gaxma aq ramdenime wlis win nikoseuli Ciles araukaria, uTxovari, qonis xe, korpis muxa, wolga-fiWvi...) da sxva xeebis dacvis mizniT iZulebulni varT isini movWraT. ukanaskneli wlebis manZilze araerTi saukunovani cacxvi, Zelqva, fiWvi Tu kedari gaxma an waiqca, nikoseuli dendro-parki TandaTan Raribdeba. gvesmis, rom es Seuqcevadi procesia _ rogorc yovel cocxal arsebas amqveynad, xeebsac sicocxlis gansazRvruli dro aqvT RvTisagan boZebuli, magram maTi xangrZlivi sicocxlis xelSemSleli realuri mizezebic arseboben _ amerikuli pepela, lafanWamia uzarmazari Savi xoWoebi da sxva araerTi mRrRneli da mteri.
    .umorCilesad gTxovT, dagvexmaroT nikolaZiseuli dendro-parkis gadarCena_ reabilitaciis saqmeSi, raTa bunebis es unikaluri Zegli darCes "didi nikos" naRvawTan erTad momavali, maradiuli saqarTvelosaTvis.

    winaswar gwiravT madlobas gulisxmierebisa da uangaro daxmarebisaTvis

    pativiscemiTa da saukeTeso survilebiT _
    lia bibileiSvili _ niko nikolaZis saxl-muzeumis direqtori

  • კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
    [ რეგისტრაცია | შესვლა ]