მზეხა მახარაძე – “ნიკო ნიკოლაძე – ქვეყნის ერთგული მსახური”
2011-02-20, 5:17 PM

ნიკო ნიკოლაძე ქუთაისში. ი. კვიცარიძის კანტორა - იმერეთი


მზეხა მახარაძე – "ნიკო ნიკოლაძე – ქვეყნის ერთგული მსახური”

"მას აქეთ, რაც მე ჩემს თავს ვიცნობ, ერთი წადილის მეტი არა მქონია, ერთი ღმერთის გარდა, სხვისთვის თაყვანი არ მიცია… მე შენ მიყვარდი, შენ მწამდი, შენ გემსახურებოდი, ავად, თუ კარგად, როგორც შემეძლო, როგორც ჭკუა მიჭრიდა… შენი ბედი და უბედობა, შენი ავი და კარგი, ჩემი პირადი ბედი და უბედობა, ჩემი საკუთარი ავი და კარგი მეგონა… მე დამივლია მთელი ევროპა, არც საფრანგეთის ამაღელვებელ და აღმტაცებელ ცხოვრებას, არც პეტერბურღის განსაცდელით მიმზიდველ საზოგადოებას, არც იტალიის მშვენიერებას, არც შვეიცარიის თავისუფლებას არასოდეს არ მოუხიბლავს ჩემი გრძნობა და გული, არ შევუცდენივარ და არ მივუზიდივარ… ახალგაზრდა კაცის გულზე გვარიანი გავლენა აქვს იქაური დიდი სახელის და იქაური დიდი გავლენის იმედს, იმის მაგიერ, რომ იქაურ ცხოვრებას მივებირე და სხვებსავით დამევიწყა ჩვენი ერთი ნამცეცა ქვეყანა, ჩვენი ყველასაგან უცნობი ხალხი, მე ნიადაგ შენზე ვფიქრობდი, რომ სადმე, როგორმე, სადაც კი ვყოფილიყავი, შენთვის ცოტაოდენი სარგებლობა მაინც მომეტანა… სხვაგან და ჩვენში, მწერალი თუ გაჩუმებული, მუდამ შენი ერთგული მსახური ვიყავი.”

ასე წერდა და ფიქრობდა მეამბოხე პუბლიცისტი ნიკო ნიკოლაძე, თანემედროვეთაგან უსამართლოდ მივიწყებული მამულიშვილი. სამშობლოს სიყვარული ღირსებად და ძალმოსილებად მიაჩნდა. რევოლუციური პათოსი აახლოვებდა ჩერნიშევსკისთან, გერცენთან, სალტიკოვ-შჩედრინთან, მიხაილოვსკისთან… საქართველოზე თამამად საუბრობდა ჯუზეპე გარიბალდისთან, ვიქტორ ჰიუგოსთან, ალფონს დოდესთან, ემილ ზოლასთან, ლუი ბლანთან, პოლ ლაფანგთან… დაუმორჩილებელი და საქართველოდან დევნილი მოაზროვნე ევროპაში ქართული ჩოხით შემოსილი დაიარებოდა და იქაც თავისი ქვეყნის ბედზე ფიქრობდა, გამოსავალს ეძებდა და მთელ იმედს თავისი ქვეყნის ახალგაზრდობაზე ამყარებდა:

"სადაც გინდათ, იშრომეთ, სადაც გსურთ, ისწავლეთ, ოღონდ, თქვენი მამული გიყვარდეთ, ოღონდ კი მის სასარგებლოდ იშრომეთ, ოღონდ მისი მდგომარეობის გაუმჯობესებაზე, მისი სახელის განდიდებაზე, მისი კეთილდღეობის მოახლოებაზე იმეცადინეთ, ეცადეთ, გონიერი, სწავლული და პატიოსანი გამოხვიდეთ, მარტო ამითაც შეგიძლიათ საქართველოსთვის ხეირის მოტანა, მართალია, ჩვენი ქვეყნისთვის ის უფრო ემჯობინება, რომ მისი ჩინებულათ ნასწავლი და დახელოვნებული შვილები დანარჩენ მის შვილებს პირდაპირ ეხმარებოდნენ, მაგრამ, ესეც რომ არ იყოს, მე ოცდაათს შინაურ "უმეცარს” ერთი გასული "ნასწავლი” მირჩევნიაო.”

ასე ფიქრობდა, რადგან ღრმად სწამდა, რომ სწორედ ახალმა, განათლებულმა თაობამ უნდა იხსნას ამქვეყნიური ძნელბედობა, იმ თაობამ, რომელსაც არ სჯერა, "რომ ახლანდელი წესები და ჩვეულებები შეურყეველი უნდა დარჩნენ.”

მისი თანამედროვეობა მკაცრია და ჭუჭყიანი, მყრალი და მძვინვარე, მაგრამ მაინც… მგზნებარე მამულიშვილის აზრით, არავის აქვს უფლება, თავი გაითავისუფლოს არსებული სიბინძურის წმენდისაგან. ბუნებრივია, სისუფთავეში, თეთრ ხელთათმანებსა და ფრაკებში ყველას ხელეწიფება, ყველას სიამოვნებს ამქვეყნიური სასახლის გაპრიალებულ იატაკზე სიარული… ხორკლიანი და უსუფთაო თანამედროვეობის გარდაქმნა – გაუმჯობესება კი საზოგადოებრივი ცხოვრების კანონების შეცნობით, შესწავლითა და ამოქმედებით შეიძლება. მხოლოდ ამ ფეხმარდი პეგასების გამოყენებით განისაზღვრება მშვიდი და აგრერიგად აუცილებელი რევოლუცია ეკონომიკურ წეს-წყობილებაში, მრეწველობაში, რომელიც თანდათან უნდა დაიწყოს. ეს რევოლუცია არც აფეთქების, არც სისხლისღვრის, არც ტახტებისა თუ საკურთხევლების მსხვრევის აუცილებლობას არ გულისხმობს, შესაბამისად, ქვეყნის მომავალ პოლიტიკას უნდა განსაზღვრავდეს არა პოლიტიკოსების პირადი სურვილები და ამბიციები, არამედ ქვეყნის გეო-სტრატეგიულ მოთხოვნილებებზე დამყარებული კურსი. პოლიტიკა ახალი, მოდური ,,შლიაპა” როდია, რომლის ცვლა ჩვენს ,,ქეიფზე ჰკიდია,” პოლიტიკა ისეთივე ტრადიციული, უცვლელი, მამა-პაპური განძია, როგორც ენა, ეროვნება, სარწმუნოება… ამიტომაც, ეროვნული თავისუფლება ძნელად მისაღწევი და უფრო ძნელად შესანარჩუნებელი ფუფუნებაა, რადგან იგი ქვეყნის ეკონომიკური აღორძინებით მოიპოვება: "ერი, რომლის წარმოება შეფერხდა და სხვა ქვეყნებთან შედარებით ხეირიანად ვეღარ აჯილდოებს მწარმოებელს, სხვის მსხვერპლადაა გამზადებული, თუ სწრაფად ვერ მოახერხა თავისი წარმოების გაუმჯობესება, მისი საქმე წასული და დაღუპულია” – აყალიბებს იგი თავის აზრს პუბლიცისტურ წერილში.

ეროვნული თავისუფლებისათვის ბრძოლა (შენარჩუნება) და ეკონომიკური აღორძინება – ეს ორი ერთმანეთზე გადაჯაჭვული მცნება არა მარტო გასული საუკუნის, არამედ დღევანდელობის არსებითი საფიქრალიცაა. სამწუხაროდ, დღეს ისევ გამოსავალს ვეძებთ, ისევ წინაპართა მტვერწაყრილ ნააზრევში გვიწევს ქექვა, რადგან უკეთესი ვერც მოვიფიქრეთ და მათი ღვაწლიც დავიწყებას მივეცით.

ამიტომაც აქტუალურად და მნიშვნელოვნად მიგვაჩნია ყველა იმ ადამიანის აზრი, ვინც თავის დროზე ქვეყნისთვის ასე საჭირბოროტო საკითხებზე მსჯელობდა და წერდა…

ნიკო ნიკოლაძის აზრით, თავისუფლების მომტანი სიძლიერე ქართველების მიერ ათვალწუნებულ ანგარიშიანობასა და წესრიგში, შინაგან დისციპლინასა და ყაირათიანობაშია. ამიტომაც ფიქრობს, რომ არაფერი შეიცვლება, არაფერი გვეშველება, მანამ, სანამ "ჩვენი საზოგადოების უმრავლესობას სისხლსა და ხორცში ის რწმენა არ გაუჯდება, რომ საზიზღარი, სამარცხვინო და სათაკილო ამ ქვეყნად მხოლოდ უსაქმურობა და მუქთა პურის ჭამაა…”

"რამ დასცა ჩვენი მამული?” – გაუხუნარი შეკითხვა, რომელიც ქართველებს ლამის ბედისწერად ექცათ და ყველა დროის მოაზროვნეთა მიერ მოძებნილი მტკივნეული, პირუთვნელი პასუხი, ყველა ჭირისუფლის მიერ გამოტანილი განაჩენი, რომელიც საბოლოოდ დამნაშავედ საკუთარ უნიათობას ასახელებს. ნიკო ნიკოლაძესაც ეს

კითხვა აწვალებდა და უღრღნიდა ტვინს. აი, მისი პასუხიც: "მტერმა კი არ დაგვცა, ჩვენმა სარწმუნოების დაკარგვამ წაგვახდინა, აღარ გვწამდა საკუთარი თავი, უცხოეთი კი ჩვენს თვალში რაღაც უზენაეს ქმნილებად იხატებოდა. სანამ უმოქმედო ნაწილი ჩვენი საზოგადოებისა შრომას და თავის რჩენას არ შეეჩვევა, სანამ ჩვენი ხალხი მეწველი ძროხის მდგომარეობიდან არ გამოვა, შეუძლებელია, ჩვენში ნამდვილი ერთობა დაარსდეს, ან გულწრფელი ძმობა, ან ხეირიანი განწყობილება…. უცოდინრობაა ჩვენი მომრევი და არა მრავალრიცხოვანი მომხდური… ერთმანეთს შევესიეთ და შევაკვდით… ერთმანეთი მიწასთან გავასწორეთ, მტერ-მეზობელი კი შორიდან თვალყურს გვადევნებს და ლოცულობს: "წამკიდებელი წაკიდე, ორივეს თავი წაწყვიტეო!”

"საზოგადოების კეთილდღეობა შეიძლება მიღწეულ იქნას მხოლოდ ერთდროული და მრავალმხრივი განვითარებით ყველა იმ ელემენტებისა, რომელთაგანაც შედგება ხალხის ცხოვრება.” სანამ ამგვარი განვითარების გზას დავადგებით, საჭიროა განისაზღვროს პრიორიტეტები, ჩამოყალიბდეს ერთიანი აზრი, შევთანხმდეთ, რა გვინდა, როგორი ქვეყანა გვინდა…

როგორც ჩანს, ერთიანობის მიღწევა, ქართველთა აუხდენელი ოცნებაა, მიზეზი კი ჩვენთვის დამახასიათებელი მანიაკალური მისწრაფებაა პირველობისკენ:

"თითოეულ ჩვენთაგანს უნდა, რომ ყველა დანარჩენი მისივე კალაპოტზე ჩამოსხმული იყოს, მისივე ხასიათი ჰქონდეს, მასსავით ფიქრობდეს, ყველაფერზე და ყველაფერში მის მსგავსად მოქმედებდეს” –წერდა ნიკო ნიკოლაძე და იქვე დასძენდა: "ასეთი მრწამსი და შეხედულება არ გამოგვადგება. ცხოვრება, განსაკუთრებით ჩვენში, ნამდვილი ბრძოლაა, ამიტომაც ჩვენ, ერთის სურვილით, ერთი ნების, ერთი აზრის და ერთი მოქმედების ქონვას უნდა შევეჩვიოთ, რომ ჩვენი გონიერი მოქმედებით, ჩვენი შეერთებული და ერთ მიზნისკენ მიმართული ძალით, ჩვენი დისციპლინით უკანასკნელი მეხი დავცეთ ჩვენს ძველ თაობას და დამპალ ცხოვრებას.”

"დამპალი ცხოვრების” საბოლოოდ გასანადგურებლად და "საზოგადო ბედის” გასაუმჯობესებლად ყოველთვის საჭიროა მხნე, გონიერი, შეურყევლად პატიოსანი და ნიჭიერი ლიდერი, რომელიც საზოგადო საქმისთვის იცხოვრობს და საზოგადო მიზნისთვის მოკვდება. რაც კაცობრიობას სასარგებლო და ღირსეული საქმე ჩაუდენია, ყველა მაღალი თვითშეგნებისა და პატიოსანი ხასიათის გმირებს განუხორციელებიათ….

უწმინდური ხელითა და შეურაცხყოფილი სახელით არასოდეს გამჟღავნებულა ცხდი ჭეშმარიტება და დიდი მიზანი.

ჩვენ რთულ დროში ვცხოვრობთ, ჩვენი ხასიათი თუ ზნე მეტისმეტად მოტყდა, გაუფერულდა, გადაგვარდა… დაბრკოლებების წინააღმდეგ ბრძოლა გვაშინებს, ბრძოლას ვინ ჩივის, ჯანსაღი აზრი აღარ შეგვრჩა, რომ ერთმანეთს გავუზიაროთ… უზრუნველად, ურეაქციოდ ვუცქერთ ყოველგვარ სიბინძურეს, უხეირობას, ავკაცობას, რაც პირადად არ გვეხება და არც კი ვფიქრობთ იმაზე, რომ ეს "საზოგადო ჭლექი” ყველას ერთნაირად გვანგრევს და სხვების თვალში სასტიკად გვამდაბლებს…

რა საოცრად ეხმიანება მე-19 საუკუნის პუბლიცისტის გულისტკივილი დღევანდელობას, თუმცა, ეპოქალური სატკივარის მარადიული იდენტურობა ისევ ჩვენს მიუხვედრელობასა და უგუნურებაზე მიგვანიშნებს და ესაა ყველაზე მეტად საგანგაშო.

"ყოველი ადამიანი ფეხდაფეხ უნდა მიჰყვებოდეს ეპოქის აზროვნებას, თორემ უვიცობის მსხვერპლი შევიქნებით.” გვაფრთხილებს ნიკო ნიკოლაძე, მაგრამ ჩვენ, "მამაპაპისეულ ხვრინვას” მიჩვეულნი, "საზოგადო ზნეობით მიძინებულნი” დღესაც ბედის მდინარეს მინდობილნი, საკუთარ თავში ჩაკეტილნი, იმით ვკმაყოფილდებით, რაც აქამდე მოგვიპოვებია და შეგვიძენია…

განდიდების მანიით შეპყრობილ ლიდერთა დაუსრულებელი ჭიდილი პირად ინტერესებზეა დამყარებული. დაუნდობელ ბრძოლაში ჩათრეული, გაიცვითა საკუკენეებში გამოვლილი მორალი და ძირს დაცემის განცდით ღირსებაშელახული ეროვნული პატივმოყვარეობა… ახლა მას ვერც წარსულის დიდება და ვერც შერეული ჭაღარა ვეღარ გადაარჩენს…

შეურაცხყოფილი და ხელმოცარული ბრძენკაცობა ლამის საბრალდებო სკამზე დაუსვამთ საკუთარი უძლურებისა და უსარგებლობის გამო…

უზნეობის ლაფში ამოსვრილი "ვეშაპები” კი თავდაუზოგავად ინარჩუნებენ ბინძურ წყალში ბანაობის უფლებას… და ისევ იმედი, "ხეპრული პატივმოყვარეობისა და უგუნურების” ზეიმს დაასრულებს საზოგადოებრივ ცხოვრებაში მომხდარი ცვლილებები და ცრუ –მქადაგებელთა "მამაო ჩვენო” – "წინ წყალი და უკან მეწყერი” – საკუთარ თავზე მოვლენილ წყევლას დაემსგავსება. ამ იმედს უკავშირებდა ნიკო ნიკოლაძე "ახალი ახალგაზრდობის” ერთობას, საზოგადო მიზანს, ახალი ცხოვრების მშენებლობაზე ფიქრს… და დაუნდობლად ამხელდა უსახურ, უგუნურ ახალგაზრდებს, პატიოსნების დაცვას რომ ქადაგებდენ და თან გონებას რამდენიმე თუმნად აგირავებდენ, როცა ანგარებას გმობდნენ და მთელი ცხოვრება მდიდარ საცოლეს დაეძებდნენ, როცა ხმამაღლა პიროვნების თავისუფლებაზე მსჯელობდნენ და თავად ძალაუფლების მოყვარულთა მონებად რჩებოდნენ.

ნიკო ნიკოლაძის აზრით, ქვეყნის განვითარება- წინსვლისთვის არაა საკმარისი მხოლოდ ტრაფარეტული ლოზუნგები, დამღუპველია მისტიკური ოცნება კეთილდღეობაზე და სრულიად მიუღებელია სპეკულაციური დამოკიდებულება, რადგანაც "მეტაფიზიკური აზროვნება დამყარებულია არა ცხოვრების შესწავლაზე, არამედ ვარაუდებზე, არა იმაზე, რაც ამ ქვეყნად ნამდვილად არსებობს და კეთდება, არამედ იმაზე, რაც სამართლიანად და გონივრულად გეჩვენება.”

რუსეთის ჩინოვნიკური რუტინით და მონური სულით აღზრდილი თეორეტიკოსები, რომლებიც თბილ კაბინეტებსა და რბილ სავარძლებში მეტაფიზიკურ მორალზე მსჯელობდენ, ნიკო ნიკოლაძეს რენეგატს, რუტინიოსს და რეაქციონერს ეძახდნენ….

დახვეწილი ინტელიგენტური აღნაგობისა და არაჩვეულებრივად უნივერსალური სულით, ევროპული აზროვნებითა და ქართული ტემპერამენტით აღსავსე ნიკო ნიკოლაძეს არასოდეს უკვირდა გაუხარელი წუთისოფლისაგან გესლი. მან ხომ სიცოცხლეშივე მოასწრო დიდების მწვერვალებისთვის თვალის შევლება, რადგან მხოლოდ ის შეიძლება იყოს ყოველთვის თანამედროვე, ყველასათვის თანადროული და აქტუალური, ვისაც ბოლომდე გულწრფელად გაუაზრებია საკუთარი ქვეყნის ტკივილი.

მის კრიტიკულ პუბლიცისტურ წერილებში აშკარად იგრძნობა დროის მდინარებასთან მებრძოლი მოაზროვნის უჩვეულო სულიერი მღელვარება, რომელიც ხან დიდ სიხარულთნ, ხან დიდ ცხოვრებისეულ სატკივართან მოულოდნელი შეხვედრითაა განპირობებული. ნიკო ნიკოლაძის პუბლიცისტური მრწამსი და მოქალაქეობრივი მსოფლმხედველობა ხალხთან სიახლოვისა და ერის გამთლიანების სურვილზეა აგებული. მკითხველთა წრის გაფართოების მიზნით ბუნებრივად წარმოიქმნა მის ნაწერებში თემატური მრავალფეროვნება, რაც ძირითადად იმ მნიშვნელოვანი და საჭირბოროტო საკითხების მოტივირებას წარმოადგენს, რაც ქართველებისთვის მუდამ ასე მტკივნეული იყო.

"უდოგმატო კაცის” შეხედულებათა სპექტრი ეროვნულ –სოციალური სინამდვილის მოვლენებზე უშუალუო დაკვირვების შედეგადაა გამომუშავვებული. მამხილებელი, ანალიტური თეზისები ხშირად საერთაშორისო ურთიერთობათა არეალზე დაყრდნობითა და უცხოური პარალელების გავლებითაა გადმოცემული. ზოგჯერ ზედმეტად პრინციპული, მაგრამ სადა და უბრალო, მარტივი მსჯელობის მიღმა მაღალი კულტურა, მაცნიერული მიდგომა და რაც მთავარია, საკუთარი ქვეყნის უდიდესი სიყვარული შეიგრძნობა.

ჩვენ შეგნებულად ავარიდეთ თავი ნიკო ნიკოლაძის, როგორც პუბლიცისტის ღვაწლის წარმოჩენას მე-19 საუკუნის ქართული პუბლიცისტიკის ისტორიაში, არც ამ მხრივ დაგვიპირისპირებია დღევანდელობა წარსულთან, რათა უფრო თვალნათლივ დაგვენახა როგორ ყალიბდებოდა საზოგადოებრივი აზრი პრესის საშუალებით… მიგვაჩნია, რომ ეს საკითხი ცალკე საუბრის თემაა, თუმცა, დაკვირვებული მკითხველი ისედაც მიხვდება, რატომ გავიხსენეთ დიდი მამულიშვილი, სიტყვისა და საქმის კაცი – ნიკო ნიკოლაძე.

მზეხა მახარაძე

წყარო: http://mamuli.net/Sinatle


კატეგორია: საქართველო | დაამატა: gi2gi
ნანახია: 1126 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]