მოსე ჯანაშვილი “ვაჟა-ფშაველობა”
2011-03-17, 4:36 PM

ყველა დიდ მიცვალებულის შესახებ აუარებელი წერილი იწერება და ყველა ეს წერილი ისეთ შთაბეჭდილებას სტოვებს, თითქო ახალი მიცვალებულისთანა არც ყოფილა და არც იქნება.
ილიათი ჩაესვენა საქართველოს მზე…
აკაკით დასრულდა რუსთაველობა…
ვაჟათი მოისპო მესაიდუმლეობა მთისა, ქართველი ერისა…
არჩილ ჯორჯაძეს რომ საუკუნო ბინისკენ ვაცილებდით, მთელი თბილისი გამოფენილი იყო მგლოვიარების საყურებლად და ყველანი ჰკვირობდნენ, ვინ არის ეგეთი დიდი განსვენებული, რომ მის კუბოს ზღვა ქართველობა მისდევსო, ერთმა მკითხა:
"კიდევ გყავთო ასეთის ზეიმით დასამარხავი?”
- ბევრი მეთქი. ძალიან ბევრი! – შევატყვე, არ ესიამოვნა უცხოელს ჩემი პასუხი და გამშორდა. მე მაშინ არ ვიცრუე, არამედ წრფელის გულით ვუპასუხე.
ჩვენი წარსულის გათვალისწინება საბუთს გვაძლევს ვთქვათ, რომ საქართველო დაბადავს არა-ერთ ბარათაშვილს, არა-ერთ ილიას, აკაკის, ვაჟას…
დიდი მოღვაწე, უკვდავი მწერალი და მგოსანი უდაბნოში არ ჩნდება, არამედ ყოველი ნიჭი იბადება განაყოფიერებულს და გაპოხიერებულს ნიადაგზე, იზრდება, ვითარდება და ძლევამოსილობას იძენს ადგილობრივ გარემოს მრავალგვარ ხელშემწყობ პირობათაგან.
საქართველოს ჯერ სძინავს, რომ დროით დრო აღმოაჩენს მხოლოდ თითო-ოროლა მადლით მოსილს, თორემ აქ ისეთი პირობებია, რომ მას შეუძლიან ასაზრდოვოს არა ერთი და ორი აგეთი, არამედ ათასი, უამრავი.
მამა-პაპას ბევრი კეთილი დაუზოგვია ჩვენთვის და თვით განგებასაც არ მოუკლია ჩვენთვის ნიჭი, გამბედაობა, შრომის უნარი, ზრდილობა მესხისა, გმირობა იმერისა, სიმდიდრე ქართლელისა, ხმალი-კახისა-ყველა ეს მოუმადლებია ღმერთს ქართველისთვის.
ახლა რად ღირს თვით მშვენიერება და სიკეკლუცე ჩვენი სამშობლოსი!…
ფერადი მობიბინე ველები, კოხტა ბორცვები და კორდები; დევი მთები, ცამდე ასრბოლილი მწვერვალებით მოკვერცხილნი; ბარად მოდუდუნე და ყვირილა მდინარეები; სპეკლად გადმომქუხარე ჩანჩქერები; ფირუზ-ზურმუხტი ცა, უღრანი ტყეები მრავალგვარ ფრინველითა და ნადირებით; ზომიერი ჰაერი: დიდებული გადასახედავები და საოცარი სახილველები. ყველა ეს, გინდათ თუ არა, მოსახლეს სამგოსნო ფეხზე აყენებს, სიმკვირცხლის უნარს უღვივებს.
ჩვენი ქვეყნის შვენიერებას ზედ ემატება კიდევ შვენიერება მამა-პაპათა ნამოღვაწისა:
ველი-ბორცვი-მთა ნაბიჯსა და ნაბიჯზე შემოსილია აუარებელ საოცარ ძეგლებით, ქვეყანა გადათხრილია რუ-არხებით, შემკულია ლამაზ-ლამაზი სოფლებით, წიგნთსაცავები სავსეა ტყავზე ნაწერ წიგნებით, შორს წარსულიდამ ალერსიანად გამოიყურება არა ერთი საკვირველი მოღვაწე, თვალსაჩინო მწერალი, მგოსანი (მათ შორის არა თუ პაწია საქართველოს, არამედ მსოფლიოს დამამშვენებელიც, ვით შოთა), სჯულმდებელი, თავდადებული გმირი; გამოიყურებიან, რომ შეამოწმონ, რას ვაკეთებთ, რას ვშვრებით, როგორ ვემსახურებით საქართველოს.
ამავე დროს თვით ერში მრავლათ-უმრავლეს კიდის-კიდემდე განფენილია სიტყვიერებითი თქმულება-გადმოცემანი ღმერთებსა და ბუნებაზე, ზესკნელსა და ქვესკნელზე, კაცსა და პირუტყვზე, კარგსა და ავზე, ცხოვრებასა და სიკვდილზე, მეგობრობასა და მტრობაზე, სააქაოსა და საიქიოზე. და სხ. და სხ. მთელი ბუნება აუმეტყველებია ქართველს, მის ყოველ შემადგენლობისათვის მიუნიჭებია ხუთივე გრძნობა: "დროით დრო ცას კარები ეღებაო”. "წამით წამს წყალსაც ძილი ერევაო; ამ დროს ჩერდებიანო მდინარეები, მაღლიდან დაწყებული ჩანჩქერებიც ადგილზე ყუჩდებიანო”. ,,ჩვენი სოფლის მუხა დუდუნებსო”. "ყვავმა გასძახა ყვავსაო: "ჩავარდი გულის ხმასაო”. "მთა წმინდა ჩაფიქრებულა”. "მყინვარმა ქედი მოიხარაო იალბუზის წინაშე”.
აგერ გმირთ-გმირებიც: ჰკვნეტენ რკინას, ისვრიან ათას ლიტრიან კონცხებს, აღმოჰკვეთენ კალოს ტოლა ბელტებს, წიხლით შეანგრევენ ციხე-კოშკების კედლებს, ერთი ჰმუსრავს ათს, ათი ლეწავს ათასს…
ამ გვარ ფერადებით მორთულია ის თვალწარმტაცი წალკოტი, რომელშიაც ჩნდებიან და იზრდებიან შოთაები, დავითები, ილიები, აკაკიები, არჩილები, ვაჟაები და მომავალშიაც გაჩნდებიან (თუ ეხლავე არ გაჩენილან!) და ფრთას შეისხამენ ბევრი სხვა ვაჟაები, სამშობლო მიწა-წყლის მესაიდუმლენი.
კულტუროსანს ჩვენს სამემკვიდრეობო ყველასთვის არის საკმაო დაზოგილობა: მგოსნისთვის, მქადაგებლისთვის, მხატვრისთვის, მეცნიერისთვის მეტადრე ისეთ რჩეულთათვის, ვით ვაჟა, ილია, მოჩხუბარიძე და სხ. შოთა დღევანდელ ქართველებისთვის ცოცხალი უნივერსიტეტია. სწორედ ამ შოთას უნივერსიტეტში ისწავლეს ბარბარე ჯორჯაძემ, ნეტარ-ხსენებულმა მგოსანმა დავითაშვილმა და სხ. ამ უნივერსიტეტის ბარაქიანობა ჯერაც მკვიდრობს სოფლითი სოფლად, მეტადრე მტრის აკლებისაგან უფრო გადარჩენილს ფშავ-ხევსურეთში, მთიულეთში, რაჭას, სვანეთს, ლიხის მიუვალ ღელეებში. აქ იზრდებიან და აქვე საზრდოობენ პატარა დავითაშვილები, მესტვირეები.
ჩვენი სიამაყე ვაჟაც შვილი იყო გარემო ჰაეროვნებისა და ჰაეროვნებამ ბუნებითვე დიდი ნიჭის პატრონი უკვდავ და დიდებულ მგოსნად მოგვევლინა.
ამასთანავე იგი ევროპიულად განათლებულიც იყო. მან მრავალი ძვირფასი საუნჯე შეიძინა, როდესაც დაეწაფა თავის სათაყვანო მსოფლიო მეცნიერებს და მესაიდუმლოებს: სპენსერს, ტეილორს, გიოტეს, შილლერს, ჰეინეს და სხ. აღარ ვიხსენიებ შოთას, გურამიშვილს, ბარათაშვილს, მეტადრე ილიას, აკაკის და სხ., რომელთა გეგმაზე ჩამოაყალიბა მან თავისი მშვენიერი ეთნოგრაფიული წერილები (იხ. ,,ივერიაში”).
ხალხის თქმულებასაც იგი მძლავრად ეწაფებოდა. 25-დე წლის წინათ მე დავბეჭდე ,,ქართველთა თქმულებანი” (მზრუნველის ჟურნალში) და მათ შორის ,,ყველაფრის ენის მცოდნე”. კაცი ყოველ სულიერ და უსულო საგნის ენის მცოდნედ მაშინ გახდა, როდესაც გველთა მეფემ ჩააფურთხა მას პირში. ვაჟას ნუსხაში კი ყველაფრის ენის მცოდნედ მაშინ გახდა, როდესაც გველის ხორცი შეჭამა (იხ. მისი დიდხელოვნური პოემა ,,გველის მჭამელი”).
ვაჟა იყო ცოცხალი ალაბასტრი იმ ღვთიურ სურნელება-ყვავილებისა, რომელიც ჰფშნიდა ქართველ ერის მიერ მრავალ საუკუნეთა განმავლობაში დარგული და სათითაოდ მოვლილ მტილ-წალკოტში; იგი, როგორც ღვთიური მეწალკოტე, უკეთეს ყვავილებიდამ აგროვებდა სურნელოვნებას შესამზადებლად იმ თაფლ-გოლეულობისა, რომელმაც დაატკბო სამშობლო ქვეყანა და რომელსაც ჩვენში დაენათლა სახელი-ვაჟა-ფშაველობისა… ვიდრე არსებობს საქართველო, იარსებებს მის სასოების და მოლოდინის სათუთად გამომსახველი, თაყვანსაცემელი, ქონებით ღარიბი, ხოლო სულით მდიდარი ვაჟა-ფშაველაც…
ვიმეორებ, ნუ ამბობთ მოისპოო ვაჟა-ფშაველობა. მალე მას მოჰყვებიან სხვა ვაჟა-ფშაველები და უმეტესის სიძლიერით აღმოცენდებიან ახალი მოჩხუბარიძეები, სხვა ნინოშვილები, ახალი დავითაშვილები, სხვა ილია-აკაკიები. კოხტად მორთული საქართველო ვერ იძუნწებს ტალანტებით, ვერ მოიკლებს სხივოსნებს მგოსნობასა, მეცნიერებასა თუ სხვა დარგში.

"თეატრი და ცხოვრება” 1916, N 34, 22 აგვ. გვ. 5-7.

კატეგორია: საქართველო | დაამატა: gi2gi
ნანახია: 962 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]