ხომლელი – “ვაჟა-ფშაველა”
2011-03-17, 4:32 PM

დიდად სამწუხარო, გულის მომკვლელი ამბავი მოვიდა თბილისიდან. იქ, ვერაზე, წმ. ნინოს საავადმყოფოში 27 ივლისს, ორშაბათს, საღამოს შვიდ საათზე, გარდაიცვალა ჯერ სრულიად ვაჟკაცი, ნიჭიერი ქართველი მწერალი – ბელეტრისტი და ნამდვილი, ჭეშმარიტი ხალხური პოეტი ვაჟა-ფშაველა.
ვაჟა საუკეთესო შვილია იმ ფშაველებისა, რომელნიც ბინადრობენ მდ. არაგვის ერთი ნაკადის გარშემო მთებში. იქაურს ქალსა და ვაჟს, როგორც გამიგონია ილიასა და ნიკო ხიზანიშვილისაგან, ლექსების თქმა ძალიან ემარჯვებათ. ვაჟას მამა და დედის ძმაც (ბიძა) მოლექსენი იყვენ. ამით უნდა აიხსნას ის გარემოება, რომ პავლეს (ვაჟას მამა) შვილებს თითქმის ყველას ძალიან ემარჯვებოდათ ლექსების წერა და ვაჟას ორი ძმა – ბაჩანა (ნიკო) და თედო ქართულ ლიტერატურაში თვალსაჩინო პოეტებიც არიან.
ამათ შორის, საქვეყნო სახელი და დაფნის გვირგვინიც ვაჟას ხვდა წილად თვისი ენერგიული და ნაყოფიერი ლიტერატურული მუშაობისთვის.
ამავე დროს, ვაჟა «ახალგაზრდა საქართველოს» შვილია, აღზრდილი ილიაზე და აკაკიზე, რომელთაც‘«მამული ღვთად» ქონდათ საქვეყნოდ აღიარებული.
«ხარს ვგავარ ნაიალაღარს,
რქით მიწასა ვჩხვერ, ვბუბუნებ,
ღმერთო, სამშობლო მიცოცხლე! -
მძინარეც ამას ვდუდუნებ».
ვაჟა-ფშაველა ქართულ მწერლობაში სიმბოლისტათ არის ცნობილი, მაგრამ ამ სიმბოლიურ პოეზიას დიდი ახსნა და გარკვევა უნდა ჩვენში.
ვაჟა-ფშაველამ თავისი პროზით და ლექსებით გააცოცხლა მთის არე-მარე, იქაური ადამიანები, ცხოველები და მცენარენი. ყველა მათდამი სიმპატია და სიყვარული უდიდესი, ღრმა და ნაზი გრძნობით აქვს პოეტს გამოხატული.
ვაჟა-ფშაველა იმდენად ლირიკოსი არ არის, რამდენადაც ეპიკოსი. ვაჟა საქართველოში პირველი ეპიკოსია, რომელმაც ცხოვლად დახატა მთიელთა, თუშ-ფშავ-ხევსურთა გმირობა და მთელი თავგადასავალი.
ვაჟა-ფშაველა დაიბადა, აღიზარდა და ცხოვრობდა ამ ჩვენებურ მთიელთა შორის. იგი პირისპირ, განუშორებლათ განიცდიდა იმ გმირთა ყოველდღიურ ცხოვრებას, რომლის ნიჭიერი პოეტი და აღმწერიც შეიქნა იგი ჩვენს ახალ ლიტერატურაში. ამიტომაც, მას არ განუცდია, სხვა ახლანდელ მწერალ-პოეტებივით, პირდაპირი მიმბაძველობა და რომელიმე ჩვენი თანამედროვე ლიტერატურული სკოლის მოწაფეობა. სწორედ ამაში, ამ ორიგინალობაში არის იმისი ღვაწლი და დამსახურებაც.
მოგეხსენებათ, ქართველი ერის იმ თემმა, სადაც დაიბადა ვაჟა-ფშაველა, დღესაც არ იცის, თუ რა არის წოდება.
იქ ძველის-ძველი, უწოდებრივო, მწყემსებისა და მონადირეთა ცხოვრება დღემდე უნაკლოდ შენახულა, იდილიური ელფერით შემოსილა; ძველი თემობა დღესაც არ დაშლილა და ყოველი ადამიანი, ქალია იგი, თუ ვაჟკაცი, თვით დარაჯობს თვის პირად სიცოცხლეს და ქონებას.
მე მყავდა ამხანაგები: თუში – დათიკო ქადაგიძე და ლეო ცისკარიშვილი. ამათზე გამბედავი, მამაცი და ნიჭიერი ყმაწვილები აღარ შემხვედრია ჩემ სიცოცხლეში…
სწორედ ასეთი იყო ჩვენი უკვდავი ვაჟაც. და, აი, ასეთი განუყოფელი, მთელი ბუნების და ხასიათის ადამიანი შეიქნა ბუნებრივად ჩვენი ეპოსის მამამთავარი, – «მთის არწივი» ვაჟა, როგორც მას სამართლიანად უწოდებენ.
ვაჟა-ფშაველა პირისპირ, მოუშორებლად ხედავდა იმ ცხოვრებას, რასაც ხატავდა და ერთ წუთსაც ვერ მოაშორებდა თვალს ამ ცხოვრებას, რომ არ ეგრძნო «სულით ობლობა» და სიკვდილი.
თვით სიკვდილის ჟამს, საავადმყოფოში კიდეც უთხრა, თურმე, სათნოების დას: თუ ღმერთი გწამს, ლოგინი იატაკზე გამიშალე და გარშემო ყავავილები დამაყარეთ. იქნებ, მაშინ მაინც წარმოვიდგინო ჩემი ძვირფასი მთაო.
აი, ასეთი ადამიანი გარდიიცვალა ასე უდროოდ. საუკეთესო მკურნალების შემოწმებითაც, ვაჟა-ფშაველას ავადმყოფობა, რომელმაც მას ბოლო მოუღო, თურმე ცხრა-ათი წელიწადი ქონია ტანში გამჯდარი და, უსახსრობისა გამო, ვერ მოეხერხებინა თბილისს ჩამოსვლა და წესიერი წამლობა.
სწორედ აქ არის უშველებელი ტრაგიზმი ჩვენი გამწარებული სულისა, რომელიც აქ… «ვერ გამომითქვამს ენითა».
ვაჟა-ფშაველა (ლუკა პავლეს ძე რაზიკაშვილი) ფშავეთში, სოფელ ჩარგალში დაიბადა 1861 წელს. მამა იმისი პავლე რაზიკაშვილი, ჯერ მედავითნე იყო, მერე მთავრად აკურთხეს და, ბოლოს, ღვდლობაც მიიღო და თავის სოფელ ჩარგალში გაამწესეს.
პავლე ძალიან ნიჭიერი კაცი იყო, მწიგნობრობის მოყვარული. დედაც ნიჭიერი მანდილოსანი იყო; მრავლის უმრავლესი ხალხური ფშავური ლექსები ზეპირათ იცოდა და მას‘«ვეფხისტყაოსნის» კითხვაც დიდად ყვარებია.
პავლეს უფროსი ვაჟი, გიორგი სწავლობდა თელავის სასულიერო სასწავლებელში, სადაც იგი აცვიფრებდა ყველას თვისი ცოცხალი ნიჭითა და სიმამაცით. გიორგი, როგორც ბ-ნი გრ. ყიფშიძე წერს («სახალხო ფურცელი») საკმაოდ განვითარებული იყო მრავალი წიგნების კითხვით და რუსთა და ევროპული ლი-ტერატურაც შესწავლილი ქონებია. აი, ამ ოჯახში მიმდინარეობდა აღზრდა და განვითარება ვაჟასი.
მამამ მეორე ვაჟი – ლუკა (ვაჟა-ფშაველა) სასულიერო სასწავლებელში მიაბარა. მაგრამ ლუკამ მეორე კლასიდანვე მიანება მას თავი და ახლად გახსნილ გორის საოსტატო სემინარიაში შევიდა, როცა განსვენებული, კეთილშობილი კაცი – სემიონოვი იყო იქ დირექტორად. ამ სემინარიაშივე ასწავლიდა ქართულ ლიტერატურას განსვენებული არისტო ვასილის ძე ქუთათელაძე, ნაზი და სპეტაკი ბუნების პატრონი, ღრმა მამულიშვილი, რომელიც ვაჟას აქცევდა განსაკუთრებულ ყურადღებას.
ვაჟა-ფშაველამ საოსტატო სემინარიის კურსი ოთხი წლის განმავლობაში დაასრულა და მასწავლებლად დაინიშნა თავის სოფელ ჩარგალში, სადაც ქრისტიანობის აღმდგენელმა საზო-გადოებამ პირველ დაწყებითი სკოლა დააარსა.
მაგრამ ვაჟამ მასწავლებლობას თავი ვერ დაუდვა და პეტ-როგრადს გაემგზავრა უმაღლესი სწავლის მისაღებად. აქ იგი გულმხურვალედაც დაეწაფა სერიოზული სწავლის მიღებას, გაიცნო გერბერტ სპენსერის, მაქ. კავალევსკის თხზულებანი, აგრეთვე ისმენდა სახელოვანი პროფესორების ლექციებსაც. სოფლის ღარიბი ღვდლის შვილი ნივთიერმა ხელმოკლეობამ აიძულა მიეტოვებინა უნივერსიტეტი, საყვარელი სტუდენტობა და საქართველოში ჩამოსულიყო. აქ მან მალე მიიღო ადგილი შინაური მასწავლებლისა ერთ კერძო ოჯახში ქართლისკენ. ამ მშვენიერ, მდიდარ ქართლში შეირთო მან მეუღლე და ოჯახობას მოეკიდა.
1885 წ. ვაჟა-ფშაველა ქ. შ. წ-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სკოლაში, სოფ. თონეთს, მანგლისის მახლობლად, დანიშნეს მასწავლებლად. ჩქარა 52
მასწავლებლობას სულაც მიანება თავი და, დედ-მამით დაობლებული, სამუდამოდ დაბინავდა ცოლ-შვილით სოფელ ჩარგალში.
თავის სამშობლო სოფელში იგი ცხოვრობდა ისე უბრალოდ, როგორც მისივე მეზობლები, ფშაველები, მისდევდა მეურნეობას და სამწერლო ასპარეზზედაც მუშაობდა ნაყოფიერად. ხანდახან თბილისს ჩამოხედავდა და თავის ახალ ნაწერებს ქართულ რედაქციებს მიუტანდა ძღვნად და ფეშქაშად…
ვაჟა-ფშაველას ავტობიოგრაფიული ცნობიდან ჩანს, რომ მას შეგირდობაშივე დაუწყია წერა 1877-78 წლებში, გაზ. «დროებაში». დაუწერია აქ კორესპოდენცია. ლექსების წერა კი დაიწყო 1880-81 წ. წ. ჟურნალ «იმედში». ამ ჟურნალში დაისტამბა ორი იმის ლექსი: «დროება» და «ყარსის ბოლოს».
ნიჭიერი მწერლის სახელი მან მოიხვეჭა 1884 წ., როცა საყმაწვილო ჟურნალ «ნობათში» დაისტამბა მისი ნაწარმოები «შვლის ნუკრის ნაამბობი».
როცა მთელ საქართველოში მარტო ერთადერთი გაზეთი «ივერია» ისტამბებოდა, ვაჟა-ფშაველას ჩვენ ვხედავთ ამ გაზეთში მომუშავეს. ხელმძღვანელი ამ გაზეთისა, დიდი მამამთავარი ქართული ახალი ლიტერატურისა, დიდი ქებით იხსენიებდა ვაჟას პოემებს, სადაც დახატული იყო მთიელთა გმირობა და თავ-გადასავალი. ილია, ისე ღრმად იყო დარწმუნებული ვაჟას პოეტური ტალანტის დიადობაში, რომ სიტყვის შებრუნება არ ხერხდებოდა მასთან… ილიას დიდი ქებით ვაჟას ტალანტის მოხსენიებამ ის სარგებლობა მოუტანა ვაჟასაც და ქართულ მწერლობასაც, რომ ვაჟა ამ გარემოებამ დიდი ხალისით და იმედით აამუშავა და ხალისი წერისა თითქმის გაუათკეცა იმ კაცს, რომელიც მიყრუებულ მთებში იყო გადავარდნილი და მიწის მუშაობას მისდევდა.
ილიამ გასამხნევებლად ჰონორარიც კი დაუნიშნა ვაჟა-ფშაველას და სტრიქონობით აძლევდა რედაქცია ჯილდოს, როგორც პროზის, ისე ლექსისთვის. პირველად სტრიქონში სამ-სამ კაპიკს აძლევდა, შემდეგ ჰონორარი გადიდებულ იქნა და ლექსებში შაური ეძლეოდა. ბოლოს ეგ ჰონორარი თვიურ ჯამაგირად გაუხადა ილიამ და თვეში ოცდახუთი მანეთი დაუნიშნა.
თუ არ ვცდები, ვაჟა-ფშაველა იყო ერთადერთი მწერალი, რომელსაც ამ პირობებში ეძლეოდა ჯამაგირი.
ახლა ადვილად წარმოიდგენთ, პატიოსანი, თავმოყვარე, ნიჭიერი ახალგაზრდა მწერალი თუ რატომ იყო გაუტეხელი, დაუზარებელი და თავდადებული ქართული მწერლობისთვის და ჩვენ ამას უნდა ვუმადლოდეთ ილიას, და მხოლოთ მარტო ილიას…
მე, რასაკვირველია, დღესაც არ ვიზიარებ ჩვენი პატივცემული კრიტიკოს-ლიტერატორების აზრს, რომ ვაჟა უდიდესი ეროვნული მგოსანია. მაგრამ სხვაზე ნაკლებაც არ ვიცი, რომ იგი ფრიად თვალსაჩინო ბელეტრისტი იყო ჩვენი საყმაწვილო ლიტერა-ტურისათვის და ხალხური მგოსანი, რომელიც შეიქნა ქართული ეპოსის მამამთავარი.
ვაჟა-ფშაველა წერდა პატარა ზომის ლექსებს – სიმღერებს, წერდა დიდ პოემებსაც და საბავშვო მოთხრობებს; აგრეთვე წერდა წერილებს მთიელთა ზნე-ჩვეულებათა შესახებ. მაგრამ, ვიმეორებ, ვაჟა-ფშაველა შესანიშნავია, როგორც ხალხური მგოსანი-ეპიკოსი.
ვაჟა-ფშაველას ნაწერები ბლომადაა გაბნეული ქართულს ჟურნალ-გაზეთში; ცალკე გამოიცა «თხზულებანი», ერთი ტომი,‘«საყმაწვილო მოთხრობანი», «ამოდის, ნათდება», «ცრემლები» (ლექსთა კრებული), «ბახტრიონი». «ბახტრიონს» გარდა,
უნდა მოვიხსენოთ, «გოგოთურ და აფშინა», «ეთერი», «სისხლის ძიება», «ალუდა ქეთელაური», და განსაკუთრებით, «გველის მჭამელი».
ამ ოთხი თვის წინათ ვაჟა-ფშაველა სამკურნალოდ თბილისს ჩამოვიდა. ქართველმა საზოგადოებამ ისარგებლა ამ შემთხვევით და მას 35 წლის სალიტერატურო მოღვაწეობის პატივსაცემად, 23 მაისს, დღესასწაული გაუმართა. მას შემდეგ იგი მკურნალებმა დააწვინეს… პირველად იწვა თვისი უმცროსი ძმის – სანდროს სახლში, მერე კი _ წმ. ნინოს საავადმყოფოში დააწვინეს. იგი იქ მოათავსეს საუკეთესო ოთახში, საუკეთესო ქართველი მკურნალნიც სწამლობდენ და დიდი მზრუნველობითაც უვლიდენ მას, მაგრამ ვეღარაფერმა ვეღარ უშველა. ვაჟა-ფშაველა მოკლა წყალმანკმა.
ვაჟას დარჩა დაქვრივებულ-დაობლებული ცოლ-შვილი, ორი ვაჟი: ლევანი და ვახტანგი და ორიც ქალიშვილი: თამარი და მარიამი.
მიცვალებულის ცხედარი წასვენებულ იქნა ქაშვეთის ტაძარში და 2 აგვისტოს, კვირას დიდუბის პანთეონში დიდის ამბითაც დაკრძალეს.
კვირას მიცვალებულის წირვა დაიწყო დილის 8 საათზე. მწირველი ბრძანდებოდა გურია-სამეგრელოს ეპისკოპოზი ლეონიდი. თანამწირველებათ: გორის ეპისკოპოზი ანტონი, არქიმანდრიტები ნაზარი და პიროსი და ქართველი სამღვდელოება.
წირვის დროს, ქართველმა მწერალმა – მანდილოსანმა ეკატერინე გაბაშვილმა კუბო შეამკო დაფნის გვირგვინით.
წირვის დროს, ეკლესიაში მობრძანდა საქართველოს ეგზარხოსი პიტირიმი, წესის აგებაში მონაწილეობის მისაღებათ.
გრძნობიარე, შინაარსიანი სიტყვა წარმოთქვა დეკანოზმა კორნელი კეკელიძემ. წირვის შემდეგ, სიტყვა წარმოთქვა გურია-სამეგრელოს ეპისკოპოზმა ლეონიდმა.
წირვის შემდეგ მიცვალებულს წესი აუგო საქართველოს ეგზარხოსმა პიტირიმმა სამღვდელოთა თანამწირველობით.
წესის აგების შემდეგ, კუბო ქართველმა მოღვაწეებმა და მწერლებმა გალავანში გამოასვენეს, სადაც წარმოითქვა ორი სიტყვა. პირველად სიტყვა უთხრა ქ. შ. წ. კ. გამავრცელებელი საზოგადოების წარმომადგენელმა ლუარსაბ ბოცვაძემ, მეორე სიტყვა წარმოთქვა ქართული გიმნაზიის მასწავლებელმა – დათიკო ქადაგიძემ.
სწორედ შუადღის 12 საათზე, ქაშვეთის ტაძრის გალავნიდან სამგლოვიარო პროცესია, ზღვა ხალხის თანხლებით, გაემართა გოლოვინის პროსპექტით, ვერის ხიდით, მიხეილის ქუჩით და დიდუბეში მივიდა ორ საათზე. აქ საფლავზე სიტყვები წარმოთქვეს: დიდუბის ეკლესიის წინამძღვარმა, დეკანოზმა მირიანაშვილმა, ღვდელმა კელენჯერიძემ, ქუთაისის დრამატ. საზოგადოების წარმომადგენელმა გრიგოლ ლაღიძემ, მუსულმანთა საქველმოქმედო საზოგადოების წარმომადგენელმა, ბ-ნმა სულთანოვმა, ქართველ სტუდენტთა წარმომადგენელმა ვ. კოტეტიშვილმა, თბილისის ქართველ მუშათა წარმომადგენელმა ახმედ ბეგ პეპინოვმა. ჭიათურის ეროვნული ჯგუფის მუშათა სახელით ა. იოსელიანმა, ჭიათურისვე მუშათა მეორე ჯგუფის წარმომადგენელმა ბ-ნმა ხიზანიშვილმა, განსვენებულის ძმამ, მგოსანმა ბაჩანამ (ნიკო) და ვაჟა-ფშაველას ვაჟმა, ლევანმა უკანასკნელი გამოსათხოვარი სიტყვებით დაიტირა თავისი უსაყვარლესი მშობელი მამა.
ნაშუადღევს სამ საათზე ცხედარი მშობელი ქვეყნის დედამიწას მიაბარეს და საფლავი ყვავილებით მორთეს.

1915 წ.

კატეგორია: საქართველო | დაამატა: gi2gi
ნანახია: 1130 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]