ქეთევან სარსევანიძე “მოგონებანი ილია ჭავჭავაძეზე”
2011-03-17, 8:04 PM

1905 წლიდან ილია ჭავჭავაძეს რუსეთის "ოხრანკა” და სოციალ-დემოკრატები, ნოე ჟორდანიასა და ფილიპე მახარაძის მეთაურობით, უკვე ღიად დაუპირისპირდნენ. სოციალდემოკრატებმა თავიანთ გაზეთ "კვალში” ილიას ლანძღვა-გინება დაიწყეს, ათასგვარი ცილი დასწამეს და ხალხის მტრად გამოაცხადეს.
დაპირისპირებული ძალები ცდილობდნენ, მისთვის სახელი გაეტეხათ. ისინი საგურამოშიც კი ადიოდნენ და ხალხს მოუწოდებდნენ, დაეხოცათ მებატონეები, მათ შორის, თავიდან მოეცილებინათ ილიაც. შედეგმაც არ დააყოვნა. 1907 წლის 30 აგვისტოს დაახლოებით 10 საათზე თბილისიდან საგურამოში ეტლით მიმავალი ილია ჭავჭავაძე მოკლეს. მაგრამ დიდ მამულიშვილს ესეც არ აკმარეს: სისხლის სამართლის საქმე არაობიექტური გამოძიების შემდეგ მალევე შეწყვიტეს, თანდათანობით აიკრძალა მისი ყველა ნაწარმოები, მისი საქმიანობისა და დიდი მამულიშვილობის შესახებ ინფორმაციას ტაბუ დაედო.
ამ ფონზე მეტად საინტერესოა ილიას თანამედროვეთა მოგონებანი, რომლებიც შემონახულია შსს საარქივო სამმართველოს II განყოფილების საცავში დაცულ საარქივო საქმეში #41890 (10 ტომი) და რომლებსაც პერიოდულად გაგაცნობთ. ამჯერად გთავაზობთ მისი ერთ-ერთი თანამედროვის, უცხოტომელი მეფუტკრის, დანიელ გაბრიელის ძე მასლოვის მოგონებას (ტ. II)

მეფუტკრის მოგონება სოფ საგურამო, 2.07. 1936 წ.

_ მე აქ უკვე ძველი მოსახლე ვარ. _ დაიწყო თხრობა დანიელ მასლოვმა, _ საგურამოში 1901 წლის შემოდგომაზე ჩამოვედი და მას შემდეგ ამ სახლში ვცხოვრობ; მეფუტკრე ვარ და ოჯახს სამეურნეო საქმეებშიც ვეხმარები. დავიბადე ტულის გუბერნიის ბელევის მაზრის სოფ. კონდრატოვოში. ჩემი მშობლები მიწათმოქმედი გლეხები იყვნენ. სოფლის სკოლაში პირველდაწყებითი განათლების შემდეგ ჯერ ქ. ბელევის სამაზრო-საქალაქო სასწავლებელი დავამთავრე, შემდეგ კი 1 წელი ქ. უმანში სასოფლო-სამეურნეო კურსებზე ვსწავლობდი.
1983 წელს საეკლესიო-სამრევლო სკოლაში მასწავლებლად დავიწყე მუშაობა. ამ გარემოებამ განაპირობა, რომ შემეცნო რელიგიის მთელი ავკარგი და სამუდამოდ შემექცია ზურგი მისთვის. 1 წლის შემდეგ სამუშაოდ გადავედი ორლოვის გუბერნიის სოფ. ბუნინის საერობო სკოლაში და მივემხრე ტოლსტოვურ მიმდინარეობას, რომელიც იმ დრიოსათვის, შეიძლება ითქვას, მოდური იყო რუს ინტელიგენციაში.
სწორედ აქ, ბუნინში, შემთხვევით, რომელიღაცა გაზეთში ამოვიკითხე, რომ კავკასიაში, თბილისის მახლობლად, სოფ. კიკეთში სჭირდებოდათ მეფუტკრე. დიდხანს არ მიფიქრია და სასწრაფოდ გადავწყვიტე, გამოვმგზავრებულიყავი კავკასიაში, რომლის შესახებაც ძალიან ბევრი კარგი მსმენოდა რუსი მწერლების, განსაკუთრებით, ლერმონტოვის ნაწარმოებებიდან.
თბილისში 1900 წლის 30 დეკემბერს ჩამოვედი, აქედან კი სოფ. კიკეთში გავემგზავრე, სადაც მე სამუშაოზე ამიყვანეს და მიტოვებული სკების აღდგენა-წესრიგში მოყვანას ენერგიულად შევუდექი. კიკეთში შემოდგომამდე დავყავი, თუმცა მაინცადამაინც არ მომეწონა, ამიტომ გადავწყვიტე იქ აღარ დავრჩენილიყავი. დახმარების მიზნით, ჩემმა პატრონ-მასპინძელმა წარმადგინა თბილისის მაზრის საერთაშორისო შუამავალ ივანე გაბრიელის ძე ტულაევთან, რომელმაც საგურამოში ილია ჭავჭავაძესთან წამომიყვანა.
_ საჩუქარი შენთვის! _ ახარა ტულაევმა ჭავჭავაძეს და ჩემზე ანიშნა, _ შენ გიყვარს მეურნეობის სხვადასხვა დარგის განვითარება, ჰოდა, აი, მეფუტკრე!
ჩვენ ვიდექით უმშვენიერესი და მოვლილი სახლის წინ. ჩვენ წინ ფართოდ იყო გადაჭიმული ბაღები და მინდვრები. ყველაფერი თვალს ახარებდა _ მთის სუფთა ჰაერიც, კულტურული გარემოც და გულთბილი მასპინძელიც…
აი, ასე აღმოვჩნდი საგურამოში. აქ, როგორც ლანდშაფტი, ასევე მასპინძელიც, ძალიან მომეწონა. მე ჩემს სტიქიაში აღმოვჩნდი და იმდენად მშობლიური გახდა ყველაფერი, რომ მხოლოდ სიკვდილი თუ დამაცილებს აქაურობას. მე აქ უნდა დავიმარხო. საგურამოში მე მოვესწარი, მართალია, მოყვარულის, მაგრამ საკმაოდ დიდ მეურნეობას. მიუხედავად იმისა, ის იმდენ შემოსავალს არ იძლეოდა, რომ შესაძლებელი ყოფილიყო კარგად ცხოვრება, მაგრამ მეურნეობა თავის თავს ინახავდა; კერძოდ, იხდიდა მომსახურე პერსონალის ანაზღაურებას, გადასახადებს, გარდა ამისა, ცოტაოდენი რჩებოდა განვითარებისათვის.
მამულში საქონელიც გვყავდა, მაგრამ ბევრი არა, დაახლოებით 30 სული. მიუხედავად ამისა, პატრონმა სეპარატორი მაინც შეიძინა. მახსოვს, როგორ დავდგით სარდაფში დიდი და მაგარი კუნძი და მასზე მაგრად როგორ დავალურსმეთ იგი.
მამულში კოლტი გვყავდა, რომელიც ასევე დაახლოებით 25-30 სულისგან შედგებოდა. ლორს ჩვენ თვითონ ვამზადებდით. ამ საქმის სპეციალისტი იყო ილია ჭავჭავაძის სიძე _ აფხაზი (კოტე აფხაზის მამა. _ ქ.ს.). მინდორში ხორბალს, სიმინდსა და ქერს ვთესავდით, სადაც გლეხები მუშაობდნენ. პირობისამებრ, გასამრჯელოდ მოსავლის 1/4 იღებდნენ. როცა მიწას ქვრივები და ობლები ამუშავებდნენ, ან არამოსავლიანი წელი იყო, ყოფილა შემთხვევა, ილიას არაფერი რგებია. მამულში კულტურულ ფრინველთა მოშენებასაც მივდევდით. ძირითადად გვყავდა ორი ჯიშის ქათამი: პლიმურტოკები და შავი ლანგშანები. წიწილები ინკუბატორში გამოგვყავდა და ვზრდიდით ხელოვნური კრუხის მეშვეობით. ხელოვნური კრუხის შესახებ ილია ჭავჭავაძეს სადღაც წიგნში ამოეკითხა. ეს იყო ბუდე გათბობით, რომელსაც წიწილები, როგორც კრუხს, ისე ეჩვეოდნენ.
ილია ცდილობდა, მეურნეობაში ყოველი წამოწყება ცნობილი გამხდარიყო გარს მყოფი გლეხებისთვის და მათ შორისაც დაენერგა ყოველი რაციონალური სიახლე. ამ მიზნით ილია ჭავჭავაძე ხშირად მაგზავნიდა მთელს რაიონში ხან ერთ, ხან მეორე გლეხთან. მე მათთვის ადგილზე უნდა მეჩვენებინა, როგორ ეკეთებინათ ესა თუ ის საქმე. და მე მათ უსასყიდლოდ ვეხმარებოდი. ყოფილა შემთხვევა, როცა სოფელში გავლისას ხელი ჩემკენ გამოუშვერიათ და უთქვამთ:
_ ეს ის არის, "უკრუხოთ წიწილები გაჩეკა”.
გარდა ზემოჩამოთვლილი მეურნეობის სახეობისა, დიდი ყურადღება ექცეოდა მევენახეობასა და მეღვინეობას. აღარ მახსოვს, რამდენ ვედრო ღვინოს ვიღებდით მამულში. ყურძნის ჯიშებიდან გავრცელებული იყო: რქაწითელი და საფერავი. ცალკე გვერგა კაკლის ხეები: წვრილი კაკალი, ბაღის კაკალი, თხილი. მინდორში ასევე ძალიან ბევრი ხილის ხე ხარობდა, განსაკუთრევით კურკოვანი და მოსავალი რომ არ გაფუჭებულიყო, გვქონდა ხილისა და ბოსტნეულის საშრობები და პატარა "ფაბრიკა” კონსერვებისთვის. ამ საქმის სპეციალისტი იყო გიგო თოიძე, რომელიც უგემრიელეს სიროფებს ამზადებდა, განსაკუთრებით თეთრი ბლისაგან.
ბაღში ძალზე ბევრი, ბევრი ყვავილი ხარობდა, მაგრამ ბატონს ყველაზე მეტად იასამანი და ხვიარა ვარდი უყვარდა. ისინი განსაკუთრებით ბევრი იყო საფუტკრეში. ჩვენ ვცდილობდით მეფუტკრეობა აგვეღორძინებინა და ფართოდ გაგვევრცელებინა, მაგრამ ბატონის სიკვდილმა ეს წამოწყება ჩაფუშა. იმ საბედისწერო დროისათვის დაახლოებით 200 სკა ფუტკარი გვყავდა.
ბატონის სიკვდილის შემდეგ უცებ დაიწყო მათი გაჩანაგება-განადგურება და მენშევიკური ხელისუფლების დროს ჩვენს ბაღში სკების რაოდენობა 50-მდე შემცირდა. ხშირად იყო შემთხვევა, როცა ჩემი ბატონი საათობით მჯდარა სკებთან და ჩაფიქრებულს თვალყური უდევნებია ფუტკრების ფუსფუსისათვის.
ილია ჭავჭავაძეს ოჯახური საქმიანობა ძალიან უყვარდა. გატყდებოდა, მაგალითად, ლურსმანი ან ხრახნი, მე წავიდოდი მჭედელთან (ჩვენ პატარა სამჭედლო გვქონდა) და დავიწყებდი რკინის ნაგლეჯის გაცხელებას, რათა როგორმე ლურსმანი გამომეყვანა. ილია ჩემთან ერთად წამოვიდოდა და საბერველით ქურას უბერავდა. მისი დამოკიდებულება მოსამსახურეებთან ძალზე განსხვავებული იყო.
_ თედო, მოდი აქა!.. აი, გენეცვალე, ორი შაური. ეს შენია. არ გახსოვს, ჯამაგირი რომ მოგეცი, ხურდა არ იყო. აი, აიღე, შვილო, შენი შრომის ფულია.
ილია მკაცრად სამართლიანი და მომჭირნე იყო და ეს იმიტომ, რომ შესაძლებლობა ჰქონოდა, დაეხარჯა მეტი სხვა, უფრო სერიოზულ საქმეზე და არა წვრილმანებში.
ერთხელ ილია ჭავჭავაძე ჩემთან მოვიდა და მითხრა:
_ თუკი შეგვიძლია, შევღებოთ სკები, განა ვერ შევძლებთ, რომ გადავღებოთ ჩვენი ფაეტონის თვლებიც.
სასწრაფოდ კარეტების ფარდულში წავედით, სადაც ფაეტონები გვეყენა და დავათვალიერეთ, შესაძლებელი იყო, თუ არა ფაეტონის თვლების გადაღებვა. საღებავები და ფხვნილები, ჩვეულებრივ, მუდმივად გვქონდა, ასევე ყოველთვის გვქონდა ოლიფა, ცარცი და ა.შ. მაშინვე გადავწყვიტეთ საქმეს შევდგომოდით.
დღევანდელ დღესავით მახსოვს, თვლები ყვითლად გადავღებეთ. მართალია, ილიას თვითონ არ შეუღებავს, მაგრამ უშუალოდ მონაწილეობდა საღებავის შეზავებაში, პროპორციების გათვლაში და გულმოდგინედ ადევნებდა თვალყურს მუშაობის პროცესს.
_ რაც შეგიძლია, დამოუკიდებლად გააკეთო, _ ამბობდა ის, _ უნდა გააკეთო თვითონ! ეს არის ცხოვრების სწორი გზა.
ასეთი წვრილმანები მეტად დამახასიათებელი იყო საქმისადმი მის მიდგომაში. სიცოცხლის ბოლო წლებში ილია განსაკუთრებით დაინტერესდა ჯუჯა ხეებით. ეს იყო პატარა, ტანდაბალი ხეები, რომლებიც მესამე წელს იძლეოდნენ ნაყოფს. მახსოვს, ჩვენ, აი, ამ მუხის ქვეშ ვისხედით და ვბჭობდით ბაღის გაშენებაზე. მოურავმა მოსემ დაიჟინა, რომ ეს შეუძლებელი იქნებოდა. ამ საქმის მოგვარება მე ჩემს თავზე ავიღე და მიზანსაც მივაღწიე, რამაც ბატონს დიდი სიხარული მოუტანა. იმ ბაღისაგან, რა თქმა უნდა, არაფერი დარჩენილა. მაგრამ ეს ხეები, რომლებსაც ირგვლივ ხედავთ, აი, თუნდაც ეს კაკალი და ეს წაბლი თვით ილიას დარგულია:
_ დანიელ, ნეტავი, თუ მოვესწრებით იმას, რომ ამ ხის ჩრდილში დავსხდეთ?! _ მკითხა მან ამ წაბლის დარგვის დროს…
იმ მშვენიერი მეურნობიდან ახლა აღარაფერია დარჩენილი: აღარც ბაღი, აღარც ვენახი. ჭავჭავაძის სიკვდილის შემდეგ მამულში წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობა გადმოვიდა. ამ საზოგადოებამ მამული იჯარით გასცა. მოიჯარეები კი, მოგეხსენებათ, მხოლოდ თიბავენ და ფოცხავენ. პირველი მოიჯარე პროვიზორი იყო, ვინმე სტაუჩაიტისი. თვითონ თბილისში ცხოვრობდა, აქ მისი ცოლი დიასახლისობდა. შემდეგი მოიჯარეები წინამძღვრიანთკარის სკოლის მასწავლებლები _ მაღალოვი (იგივე მაღალაშვილი – ქ.ს.) და ნაკაშიძე იყვნენ. მათ შემდეგ მამულს მართავდა ვასო რცხილაძე.
ამ პერიოდში ერთი შემთხვევა მოხდა: მე ბაღში ვიყავი და უცებ დავინახე ჩვენკენ დაახლოებით 40 მხედარი გამოემართა. მალე ისინი მოგვიახლოვდნენ. მათ შორის მყოფმა პოლკოვნიკმა ინწკირველმა მკითხა:
_ ხომ არ იცით, ტყეში ვინ დახეტიალობს, ან ღამეს თქვენს სახლში ვინმე ხომ არ ათენებს?
ამის შესახებ ჩვენთან, მართლაც, არავინ არაფერი იცოდა. მეორე დილით ისინი კვლავ გამოჩნდნენ. სახლიდან მოშორებით, თადეოზ გურამიშვილის დროინდელ მარანთან გაჩერდნენ, ცხენებიდან ჩამოხტნენ და ტყეში მიიმალნენ. მალე ტყიდან ზალპის ხმა გავიგე. ინწკირველის რაზმმა სირბილით დატოვა ტყე. ზალპი ჯარისკაცების თავზე მისცეს, ასე რომ, არავინ დაჭრილა. ტყვიები კი სახლის სახურავზე ცვიოდა. შეტაკებისას ბოლშევიკებმა მოასწრეს ინწკირველის რაზმიდან 5-6 კაცის ხელში ჩაგდება, მათ შორის იყო ერთი ძალიან ახალგაზრდა ოფიცერი წერეთელი.
ჯარისკაცებმა, როგორც ჩანს, იარაღი დაყარეს, წერეთელმა კი უარი უთხრა და წინააღმდობა გაუწია. ამ დროს, მე როგორც შემდგომ გავიგე, მასთან მივიდა ერთი ქალი ბოლშევიკების რაზმიდან და ფეხებში მიჯრით ესროლა..
მეორე დილით თბილისიდან მთელი პოლკი ამოვიდა და, რადგან დაჭრილმა ჯარისკაცმა ორი ღამე ჩვენს სახლში გაათია, მათ ჯავრი ჩვენს საფუტკრეებზე იყარეს.. ჯარისკაცებმა სკები დალეწეს. ისინი თაფლს ვედრებით სოფელ-სოფელ ატარებდნენ და უფასოდ არიგებდნენ. ჯარისკაცების წასვლის შემდეგ სკებისგან მხოლოდ ნამსხვრევებიღა დარჩა. მაგრამ მაინც მოვახერხე, თავი მომეყარა 10 სკისთვის, რომლებიც ამოვიტანე ქვემო მამულიდან (ძველსოფლიდან) და რამდენიმე ხნის შემდეგ, დაახლოებით 1924 წლისათვის, მე უკვე 40 სკა ფუტკარი მყავდა. 1924 წელს მიწათმოქმედების სახალხო კომიტეტმა ამ სკებიანად გადამიყვანა წინამძღვრიანთკარის სკოლაში. იქ მათი რაოდენობა 80 სკამდე გავზარდე.
1930 წელს, როცა აქ, საგურამოში, გახსნილი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკუმი შეუერთდა წინამძღვრიანთკარის სკოლას, მე დირექტორ ფურცელაძეს შუაზე გავუყავი 80 სკა. 40 სკა ფუტკარი წინამძღვრიანთკარის სკოლაში დარჩა, ხოლო 40 _ გადმოვიტანეთ საგურამოში. ამით ილია ჭავჭავაძის სახლში მეფუტკრეობის დარგის განვითარება თავიდან დაიწყო. ილია ჭავჭავაძეს განსაკუთრებით უყვარდა მეფუტკრეობა. სკები მთელ ბაღში უბნებად იყო განლაგებული. სახლის წინ ჩვენ მხოლოდ 13 სკა გვედგა, ასე ვთქვათ, სასწავლოსაჩვენებელი ხასიათის, რათა ყველა ცდა და მანიპულაცია ამ უბანზე დაგვეზუსტებინა და არ შეგვეწუხებინა დანარჩენი სკის ფუტკარი. ილია სტუმრებთან ერთად აივანზე იჯდა ხოლმე და მე, აი, აქედან ვკითხულობდი მთელ ლექციას მეფუტკრეობის შესახებ.
სტუმრებიდან ყველაზე მეტად დამამხსოვრდა არტურ ლაისტი.
კითხვაზე _ მას ხომ არ ახსოვდა შემთხვევა, როცა ილია ჭავჭავაძე აქ თავის ნაწარმოებს წერდა, ან მათ შესახებ ვინმესთან საუბრობდა, მასლოვმა მიპასუხა:
_ არ მახსოვს, რომ ილიას აქ რამე დაეწეროს. მე რამდენჯერმე ვუთხარი:
_ თქვენ ნაწარმოებებს მთელი ევროპა კითხულობს, თქვენ კი აღარაფერს წერთ!
_ აღარ არის ის შემართება, ის გარემო. თანაც ჩემზე უკეთესი თაობა წამოვიდა. …ადრე ძალიან ადვილად ვწერდი, თითქოს შიგნიდან ვინმე მკარნახობდა, ახლა ასე აღარ ხდება. თავს ძალას ვატან, შინაგანად ვწვალობ, ეს კი არაბუნებრივია და კარგიც არაფერი გამოდის. _ მიპასუხა ილიამ.
საგურამოში ბატონი მხოლოდ ზაფხულობით ამოდიოდა, აგარაკები არ უყვარდა. ზამთრობით კი აქ იშვიათად იყო ხოლმე, ისიც მხოლოდ აუცილებელი სამეურნეო საქმეების გამო.
მახსოვს, ერთხელ, იანვარში გვესტუმრა. წინადაწინ გაგვაფრთხილა, რომ 17-ში ამოვიდოდა. მაგრამ, საუბედუროდ, 17 იანვარს საშინელი დღე გათენდა, ძლიერი ქარბუქი ამოვარდა. საშინლად ცივი ქარი ქროდა. ვფიქრობდი, რას იზავს, შეასრულებს თავის სიტყვას, თუ არა… და რას ვხედავ, მოდის თავის განუყრელ ლაქია იაკობ თარაშვილთან ერთად, ერთიანად შეფუთულს ულვაშებსა და წვერზე ლოლოები ჰკიდია.
_ როგორ გარისკეთ ასეთ ყინვაში წამოსვლა, _ ვკითხე მე.
_ რახან შემოგითვალეთ, რომ ვიქნებოდი, ე.ი., უნდა ვყოფილიყავი მიუხედავად ყველაფრისა. _ მიპასუხა ილიამ…
თავის მუშებსა და გლეხებთან დამოკიდებულებაში ილია ჭავჭავაძე იყო ძალიან ფხიზელი და მკაცრად სამართლიანი: არავისგან არაფერს არ მოითმენდა და არც არავის აპატიებდა უსამართლო ან ქედმაღალ დამოკიდებულებას მუშების მიმართ. მეუღლეს ჰკითხავდა ხოლმე:
_ ოლღა, რა გვაქვს სადილად?
_ რა და, სუპი და კატლეტი!
_ მუშებისთვის?
_ ლობიო!
_ ეგ ცოტაა. ისინი ფიზიკურად მუშაობენ და მათთვის კარგი კვება აუცილებელია. თედო! _ მიუბრუნდებოდა თავის მსახურს _ შეაბი ოთხთვალა!
და თავისი სადილი მუშებთან მიჰქონდა, თვითონ კი ლობიოს მიირთმევდა.
ილია ცდილობდა, გლეხებისთვის ესწავლებინა მეურნეობის მართვა-გაძღოლა.
_ უთხარი იმათ, ეს როგორი სასარგებლოა, _ მეტყოდა მე, _ ისინი შენ უფრო დაგიჯერებენ, ვიდრე მე. ისინი ფიქრობენ, რომ მე ამას მხოლოდ ჩემთვის ვაკეთებ; ფიქრობენ, რომ ეს ბატონის ფანდია.
ილია ჭავჭავაძე სმის ნებას არასდროს გვაძლევდა. თვითონაც არ მინახავს ნასვამი. ერთხელ, კალოს ლეწვის დროს, ილია ჭავჭავაძემ დაუძახა სოლკას და ჰკითხა:
_ სოლკა, ერთ ჯერზე რამდენის დალევა შეგიძლია?
_ ერთი კვარტი არ მყოფნის, ბატონო.
_ ეჰ, ეს კარგია არ არის. როდისმე გსმენია, ან გინახავს, რომ მე მთვრალი ვყოფილიყავი.
_ არა, ბატონო, არა. მე კი ყოველდღე ვსვამ.
ილია სუფრასთან მხოლოდ 2 ჭიქა ღვინოს თუ დალევდა. მე არასოდეს მინახავს იგი მთვრალი ან თუნდაც ნასვამი, გარდა ერთი შემთხვევისა. 20 ივლისს, ილიობაზე, საგურამოში ბევრი ხალხი იკრიბებოდა. ვიღა არ იყო აქ. მაშინ უკვე უარს არაფერზე ვამბობდით: იხსნებოდა ახალი ქვევრები. სპეციალურად ამ დღისთვის მცხეთიდან ამოდიოდა მზარეული ვანო მღებრიშვილი. კეთდებოდა ხაში. ილია ჭავჭავაძეს ყველაზე მეტად ხაში უყვარდა. სადაც არ უნდა ყოფილიყო, ილიას მეუღლე მუდამ თან ახლდა. ოლღას ილია სიცოცხლის ბოლომდე უსაზღვროდ უყვარდა. მახსოვს ერთი შემთხვევა: საღამო ხანს ილია ჭავჭავაძესთან ერთად ვისხედით აივანზე, იქვე, წყაროსთან ახლოს. მოახლე, პოლონელი ქალი, გამოჩნდა.
_ მანია, _ უთხრა ილიამ, _ ჭიქა წყალი, გეთაყვა!
ის მაშინვე გაბრუნდა და წყაროდან ილიას ჭიქით წყალი მოაწოდა. ოლღა მეორე სართულზე იჯდა და ყველაფერი დაინახა. …და უცებ ფეხის ხმა გაისმა. ოლღამ მთელი სისწრაფით ჩამოირბინა კიბეები, სირბილითვე გადაკვეთა ის აივანი, სადაც ჩვენ ვისხედით. კიბის ბაქანის გადარბენისთანავე კი ძირს დავარდა და დაიწყო მიწაზე თავის ცემა. ყველანი წამოვცვივდით მის დასახმარებლად, ფეხზე წამოვაყენეთ, თავზე ცივი წყალი მოვუსვით და გრძნობაზე მოვიყვანეთ.
_ ოლღა, გონს მოდი! შენ ისევ შენსას აგრძელებ. ნუ გავიწყდება, რომ 70 წლისანი ვართ. _ ეუბნება ილია მეუღლეს.
ოღღამ უსმინა, უსმინა (მას სმენა აკლდა) და შემდეგ უთხრა:
_ დაამთავრე, ილია?! ახლა მე მომისმინე. ნუ გავიწყდება, ჩემთვის რამხელა ბედნიერებაა, შენთვის ჭიქა წყლის მოტანა, შენ კი ამ ბედნიერებას მიკლავ!
ასე უყვარდა ოლღას ილია.

წყარო: ჟურნალი "საარქივო მოამბე” N 2 – იხილეთ ვებ გვერდი – http://archive.security.gov.ge/saarqivo_moambe_2.pdf

კატეგორია: საქართველო | დაამატა: gi2gi
ნანახია: 1040 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]