ქართული ფულის ისტორია (ინტერვიუ თედო დუნდუასთან)
2011-05-09, 10:58 PM

ქართული ფულის ისტორია

ნინო ნაცვალაძე – ქართული ფულის ისტორია (ინტერვიუ თედო დუნდუასთან)

ფული სახელმწიფოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ატრიბუტია. პირველი ფული ძვ. წელთაღრიცხვის VII-VI საუკუნეებში მოჭრეს და მან საქონელი შეცვალა. კოლხეთი იმ მოწინავე სახელმწიფოთა შორის იყო, რომლებმაც ფულის მოჭრა დაიწყეს.
როგორ ვითარდებოდა საქართველოს ტერიტორიაზე ნუმიზმატიკა და როგორ აისახებოდა მასზე საქართველოში არსებული მდგომარეობა, ამ თემასთან დაკავშირებით ისტორიკოს თედო დუნდუას ვესაუბრეთ.

თედო დუნდუა: მონეტის შექმნა ეკონომიკის განვითარების საქმეში არის რევოლუცია. ვიდრე ჭრილი ფული შეიქმნებოდა, ფულის ფუნქციას ასრულებდა სხვადასხვა საქონელი, რომელსაც საქონელფული ერქვა. ეს შეიძლება ყოფილიყო წვრილფეხა პირუტყვი, ძვირფასი მეტალის ზოდები, სპილენძის სამაჯურები, იარაღი და ა.შ. მაგრამ ჭრილი ფულის შექმნა დაკავშირებული იყო საქონელფულის ხარვეზებთან. მათი შენახვა და ტრანსპორტირებაც საკმაო სირთულეებთან იყო დაკავშირებული.
ვაჭარს უნდა სდებოდა ჯიბეში ან ურემზე ბევრის შემსყიდველი ახალი ღირებულება. ზოდები ამ ფუნქციას ვერ შეასრულებდა, საქონელი – მითუმეტეს. სასურველი იყო, რომ ეს საგადასახადო საშუალება ყოფილიყო ძალიან კომპაქტური, მცირე მოცულობის, მცირე წონის და ძალიან ძვირფასი. ამიტომ აქცენტი აიღეს ძვირფას მეტალებზე.
იმიტომ, რომ ძვირფასი მეტალები ბუნებაში მცირე რაოდენობით მოიპოვება. მეორე მომენტი იყო ის, რომ ვერცხლი და ოქრო დაკავშირებულია იმასთან, რომ ისინი არ ფუჭდება.
გადაწყვიტეს, რომ იშვიათი მეტალები, რომლის სახმარი ღირებულება, ანუ მსყიდველობითუნარიანობა იქნებოდა მაღალი, შეერჩიათ საგადასახადო საშუალებად.

"კვირის რეზონანსი”: როდიდან ჩნდება პირველი მონეტები და სად?

თედო დუნდუა: მონეტები ჩნდება ძველი წელთაღრიცხვის მეშვიდე-მეექვსე საუკუნეებში. ფულის შექმნა მიეწერება ორ კერას. ერთი არის კუნძული ეგინა ეგეოსის ზღვაში და მეორე არის მცირეაზიური სახელმწიფო ლიდია, რომელიც, უხეშად რომ წარმოვიდგინოთ, მდებარეობდა დღევანდელი ანკარის დასავლეთით.
რაც შეეხება საქართველოს, კოლხეთიც შეგვიძლია შევიყვანოთ იმ პიონერებში, რომლებმაც მონეტა შექმნეს. ძველი წელთაღრიცხვის მეექვსე საუკუნეში ქალაქ მილეთიდან, რომელიც ეგეოსის ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე მდებარეობდა, გადმოსახლდნენ კოლონისტები. კოლონისტებმა დააარსეს ბერძნული ქალაქი ფაზისი – თანამედროვე ფოთი, დიოსკურია – თანამედროვე სოხუმი, გიენოსი – თანამედროვე ოჩამჩირე, პიტიუნტი – თანამედროვე ბიჭვინთა. სწორედ ფაზისელმა ბერძნებმა დაიწყეს ფულის მოჭრა ჩვენს ტერიტორიაზე.
ამ ფულს ზოგადად ვუწოდებთ კოლხურ თეთრს და იჭრებოდა ძველი წელთაღრიცხვის ქ|-||| საუკუნეებში. ეს ფული ჩვენთან მიმოიქცეოდა და ჩვენი კულტურის კუთვნილებაა იმიტომ, რომ ჩამოსახლებული ბერძნები თანდათან განიცდიან ბარბარიზაციას. ხდებიან ორენოვანი და ბერძნულთან ერთად საუბრობენ მეგრული ენის ადრეულ ფორმებზე.

"კ.რ”: პირველ მონეტებზე რა იყო გამოსახული?

თედო დუნდუა: პირველ მონეტებზე გამოსახულება იყო მხოლოდ ერთ მხარეს. მონეტას აქვს ორი მხარე – ზურგი და შუბლი. შუბლის მხარეს გამოსახავდნენ ხოლმე. ხოლო მეორე მხარეს იყო ჩაჭდეული კვადრატი. ეს ძველი მონეტებისთვის იყო დამახასიათებელი.
თანამედროვე მონეტას აქვს ორი დამღა. ერთ დამღაზე ათავსებენ მეტალს და მეორე დამღას ადებენ. მაშინ მეორე დამღა არ არსებობდა. მეტალი პირველ დამღაში რომ ჩაეჯინათ, იღებდნენ სპეციალურ სპილენძის წკნელს და აწვებოდნენ ზევიდან და, შესაბამისად, იმ წკნელის ბოლო ოთხკუთხედი რჩებოდა ზევიდან. ამიტომ მონეტები ერთ მხარეს უფრო დავირტული იყო გამოსახულებით, ვიდრე მეორე მხარეს. შემდეგ მიხვდნენ, რომ მეორე მხარის დამღაც იყო საჭირო.
ლიდიურ მონეტებზე გამოსახული იყო ლომები და ხარები. ეგინას მონეტებზე გამოსახული იყო კუ. იმიტომ, რომ ეგინა "კუს” ნიშნავს.
რაც შეეხება კოლხურ თეთრს, მისი რვა ტიპია შემორჩენილი. გამოსახულია დაღრენილი ლომი, ასევე მწოლიარე ჰერმაფროდიტი ლომი. ზურგის მხარეს ჩაჭდეულ კვადრატში გამოსახულია დაჩოქილი ქალღმერთი ხარის თავით. კოლხურ თეთრზე ასევე გამოსახულია ადამიანის სამი თავი – შუბლის მხარეს ერთი თავია და ზურგის მხარეს ჩაჭდეული კვადრატის გამოსახულებაში ორი თავი ერთმანეთს უყურებს. ეს არის მთვარის ქალღმერთი და აქ მთვარის სამი ფაზაა დაფიქსირებული.
ადამიანის თავის გამოსახულება არის ბერძნულ-არქაისტული სტილის. ერთ-ერთ ნომინალზე წეროც არის გამოსახული.
კოლხური თეთრის ყველაზე პოპულარული ტიპია მონეტები ადამიანის და ხარის თავის გამოსახულებით. ეს მონეტები ძალიან გავრცელებულია და ისეთი რაოდენობით არის ნაპოვნი დასავლეთ საქართველოში, რომ შემოდგომის აზნაურები ყ|ყ საუკუნის მეორე ნახევარში მას საფანტადაც იყენებდნენ ნადირობისას.
რაც შეხება გამოსახულებების სიმბოლურ დატვირთვას, ხარი დაკავშირებული იყო მთვარის თაყვანისცემასთან, ხოლო ლომი – მზის თაყვანისცემასთან.

"კ.რ”: საქართველოში მოჭრილ ფულზე როდიდან ჩნდება ქართული სიმბოლოები?

თედო დუნდუა: პირველი ჯვარი მონეტაზე ჩნდება მეექვსე საუკუნის მიწურულს ერისმთავარ სტეფანოზ პირველის ნუმიზმატიკურ ძეგლებზე. ეს ის ერისმთავარია, რომელმაც ჯვრის მონატერი ააშენა და რომელმაც სპარსელებისგან მოიპოვა დამოუკიდებლობა. მისი წინამორბედი ერისმთავრები ჭრიდნენ სასანიდურ მონეტების მიმსგავსებულ ვარიანტს, რომლებზეც შუბლის მხარეს გამოსახული იყო შაჰი, ხოლო ზურგის მხარეს საკურთხეველზე ანთებული ცეცხლი და ორი მცველი. ეს არის წმინდა სასანური ნუმიზმატიკური ძეგლი.
ქართლის ერისმთავრებმა ჯერ შაჰის თავის ზევით მოათავსეს ასომთავრული ნიშნები. ვთქვათ "გ” და "ნ” – გურგენი. "ჯ” და "რ” ჯუანშერ. შემდეგ სტეფანოზ პირველმა მონეტის ზურგის მხარიდან ცეცხლი მოაშორა და მის მაგივრად აღმართა ჯვარი და მონეტის შუბლის მხარეზე ასომთავრული პირდაპირ მოათავსა სრული სახელი "სტეფანოზ”.
შემდეგ დავით კურაპალატი ყ საუკუნეში თავის ნუმიზმატიკურ ძეგლზე აწერს დაქარაგმებულად: "ქრისტე, შეიწყალე დავით კურაპალატი” და ჯვარია აღმართული მონეტაზე. ესეც ქართული სიმბოლიკაა.
მონეტებზე აისახებოდა ასევე მეფეთა ტიტულატურაც. მაგალითად, გიორგი მეფე არის "მეფე აფხაზთა და ქართველთა, და ნოველისიმოსი, და სევასტოსი და კესაროსი” და ამ მხრივ საქართველოს გაერთიანებაც სიმბოლურად აისახა დავით აღმაშენებლის დროის ნუმიზმატიკურ ძეგლზე.
ბაგრატიონთა ნიშანი ერეკლეს მიერ შემუშავებული ჩნდება ერეკლე მეორის ნუმიზმატიკურ ძეგლზე, სადაც არის ერთთავიანი და ორთავინი არწივები.

"კ.რ”: წელთაღრიცხვები როგორ აისახებოდა მონეტებზე?

თედო დუნდუა: ქართულ მონეტებზე თარიღები აითვლება სხვადასხვანაირად. ზოგი მმართველობის წლების მიხედვით არის, ზოგი მუსლიმური წელთაღრიცხვაც არის დაფიქსირებული იმიტომ, რომ ერთი პერიოდი არაბები ჭრიდნენ ქართლში ფულს. მუსლიმურ წელთაღრიცხვას ჰიჯრა ჰქვია და აითვლება იქიდან, მუჰამედი როდესაც გაიქცა მექადან მედინაში. ჩვენი წელი თუ მზეს მიჰყვება, არაბების წელი მიჰყვება მთვარეს.
პირველად ქართული წელთაღრიცხვა ქორონიკონი დაფიქსირებულია გიორგი მესამის ნუმიზმატიკურ ძეგლზე. გიორგი მესამის მონეტა საინტერესოა იმ მხრივაც, რომ აქ პირველად ჩნდება მხედრული დამწერლობის ნიმუში ნუმიზმატიკურ ძეგლზე.

"კ.რ”: ნუმიზმატიკის ძეგლებზე თუ აისახებოდა დამპყრობლების ყოფნა საქართველოში?

თედო დუნდუა: ამ მხრივ საკმაოდ მძიმეა მეცამეტე-მეთვრამეტე საუკუნის პერიოდი. ამ დროისთვის იჭრებოდა საოკუპაციო მონეტები. ამიტომ თბილისის ზარაფხანას ჰქონდა ორმაგი დატვირთვა – ერთსა და იმავე ზარაფხანაში მონღოლებიც ჭრიდნენ ფულს ირანში მჯდომი ილხანის სახელით და იმავე ზარაფხანაში დემეტრეც ჭრიდა ფულს. სეფიანებმა კი უკვე დაიწყეს უნიფიცირებული მონეტების მოჭრა. აბასები, რომლებსაც ისპაჰანში ჭრიდნენ, იგივე აბასები იჭრებოდა თბილისის ტერიტორიაზეც.

"კ.რ”: რამდენად სტაბილურად მუშაობდა საქართველოში ზარაფხანა?

თედო დუნდუა: დასავლეთ საქართველოში კოლხეთის ტერიტორაზე ძვ. წელთაღრიცხვის მეექვსე-მესამე საუკუნეებში კოლხური თეთრი იჭრება. ძველი წელთაღრიცხვის მესამე საუკუნიდან კოლხური თეთრის ნაცვლად სხვა ფული იჭრება. რაც შეეხება ახალი წელთაღრიცხვის პერიოდს, პირველი საუკუნიდან დაწყებული დასავლეთ სქართველოში ფული არ მოჭრილა მეათე საუკუნემდე. ანუ იმ პერიოდამდე, როდესაც ცენტრი აღმოსავლეთით გადმოვიდა და არა მარტო დასავლეთ საქართველოზე, არამედ მთელს საქართველოზე გვაქვს საუბარი.

"კ.რ”: ასეთი დიდი ჩავარდნა რა მიზეზით იყო?

თედო დუნდუა: დასავლეთ საქართველოში დიდი რაოდენობით შემოდიოდა ბიზანტიური ფული და ადგილობრივი ფული აღარ იჭრებოდა. როდესაც დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველო გახდა ერთიანი ეკონომიკური და პოლიტიკური სივრცე, ბაგრატ მეოთხემ მოჭრა შემდეგი ფული.
კოლხეთმა ფულის მოჭრა კარგად დაიწყო, მაგრამ შემდეგ უზარმაზარი ჩავარდნა ჰქონდა ახალი წელთაღრიცხვის პირველი საუკუნიდან მეათე საუკუნემდე. რაც შეეხება აღმოსავლეთ საქართველოს, აქ ხდება პირიქით. იბერიაში ფული თითქოს არ იჭრებოდა თავიდან. აქ ფულის მოჭრა შედარებით გვიან, ძველი წელთაღრიცხვის მესამე საუკუნეში დაიწყეს, მაგრამ უფრო სტაბილურად გააგრძელეს.
პირველი ნამდვილი ფული მოჭრილია ძველი წელთაღრიცხვის მესამე საუკუნეში. მოჭრა ბაგადატ ბივრატის ძემ. ეს იყო კლარჯეთის ერისთავი, პირველი ბაგრატიონი. ამის შემდეგ თუ რამე იჭრებოდა აღმოსავლეთ საქართველოში, ეს იყო ყალბი მჭრელების მიერ მოჭრილი. ისინი ბაძავდნენ კოლხეთიდან შემოსულ მინაბაძებს.
მეოთხე-მეხუთე საუკუნეებში ფული იბერიაში არ იჭრება. მეექვსე საუკუნეში ჭრიან ქართლის ერისმთავრები. მეშვიდე საუკუნეში არ იჭრება. მერვე საუკუნეში კი უკვე არაბები ჭრიან მუსლიმური ტიპის ფულს.
თბილისის ზარაფხანა ინტენსიურად მოქმედებს მერვე, მეცხრე, მეათე საუკუნეებში. შემდეგ აქ წყდება ფულის მოჭრა და დასავლეთ საქართველო აქტიურდება ამ კუთხით. ბაგრატ მეოთხის, გიორგი მეორის და დავით აღმაშენებლის ფულები ქუთაისში იჭრებოდა. დემეტრე პირველი, გიორგი მეორე და თამარი კი მილიონობით ჭრიდნენ ფულს თბილისში. ამის შემდეგ აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე ფულის მოჭრა პრაქტიკულად არ შეწყვეტილა. ოღონდ ის ფული შეიძლება ყოფილიყო ეროვნული და შეიძლება ყოფილიყო საოკუპაციო სერიები – მონღოლების, სეფიანთა ირანელების და შემდეგ უკვე რუსების 1804 წლიდან.
რაც შეეხება დასავლეთ საქართველოს, შუასაუკუნეებში აქ პერიოდულად იჭრებოდა ფული. მაგალითად, დავით ულუ გაიქცა დავით ნარინთან ქუთაისში. მოჭრეს ფული. რუსუდანი გაიქცა ცხუმში. იქაც ფული მოჭრეს და ა.შ.
XVII-XVIIIსაუკუნეში დასავლეთ საქართველოში ფული აღარ მოჭრილა. შემოდიოდა ევროპული მსხვილი ვერცხლის ფულები და ოსმალური ძალიან წვრილი ახჩები, რომლებიც ქისაში იყო ჩაყრილი.
ქართული ნუმიზმატიკა მთავრდება 1832-33 წლებით, როდესაც დაიხურა თბილისის რუსული ზარაფხანა. რუსები ჭრიდნენ ფულს, რომელიც ჩვენთან მიმოიქცეოდა. შემდეგ პრობელემები შეიქმნა და საერთოდ გაჩერდა ფულის მოჭრა.

"კ.რ”: ქაღალდის ფული როდიდან ჩნდება საქართველოში?

თედო დუნდუა: რუსული მმართველობის პერიოდში შემოდის ქაღალდის ფული. ეს უკვე ბონისტიკაა. ქაღალდის ფულში იგულისხმებოდა 0,8 გრამი ოქრო, რომელიც ნაციონალურ სარეზერვო ბანკში ინახებოდა. ქართველები ამას ნაკლებად იგებდნენ და არც ესმოდათ ქაღალდის ფულის აზრი მეცხრამეტე საუკუნეში.
რუსული ფული შემოვიდა ორ კატეგორიად. ერთი იყო ასიგნაციები, რომელსაც არ გააჩნდა ოქროთი გამაგრება. შემდეგ კი შემოვიდა ბანკნოტი, რომელიც გამაგრებული იყო ოქროთი.

წყარო: გაზეთი რეზონანსი

კატეგორია: საქართველო | დაამატა: gi2gi
ნანახია: 1308 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 4.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]