მთავარი » ფაილები » საქართველო

კიტა აბაშიძე – ვაჟა-ფშაველა
[ სერვერიდან გადმოტვირთვა (237.4Kb) ] 2011-03-17, 4:46 PM

წინა ეტიუდებში საკმაოდ გამოვარკვიეთ, რომ ოთხმოციან წლებში რეალურმა ლიტერატურამ ჩვენში ფერი იცვალა. ამ ხანაში ილია ჭავჭავაძემ ,,განდეგილის» სახით მოგვცა უდიდებულესი და უფრო მომწიფებული ნიმუში რეალურის ნაწარმოებისა, რომელშიაც უკვე ახალი ელემენტები სჩანდა.

ამავე ხანში ,,მთიელთა» ლიტერატურა დაიბადა, რომლის ტონის მიმცემი ისევ ილიას ნაწარმოები შეიქმნა. ,,მთიელთა» მწერლობამ შემოიღო ჩვენში ნეორომანტიზმი და სიმბოლიზმი. ნეორომანტიზმი ალ. ყაზბეგმა განავითარა; სიმბოლიზმის საუკეთესო წარმომადგენელი, როგორც პროზაში, ისე პოეზიაში ვაჟა-ფშაველაა. ხელოვნური თხზულების მიმართულება უწინარეს ყოვლისა იმაში გამოიხატება, თუ როგორ უყურებს ესა თუ ის მწერალი, ამა თუ იმ მიმართულების შემქნელი და გამომსახველი, მწერლის დამოკიდებულებას ქვეყნიერებასთან, მგოსნის კავშირს მსოფლიოსთან, ხელოვანის ურთიერთობას ცხოვრებასა და მის მრავალფეროვან მოვლენასთან.

ამაზეა დამოკიდებული მთელი ესთეტიკური ფილოსოფია ამათუ იმ ლიტერატურულის მიმართულებისა.

ამ საგნებს სხვაგვარად ეპყრობოდა რომანტიკოსი პოეტი და სულ სხვაგვარად რეალისტი და ნატურალისტი. სხვაგვარი შეხედულება აქვს მათ შესახებ სიმბოლისტს.

სიმბოლიზმი ლიტერატურაში გამოიწვია რეაქციამ გადაჭარბებულის ნატურალიზმის წინააღმდეგ. სიმბოლიზმმა იგივე როლი შეასრულა მწერლობის მსვლელობასა და განვითარებაში, რაც თავის დროზე რეალიზმმა, როცა რომანტიზმს შეებრძოლა და, კარგა ხნის დავის შემდეგ, მისი ადგილი დაიჭირა.

ჩვენ უკვე კარგად ვიცით და კიდევ გავიხსენოთ, რომ რეალიზმი ეტანებოდა სინამდვილის გამოხატვას. ,,შეუფერავი სინამდვილის» დასურათებას, როგორც გ. წერეთელი ამბობდა. უბრალო, ყოველდღიური, ჩვეულებრივი მოვლენა მიაჩნდა საყურადღებოდ, რაკი, მისი აზრით, მარტო ეს შეადგენდა ცხოვრების საინტერესო მხარეს და რაკი მარტო ამგვარ მოვლენას აზის ხოლმე სინამდვილის წარუხოცელი ბეჭედი. ამის შედეგი იყო ის, რომ ცხოვრების ზედაპირის დახატვას სცდილობდა ,,შეუფერავი სინამდვილის» მოტრფიალე მწერალი და ამგვარად დიად მოვლენას ცხოვრებისას აქუცმაცებდა და აწვრილმანებდა.

ნატურალისტი მწერალი, ერთგვარი საღის რეალიზმის გადაგვარებისა, დეკადანსისა კიდევაც იმას გვიქადაგებდა: მწერალმა ფოტოგრაფის მოვალეობა უნდა იკისროს და ფოტოგრაფიულის სინამდვილით უნდა გადმოგვცეს ცხოვრებაო; მწერალმა ცხოვრების წვრილმანი ფაქტების აღნუსხვა უნდა ითავოს და, ამგვარად, ცხოვრების მასალებისა და დოკუმენტების შეკვრა უნდა შეადგენდეს მის მოვალეობასაო. ამიტომ მწერალი მხოლოდ ცივი სარკე უნდა იყოს და თავის პირადობას, თავის ,,მეს» ლაგამი უნდა ამოსდოს, უნდა ყოველგვარად ეცადოს, დამალოს და არ გამოაჩინოს თავის ნაწარმოებში, ე. ი. ყოველი ღონე დასდვას, პირადი სიმპათია-ანტიპათია არ გამოაშკარავოს; პირადი გრძნობები, თავისი სევდა და სიხარული ამა თუ იმ მოვლენის გამო დაფაროს და არ გვაჩვენოსო. ასეთი მწერალი აღიარებდა სასტიკის დეტერმინიზმის ფილოსოფიას: ცხოვრებაში ყოველივე წინადვე განსაზღვრულის კანონიერების ფარგალში სწარმოებს, ყოველივე მოვლენა იმ თავითვე დაკანონებულია, იმთავითვე მომზადებულია სხვადასხვა მიზეზთა ურთიერთობის ზედგავლენის ქვეშე; არ არსებობს არავითარი უხილავი, გინდ მიუწვდომელი და ,,გამოუცნობელი» ძალა, რომელიც განაგებდეს ცხოვრებას: კაცის თავისუფალი ნება ოცნების ნაყოფია, კაცს არა შეუძლია რა, თავისის ნებით იმოქმედოს, ისე, როგორც ჭიანჭველას, რომელსაც უმოწყალოდ ფეხქვეშ სრესთ და ისე, როგორც ლერწამს, რომელსაც ქარი შეუბრალებლად ამსხვრევსო.

ზემოხსენებულ ესთეტიკურ თეორიასა და ფილოსოფიას აქვს თავისი საღი ძარღვი და ძლიერი საფუძველი, მაგრამ მრავალფეროვანი ცხოვრება თავის დღეში ერთ რომელსამე კალაპოტში ვერ მოემწყვდევა და იმიტომაც ცხოვრების დიად მოვლენათა ყოველგვარი ცალმხრივი განმარტება წინააღმდეგობას გამოიწვევს, რეაქციას წარმოშობს.

ამგვარად, ნატურალიზმმა, ამ გადამახინჯებულმა რეალიზმმა, გამოიწვია თავისი უარმყოფელი მიმართულება სიმბოლიზმი. რაღა თქმა უნდა, ცხოვრებაში აღმოჩნდნენ და განვითარდნენ ისეთი პირობები, რომლებმაც ხელი შეუწყეს ახალის ესთეტიურის მოძღვრების დაბადებას.

საფრანგეთის რევოლუციამ მესამე წოდებას მიანიჭა პოლიტიკური და სოციალური უპირატესობა და თითქმის მთელი საუკუნე ევროპის ცხოვრების სადავე მის ხელში იყო; გამეფდა ბურჟუაზია და გააბატონა ცხოვრებაში თავისი პრინციპები, რომლებმაც მალე მოსჭამეს თავისი ხანი, ძალიან სწრაფად მოეკიდათ ხავსი და აჩქარებით განხრწნილების გზას დაადგნენ. მეწვრილმანურმა მორალმა თავი მოაბეზრა ყველას თითქმის დაბადებისთანავე და მისგან შექმნილს ატმოსფეროში ყველაზედ უფრო ეძნელებოდა ცხოვრება და სულისთქმა ხელოვნებასა და ხელოვნობას. ამიტომაც მწარე პროტესტი გამოიწვია სწორედ ამ წრეში ბურჟუაზიულმა, მეწვრილმანურმა მიმართულებამ ცხოვრებისამ. ძველი ირყევა, ახალი კი ჯერ არ დამკვიდრებულა. ყველა გრძნობს, რომ ამნაირი ცხოვრება შეუძლებელია, ყველა კარგად ხედავს, რომ სულ მალე (ისტორიული ,,მალე» განსხვავდება, რასაკვირველია, ყოველდღიურ ,,მალე»-საგან) ამგვარი წესწყობილება უნდა დაეცეს, და, როგორც ყოველთვის, ამგვარ საზოგადოებრივ აზრთა და ფიქრთა რყევის დროს, იბადება ლიტერატურული მიმართულება, რომლის მეთაურები პირადოვნებას უთმობენ უპირველეს ადგილს ხელოვნებაში, ვინაიდან ასეთ დროში არსებობს პირადი აზრი, პირადი გარკვეული პროტესტი, რამდენიმე ნაზგრძნობიერთა და გრძნო¬ბამახვილ არაჩვეულებრივ ადამიანთა და არ არსებობს საზოგადოებრივი მტკიცედ გარკვეული აზრი, რომელსაც შეეძლოს, თავისი დაღი დაასვას ყოველივეს, თავის კალაპოტში მოამწყვდიოს ყოველივე თვალსაჩინო მოვლენა საზოგადოებისა, და ამიტომ, როგორც XIX საუკუნის დამდეგს, ისე მის დამლევს, იბადება ინდივიდუალური ლიტერატურა.

სიმბოლიზმში მრავალი ელემენტია რომანტიზმისა, თუმცა, რასაკვირველია, რეალიზმმაც დააჩნია მას თავისი გავლენა. ამიტომაც არის, რომ ის მიმართულება, რომელიც ევროპაში სიმბოლიზმად არის მონათლული, ორ დიდ ნაკადულს აერთებს: ნეორომანტიკულისა და ნეორეალურის მიმართულების ნაწარმოებს. თვით სიტყვის ეტიმოლოგიური მნიშვნელობა გვაჩვენებს, რომ ნეორომანტიკულს ძველი რომანტიკულისათვის რაღაც ახალი მიუმატებია, ხოლო ნეორეალიზმს ყოფილი რეალიზმი რაღაც ახალით შეუვსია. ცხოვრების დაკვირვება, ცხოვრების დაახლოება, ცხოვრების მეცნიერული შესწავლა, _ეს ის საერთოა, რომელიც დაუმკვიდრებია ამ მიმართულებათ რეალიზმისაგან; ხოლო ცხოვრების მოვლენათა ერთგვარად განმარტება, მწერლის აზრის, გრძნობის, ოცნებისა და წარმოდგენის გვარად მოვლენათა ახსნა და დასურათება, ეს ის საერთო ელემენტია, რომელიც რომანტიზმისაგან აქვთ ნასესხები.

როგორც რომანტიზმმა ერთ დროს, ისე სიმბოლიზმმაც თავისის მხრით, პირველად ყოვლისა ინდივიდუალიზმს, მწერლის პირადობას, მოუპოვა ნაწარმოებში დაკარგული მნიშვნელობა და მწერლის პირად შთაბეჭდილებას, პირად გრძნობებსა და მოსაზრებათ აღუდგინა თავისი კანონიერი ადგილი მისი შემოქმედების ნაყოფში.

სიმბოლისტების აზრით, მწერალი ყურმახვილი, სმენაგაფაქიზებული არსებაა, რომელსაც ესმის ჰარმონიული მუსიკა მსოფლიოსი იქ, სადაც უბრალო მოკვდავი ვერ ხედავს ვერაფერს გარეშე გარეგანის ნაჭუჭისა, რომელიც მის თვალში მარტო უფერულობისა და უარარაობის გამომსახველია. პოეტსაო, ამბობს საუკეთესო წარმომადგენელი სიმბოლიზმისა მეტერლინკი, ,,შეაქვს ჩვეულებრივ ცხოვრების გამოსახვაში რაღაც, რომლის დასახელება საძნელოა და რომელიც მხოლოდ მგოსანთა საიდუმლოს შეადგენს. შეახებს თუ არა ხელოვანი თავის მადლიან ხელს, და ცხოვრებაც გამოგვეცხადება თავისის მრავალფეროვნებითა და სიდიადით, თვალწინ აღგვემართება იგი ცხოვრება უხილავ და გამოუცნობელ ძალთა მონად და მორჩილად, მისი მოვლენანი უსაზღვრო კავშირით არიან შედუღებულნი, მის მიმდინარეობას დარაჯად უდგია დიდებულებით შემოსილი უბედურება. ამგვარად, რომელიმე დაოსტატებული ქიმიკოსი ჭიქაში ჩააწვეთებს ხოლმე რაღაც საიდუმლო წვეთს და წამს წმინდა წყლის მაგიერ გამოგვიჩნდება მთელი მსოფლიო კრისტალებისა, მანამდის კი ჩვენ ჭიქაში არა შეგვიმჩნევია რა, თუ არ წმინდა წყალი.

წმინდა წყალი ჩვეულებრივი, ყოველდღიური ცხოვრებაა. საკმაოა მგოსანმა თავისი შემოქმედის გენიოსობის ფრთა შეახოს ამ ცხოვრებას, და იგი გადაიქცევა მომჯადოებელ და მომხიბვლელ სურათად, რომელიც ღრმა გრძნობებსა და ფიქრებს აუშლის ყოველსავე მაყურებელს. ამგვარად, ხელოვანი თავისებური, ერთგვარი შემოქმედია, ღვთაებრივის ძალით მოსილი არსება, რომელიც უფერულს მრავალფეროვნადა ჰქმნის და მარტივს ართულებს, უმნიშვნელოს ღრმა აზრს და ღრმა სულს უდგამს.

აქედან ცხადია, რომ მწერლის იარაღი, მწერლის ენა, მისი ლექსიკონი უფრო მდიდარია და განვითარებული, ვიდრე ის მშრალი და ცივი ლექსიკონი, რომლითაც სარგებლობს კაცობრიობის უმეტესობა.

სიტყვის მხატვრული, მისი ,,გამომხატველობითი» ძალა ბევრად უფრი დაბლა სდგას მის მუსიკალურ, გრძნობათა აღმძვრელ ძალზედ. ამიტომაც პოეტი უნდა სცდილობდესო, ამბობენ სიმბოლისტები, ისეთი კომბინაცია მოახდინოს რითმისა და რიტმისა, ისეთი წყობილება იხმაროს სიტყვებისა, იმგვარად შეაქსოვოს და შეუხამოს სიტყვები ერთიმეორეს, რომ იგივე გრძნობები აღგვიძრას, რაც მუსიკამაო. ამ თეორიის უკიდურესი გამომსახველია ის სიმბოლური პოეზიის სახელმძღვანელო ლექსი, რომელიც ფრანგ პოეტმა რემბომ მოგვცა. აქ, ამ უცნაურ ლექსში ანბანის ,,გრძნობათა აღმძვრელი», ანბანის მუსიკალური მნიშვნელობაა განმარტებული: ა – შავის გრძნობას აღგვიძრავს, ე – თეთრისას, ი – წითლისას (ჯიგრის, სისხლის ფერისას), ო – ცისფერისას. როცა ესა და ეს ხმოვანი ასო გვესმის, მაშინ ჩვენ თვალწინ მისი შესაბამი ფერი გვეხატვისო. რასაკვირველია, თუკი მწერალი განსაკუთრებული არსებაა, რომლის ხუთი გრძნობა უფრო მახვილია, ვიდრე ჩვეულებრივის კაცისა, და რომლის გრძნობიერება მრავალმხრივია, რომელიც მეექვსე გრძნობითაც კი არის აღჭურვილი, ვინაიდან წინათგრძნობა განვითარებული აქვს -რასაკვირველია, ამგვარს მწერალს ჩვეულებრივ, ყოველდღიურ მოვლენათა შორის ,,გამოუცნობელის», ,,მიუწვდომელის», ,,იდუმალის» ძალის განხორციელება ეჩვენება და ეს საიდუმლოება ყოველის მხრით ეცხადება. ამგვარად, მისთვის ჩვეულებრივი მოვლენა სიმბოლოდ ხდება, ცხოვრების იდუმალ ძალის გამომსახველ ნიშნად.

ზემოხსენებული მეტერლინკი ამნაირად გვესაუბრება თავის შესანიშნავ ,,მშვიდთა საუნჯეში», რომელიც სიმბოლიზმის სახარებად ითვლება: ყოველდღიური, ჩვეულებრივი მოვლენა უფრო მკაფიო გამომხატველია ხოლმე ადამიანის ცხოვრების უდიადესის ტრაგიზმისა, ვიდრე რაიმე იშვიათი და განსაკუთრებული შემთხვევა ამავე ცხოვრებისა. ამ ტრაგიზმის განცდა ადვილია, ხოლო ძნელია მისი დასურათება, ვინაიდან იგი არსებითი ტრაგიზმი, ნივთიერი კი არ არის და არც ფსიქოლოგიური. მწერალი უნდა ცდილობდეს, დაგვანახოს, რა არის განსაცვიფრებელი თვით იმ მოვლენაში, რომელსაც სიცოცხლე ჰქვიან; უნდა სცადოს, თვალწინ დაგვიყენოს სულის თვითარსებობა; სცადოს ჩვეულებრივ უბრალო დიალოგების შემწეობით გვაგრძნობინოს განუწყვეტელი დიადი მოვლენა არსებობისა და ჩვენის ბედ-იღბლისა. სრულიადაც საჭირო არაა, მხატვარმა ჩვენის ვნებათა ღელვისა და თვით უმწვავეს გრძნობათა ერთმანერთ შორის შეხლა-შეტაკების თავზარდამცემი სურათები შეგვიქმნას; არაა საჭირო, ხელოვანმა მაინცა და მაინც არაჩვეულებრივობით გაგვაკვირვოს და ნამეტანის ბრახაბრუხით გაგვაყრუოს, იმიტომ, რომ ყოველივე ეს მარტო და მხოლოდ ყურებს გამოგვიჭედავს ხოლმე და გვისპობს საშუალებას, გავიგონოთ ცხოვრების გულის სიღრმიდან აღმომხდარი საბედისწერო ხმა ჩვენის ბედისა და უბედობისა. საკმაოა, მწერალმა მიაქციოს ჩვენი ყურადღება პატარა ქოხს რომელსამე მიყრუებულ სოფელში, დაგვანახოს ამ ქოხის დერეფანში ნახევრად შეღებული კარები, სახე ადამიანისა, სრულის სიმშვიდის გამომხატველი… საკმაოა ამ უმნიშვნელო, მცირე მოვლენას შეეხოს გრძნეული ხელი მგოსნისა და მყისვე ამ სადა და მარტივის სურათის შემწეობით თქვენის თვალის წინ გადაიშლება უდიადესი მომენტები; ადამიანის ცხოვრების სრულიად უბრალო სიტყვები, ღვთის მადლით ცხებულ ხელოვნის ხელში გადაიქცევიან მთელის მსოფლიოს გამომსახველად… ეს სიტყვები გარეგანის მხრივ თითქმის მოკლებულნი არიან ყოველსავე მნიშვნელობას, მაგრამ ის კილო, რომელსაც მოქმედი პირი ხმარობს, მისი მიხვრა-მოხვრა, მისი სულის განწყობილება თვალწინ დაგვიყენებს ხოლმე მის საიდუმლო ზრახვებს, მის ეტლს და მის ბედისწერას, ათასგვარ საიდუმლოს, რომლითაც იგი და მისი ცხოვრება მოცულია; აი, ეს უნდა იქცევდეს ხელოვნის ყურადღებას, მისის მხატვრობის საგანი უნდა იყოს იმ საიდუმლოების, იმ ,,გამოუცნობელის» და მიუწდომელის ახსნა და სურათებით ნათელყოფა, რომელიც შეადგენს დედააზრს და დედაძარღვს ადამიანის ცხოვრებისას. მეტერლინკმა დიდის ხელოვნებით განახორციელა თავისი თეორია თავის მშვენიერ დრამებში: L’ინტრუსე, L’ინტერიეურ და სხვ.

მაშასადამე, სიმბოლიზმის აღმსარებელისათვის ყოველივე მოვლენა, ყოველივე ფაქტი, ყოველივე შემთხვევა ცხოვრებისა ერთგვარი ნიშანია, სიმბოლო ამ ცხოვრების იდუმალებით ნაქსოვის სარჩულის აღსანიშნავად. აგერ, ავადმყოფის სახლში, შუაღამეში, ბრმა ბაბუას ესმის, ვითომ ვიღაც ცელსა ლესავს, _ ეს სიკვდილია, რომელიც ეპარება საბედისწერო ოჯახს და ცელსა ლესავს ადამიანის სიცოცხლის მოსასპობად. თქვენა გგონიათ, ეს რაღაც მისტიკური ბოდვა იყოს. სრულიადაც არა, სინამდვილე აქ სავსებით დაცულია: ცელსა ლესავს მებაღე ბალახის გასათიბავად, მაგრამ ბრმა მოხუცის ბუნება წინათგრძნობით აღსავსეა და მისი სმენა უცნაურათ გამახვილებულია. ეს ნამდვილი ფაქტი მას აღუძრავს შიშს სიკვდილის მოახლოვებისას. აგერ, იმავე ოჯახში ის კარი, რომელიც ეზოში გადის, ვეღარ მოუხურავთ კარგად… ეს იმიტომ, რომ რაღაც თვალით უხილავი და საიდუმლო საშიშარი ძალა მიიპარება ოჯახში. ყველას შიშის ელდა ეცემა, ყველა რაღაც სევდით არის აღსავსე, წინათგრძნობები აშფოთებს ყველას. სიტყვით არც ერთი არ წარმოსთქვამს საშინელის მოვლენის სახელს, მაგრამ მათი სიტყვების კილო, მათი მიხვრა-მოხვრა ნათელჰყოფს, რომ ყველა რაღაც საიდუმლოებას მოუცავს. ყველა გრძნობს თავისდა უნებურად, რომ სიკვდილი ფეხაკრეფით მიეპარება და უბედურება მოაქვს ამ ოჯახისათვის. თუმცა ყოველივე ეს მოვლენა სინამდვილის ფარგალს არ გასცილებია და კარები უთუოდ იმიტომ არ იკეტება, რომ საღამოს ჟამზე სინესტით გაიჟღენთა, მაგრამ ეს ჩვეულებრივი ყოველდღიური მოვლენა მთელის ტრაგიზმის გამომხატველად იქცევა ამ დიადსა და საშინელს წამებში.

აქედან ცხადია, რომ სიმბოლისტი მწერალი სცდილობს, შეიტანოს ხელოვნებაში გრძნობა საიდუმლოებისა, სცდილობს გვაჩვენოს უხილავი და გამოუცნობელი კავშირი, რომელიც არსებობს ,,საიქიოსა» და ,,სააქაოს» შორის, სცდილობს, თვალწინ დაგვიყენოს ,,მოვლენათა შორის დაფარული კავშირი,» დაგვანახოს საიდუმლოებით მოცული ბედისწერა, რომელიც განაგებს ადამიანის ცხოვრებასა და სიცოცხლეს.

დავუთმოთ სიტყვა ისევ მეტერლინკს: ,,ჩვენ ვიცითო, _ ამბობს იგი, _ რომ ყოველივე ჩვენი გრძნობა განსაზღვრულია საუკუნეთა მიმდინარეობაში. ათასი წლები თავს დასცქერიან, როცა ორ მიჯნურთა ბაგე სიყვარულით შეეწებებიან ერთმანეთს. და თვით ეს ამბორი არა არის რა, თუ არ ერთს მოქმედებაში თავმოყრილი სურვილი ათიათასის არსებისა, რომელსაც სურს ქვეყნად გაჩენა. ჩვენ ვიცით, რომ ადამიანი არა კვდება… კარგად ვიცით, რომ მიცვალებულნი მარტო სასაფლაოს მყუდროებაში კი არ არიან დაკარგულნი: ჩვენის სახლის ყოველ კუნჭულში მათი სულები დატრიალებენ, ჩვენის ცხოვრების ყოველივე ჩვეულებრივ მოვლენაში იგინი მონაწილეობას ღებულობენ; თვით უმცირესი ჩვენი მოქმედება გამოიწვევს ხოლმე მათ, და იგინი მკვდრეთით აღდგებიან არა საფლავებით, არამედ ჩვენს სულიერს არსებაში, სადაც მათ სამარადისო უკვდავება აქვთ მოპოებული».

,,ამ სახით ჩვენ წარსულისა და მომავლის მონები ვართო, – განაგრძობს მეტერლინკი, – მემკვიდრეობა, ნების თავისუფლება, ბედისწერაო დომხალივით არეულია ჩვენს ცნებაში, ჩვენს სულში, მაგრამ ყოველსავე ამას მეფედა და პატრონად თავს დასცქერის იდუმალებით მოცული ეტლი, საბედისწერო ვარსკვლავი ჩვენის ცხოვრებისა, გენებოსთ, მემკვიდრეობა დაარქვით, გენებოსთ ბედ-იღბალი, ორივე ერთად და თვით ის უცნაური, მიუწდომელი ძალა, რომელსაც ეს სიტყვები გამოსახვენ არა არის რა, თუ არა ერთ-ერთი სხივი ამ ეტლისა, სხივი, რომელიც იკარგება საიდუმლოებით გაჭედილს წყვდიადში.

ჩვენ გამოვდგებით და სხვადასხვა ეტიკეტებს ავაკრავთ ხოლმე იმ ვაზას, რომელშიაც უხილავი და გამოუცნობელია მომწყვდეული. მშრალი სიტყვები კი არ გვამცნევს იმის შესახებ, რაც უფრო საინტერესოა კაცისათვის. ამ საიდუმლო ძალების, ამ იდუმალის კავშირის გამომხატველი უნდა იყოს მწერლის ნაწარმოები. ამგვარად იგი ხდება სიმბოლოდ, სახედ, სურათად, ნიშნად, რომელიც კონკრეტულად უნდა გამოსთქვამდეს რაღაც საიდუმლოსა და არა ყველასათვის ნათელს აზრს უნდა გამოხატვიდეს ყველასათვის გასაგებად.

იმ განსაზღვრიდან, რომელიც ჩვენ აქ მოვიყვანეთ, მკითხველი კარგად დაინახავს, რომ სიმბოლისტები ბევრში უახლოვდებიან რომანტიკოსებს. რომანტიკოსის საიქიოს წყურვილი ჩვენმა დიდებულმა ბარათაშვილმა გამოხატა უკვდავ ლექსებში:

                                                              /___-.docx გადმოწერე სრულად

კატეგორია: საქართველო | დაამატა: gi2gi
ნანახია: 219 | რამოტვირთვები: 31 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]