ივანე გომართელი – ვაჟა-ფშაველა
2011-03-17, 4:48 PM

ვაჟა-ფშაველა - Vazha-Pshavela


I
ცრემლში მილესავს ნაღველი
და მელნად ის მიხმარია. _
ტკბილად გვიგალობს აკაკი.
წამერთო ყველა, და ნუგეშად დღეს
მარტოღა ცრემლნი მე დამშთენიეს. _
ბანს აძლევს აკაკის ილია.
ოჰ, რად არ ძალმიძს, მთლად ცრემლად ვიქცე,
გავხდე მდინარე აღქაფებული! _
კვნესის დუტუ მეგრელი.
ერთით ვნუგეშობ, ერთითა:
მივენდე ცრემლის დენასა:
ესაა ჩემი ნუგეში:
ტირილში ვპოვებ შვებასა.
ცრემლებო, თქვენი შვილი ვარ,
თქვენა ხართ ჩემი ფონია;
იდინეთ უხვად, ვიდრემდე
შემწევს ტირილის ღონია!
თქვენა ხართ ჩემი ნუგეში,
სხვა მე ვერ მომიგონია. _

გოდებს ვაჟა-ფშაველას ფანდური. ცრემლი, ცრემლი და ისევ ცრემლი! აი, რა გაისმის ჩვენს პოეზიაში.
ცრემლი სდის ბარათაშვილს, მაგრამ ის ამაყია _ თავის ცრემლს თვითონვე ჰყლაპავს და სხვას არ უჩვენებს, მტირალ სახეს სხვას არ დაანახვებს. ცრემლებს ვერ მალავს ილია, აკაკი, დუტუ მეგრელი, ვაჟა-ფშაველა.
თუ წინათ ეს ცრემლი იშვიათად გაისმოდა ჩვენს პოეზიაში, დღეს ცრემლები ჩვენი სიტყვაკაზმული მწერლობის უმთავრესი თვისებაა.
აიღეთ ჩვენი ახალგაზრდა პოეტები: რუხაძე, ევდოშვილი, ზომლეთელი, იასამანი, თურდოსპირელი, მალაქიაშვილი, ქუჩიშვილი, ლეჩხუმელი, ტუქსიშვილი, გრიშაშვილი, მჭედლიშვილი და სხვ. თუმცა უმეტეს მათგანს ჯერ თავისი ხვედრიც ვერ უპოვნია, მაგრამ ცოტათ თუ ბევრად მათი პოეზიაც ცრემლებით არ არის განა შეზავებული?
ჩვენი პოეზიის ასპარეზზე ვაჟა-ფშაველა ხმალამოღებული გადმოხტა _ უშიშარი, შეუპოვარი, საბრძოლველად გამზადებული მთის შვილი.
ველი _ სადა და როდისა
თქრიალს მოიღებს ჯარიო,
რომ მეც მოვახტე შავრასა,
პირს დავისახო ჯვარიო.
დღეს კი ერთადერთს ნუგეშს ისიც ცრემლში ჰპოვებს და ცრემლს მიმართავს:
იდინეთ უხვად, ვიდრემდე
შემწევს ტირილის ღონია!
ტირილის დედა სევდაა. ჩვენი პოეზიის ცრემლებიც სწორედ ამ სევდის ნაყოფია.
ბრჭყალით ვუპყრივარ სევდასა,
როგორაც არწივს გნოლია.
მთელი ჩვენი პოეზია, ბარათაშვილიდან მოყოლებული დღემდე, ბრჭყალით უპყრია სევდასა.
განა ბაირონი კი არ იყო სევდით შეპყრობილი?
მაგრამ ბაირონის სევდა ცრემლად არ დამდნარა, არამედ ის იქცა ბრძოლის წყურვილად, ბრძოლის ცეცხლად და პოეტი აანთო, აამხედრა, გაასალკლდევა და ისეთი ძალა აგრძნობინა, რომ ბაირონმა თვით ღმერთს გამოუცხადა ომი.
ჩვენი პოეტების ხვედრი კი სულ სხვა არის. აიღეთ ბარათაშვილი, _ ეს ძლიერი სული, დიადი გრძნობა. სევდით სავსე, ის ცის იქით ეძიებს სადგურს, რომ დაშთოს აქ ამაოება; ის ოცნების მერანს ჰკაზმავს, რომ ნიავს მისცეს ფიქრნი თვისნი, შავად მღელვარნი, ბრძოლით კი არავის არ ებრძვის.
სევდით შეპყრობილი ბაირონი ბრძოლაში ეძებს შვებას და თვით ღმერთთანაც რომ დასჭირდეს შერკინება, ის არ შედრკება, უკან არ დაიხევს. ამაზე მეტი სიმამაცე, ამაზე მეტი გრძონა თავისი ძლიერებისა, შეუძლებელია.
ჩვენი პოეტები კი, სევდით შეპყრობილნი, ცრემლში ჰპოვენებ შვებას.
ბრძოლა მას შეუძლია, ვისაც ხელ-ფეხი თავისუფალი აქვს, ვინც თავისუფლებას ჰგრძნობს მთელი თავისი არსებით, ვინც თავისუფლებით სუნთქვას, თავისუფლებას ჰყნოსავს.
ხელ-ფეხშებორკილს, რომელიც თავისუფლებას არა გრძნობს, რომელიც თავისუფლებით არა სუნთქვას, _ ამასაც კი შეუძლია ბრძოლა, მხოლოდ ერთის პირობით: იმის ბრძოლას უნდა აცისკროვნებდეს სხივი გამარჯვებისა, მის ბრძოლას წინ უნდა მიუძღოდეს იმედი გამარჯვებისა. როცა ხელფეხშებორკილია და იმედიც არსად არის, რადგანაც საიმედო გარეშემო არაფერია, როცა ადამიანი სრულ თავის უძლურებას გრძნობს და ხედავს, მას ცრემლის მეტი აღარა დარჩენია რა, თუ ის პოეტია; ხოლო თუ ის ფილოსოფოსია, მისტიციზმს მიმართავს, ბუნების ცხოვრების გარეშე რწმენის სამეფოში მონახავს ის სულის მოსასვენებელ სადგურს.
ბაირონი თავისუფალი ბრიტანეთის შვილი იყო. ის ხედავდა, ის გრძნობდა თავისუფლებას, ის სუნთქავდა თავისუფლებით. ამიტომ სევდა მასში მხოლოდ ბრძოლის წყურვილს აძლიერებდა.
ჩვენ კი… ჩვენ ბედმა გვარგუნა სულ სხვა ცხოვრება, სულ სხვა ხვედრი. ცხოვრების პირობები ჩვენ მძიმე ლოდივით გვაწევს, სულს გვიხუთავს, გულს გვიწამლავს; გამოსავალი გზა არსად არის, არც არავითარი იმედია გამოსავლისა: ჩვენ ვგრძნობთ ჩვენს მონდომებას, ჩვენს უძლურებას და ცრემლების მეტი აღარა დაგვრჩენია რა:
უბედო ბედმა გამრიყა,
მიმაკლა ლოდსა კლდისასა:
ვერც არა თავსა ვუშველე,
ვერც გაჭირვებას ძმისასა.
დამეხშე, სმენავ, დამეხშე,
ნუღარც რამ გამიგონია!
ცრემლებო, თქვენი შვილი ვარ,
თქვენა ხართ ჩემი ფონია,
იდინეთ უხვად, ვიდრემდე
შემწევს ტირილის ღონია!
უმეტეს შემთხვევაში, ჩვენი პოეტი ბრძოლის სიმღერით გამოდის სამწერლო ასპარეზზე. გაივლის დრო და ბრძოლის სიმღერა ოხვრად გადაიქცევა. სული სასოწარკვეთილებას ეძლევა, გული ტყდება, სიმები წყდებიან, იმედი ქრება, გრძნობა ძალისა ალაგს უთმობს საშინელს გრძნობას უძლურებისას, ცრემლებიღა რჩება, მხოლოდ ცრემლები.
ამგვარია სინამდვილე ჩვენში, იმიტომ, რომ ამგვარივეა სინამდვილე, საერთოდ, მთელს რუსეთში…
პოეტი იმით განირჩევა არა პოეტისაგან, რომ ის უფრო ჰხედავს და უფრო გრძნობს. თუ სინამდვილე მწარეა, გრძნობაც მწარეა. ამიტომ პოეტი სხვაზე უფრო იტანჯება, როცა სინამდვილე მტანჯველია…

II
ბერძენთა მითოლოგიაში ერთი საუკეთესო გადმოცემაა. ახალგაზრდა იკაროსმა ფრთა შეისხა და აფრინდა მაღლა, ჰაერში. ის გაიტაცა ოცნებამ შორს, შორს, მოჰხიბლა მშვენიერებამ და მიუახლოვდა მზეს, რომ ახლოს ეხილა ეს წყარო სითბოსი და სინათლისა, მომნიჭებელი სიცოცხლის და ნეტარებისა.
იკაროსმა მოინდომა სინათლის ცნობა, ჭეშმარიტების პოვნა, სიცოცხლის საიდუმლოების ამოკითხვა, მაგრამ მზემ ფრთები გაუდნო და იკაროსი დედამიწას დააკვდა.
განა ყველა ქართველი პოეტი იკაროსი არ არის? ყველა ქართველი პოეტი იკაროსის ბედს განიცდის, მხოლოდ ერთის დიდის განსხვავებით. იკაროსს უნდოდა მზეს ჩაჰკვროდა გულში და გატაცებამ სრულებით დაავიწყა, რომ მისი ფრთები მზის სიცხოველეს ვერ გაუძლებდა.
ქართველი პოეტიც მზისკენ მიისწრაფვის, მაგრამ მარტოკა კი არა, მას თან მიაქვს სინათლისაკენ, სითბოსაკენ, სიცოცხლისაკენ, ჭეშმარიტებისაკენ თავისი მრავალტანჯული სამშობლოს შავი ბედი, ხოლო ნათელი სხივების სიცხოველით ფრთებდამწვარი კი არ ვარდება ძირს. არამედ ბნელეთისა და წყვდიადის სისქეს ვერ აპობს და ნათელი სხივიც სამუდამოდ ეკარგება თვალთაგან.
ვაჟა-ფშაველა თავის პირველ ნაწერებში იგივე იკაროსია. მხნე, მამაცი, შეუპოვარი, სახეგაბრწყინებული ის მიისწრაფვის სინათლისაკენ, სიმართლისაკენ.
ის შეუპოვარია, ქედმოუხრელი.
მთლად მე მეკუთვნის ქვეყანა:
მთაში _ მთა, ბარად _ ბარია,
ზღვა და ხმელეთი ერთიან,
ცას _ ვარსკვლავების ჯარია,
დილით _ მზე მანათობელი,
ღამით _ გუშაგი მთვარია.
წარსულთა გმირთა ნამოქმედარით და მაგალითით გამხნევებული, ის მომავალში ეძებს საგმირო საქმეებს.
ვაჟა-ფშაველა დიდი ნიჭია, დიდ ხელოვანი. მის ოცნებას საზღვარი არა აქვს, ის სივრცით არ გაიზომება, დროში არ გამოიხატება, მაგრამ მისი პოეტური აღმაფრენა მაინც ფრთაშეკვეცილია; ბუნებას მისთვის ყოველისფერი უხვად მიუცია, რომ თავისი ნიჭი მსოფლიო კითხვების რკვევაში ავარჯიშოს; მიუხედავად ამისა, პოეტი თავის სალ კლდეებს‘«ზავთით მზარავთა და კაცის ფეხდაუკარებთა» შეჰხორცებია მთელის თავისი არსებით და მისი ოცნება, მისი ფიქრი, მისი გრძნობა, მთელი მისი აზროვნება, მთელი მისი ნება, მთელი მისი სურვილი ამ კლდეებს დასტრიალებს გარშემო.
რატომ? რა არის მიზეზი?
ღმერთო, სამშობლო მიცოცხლე! _
მძინარეც ამას ვდუდუნებ.
აი, რატომ. აი, რა არის მიზეზი.
თუ რომ პოეტი, მძინარე, სამშობლოზე ფიქრობს, ცხადია, ფხიზელის მთელი მოფიქრება მხოლოდ სამშობლოს გარშემო დაიწყებს ტრიალს.
მსოფლიო კითხვებისათვის რანაირად მოიცლის პოეტი, რა დიდი ნიჭის პატრონიც უნდა იყოს ის, როცა სამშობლოს კითხვას შებოჭილი ჰყავს მთელი მისი არსება, მთელი მისი გრძნობა, მთელი მისი მოფიქრება!
ვერც ერთი ქართველი, რომელიც კი თავით ფიქრობს და გულით გრძნობს, სამშობლოს კითხვას გვერდს ვერ აუქცევს.
ბედმა ყოველისფერი მოგვცა, რომ ჩვენი ცხოვრება დიდებული იყოს და ჩვენი ხალხი ბედნიერი, მაგრამ მათმა სიბეცემ და შორსმჭვრეტელობის უქონლობამ, ვინც ისტორიამ ჩვენი პოლიტიკური ცხოვრების სათავეში წამოასკუპა, ხელიდან გამოაცალა ის, ურომლისოდაც შეუძლებელია დიდებული ცხოვრებაც და ბედნიერებაც. ეს არის ეროვნული თავისუფლება.
ფართო, განვითარებული პოლიტიკური ცხოვრება შეუძლებელია იქ, საცა ეროვნული დამოუკიდებლობა არ არსებობს. ლიტერატურის განვითარება კი როგორც, საერთოდ, კულტურული ცხოვრების ყოველი დარგის განვითარება _ შეუძლებელია იქ, საცა თვით ცხოვრება არ არის რთული და განვითარებული…
არავინ არ იცის, რად იბადება პეტრე პეტრედ, ივანე ივანედ და სხვა; ხოლო ის კი ცნობილია, რომ პეტრეს, ივანეს და სხვათა გრძნობა, აზროვნება შეკავშირებულია ცხოვრების გარეშე პირობებთან, გარემოებასთან და ღარიბ ცხოვრებაში ისახება ღარიბი გრძნობა. იბადება ღარიბი ფიქრი, რთული, მდიდარი ცხოვრების პირობებში კი რთული და მდიდარი გრძნობა-ფიქრები.
ბუნებამ მდიდარი გრძნობითა და ფიქრებით რომ დააჯილდოვოს ვინმე, ცხოვრების ღარიბ პირობებში ის ვერ გამოააშკარავებს თავის ფიქრებსა და გრძნობებს.
ამიტომ, რა ნიჭის პატრონიც უნდა იყოს ქართველი პოეტი, მისი ნიჭი საკმაოდ ვერ გაიშლება, მისი ოცნება ვიწრო საზღვრებში მოექცევა, მისი აღმაფრენა საკმაოდ ფრთებს ვერ გაშლის.
ვაჟა-ფშაველა უხვად დააჯილდოვა ბუნებამ. მდიდარი ოცნება, ღრმა გრძნობა, ბუნების ცოდნა, მხატვრული ენა. ფერადების მრავალგვარობა, _ ყოვლისფერი ხელთ უპყრია პოეტს. სტრიქონებიდანვე თქვენი თვალის წინ იხატება ძლიერი ხელოვანი, მსოფლიო პოეტი, მაგრამ, გადის დრო და პოეტი მიჯაჭვული რჩება თავის სამშობლოს ზავთით მზარავ კლდეებზე, ვითარცა ამირანი.
რაც უნდა გაურბოდეს რომელიმე პოეტი სამშობლოს კითხვას, ეს კითხვა მისდაუნებურად დაიპყრობს იმის გულს, იმის აზროვნებას, იმის ოცნებას. ძლიერი სევდა, რომელსაც არსაიდან არ შემოევლება, ადამიანის გრძნობას აჩლუნგებს, აზროვნებას ასუსტებს, ნებას აუძლურებს. სამშობლოს საკითხი ყველა ჩვენი პოეტისათვის უდიდესი საკითხია, ეს საკითხი კი მხოლოდ სევდისმომგვრელია და ისეთი სევდის, რომელსაც არსაიდან არ შემოევლება. ეს სევდა, ბოლოს და ბოლოს, ოცნებას უკლავს, აზრს უწამლავს, ნებას უსუსტებს და გრძნობა-აზროვნების ძალას აცლის ქართველ პოეტს…
და როდესაც ჩვენი არსებობა, ჩვენი ხვალინდელი დღე უზრუნველყოფილი არა არის, რანაირად შეუძლია ჩვენს პოეტს სამშობლოს ტანჯვით არ დაიტანჯოს, სამშობლოს სევდით არ დასევდიანდეს?!
ეს სევდა ნელ-ნელა ჩაითრევს მას, მთელ მის არსებას დაიპყრობს, მთელ მის ოცნებას დაიმონებს, მთელ მის გრძნობას შებორკავს, გულში ჩაიკრავს და მაშინ პოეტი მსოფლიო კითხვებისათვის მკვდარია, იმის ჩანგის უმთავრესი საგანი, ყოველდღიური ცხოვრება და მისი ჭირ-ვარამი იქნება, ცრემლები კი უმთავრესი ნაყოფი. და როდესაც ვაჟა-ფშაველამ თავის უკანასკნელ ნაწერებს «ცრემლები» უწოდა, ამ ერთ სიტყვაში მთელი თავისი პოეტური სულისკვეთება, მთელი თავისი აზროვნება, მთელი თავისი ფიქრები, გულისნადები გამოხატა. პოეტი უკვირდება ცხოვრებას და ყოველგვარ უსამართლობას ხედავს. უკვირდება ბუნებას და იგივე უსამართლობაა.
«ერთი საათის სიტურფე ათასს წლისას თანმდებოდა», რადგანაც დრო ყველაფერს ერთნაირად სპობს, ყველაფერი ერთნაირად ფუჭია, ერთნაირად წარმავალი.
რადა, რად არის ასე?
პოეტი თითქოს თავს ინუგეშებს:‘«გაძლება გვმართებს, ბუნება რასაც დაგვადებს ხარჯადა».
მაგრამ ამგვარი ნუგეში რომ სრული უნუგეშობის მომასწავებელია, თვითონ პოეტი გვიმტკიცებს, როდესაც ის «თვალთაგან ცრემლმთოვიარე» გაჰყურებს განვლილ ცხოვრებას.
სევდა, სევდა და სევდა! აი რით არის სავსე პოეტის უკანასკნელი ნუგეში, მაშინაც კი, როდესაც პოეტი სევდას ივიწყებს და უნდა სამხიარულო რამ დაამღეროს, თითები აღარ ემორჩილება, გული სხვას ამბობს:
ხელში ავიღებ ჩანგურსა,
მინდა დავმღერო ლაღადა, _
თითები აღარ მომყვება _
გული არ არის საღადა.
გადაქცეულა ნაოხარ,
გაბეჩხერებულ ბაღადა.
პოეტს უნდა, დედამიწა დაივიწყოს მისი ჭირ-ვარამით, მისი ტანჯვით, მისი ცოდვებით, მისი ცრემლებით; მას უნდა ოცნებით ცის სივრცეში გაფრინდეს, რადგანაც მას უყვარს ციური აზრი. ღვთიური გრძნობა, ფიქრი, მაგრამ‘«ფრთებს მიკვეცს, აღმაფრენასა, ამბავი ყოველდღიური».
ტრაგიზმი პოეტისა იმაში მდგომარეობს, რომ მას უნდა მოსწყდეს ცხოვრებას, დაივიწყოს ის და ციურ ფიქრს, ციურ გრძნობას გაჰყვეს, მაგრამ ცხოვრება მას არ უშვებს, ბრჭყალებში ჰყავს ჩაჭედილი და ეუბნება: ჩემის ტანჯვით დაიტანჯე, ჩემის სევდით დასევდიანდი, ჩემის უბედურებით გაუბედურდი, ჩემთან ერთად იტირე და შენს აღმაფრენას ფრთები შეჰკვეცეო.
პოეტიც სევდით დატანჯული ნაღვლის ზღვაში დასცურავს და თუმცა წინ ცრემლი გუბედ უდგას, მაინც ტირის. ტირილიც არას შველის, მაგრამ ტირილის მეტი აღარაფერი დარჩენია, რადგანაც იმედი მთლად დაკარგული აქვს.
როდესაც პოეტი ივიწყებს ყოველდღიურ ცხოვრებას, მისი ოცნება, ფრთებგაშლილი, ცაში დანავარდობს, ვარსკვლავებს ეთამაშება, მთვარეს ეალერსება, რომ ზეციური ჰანგები შეჰკრიბოს, მაშინ პოეტის ყოველი ლექსი, ყოველი სტრიქონი, ყოველი სიტყვა, განხორციელებული მშვენიერებაა, ნამდვილი შედევრია, უკვდავი მარგალიტია.
მაგრამ სადაც უნდა გასტყორცნოს პოეტი ოცნებამ, დედამიწის გოდება მაინც ყველგან სწვდება იმის სმენას, იმის გულს.

საწყალი საწყლადვე რჩება,
ისევ სდის ცრემლის ღვარია,
მგლები, აფთრები მრავლდება,
ხარობს იმათი გვარია.

და პოეტის ოცნება ისევ ძირს ეშვება; პოეტის გული ისევ სევდით ივსება, მისი ფანდური ისევ ბედგანამწარი იწყებს გოდებას:

მტრისამც გულია ასეთი
როგორიც გული ჩემია:
უნდა დავლიო სიმწარით
ჩემი სიცოცხლის დღენია.

პოეტი რწმუნდება, რომ მის ჩონგურს, ჩონგურს, რომელიც ციურ ჰანგებს დამღერდა, სიმები დააწყდა.‘«დამიწყდა ჩონგურის სიმები, აღარ აესხმის, აღარა».
გული დადუმდა, გონება დაჩლუნგდა და ერთადერთ ნუგეშს პოეტი ცრემლშიღა ჰპოულობს, კაეშანს იმსუბუქებს‘«ცხელის ცრემლისა დენითა».
რა არისა ან სად არის მიზეზი პოეტის სულიერი ტანჯვისა?
ვაჟა-ფშაველას სევდას სამი სათავე აქვს: ეროვნული, სოციალური და ფილოსოფიური.
პოეტს უყვარს თავისი ბედშავი სამშობლო და, რადგანაც ის უბედურია, ხელ-ფეხშებორკილი, მონადქცეული, თავისუფლების მოტრფიალე. პოეტის გული სევდით, ნაღველითა და ბოღმით არის სავსე. ეს სევდა, ეს სასოწარკვეთილება პოეტისა მით უფრო უსაზღვროა, რომ პოეტს აღარავითარი იმედი არა აქვს თავისი სანატრელი მამულის მკვდრეთით აღდგომისა, ამიტომ პოეტის გული სევდით ივსება და ცრემლში ეძებს ნუგეშს.
პოეტი უკვირდება ცხოვრებას და ყოველგვარ უსამართლობასა და ძალმომრეობას ჰხედავს; საწყალს ცრემლის ღვარი სდის, მგლები, აფთრები მრავლდება, ხარობს იმათი გვარია.
პოეტი ნატრობს რომ, _
სიმართლის გამარჯვებასა
მთაზე არწივი ყიოდეს.
შხამის და გესლის მთესველნი
მოისპნენ, არარაობდნენ.
მაგრამ ამავე დროს დარწმუნებულია, რომ მისი ნატვრა ნატვრადვე რჩება და ვინ იცის, როდემდის.
ამიტომ სევდა სევდას ემატება და პოეტი ცრემლებშიღა ეძებს შვებას. ვაჟა-ფშაველა თავისი მსოფლიო შეხედულებით ნიკოლოზ ბარათაშვილის ნათესავია.
ნ. ბარათაშვილის თვალში აწმყო მხოლოდ ფუჭი და ამაოებაა, წარსულთა დროთა მოგონება კი იმის სულს აფიქრებს.
ვაჟა-ფშაველასათვის აწმყოში არაფერი არაა და წარსულზე ფიქრი მას სულს უწუხებს.
ნიკოლოზ ბარათაშვილი თავის მსოფლიო შეხედულებით მსოფლიო სევდის მატარებელია, ცხოვრება, ადამიანის არსებობა მას არ აკმაყოფილებს, მას აფიქრებს და თან აღონებს სიცოცხლის მიზანი. საიდუმლოება სიკვდილისა, ამაოება და წარმავლობა ყოველივე არსისა, თვით საწუთროსიც.
ამგვარივე კითხვები აღონებს, აფიქრებს ვაჟა-ფშაველასაც, ნიკოლოზ ბარათაშვილი ხედავდა, რომ ყოველივე წარმავალია, მაგრამ მისი გულისთქმა ცის იქით ეძიებს სადგურს, ზენაართ სამყოფს; მას სწამდა, რომ არსებობდა სამარადისო, უკვდავი, წარუვალი ანუ აბსოლუტი და ის ეძებდა ამ სამარადისოს, ამ აბსოლუტს, მაგრამ ვერ ჰპოვებდა და ეს კიდევ უფრო აათკეცებდა იმის სევდას.
ვაჟა-ფშაველაც ხედავს, რომ ყოველივე წარმავალია, ყოველივეს დასასრული აქვს:

განგების სათამაშოდა,
გასართობად ვართ გამხდრები;
ერთია, თუნდა ჩვენ ვიყვნეთ
და თუნდა მინდვრის თაგვები,
გავერანდება ერთხელაც
ტურფად შემკული ბაღები,
ჩამოინგრევა დარბაზი
და სასახლისა თაღები.

ბარათაშვილსა და ვაჟა-ფშაველას შორის ერთი დიდი განსხვავებაა, ბარათაშვილი _ მშვიდი, წყნარი სევდააა. ვაჟა-ფშაველა კი სევდით შეპყრობილი მიჯაჭვული ამირანია, რომელიც თავის ხმალს ვერ მისწვდომია.
მიეცით ბარათაშვილს ამირანის ხმალი, ის ხელს არ მოჰკიდებს, რადგანაც ის არავის არაფერში არ ამტყუნებს და არავის ებრძვის, ის სევდიანი ფილოსოფოსია.
მიეცით ვაჟა-ფშაველას ამირანის ხმალი, ის მაშინვე გაკვეთავს თავის შემბორკველ ჯაჭვებს და თავქვე საომრად დაეშვება.

III
როდესაც ჭაბუკის გულში სიყვარულის გრძნობა აღიძვრის ნათლად, მკაფიოდ ან ბუნებრივად, ეს გრძნობა სტიქიურად მოითხოვს თავის გამოსახვას, გამოაშკარავებას, განსახოვნებას პოეზიაში, თუ სიყვარულით შეპყრობილი ერთხელ მაინც არა სცდის თავისი გრძნობა პოეზიაში ჩამოასხას, მას ან არ განუცდია ღრმა, მწვავე, ძლიერი გრძნობა სიყვარულისა, ან იმ წლოვანებაშია, როცა მშრალი გონება ყოველ გრძნობას იმორჩილებს და მას თავის სილამაზეს, გიჟურ გატაცებას და სიძლიერეს აცლის.
პოეზია ნაყოფია სიყვარულისა. იქ საცა სიყვარული არ არის, პოეზიაც არ არის, ხოლო იქ, საცა სიყვარულია, პოეზია ყოველთვის არის.
პოეტი შეყვარებული ადამიანია. ყოველი თავისი შემოქმედების დროს ის უსათუოდ განიცდის ამ გრძნობის სიცხოველეს.
რაც უფრო ძლიერია პოეტი, მით უფრო ძლიერია და ცხოველი მისი სიყვარული, და რაც უფრო ძლიერია მისი სიყვარული, მით უფრო მშვენიერი, წარმტაცი და მომაჯადოებელია მისი პოეზია.
ვაჟა-ფშაველაც შეყვარებული პოეტია. პოეტის სიყვარულის საგანი მისი სამშობლოა. აიღეთ მისი პოემები, მისი წვრილი ლექსები _ ყველგან აშკარად, ნათლად ან მალულად გატარებულია სიყვარული სამშობლოისა. ძლიერია პოეტის სიყვარული სამშობლოსადმი; ძლიერია სამშობლოს უბედურება; ამიტომ ძლიერია ვაჟა-ფშაველას სევდაც. ეს სევდა არ არის წყნარი, ვით საღამო, მშვიდი, ვით მარადისობა, მეოცნებე, ვით ზღვის ნიავი, _ ის მებრძოლია, მაგრამ, რადგან ხელ-ფეხი შეკრული აქვს და ხსნა არსაით არის, შინაგანი ძალა და ბრაზი მას ცრემლებად ადნობს.
თუ სამშობლოს აწმყო მდგომარეობა პოეტს სიცოცხლეს უწამლავს, დაბადების დღეს აწყევლინებს და თვალთაგან ცრემლთა ზღვას ადენინებს, სამაგიეროდ, სამშობლოს მთები პოეტს ნეტარებითა და სიხარულით ავსებს, ავიწყებინებს მწარე აწმყოს და მაშინ მისი ფანდური ისევ ლაღად ჰგალობს ციურ ხმებს, ისევ უსაზღვრო იმედებით იჟღინთება.
ვაჟა-ფშაველას ისე უყვარს მთა, როგორც ბულბულს ვარდი, იას მზის შუქი, შეყვარებულს თავისი სატრფო. ვაჟა-ფშაველას სატრფო მთა არის:

შენგნით იხარონ ვერხვებმა
დეკა, ურძანთა, ღვიათა,
კლდეთა _ უენო ჩემ სატრფოდ.
აი, როგორის სიტყვებით მიმართავს პოეტი მზეს:
კლდეზე ვარ დაფუძნებული,
უშრეტს მაწოვებს ნექტარსა.

და მართლაც, პოეტის ნიჭის სიღრმე-სიძლიერე, მთელი წარმტაცი, მომხიბლავი სინაზე, სიმშვენიერე იმის პოეზიისა მაშინ აშკარავდება, როდესაც პოეტი მთებს და კლდეებს დასტრიალებს, მთა-კლდეებს აგვიწერს.
ვაჟა-ფშაველა ბუნების საუცხოო მხატვარია და მთის აღწერაში მას ტოლი არ ჰყავს.
ვაჟა-ფშაველას მთელი მსოფლიო მთაშია მოქცეული; თუ მთა აქვს პოეტს, სხვა მას არა უნდა რა. პოეტი ყველაფერს დათმობს, მთას კი, ამ უენო სატრფოს, ის ვერ დათმობს, ვერ შეელევა.
ვაჟა-ფშაველა მთის პოეტია. მთა ვაჟა-ფშაველას პოეზიაში უსულო, უგრძნობელი, მკვდარი ნაწილი კი არ არის ბუნებისა _ ის ცოცხალია, ჰფიქრობს, გრძნობს, თავისი საკუთარის ცხოვრებითა სცხოვრობს, ვაჟა-ფშაველამ მთას სული ჩაჰბერა, გული ჩაუდგა, გრძნობით შემოსა, ფიქრით შეჰბურა.
ნისლი პოეტის წარმოდგენაში უბრალო ანაორთქლი კი არ არის მიწის _ ნისლი ფიქრია მთებისა.
მთელი თავისი უსაზღვრო სიყვარული მთებისადმი, მთელი სიმშვენიერე, მთელი ცხოვრება, მთელი პოეზია მთებისა ვაჟა-ფშაველამ გამოჰხატა, გამოჰკვეთა‘«დაუსრულებელ კვნესაში» ალის სახით.

საზარელია ეს მხარე,
ზავთით მზარავი კაცისა…
როცა კი შემობინდდება,
კისკისი ისმის ალისა, _
ამ მომხიბლავის, ცბიერის,
ტურფა, თმახშირის ქალისა,
კლდიდამ რომ დაბლა სიპებზე
ჩხრიალი ისმის წყალისა,
თავს უპყრობს კლდისა ნაჟურსა,
მატყვევებელი თვალისა;
გადაივარცხნის ქოჩორსა,
ჩამოპოხილსა ნამისა,
და შეუბურავს საროს ტანს
ჯანღი ნაწნავთა ჯარისა.
შესტრფის ამ კლდიდან მხარესა,
უჩვენებს ელვის კბილებსა
ცაზე გადმოსულს მთვარესა.
მთვარე რომ ჩავა, ვარსკვლავნიც 33
თითოობითა ქრებიან,
ცაში ზარს დაჰკვრენ ცისკრისას,
ცოდვილთ სულები ჰკრთებიან,
და მკვდარნიც საფლავებიდან
სასეირნოდა დგებიან.
მაშინ კლდის ქალი, ეს ტურფა,
წავა ნაბიჯით სწრაფითა;
შეივლის შავსა ქანჩახებს,
გალიპულს წყალთა ქაფითა,
ბნელს ღვიმეს მოეფარება
შუაღამემდე აქა ზის,
ტკბილად დამღერის არსება.
მკვდართ სულთ აშლამდის ლხინშია
სიპის კარების ჩქაფითა…
ცა გაიბურვის ნისლებით,
როგორც მურით და ლაფითა.

ამ ნაწყვეტში ყოველი სიტყვა მარმარილოდან არის გამოჭრილი, გამოსკვნილი მშვენიერებაა და მთელი ლექსი ისეთი ღრმა, წარმტაცი და საოცნებო პოეზიაა, რომ ავტორი მსოფლიო პოეტებს ეტოლება, უთანასწორდება. გარეგანი ფორმა, ენის მხატვრობა, ლექსთწყობა, მუსიკალობა და აზრი ისე შეწყობილი, შეზომილი და შეთანხმებულია ერთმანეთში, როგორც მარმარილოს უკვდავ ქანდაკებაში. ეს მახინჯი, ჯუჯა ტანის, ფეხებდაორკვილი და თმაგაბურძგვნილი ნაყოფი ხალხის შეშინებული წარმოდგენისა. პოეტმა გადააქცია ისეთ მშვენიერ, მომხიბლავ, ტურფა და თმახშირ კლდის ქალად, რომელსაც უმზერ სულიერის ნეტარებით აღტაცებული და თვალი ვერ მოგიშორებია.
ამ ლექსში იხატება პოეტის ნიჭის ერთი თვისება _ სიმბოლიზმი.
სიმბოლიზმი წარმოადგენს მთელ განსაზღვრულ მიმართულებას ევროპის ლიტერატურაში. ის დაიწყება პირველად საფრანგეთში და შემდეგ გავრცელდა ევროპაში.
სიმბოლიზმი მწერლობაში მეტად რთული მიმდინარეობაა და მასში მრავალი სხვადასხვა მცნება იყრის თავს.
სიმბოლისტებს უწოდებენ მათ, ვინც სრულებით უარჰყოფს ცხოვრებას და მხოლოდ თავისი ოცნებიდან იღებს სახეს თავისი პოეზიისათვის. სიმბოლისტებს უწოდებენ მათ, ვინც პოეზიის ფორმას, სტილს აქცევს მთელ ყურადღებას და არა აზრს. სიმბოლისტებს უწოდებენ მათ, ვინც ყოველივე ჩვეულებრივს უარყოფს და თავისი პოეზიის საგნად არაჩვეულებრივს იღებს. სიმბოლისტებს უწოდებენ მათ, ვინც მკაფიო, გამოკვეთილ, ყველასათვის ადვილად გასაგებ აზრს უარყოფს და პოეზიაში გამოსთქვამს ბუნდოვან აზრს, რომელიც ყოველ მკითხველს თავისებურად ესმის. სიმბოლისტი ეწოდება მასაც, ვინც რაიმე განყენებულ აზრს, ან მოვლენას განსაზღვრულ სახეში ჩამოასხამს, გამოჰხატავს.
ალი, კლდის ქალი, ნამდვილად არ არსებობს, კლდის ქალში ვაჟა-ფშაველამ გამოხატა, გადმოგვცა მთელი ცხოვრება, მთელი ბუნება მთებისა: წყლის ჩხრიალი მთებში, მთვარიანი ღამე, თოვლით დახურული მწვერვალების ელვარება შუქზე, ხევების ხმაური, სიო მთებში, ხეების რხევა, ფოთოლთ შრიალი, მთის მწვერვალთ ნისლი და ქედებზე დაფენილი ღრუბელი, ელვა და გრუხუნი, _ ერთი სიტყვით, მთელი ცხოვრება, მთელი ბუნება, მთელი სურათი მთებისა, ყველა მოვლენა ბუნებისა მთაში, მთელი პოეზია მთებისა ვაჟა-ფშაველამ გამოჰხატა ერთ სახეში _ კლდის ქალში ანუ ალში.

IV
ბრძენი იყო და მდიდარი ეკლეზიასტე. ყოველივე მას მორჩილებდა. ყველაფერი მის ხელთ იყო. მას არ გააჩნდა ისეთი სურვილი, რომლის განხორციელებაც არ შესძლებოდა. ქვეყნიური ბედნიერების, მხიარულებისა და სიამოვნების კარი მისთვის ფართოდ იყო გაღებული და ქვეყნიური ნეტარებისა და სიტკბოების ზღვაში გულმხიარული დანავარდობდა. ყოველივე აუსრულდა, ყველაფერს მიაღწია. ყოველივე გამოსცადა, ყველაფერი იგემა და, როდესაც, ბოლოს, დაეკითხა თავის თავს: რა არის ქვეყანა, რა არის ადამიანის ცხოვრებაო? _ ამაო ამაოებათა და ყოველივე ამაოაო. აი, მოკლედ, პასუხი მთელი მისი განვლილი ცხოვრებისა, მისი განცდილი ნეტარებისა.
სამყარო, ბუნება, მეტად რთული საიდუმლოებაა, სიცოცხლე კი ერთობ წუთიერი. დროს დასასრული არა აქვს, სივრცეს საზღვარი, სამყაროს თავი და ბოლო, ჩვენი სიცოცხლე კი ელვასა ჰგავს, _ გამოაშუქებს ერთს წამს და, სანამ ბუნების საიდუმლოებას ოდნავადაც მაინც მივუახლოვდებოდეთ, ჩაქრება კიდეც.
ჩვენი დაბადება ჩვენ არ გვეკითხება, ჩვენი ნების, ჩვენი სურვილის გარეშე ვღებულობთ სახეს; ვცხოვრობთ, ვმხიარულობთ, ვიტანჯებით და ვკვდებით, ვქრებით, ვისპობით სამუდამოდ, როგორც საკუთარი‘«მე»-ს მატარებელი პიროვნება და აღარასოდეს აღარ გავმეორდებით. დრო ივლის შეუჩერებლად, დაუსრულებლად; უსაზღვრო სივრცეში დაუსაბამო და უბოლოო ბუნება მრავალ ცვალებადობას განიცდის, ჩვენი შეგნება, ჩვენი‘«მე» კი აღარასოდეს აღარ იქნება.
ფუი! რა სისულელეა სიცოცხლეო, ძალაუნებურად აღმოჰხდება ადამიანს, როცა ის ბუნების დაუსრულებლობას თავისი არსებობის წუთიერობას შეუდარებს.
სიკვდილის საშინელება იმაში კი არ მდგომარეობს, რომ‘«მე» ისპობა სამუდამოდ, არამედ უფრო და განსაკუთრებით იმაში, რომ‘«მე» ისე ისპობა, ბუნების საიდუმლოებას ვერ იგნებს. ვიბადებით, მაგრამ რისთვის, არ ვიცით: ვცხოვრობთ, მაგრამ რისთვის, არ ვიცით; რა არის სიცოცხლე, საიდან მოვდივართ, არაფერი ეს ჩვენ არ ვიცით და სიცოცხლე ისე მოკლეა, რომ ვერასოდეს ამას ვერ გავიგებთ.
დროთა შეუწყვეტელ და დაუსრულებელ დინებაში ჩვენ მხოლოდ ერთ წამს ვახელთ თვალებს, რომ ჩვენი სრული არარაობა, ჩვენი ცხოვრების მისწრაფების. სურვილების, განზრახვების სიფუჭე დავინახეთ და შემდეგ სამუდამოდ დავხუჭოთ თვალები.
ფუი! რა სისულელეა სიცოცხლე, ძალაუნებურად აღმოხდება ადამიანს, როდესაც ყოველივე ამას გაითვალისწინებს.
სასოწარკვეთილებაში მყოფ ადამიანს სარწმუნოება ევლინება მანუგეშებლად.
_ ნუ გეშინია, ბუნების გარეშე ღმერთია დაუსაბამო და უბოლოო, მას ემორჩილება ყველაფერი.
_ სიცოცხლე წუთიერი სრულებითაც არ არის, ეს მხოლოდ ასე გვეჩვენება. მართალია, შენ თვალებითა ჰხედავ, მაგრამ თვალები რომ დაგილპება, აბა მაშინ გვექნება საუკეთესო მხედველობა! მართალია, შენ ყურადღებით ისმენ, მაგრამ ყურები რომ დაგილპება, აბა მაშინ გვექნება საუკეთესო სმენა! მართალია, შენ გულითა გრძნობ, მაგრამ გული რომ მოგიკვდება და დაგილპება, აბა მაშინ უნდა უყურო შენი გრძნობების გაცხოველებას!
დაახლოებით ამგვარად ანუგეშებს სარწმუნოება ადამიანს, ადამიანსაც სჯერა დაუჯერებელი, სწამს უწამებელი.
სხვადასხვა სარწმუნოებრივ მოძღვრებათა უმეტესი ნაწილის მიზანს შეადგენს გამართლება, ახსნა და აზრისა და შეგნებული ნების შეტანა იმ სისულელეში, რომელსაც ადამიანის სიცოცხლე ეწოდება.
სარწმუნოებას არ შეუძლია სიცოცხლის ახსნა ღვთაებრიობის იდეის გარეშე.
მოსპეთ ის აზრი, ის იდეა, რომ ღმერთი არსებობს და მაშინ სარწმუნოება სრულიად უძლურია, სარწმუნოება უღვთოთ შეუძლებელია. ღვთაებრიობის იდეის წარმოდგენაში სხვადასხვა სარწმუნოებრივი შეხედულებანი შეგვიძლია დავყოთ ორ ნაწილად. ერთი ღმერთს აყენებს გარეშე, როგორც უნივერსალურ გონიერ ნებას და მას უმორჩილებს სამყაროს.
მეორე კი თვით ბუნებაში ხედავს ღვთის განსახოვნებას.
ნაკლი ორივეში დიდია, მაგრამ პირველი შეხედულება თანამედროვე ცოდნით აღჭურვილ ადამიანს სრულებით ვერ დააკმაყოფილებს.

                                                                            გადმოწერე სრული ვერსია

var container = document.getElementById('nativeroll_video_cont'); if (container) { var parent = container.parentElement; if (parent) { const wrapper = document.createElement('div'); wrapper.classList.add('js-teasers-wrapper'); parent.insertBefore(wrapper, container.nextSibling); } }
კატეგორია: საქართველო | დაამატა: gi2gi
ნანახია: 1136 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]