იოსებ ომაძე: ნიკო ფიროსმანაშვილი და ვაჟა–ფშაველა
2011-03-17, 5:00 PM

იოსებ ომაძე: ნიკო ფიროსმანაშვილი და ვაჟა–ფშაველა

დიდი პიროვნებაა, ვისაც გააჩნია დიადი მიზანი, დიდი ნიჭი და ულევი ენერგია. ძლიერი პიროვნება სულ სხვაა – მას, შესაძლებელია, არც დიადი მიზანი ამოძრავებდეს და არც ნიჭით იყოს გამორჩეული.

ნიკო ფიროსმანაშვილი და ვაჟა–ფშაველა დიდი პიროვნებებია.

ჩვენ წარმოდგენაში ეს ორი უდიდესი ხელოვანი ერთობ ბუნებრივად წყვილდება. ბევრჯერაც შეუდარებიათ ერთმანეთისთვის სხვადასხვა მხრივ მათი ცხოვრება და შემოქმედება. მართლაც, არ არის ძნელი საერთოს პოვნა მათ ცხოვრებაში: ორივემ წუთისოფელი უკიდურეს გაჭირვებაში გალია; ორივემ იგემა გაუტანლობა, უმადურობა, ნაღვაწის დაუფასებლობა; იშვიათი იყო მათი გამგები, შემაგულიანებელი, მხრის მიმცემი, გამამხნევებელი – თუკი ოდნავი ყურადღება გამოიჩინეს, ისიც უმეტესად ვალის მოხდის მიზნით; მათთვის ვერავინ მოიცალა. ორივე თავმდაბალი იყო, მორიდებული, უბრალო, თუმცა საკუთარი თავის ფასი ძალიან კარგად იცოდნენ… საზოგადოებრიობის უყურადღებობით არ დაბოღმილან, ბოლომდე ერთგულნი დარჩნენ თავიანთი მაღალი მისიისა – სამშობლოს და ხალხის სამსახურისა; დროებით ორივე გარიყული, პერიფერიაზე მოქცეული აღმოჩნდა, არადა, თურმე მათ ნაღვაწზე ფასეული იმ დროს არაფერი შექმნილა! ორივეს ახასიათებს გლობალური ჭვრეტა სამყაროსი, ერთიანია შემოქმედი და ქვეყნიერება.

ნიკო ფიროსმანაშვილი (1862–1918) და ვაჟა–ფშაველა (1861–1915) ერთ ისტორიულ ეპოქაში მოღვაწეობდნენ (ვასო ჩაჩანიძის ცნობით, მათ კარგი ნაცნობობაც ჰქონიათ; ნიკო დიდად აფასებდა ვაჟა–ფშაველას შემოქმედებას, უყვარდა მისი ნაწარმოებების კითხვა). კარგა ხანია, შემჩნეულია, აგრეთვე, რომ მათ შორის ღრმა შინაგანი, სულისმიერი ნათესაობაა; ტიპოლოგიურად ისინი მსგავსი შემოქმედნი არიან, ერთი – მხატვრობაში, მეორე – პოეზიაში; როგორც ფორმის თუ შინაარსის მხრივ, ისე იდეურ–მსოფლმხედველობითი თვალსაზრისითაც ძალიან ბევრი აქვთ საერთო.

უპირველეს ყოვლისა, ფორმაზე: ორივენი განზოგადებულად, "ერთი ლაღად მოქნეული ფრაზით”, "ფუნჯის ერთი ოსტატური მოსმით” ხატავენ თავიანთ გმირებს – დაუწვრილმანებლად, დაუქუცმაცებლად, დეტალიზაციის გარეშე; ორივეს პერსონაჟები ისეთი მონუმენტური სიდიადით წარმოგვიდგებიან, რომ მათი დავიწყება შეუძლებელია; ასევე, ორივე "უსწორია”, ფორმათქმნადობის საყოველთაოდ მიღებული, ტრადიციული კანონების დამრღვევი და ორივემ ხელოვნების ქურუმთა გაკიცხვა დაიმსახურა.

"ენას გიწუნებ, ფშაველო,

მგოსანო მაღალ მთისაო,

თუმც კი გვითესავ მარგალიტს,

მკითხველიც იმას მკისაო”,

– აკაკის ეს სიტყვები პარადოქსულად ჟღერს: თუკი პოეტს ენა, – ესთეტიკური ზემოქმედების ძირითადი ინსტრუმენტი, – არ უვარგა, მაშინ არც პოეზია არსებობს, მარგალიტების თესვაზეც ზედმეტია ლაპარაკი.

ასეთივე წინააღმდეგობრივია მოსე თოიძის თვალსაზრისიც ნიკო ფიროსმანაშვილის შემოქმედებაზე (იხ. მისი წერილი: "ნიკო ფიროსმანაშვილი და მისი ნახატები”, გაზ. "სახალხო ფურცელი”, ¹ 579, 1916 წ. 21 მაისი): ერთი მხრივ, "ეს ნახატები მოწმობს ავტორის სრულ ტექნიკურ მოუმზადებლობას, არავითარი ელემენტარული ცოდნაც კი არა ჩანს მის ნახატებში პერსპექტივისა და სხვ.”, მეორე მხრივ, "ჩემის აზრით, ნ.ფიროსმანაშვილი ისე ძლიერი პიროვნებაა, ისე ძლიერად სცემს მისი გული ეროვნული თავისებურებებით, რომ (…) მასში უნდა ვეძიოთ ნიადაგი, როგორც დაუმუშავებელ ოქროს მადანში”, "თუ გვინდა, რომ ქართული მხატვრობა მთლიანად არ ჩაინთქეს ევროპული ხელოვნების რეფლექსებში… სანამ ხალხს კიდევ შემოუნახავს თითო–ოროლა ძლიერ პიროვნებაში თავისებური სტილი, თავისებური ფორმები შემოქმედებისა, უნდა დავეწაფოთ მას, აქაა ჩვენი ძალა, სიცოცხლე…” შემდგომშიც არაერთი კრიტიკოსი იწუნებდა ფიროსმანაშვილის "პრიმიტიულ” ტექნიკას, ზოგიც მის შემოქმედებას "ხელოვნების შეურაცხყოფად” თვლიდა. იმის მაგივრად, რომ გახარებოდათ – აი, როგორი მძლავრი ინდივიდუალობა წარმოჩნდა ქართულ მხატვრობაშიო, – მავანნი მის "უწიგნურობას” და "გაუნათლებლობას” უსვამდნენ ხაზს… ის კი ავიწყდებოდათ, რომ ნიკო ფიროსმანაშვილის გამოჩენა ბედნიერება იყო ქართული მხატვრობისთვის (არა მარტო ქართულის და არა მხოლოდ მხატვრობისთვის!) – ზოგადი, თუნდაც მაღალაკადემიური სტილისტიკის ზღვაში უცებ გამოჩნდა მკვეთრად განსხვავებული მიდგომა, რამაც ააფორიაქა (თუ ააფეთქა) მდორე სტილური ერთფეროვნება და ამით მძლავრი ბიძგი მისცა მხატვართა არაერთი თაობის ფანტაზიას თამამი ძიებისთვის. დღეს ეს გარემოება საკამათო აღარ უნდა იყოს.

ისიც უნდა აღინიშნოს, რომ აკაკი წერეთელი და მოსე თოიძე, როგორც ნატიფი გემოვნების დიდი ხელოვანნი, გრძნობდნენ ვაჟასა და ნიკოს სიძლიერეს, საქებარიც თქვეს მათი, მიუხედავად იმისა, რომ შინაგანად ვერ იგუეს მათი "უსწორობა”, ამოვარდნა ჩვეული ფორმალურ–სახეობრივი კალაპოტიდან, უჩვეულო, გაუკვალავი გზით სიარული – "მოუხეშავი”, "გაურანდავი”, "ხორკლიანი” ფორმა, – ამ ფორმას კი თავისი "გემო” აქვს, თავისი გამომსახველობა, რომელიც არანაკლებ ძლიერია, ვიდრე "სწავლული”, ტრადიციული ფორმები.

და რა დიდი ბედნიერებაა, რომ ნიკოცა და ვაჟაც საოცრად ჯიუტები გამოდგნენ – ორივე უდრტვინველად ეწეოდა ცხოვრებისა და შემოქმედების მძიმე ჭაპანს, ორივე ბოლომდე ერთგული დარჩა ერთხელ არჩეული გზისა; ხალხის სამსახურს იმ იარაღით და იმ ხერხით ეშურებოდნენ, რომელიც ყველაზე შესაფერისად მიაჩნდათ. არადა, რამდენი ცდუნება, ათვალწუნება და ზოგჯერ ძალადობაც იწვნიეს; ორივე კაცი–სანთელი იწვოდა და ანათებდა საკუთარი ნათელით; ყოველდღიურობის, გაუგებრობის თუ უგუნურების სუსხიანმა ქარებმა ვერ იმძლავრა ვერც "ფშაველი გლეხის” და ვერც "ქიზიყელი გლეხის” წმიდა სულებზე, ვერ ჩააქრო მათი წვა!

კორნელი ზელინსკი წერდა: "ვაჟა–ფშაველა არ იყო ლიტერატორი, იგი იყო რაღაც უფრო დიდი”. ჩვენც ანალოგიურად შეგვიძლია ვთქვათ: ნიკო არ იყო მხოლოდ მხატვარი, იგი იყო რაღაც უფრო დიდი!

წარმოვიდგინოთ ორი სურათი (ან პიესა, რომანი, სიმფონია და ა.შ.): ერთი – ტექნიკურად ბრწყინვალედაა დაწერილი, ნაკლს რომ ვერაფერს უპოვი, ყველაფერი წესების სრული დაცვით არის შესრულებული; მეორე – უამრავი შეუსაბამობის მქონე, "მცდარი”, მიუღებელი მიდგომით, ყველას რომ შეუძლია გააკრიტიკოს კი არა, გააცამტვეროს კიდეც შეცდომებისთვის, ათასი ფორმალური ხინჯის გამო… და პარადოქსი: პირველი, "წესიერი” სურათი, შესაძლოა, თვლემას გვგვრიდეს, მეორე კი – "უწესო”, – შედევრი იყოს! დიახ, რაღაც მოუხელთებელი და სიტყვებით გამოუთქმელი ჰქონდეს ჩაქსოვილი სურათის არსში, უხილავი მაგნიტური ძალით მიგიზიდოს, სულიერად აგაფორიაქოს და დაგიმონოს განცდის სიმძლავრემ, შემოქმედის პიროვნულმა განუმეორებლობამ. ამ დროს სრულიად ჰკარგავს აზრს ბრძნული მსჯელობა–შეგონებანი და ჩხრეკანი სურათის ავ–კარგის გამო – გენიოსის გრძნობისა და აზრის ნაყოფი ხშირად კრიტიკისთვის მოუხელთებელია, მის მიღმა ძლევამოსილად არსებობს. უცნაურია ხელოვნება: წესებისა და კანონების ზუსტი დაცვა არ არის გარანტია ხელოვნების ნიმუშის შექმნისა, თუკი მხატვარი, როგორც პიროვნება, სტანდარტულია, უფერულია.

აი, ნიჭიერმა ხელოვანმა ბრწყინვალედ დაასრულა აკადემიური განსწავლის კურსი, როგორ უნდა მიაღწიოს შემდგომ წარმატებას? ხერხი ცნობილია: ის უნდა "ერეტიკოსი” გახდეს! უნდა გადალახოს ბევრი იმ ფორმალური ხერხისა თუ კანონის ჩვეული წრე, რომელიც მას ასწავლეს, უნდა "გადაახტეს” მათ, თუ არა და – წარმატებაზე ფიქრიც ზედმეტია, საკუთარ "ხმაზე”, გამორჩეულ სახეზე ლაპარაკიც არ შეიძლება. ფიროსმანაშვილს და ვაჟა–ფშაველას, ამ დიდ "ერეტიკოსებს”, რატომ უნდა ვუსაყვედუროთ, რომ არავის ჰგვანან, რომ საკუთარი ფორმა, გამორჩეული შემოქმედებითი "ყალიბი” მოიმარჯვეს ნაფიქრ–ნააზრევის და განცდის "ჩამოსასხმელად”? ისინი სწორედ იმით არიან დიდი ხელოვანნი, რომ მათ ნაწარმოებებში შინაარსი და ფორმა შეხმატკბილებულად ერთ მიზანს ემსახურება და არ არის საჭირო მათი ხელოვნურად გათიშვა, ამით ხომ ნაწარმოების მთლიანობაში აღქმა ზიანდება… ვაჟა–ფშაველას პოეზიას და ნიკო ფიროსმანაშვილის სურათებს არ სჭირდებათ "გასწორება”, "გაშალაშინება” და ლაქის წასმა, რომ "ბრწყინავდნენ”, მათ საკუთარი ბრწყინვალება არ აკლიათ და, მადლობა ღმერთს, დღეს ძნელად ნახავ ადამიანს, ვინც ამას ვერ ხედავს და ვერ შეიგრძნობს.

თუკი მხატვარი და მწერალი ერთი მიწისა და ერთი დროის შვილები არიან, არ არის გასაკვირი, რომ მათ შემოქმედებაში შინაარსის მხრივაც იყოს საერთო. ადგილობრივი, ლოკალური მასალის მოხმობა ნიკო ფიროსმანაშვილისთვისაც და ვაჟა–ფშაველასთვისაც მხოლოდ ხერხია ზოგადსაკაცობრიო იდეების და იდეალების გადმოსაცემად – ისინი ეთნოგრაფები კი არ არიან, არამედ შემოქმედნი. მათი სამყარო პირველქმნილია – ისეთი შინაგანი ძალით დამუხტეს თავიანთი გმირები – ადამიანები, ცხოველები თუ საგნები, – რომ, გარეგნულად თანადროულობის მიუხედავად, ზედროული, უკვდავებასთან წილნაყარი მარადი სახეები შექმნეს. ამასთანავე, ორივე შემოქმედს უაღრეს თვითმყოფობას უძლიერესი ეროვნული ბეჭედიც აზის: მათ ნაწარმოებებში არამარტო მსოფლმხედველობაა მშობლიური მიწიდან და ხალხიდან ნასაზრდოები და ამოზრდილი. ქართველი ერის გმირული ისტორია მათში ერთდროულად ტკივილსა და სიამაყეს ბადებდა, ამიტომ არაერთგზის წარმოსახეს ნათელი ხატები მეფე თამარის, რუსთაველის, პატარა კახისა…

გერონტი ქიქოძე წერს: "ვაჟა–ფშაველას მსოფლმხედველობას ორი მთავარი წყარო აქვს: ერთია ეგრეთწოდებული ადამიანი, მთელს დედამიწის ზურგზე გავრცელებული ხალხური რწმენა, რომ ყოველი საგანი ბუნებაში სულჩადგმულია. (…) ვაჟა–ფშაველას მსოფლმხედველობის მეორე საფუძველი (…) პანთეიზმია, ე.ი. წარმოდგენა, რომ მთელი ბუნება ღვთაებრივ სულითაა გაჟღენთილი, და რომ ღმერთი არ არსებობს ბუნებისგან დამოუკიდებლად და მის გარეშე” (იხ.: ვაჟა–ფშაველა, თხზულებანი, ტომი პირველი, თბილისი, 1946, გვ. XIII). ჩემი აზრით, ვაჟა–ფშაველა არ არის ანიმისტი, წარმართი (და არც პანთეისტი). იგი ანიმისტულ მოდელს, "ინსტრუმენტს” მიმართავს თავისი ფილოსოფიური მრწამსის, თავისი ფიქრებისა და განცდების უფრო სახიერად წარმოსაჩენად, მეტაფორულ–სიმბოლური საბურთველით წარმოსადგენად. ესეც ერთგვარი ხერხია ისევე, როგორც ხერხია ფშაურ კილოზე წერა. რაც შეეხება პანთეიზმს, მის შემოქმედებაში ღმერთი კი არ არის განივთებული ყოველ საგანში, მთელ ბუნებაში, სამყაროში, არამედ თვით პოეტი, მისი მგრძნობიარე სული და მშფოთვარე აზრია განფენილი გარემომცველ ხეებსა თუ ბალახებში, ქვებსა თუ მთებში, მდინარეებსა თუ მთის კალთებზე მომბობღავ ნისლშიც კი… ასევე, ყოველი საგანი თუ სულიერი არსება პოეტის გულშია ჩაბუდებული. ის, როგორც ტოლს, ელაპარაკება მთას, მზესა და მთვარეს, ღმერთთანაც კი პირისპირ საუბრობს:

"მთლად მე მეკუთვნის ქვეყანა –

მთაში – მთა, ბარად ბარია,

ზღვა და ხმელეთი ერთიან,

ცად ვარსკვლავების ჯარია”.

"მთას ვიყავ, მწვერვალზე ვიდეგ,

თვალწინ მეფინა ქვეყანა,

გულზედ მესვენა მზე–მთვარე,

ვლაპარაკობდი ღმერთთანა…”

ამავე დროს, პოეტი პატარა წყაროსაც ესაუბრება, პაწაწკინტელა იას ეალერსება, ერთი ბეჩავი, გამხმარი წიფლის ხეც კი არ რჩება უყურადღებოდ. ის თითქოს შენივთებულია მთის მქუხარე მდინარესთანაც და ფოთლის ყუნწში შემორჩენილ ცვრის მარგალიტთანაც – მისი სული განფენილია ყოველ ბალახში, ქვასა თუ ჩიტში. მთელი სამყარო თავისი გრძნეული მომხიბვლელობითა და მრავალფეროვნებით ეტევა მის გულში და თვით ისიც – პოეტი და ფილოსოფოსი ვაჟა–ფშაველა – განფენილია სამყაროს უკიდეგანობაში, პოეტის სულის ნაწილია განივთებული ყოველ სულიერსა თუ უსულოში – ის არ განაცალკევებს საკუთარ თავს მათგან, ერთიანი ორგანიზმის ნაწილია თვითონ და ბებერი, გამხმარი წიფლის ხის ტკივილი და ოხვრა მისი ტკივილი და ოხვრაა… ესაა სამშობლოს ტკივილამდე მისული სიყვარულის სიმბოლურად გააზრებული განცდა.

დიახ, პანთეიზმის ცნებებისა და წარმოდგენების მოშველიებაც ხერხია პოეტის მტანჯველი ფიქრების მხატვრულ ქსოვილში ხორცშესასხმელად. ვაჟა–ფშაველას რთული მსოფლმხედველობა საბოლოო ჯამში მამულიშვილობით, მშობლიური ერისა და ქვეყნის სიყვარულით იყო განპირობებული (და არა ანიმიზმით და პანთეიზმით). თუ მის შეხედულებებს ბუნებასა და საზოგადოებრივ მოვლენებზე ერთ საერთო მნიშვნელზე დავიყვანთ, შეიძლება, ვთქვათ, რომ მისი ქვაკუთხედია ზოგადსაკაცობრიო იდეალები – სამართლიანობა და თავისუფლება. ერის თავისუფლება და პიროვნების თავისუფლება – აი, ორი დიდი მიზანი, რომლის მისაღწევადაც საჭიროა ბრძოლა უკუღმართი ძალების წინააღმდეგ – ეს თვალსაზრისი წითელ ზოლად გასდევს ვაჟა–ფშაველას მთელ შემოქმედებას. მისი მშფოთვარე, მბორგავი, აჯანყებული სული ცხოვრებაშიც ვერ ურიგდებოდა ეროვნულ ჩაგვრას, სოციალურ უსამართლობას – ბევრჯერ კალმითაც და მუშტითაც წინ აღსდგომია ძალმომრეობას, გამოსარჩლებია ჩაგრულთ და მრავალჯერ დიდი უსიამოვნებაც შეხვედრია ამის გამო, მაგრამ ნირი არ შეუცვლია, ქედი არ მოუხრია.

ნიკო ფიროსმანაშვილის მიერ სამყაროს აღქმა და გააზრება ენათესავება ვაჟა–ფშაველისას – აქაც კოსმოსური და ლირიკული, გრანდიოზული და მცირე თავსდება მხატვრის შემოქმედებით დიაპაზონში: ეპოსური სურათები ("ბოლნისობა”, "ალაზნის ველი”…) და ნატურმორტები თუ ანიმალური ნამუშევრები ("ირემი, "შველი წყაროსთან”…). მხატვრისთვის ძვირფასია გადაჭრილი ხეც, შველიც და ალაზნის ველის პანორამული სურათიც… ამასთანავე, აშკარად ჩანს, ვაჟასა და ნიკოს პიროვნულ ტემპერამენტთა განსხვავებულობა: თუ ვაჟა მეამბოხეა, მარად ჩახმახშემართული მებრძოლია, ნიკო მჭვრეტელია: იგი შეჰყურებს ქვეყნიერების დისჰარმონიულობას და ეს "დაუწყობელი” ყოფიერება მასში არ აღძრავს ბრძოლის ჟინს, არ იწვევს ცხოველ პროტესტს; მხატვარი ფილოსოფიური სიდინჯით ჭვრეტს ყოველგვარ წაღმართ–უკუღმართობას; ის აღიქვამს ამას, როგორც ქვეყნის სიჭრელის, მრავალფეროვნების გარდუვალობას. ის იღებს ყოველივეს, როგორც არის სინამდვილეში, არ ახდენს სინამდვილის რომელიმე მხარის არც იდეალიზაციას და არც დრამატიზაციას; მხატვრის ძალისხმევა არ არის მიმართული არც ევოლუციური და არც რევოლუციური გზით რაიმეს გარდასაქმნელად ან შესაცვლელად: "რაც არის, ეს არის”, მისი გაუმჯობესება ან გაკეთილშობილება შეუძლებელია. ამის მიუხედავად, ნიკო არ არის პესიმისტი, მჭმუნვარე განცდებისა და წარმოდგენების ტყვე: მისი სურათების ემოციური ველი დამუხტულია სიკეთით, თანაბარი, ნათელი სითბოთი – არსად აფეთქება, ემოციური გაუწონასწორებლობა ან იმპულსურ გრძნობას მინდობა. ბატონობს მაღალი აზრი, ინტელექტუალური ჭვრეტა. ნიკოსთვის როგორც მიკრო, ისე მაკროსამყარო, მთელი გარემო არის მყარი, სტაბილური, კოსმოსური ჰარმონიის მატარებელი. ეს სამყარო არის ამაღლებული, დიადი, მშვენიერი. ადამიანის პიროვნების ურყევობა, ყოფიერების უცვლელობა და მდგრადობა დევს მხატვრის მიერ შექმნილი სურათების იდეურ–ფილოსოფიურ საფუძვლად. სიმართლე, სინაღდე, სიწმინდე – ნიკო ამ ცნებებს არასდროს ღალატობდა, ის მათი მონა იყო და ამიტომ იყო თავისუფალი! ნიკო ყოველთვის და ყველაფერში თავისუფლების ტრფიალი იყო – ის თავისუფალი იყო, როგორც შემოქმედი და როგორც პიროვნება, როგორც მოქალაქე და როგორც ადამიანი. დიახ, ნიკო თავისუფალი იყო და მას სულაც არ ადარდებდა, შემოქმედებაში რაიმე კანონებს მისდევდა თუ, პირიქით, არღვევდა. ის თავისი გზით მიდიოდა, ეს გზა მისთვის სულიერი წონასწორობის და შინაგანი კმაყოფილების მომტანი იყო და ამით იყო ბედნიერი. იგივეს თქმა შეიძლება ვაჟა–ფშაველაზე. სამყარო ორივესთვის გაუთიშავია, ერთიანია, მთლიანია, ამასთანავე – წინააღმდეგობრივიც, მაგრამ წინააღმდეგობრიობის ასახვა მათ შემოქმედებაში, როგორც ვხედავთ, განსხვავებულ ტონალობაშია მოცემული: ვაჟა–ფშაველას პოეზიაში კეთილი და ბოროტი ძალების ბრძოლის ჟინია გაბატონებული, ეს სამყარო ბრძოლის ასპარეზია; ნიკოსთვისაც არსებობს ცხოვრებაში დაპირისპირებულობა ("შავი კამეჩი” და "თეთრი ძროხა”, "არწივი და მისი მსხვერპლი”, "ყაჩაღმა ცხენი მოიპარა” და სხვა), თუმცა ის კონფლიქტში არ გადაიზრდება – წინააღმდეგობრიობა წუთისოფლისა მარადია, მისი შეცვლა შეუძლებელია.

ამ ფატალური გარდუვალობის განცდით ხომ არ არის განპირობებული ის სევდა, კაეშანი, რომელიც მსჭვალავს ნიკოს სურათებს? ხომ არ არის მხატვრის ამგვარი პიროვნული სულისკვეთება პესიმიზმის მანიშნებელი? არა და არა – პესიმისტი შემოქმედი საერთოდ ხელს არ მოჰკიდებდა ფუნჯს. ნიკოს სურათებში განფენილია სევდა, რომელიც დამოკიდებული არ არის სურათის ჟანრზე, სიუჟეტზე თუ გადაწყვეტის ხასიათზე… ეს არის ავტორის სულის ანარეკლი, გამოვლენილი ქვეცნობიერად მხატვრის მხრივ ყოველგვარი სურვილის, მისწრაფების თუ მიზნის გარეშე. ეს სევდიანი განწყობა არის ცხოვრებისადმი ნიკოს პიროვნული მიმართების პროექცია სასურათო სიბრტყეზე; კაეშანი მსჭვალავს მთლიანად სურათის ემოციურ ატმოსფეროს, ნაღვლიანი განწყობა დომინანტია ნებისმიერ სურათში, ისეთშიც კი, სადაც თუნდაც რთველი, დღესასწაული, ლხინი, ბავშვები თუ ცხოველებია ასახული. სწორედ მხატვრის განუმეორებელი პიროვნებიდან მომდინარე სურათების განმსჭვალავი სევდიანი მელოდია აღამაღლებს ასე მის ნამუშევრებს, თითქოსდა ასეთ უბრალოებს, უპრეტენზიოებს ყოველმხრივ – თემის, ფორმისმიერი თუ ტექნიკური გადაწყვეტის მხრივ. რა კონტრასტია ვაჟას მღელვარე, ბობოქარ სულთან!

ხელოვნება და პოეზია ნიკოსა და ვაჟასთვის იყო თავისუფლების ნავსაყუდარი, ამით სულდგმულობდნენ. ხალხური ხელოვნება და სიტყვიერება იყო მათი შემოქმედების პირველწყარო, რაც მათ ნაღვაწს სიმტკიცეს, სიმყარეს, სიღრმეს ანიჭებდა. ერთგულება ხალხური საფუძვლისადმი მათთვის ფსიქოლოგიური საყრდენიც იყო და სიძლიერის წყაროც. ამ "მარადიულ” საძირკველზე დაყრდნობამ შეაძლებინა მათ, გამხდარიყვნენ ქართული ხასიათის, მსოფლმხედველობის, ეროვნული "მეობის” შესანიშნავი გამომხატველები. ისინი შინაგანად იყვნენ ჩაფლულნი ამ "მარადქართულ”, საუკუნეებში გამოტარებულ და გამობრძმედილ სამყაროს განცდაში, რომელიც საბოლოოდ ქართულ ხასიათში ჩამოყალიბდა. მათი სულის წმინდა ლამპარი მოუსყიდველი და ალალი იყო – სიკეთისა და სილამაზის, თავისუფლებისა და სამართლიანობის წმინდა შუქით ანათებდა, ანათებს და მარად გაანათებს ისეთ სიღრმეებს, რომლებიც მომავალ ხელოვანთათვის მისაბაძ მაგალითად გამოდგება ყოველთვის.

ვაჟა–ფშაველა და ნიკო ფიროსმანაშვილი – დიდი პიროვნებებია.

უფრო მეტიც – ისინი დიადი პიროვნებები არიან.

"ცისკარი "# 11–12
2002 წელი

კატეგორია: საქართველო | დაამატა: gi2gi
ნანახია: 887 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]