იაკობ გოგებაშვილი – “შურის ძიება ისტორიისა”
2011-03-17, 8:10 PM

ილია ჭავჭვაძის დაკრძალვა


შურის ძიება ისტორიისა

შეუდარებელი, უებრო შურის-ძიება იცის ისტორიამ. საუკეთესო ისტორიკოსები იმ აზრზე დგანან, რომ ქრისტიანობა პატარა, ადგილობრივ სარწმუნოებად დარჩებოდა, თუ რომ იესო ნაძირალა ებრაელებს ჯვარს არ ეცვათო. ამ უბედურებს ეგონათ, რაკი იესოს საზარელ სიკვდილს მივცემთ, მასაც საშინლად დავამცირებთ და მის სწავლასაც ამოვფხრით და გავაქრობთო. ნამდვილად კი სწორედ ამ საზარელმა სიკვდილმა, ამ ჯვარცმამ, გააღმერთა იესო, გახდა იგი საგნად უსაზღვრო თაყვანისცემისა, უმხურვალეს სიყვარულისა, მიანიჭა იმის სწავლას უძლეველი ძალა, მოჰფინა იგი კიდითი-კიდედ და ქრისტიანობა გარდააქცია მსოფლიო სარწმუნოებად; ჯვარცმულის ჯალათნი კი გააკრა კაცობრიობის თვალში სამარცხვინო ბოძზე უკუნითი უკუნისამდე.

სწორედ ესევე აცხადებდა (და უკვე ცხადდება) ჩვენს უნიჭიერესს პოეტსა და დიდ მამულიშვილზე, რომელსაც ეხლა გლოვობს უმაგალითო მგლოვიარობით მთელი ქართველობა, გარდა ბნელეთის ნაბიჭვრებისა. უსულ-გულო და უტვინო ორფეხა მხეცები ვერაგულად ჰკლავენ საშინელის სიკვდილით საუკეთესო შვილს საქართველოსას, რასაკვირველია, იმ განხრახვით და იმედით, რომ დაემცირებინათ მისი დიდებული სახელი მისი დიდი გავლენა ქართველობაზე. მაგრამ თავისისავე უგუნურის და წყეულის თვალებით იხილავენ სრულიად წინააღმდეგს ნაყოფს თავიანთ საზიზღარ მკვლელობისას. ამ ვერაგულის მოკვლის შემდეგ ილიას სახელი მოიცვის დიდებულ მოწამის შარავანდედით, ერთი ასად იმატებს ის ღრმა პატივისცემა, ის თაყვანება, რომლითაც ყოველი ჭკუათა მყოფელი ქართველი გამსჭვალული იყო მისადმი; ერთი ასად გაიზდება ის დიდი მნიშვნელობა, რომელიც იმის ქმნილებებს ჰქონდა და ქართველობა ამ მის ქმნილებებს დაეწაფება სრულის გაუმაძღარობით. რაც ილიას დიდებას აკლდა სიცოცხლის ჟამსა, მის მკვლელობის შემდეგ უკლებლად შეივსება და იგი იწყებს ბრწყინვას, როგორც უდიდესი მნათობი საქართველოსი. მოკლე ხნის განმავლობაში მთელს საქართველოში აღარ დარჩება არც ერთი ოჯახი, რომელსაც არ ამშვენებდეს ილიას სურათი, როგორც უძვირფასესის და სათაყვანო ხატისა.

დიდება ილიასი მით უფრო იმატებს, რაც უფრო ზედმიწევნით გაიცნობს ქართველობა ნამდვილს ილიას, შეიგნებს იმის დიდებულს და წმინდა ქართულს ენას, მისს მაღალს აზრებს, პროგრესიულს იდეალებს, მის დემოკრატიულს მიმართულებას, წმინდა ეთიკას სრულის ადამიანობისას, ამისათვის კი ყველაზე მეტად საჭიროა მოფენა კიდით-კიდედ მისი ქმნილებებისა, გავრცელება მისის თხზულებებისა მთელს ჩვენს ქვეყანაში.

ვინ უნდა იკისროს ეს დიდი საქმე? სათავად-აზნაურო ბანკმა და საქართველოს თავად-აზნაურობამ მათ ის პენსია, რომელსაც ილია იღებდა, უნდა წლითი-წლობით გადასდონ საგამომცემლო თანხად, იმის თხზულებების დასაბეჭდად, შეუკვეთონ ევროპის საუკეთესო მხატვრებს მათი დასურათება, ყოველი ქმნილება მისი, ჩინებულად დასურათებული, გამოსცენ ცალკე წიგნად, სულ მცირე ფასი დაადონ და მთელს საქართველოში მოჰფინონ.

ეს მოფენა ისეთს ნაყოფს გამოიღებს, რომელსაც ეხლა ჩვენ ვერც კი წარმოვიდგენთ. ილია იყო არა მარტო დიდი ნიჭის პატრონი, არამედ დიდად განვითარებული ინტელიგენტი, შემკული იშვიათის მხატრობითი ნიჭით და ნამდვილი ბრძენი. ამიტომ იმის ქმნილებათა მოფენა დიდ სარგებლობას მოუტანს ქათულს აზროვნებას და სიტყვიერებას.

როცა ქართველი გლეხობა გაიცნობს ილიას ნაწერებს, გადაიკითხავს იმის "კაცია-ადამიანს”, "გლახის ნაამბობს”, "კაკოს” თავგადასავალს, იმის "მუშას” და სხვა დემოკრატიულს ქმნილებას, იგი ცხადად დაინახავს, თუ რა დიდი მოციქული იყო ილია გლეხთა განთავისუფლებისა და აღორძინებისა. მაშინ იგლოვს იგი იმის სიკვდილს ბევრად უფრო მეტის მწუხარებით და ცრემლებით, ვიდრე ეხლა ჰგლოვობენ დაწინაურებულნი ნაწილნი ქართველი ერისა …

ეს იქნება საუკეთესო შურისძიება, ღირსი ჩვენის დიდებულის მიცვალებულისა …

ამასთან ჩვენ უნდა მხნედ შევუდგეთ დიაგნოზს იმ საზოგადოებრივის სენისას, რომელმაც ისე მხეცურად იმსხვერპლა მგოსანი. ჩვენ უნდა უსათუოდ აღმოვაჩინოთ მხეცი მკვლელები და მათი ხელმძღვანელნი, თუ ჰყავდათ. არაფერს არ უნდა შევუშინდეთ, არაფერი არ უნდა დავმალოთ, რადგან დამალვით სენი კი არა რჩება, ძლიერდება, ხრწნის საზოგადოებრივს ორგანიზმს და სიკვდილს უმზადებს ერს.

კატეგორია: საქართველო | დაამატა: gi2gi
ნანახია: 1001 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]