მთავარი » ფაილები » საქართველო

გურამ თევზაძე – “ილია ჭავჭავაძე და ახალი აზროვნება”
2011-03-17, 8:23 PM

ილია ჭავჭავაძე, 1860 წ


შესავალი

წინამდებარე ნარკვევში ნაცადია იმის ჩვენება თუ რა ღრმად ჩასწვდა ილია ჭავჭავაძე (1837-1907) XIX ს. II ნახევრის მოწინავე ევროპული ქვეყნების სამომავლო განვითარების შესაძლო დინამიკას და საქართველოს მომავლისათვის მის მნიშვნელობას. რუსეთის იმპერიაში არსებული საქართველოს შესაძლო განვითარების გზებიდან, რომლებიც თითქოს თავისთავად ცხადი და აუცილებელი ჩანდნენ, განსხვავებით მრავალი სოციოლოგისაგან, (როგორც ჩვენში, ისე საზღვარგარეთ, მაგ. სოციალ-დემოკრატებისაგან), მან შესძლო ამოეკითხა უფრო ღრმად მდებარე და უფრო არსებითი ურთიერთობანი საზოგადოებაში, რომლებიც ადრე თუ გვიან გაცნობიერებულნი და განხორციელებულნი იქნებოდნენ ქვეყნის ძირითად მამოძრავებელ ძალთა მიერ.

ცხადია, როცა საქმე ადამიანთა, როგორც თავისუფალ და შემოქმედ არსებათა, საზოგადოებას ეხება (ილიას სხვაგვარად არასდროს წარმოედგინა ადამიანი), მომავლის გათვალისწინება მხოლოდ მეტნაკლები ალბათობითაა შესაძლებელი. არისტოტელეს (384-322) შემდეგ არც ერთ სერიოზულ მკვლევარს არ შეპარვია ეჭვი, რომ უსასრულო სამყაროში ზუსტად ვერავინ დაასაბუთებს მომავალში შესაძლებელ ხდომილების განხორციელების ვადას, მაგ. თუნდაც იმას, „იქნება თუ არა ხვალ საზღვაო ბრძოლა"? რაკი ქალაქს საღამოს მტრის ფლოტი მიადგა.(14). ამ ცნობიერებით იკვლევდა ილია ჭავჭავაძე საქართველოს მომავალს, როგორც წარსულზე და აწმყოზე დაფუძნებულს. "აწმყო შობილი წარსულისაგან არის მშობელი მომავალისა” ხშირად იმეორებდა ილია გ.ვ. ლაიბნიცის (1646-1716) ამ სიტყვებს და თანამედროვეებს წარსულიდან აწმყოში არსებული სხვადასხვა დონის და ღირებულების შესაძლებლობებიდან სამომავლოდ განსახორციელებლად ამორჩეულზე პასუხისმგებლობისკენ მოუწოდებდა.

ილია ა. წერეთელთან (1840-1915), გ. წერეთელთან (1842-1900) დ. ყიფიანთან (1814-1887), გაბრიელ ქიქოძესთან (1825-1896). ნ. ნიკოლაძესთან (1843-1928), ვ. ჩერქეზიშვილთან (1846-1925) და სხვ. ერთად ცდილობდა საკაცობრიო განვითარების კონტექსტში, განესაზღვრა საქართველოს მომავალი განვითარების გზა, როგორც მეცნიერებაზე და ტექნიკაზე დამყარებული ეკონომიკის საფუძველზე, ერის ტრადიციული კულტურული მიზნების მისაღწევად, შესაფერისი და შესაძლებელი.

ვინც XIX ს. II ნახევრის საქართველოში ამ მიზანს ისახავდა, არ იყვნენ ერთი პარტიის წარმომადგენლები. მათ საერთო მიზნისაკენ სხვადასხვა გზა ჰქონდათ არჩეული. ზოგი, ე.წ. „პირველ დასს" ეკუთვნოდა (ი. ჭავჭავაძე, ა. წერეთელი, ი. გოგებაშვილი (1840-1915), ვ. ფშაველა (1861-1815) და სხვ.), ზოგი – „მეორე დასს" (გ. წერეთელი, ნ. ნიკოლაძე, ს. მესხი (1845-1883) და სხვ. თითოეულ მათგანს მიზნად ჰქონდა, ქვეყნის წარსულისა და აწმყოს ანალიზით, მისი შესაძლებელი მომავალი განვითარება გაეთვალისწინებინა. ცდილობდნენ ქვეყანაში არსებული ისეთი რეალური ძალა აერჩიათ, რომელზედაც დამყარებით, შესაძლებელი იქნებოდა მთელი საზოგადოების ძალისხმევა წარემართათ სასურველი მომავლისაკენ, ე.ი. ქვეყანა მაშინდელი მსოფლიოს ეკონომიკური, პოლიტიკური და კულტურული ცხოვრების აქტიური მონაწილე გაეხადათ. პირველ დასს ასეთად მიაჩნდა მოსახლეობის ის ფენები, რომლებიც სოფლის მეურნეობით იყვნენ დასაქმებულნი. მეორე დასისათვის, წამყვანი ძალა შეიძლებოდა მხოლოდ ვაჭრობაში და მრეწველობაში ჩაბმულები ყოფილიყვნენ ასეთი, მესამე დასი კი- რომელიც ყალიბდებოდა, რადიკალურად განსხვავებულ მიზანს ისახავდა. თვლიდა, რომ ასეთი შეიძლება ყოფილიყო მხოლოდ კერძო საკუთრების უქონელი მშრომელები, რომელთა საკუთრება, როგორც ილია იტყოდა, მხოლოდ მათი მარჯვენაა, ე.წ. პროლეტარები, რომელნიც დასავლეთში, კარგა ხანია ძალაუფლებაზე პრეტენზიას აცხადებდნენ. მათთვის დაწერეს კ. მარქსმა (1818-1883) და ფრ. ენგელსმა (1820-1895) ცნობილი „კომუნისტური პარტიის მანიფესტი" (1848). პროლეტარიატის გამარჯვება, როგორც ადამიანის ბუნებიდან გამომდინარე, ისე ისტორიის აუცილებელი კანონების ანალიზის საფუძველზე, მათ, თითქოს, ბუნების მეცნიერული სიზუსტით დაასაბუთეს და ამით ახალ რევოლუციურ მეცნიერებას საზოგადოების განვითარების შესახებ, ისტორიულ მატერიალიზმს, ჩაუყარეს საფუძველი.

ცნობილია, რომ XIX ს. ევროპაში, მეცნიერებისა და ტექნიკის დიდი წარმატებების გავლენით, საზოგადოებრივი პროგრესის რწმენის საუკუნე იყო. ასე ფიქრობდნენ საქართველოშიც. ასე ფიქრობდა ილია ჭავჭავაძეც. მასაც რეალურ შესაძლებლობად მიაჩნდა ქვეყნის წინსვლა და თვლიდა, რომ ქვეყანაში პროგრესის ეკონომიკურ და სამართლებრივ მხარეთა გარდა აუცილებელია პროგრესის შედეგების ეთიკური მხარისათვისაც დროული ყურადღება. ამ პათოსითაა გაჟღენთილი ილია ჭავჭავაძის 1899 წ. 31 დეკემბრის საახალწლო მიმართვა საქართველოს მოსახლეობისადმი. მაშინდელი საქართველოს კულტურის მესვეურები სავსებით იზიარებდნენ ილიას, როგორც ქვეყნის მოჭირნახულის პოზიციას, რომელსაც დღეს, საყოველთაო აღიარებით, თანამედრ ოვე საქართველოს მამა-დამფუძნებელი ეწოდება.

ცნობილი ქართველი მეცნიერი და საზოგადო მოღვაწე ს. გორგაძე (1876-1929) 1901 წ ჟურნალ „მოამბეში" წერდა: „ჩვენ გვწამს და ვხედავთ, რომ ჩვენი ერი განვითარების გზას ადგია. ის კაი ხანია შედგა ამ გზაზე და მისი გაჩერება ყოვლად შეუძლებელი საქმეა. იგი ვითარდება საზოგადოებრივად, ქონებრივად, ზნეობრივად და გონებრივად". დიდი გადაჭარბება არ იქნება თუ ვიტყვით, რომ დღეს, როცა საქართველოს კულტურა და მეცნიერება, ოფიციალურად დაუბრუნდა თავის ოდინდელ გზას ევროპისაკენ, ილია ჭავჭავაძე უფრო მისაღები და გასაგებია ჩვენთვის, ვიდრე ილიას თანამედროვეებისათვის და მისი უშუალო მომდევნო XX ს. პირველი ნახევრისათვის. ილიას ამგვარი ახალი გაგების საფუძველი იყო და არის XX ს. II ნახევრიდან დაწყებული „ახალი აზროვნება", რომელიც, როგორც ახალი, საერთო-საკაცობრიო მსოფლმხედველობის საფუძველი თანდათან ეუფლება საკაცობრიო კულტურას და ძნელად, მაგრამ სულ უფრო წარმატებით უპირისპირდება იმ ძალებს და იმ მსოფლმხედველობებს, რომელთაც 2 საშინელი მსოფლიო ომი და მრავალი სისხლიანი, ლოკალური კონფლიქტი მოახვიეს თავს კაცობრი ობას.(4. 4).

1. ქვეყნის განვითარების გზის ძიება: რევოლუცია თუ ევოლუცია?

ილია კარგად იცნობდა XIX ს. ევროპის მამოძრავებელ თეორიებს და იმ ძალებს, რომლებიც მათ განხორციელებას ცდილობდნენ. იგი ბრმად არ მისდევდა დასავლეთის, ანდა რუსეთის გამოცდილებას და არ სთვლიდა, რომ რაც მოხდა, ის არ შეიძლებოდა სხვანაირად მომხდარიყო. ასეთი პოზიცია, საბოლოო ანგარიშით ფატალიზმამდე და ე.ი. ადამიანის თავისუფლების უარყოფამდე მიდის, რაც ილიასთვის სავსებით მიუღებელი იყო. მაგალითად. ინგლისური კულტურის და მეცნიერების უდიდესი პატივისცემის მიუხედავად, იგი არ თვლიდა, რომ ინგლისის მიერ ახალ ეპოქაში გავლილი გზა სავალდებულო იყო სხვა ქვეყნებისთვისაც საერთოდ და კერძოდ საქართველოსთვის. არ თვლიდა აუცილებლად, რომ სხვა ქვეყნებშიც ხელი უნდა შეერწყოთ გლეხთა გაღატაკების და პროლეტარიატის წარმოშობის იმ გზისათვის რომელიც ინგლისში განხორციელდა. რამაც უდიდესი ტანჯვა მიაყენა გლეხობას, სოფლები დააცარიელა ცხვრების საძოვრებისათვის და ქალაქები უიაფესი მუშახელით აავსო. ეს უბედურება დიდხანს გაგრძელდა და კარგადაა აღწერილი ფრ. ენგელსის წიგნში:"მუშათა კლასის მდგომარეობა ინგლისში" (1845). იგივე შეიძლება ითქვას, რუსეთში მიმდინარე „მამათა და შვილთა ბრძოლაზე", რომლის საქართველოში გადმოტანას ზოგიერთები იმით ამართლებდნენ, რომ საქართველო რუსეთის იმპერიის ნაწილია. ეს საკითხები ყოველთვის კონკრეტულად და გამოწვლილვით უნდა იქნეს განხილულნი და არა რაიმე ზოგადი წესის მიხედვით. ილიას მოეწონებოდა მ. ჰაიდეგერის (1889-1976) დებულება, რომ ისტორიაში, ზოგჯერ, ის რაც არ მოხდა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ის რაც მოხდა, ე.ი. რაც მოხდა, რაც განხორციელდა, არ ნიშნავს, რომ იგი ერთადერთი შესაძლებელი, ანუ გარდაუვალი აუცილებლობა იყო. ამ მარტივი, ერთი შეხედვით, თავისთავადცხადი დებულების გაგება და მისი კონკრეტული სინამდვილის მიმართ გამოყენება ილიას ისტორიის ფილოსოფიის გასაღებია.

Martin Heidegger

1882 წ. "შინაურ მიმოხილვაში” ილია, როგორც "პირველი დასის” წარმომადგენელი შთამბეჭდავად იცავდა საკუთარ პოზიციას, როგორც "მეორე დასის” იდეოლოგებისაგან, ისე ჩანასახში მყოფ "მესამე დასის”, ანუ სოციალ-დემოკრატების წარმომადგენლებისაგან. ილია თავგანწირული იბრძოდა იმისათვის, რომ ჩვენში გლეხი უმიწოდ არ დაეტოვებიათ, მიწიდან არ აეყარათ. რადგან ეს საზოგადოების ამ ნაწილს აიძულებდა სოციალურ რევოლუციაზე ეფიქრა. საკმარისია აღინიშნოს, რომ მარქსი, ენგელსი, ლენინი და მრავალნი და მრავალნი ამგვარ პროცესში სწორედ საკაცობრიო პროგრესის ხელშემწყობ ძირითად ძალას ხედავდნენ.

ილიას დროინდელ საქართველოში, ისევე როგორც რუსეთში, ოფიციოზი და ოპოზიციის დიდი ნაწილი (სოციალ-დემოკრატების ჩათვლით), იცავდნენ ზოგადის და საერთოს, ერთეულისა და კერძოს მიმართ უპირატესობის ტრადიციულ დებულებას. სოციოლოგიაში და პოლიტიკაში ამის გადმოტანა ნიშნავდა, მთელის უპირატესობას ნაწილის მიმართ, ე.ი. იმას რომ პიროვნება უნდა ემსახურებოდეს ერს, საზოგადოებას და სახელმწიფოს, რადგან ისინი ღვთაებრივის განხორციელებანი არიან დედამიწაზე და ეს საუკეთესო გარანტიაა პიროვნებისათვის. 1882 წ. ივნისის "შინაურ მიმოხილვაში”. ილიას მიერ წამოყენებული პოზიცია ისეთია, რომ თანამედროვე მოწინავე ქვეყნების კონსტიტუციებიდან გეგონებათ ამოღებული. იგი იცავს დებულებას, რომ ადამიანი, ერი, საზოგადოება, სახელმწიფო, ცხადია, გარკვეული უფლებების მქონეა, მაგრამ "უმაღლესი საგანია”, კონკრეტული პიროვნების უფლება. იგი უპირატესია სახელმწიფოზე და საზოგადოებაზე.(5. .286).

ავიღოთ ილიას აღნიშნული "მიმოხილვის” პირველივე აბზაცი და შევადაროთ, ჩემის აზრით, თანამედროვე დასავლეთის ერთ-ერთ საუკეთესო კონსტიტუციას, როგორიცაა დასავლეთ გერმანიაში 1949 წელს მიღებული. ილია წერს: ”ყოველი წყობილება, რომლის ძალითაც მოქმედებს მთელი კაცობრიობა იმიტომ არის შემოღებული, რომ ადამიანი, რამდენადაც შესაძლოა, ბედნიერი იყოს” (გვ.9). ზემოაღნიშნული კონსტიტუციის პირველივე მუხლი ადგენს:”ადამიანის ღირსება ხელშეუხებელია, მისი პატივისცემა და დაცვა, ყოველი სახელმწიფო ძალაუფლების ვალია”(1.)

Jeremy Bentham (1748-1832)

ილია ცნობილი ინგლისელი ქველმოქმედის, ეკონომისტის და ფილოსოფოსის ი. ბენტამის (1748-1832) კვალად, დარწმუნებულია, რომ სახელმწიფო ხელისუფლება მოწოდებულია განახორციელოს მოქალაქეთა მაქსიმუმისათვის, ბედნიერების მაქსიმუმის შესაძლებლობა (19). ეს, ილიას აზრით, ყველა თავისუფალი საზოგადოების ვალია, მაგრამ იგი, ჯერ არც ერთ წყობილებას, თვით საუკეთესოსაც არ უზრუნველუყვია. ამიტომ ახალი, XX ს. კარიბჭესთან, 1899 წ. 31 დეკემბერს, ილია აღნიშნავდა რა XIXს. დიდ დამსახურებას მეცნიერული და სოციალური პროგრესის თვალსაზრისით, XX ს. ანდერძად უტოვებდა ადამიანის ბედნიერებისათვის პირობების შექმნას.

ყოველი კონკრეტული ადამიანის ბედნიერებისაკენ მისწრაფების უფლებიანობის ეს ანტიკური იდეა, ილიასთან ინგლისური სოციალური ფილოსოფიის და პოლიტეკონომიის გავლენით ჩნდება. მისთვის აქსიომაა არისტოტელეს დებულება, რომ ადამიანი პოლიტიკური, ე.ი. პოლისში, ე.ი. ქალაქ სახელმწიფოში, არსებული ცოცხალი არსებაა, ძოონ პოლიტიკონი არის (15)

ადამიანი ერთიანდება საზოგადოებაში. ადამიანებისაგან შესდგა საზოგადოება და საზოგადოებისაგან სახელმწიფო. მაგრამ დროთა განმავლობაში, ილიას აზრით, სახელმწიფომ იმძლავრა და დაიმორჩილა „საზოგადოება საერთოდ და ადამიანი ცალკედ. ყველაფერი თვითონ მიითალა და საზოგადოება და ადამიანი ცარიელზე დასვა" (იქვ). ილია ამ დანასკვს არ ააბსოლუტურებს. იცის, რომ ყველგან ასე არ მომხდარა, რომ მის მიერ აღწერილი მხოლოდ ერთი ხაზი იყო განვითარების, რომ ზოგან საზოგადოებას შერჩა თავისი უფლებები, მაგრამ პიროვნება ორივესგან დაიჩაგრა. ისეც მოხდაო, რომ ზოგან პიროვნებას თავისი უფლებები შერჩა. ინგლისურ და ფრანგულ განმანათლებლობის დიდ წარმომადგენლებთან თანხმობით, ილია თვლის, რომ დემოკრატიულ პარლამენტურ სახელმწიფოებში ადამიანთა ერთობის სამი შემადგენელი ნაწილისგან (კანონმდებელი, აღმასრულებელი და სასამართლო) თითოეულს თავისი კუთვნილი ადგილი უკავია. (5. 287).

ამგვარ სახელმწიფოში, ილიას იმედი აქვს, რომ შესაძლებელია პიროვნების იურიდიული უფლებების გარანტირება. მაგრამ იგი არ ივიწყებს პიროვნების ზნეობრივი მხარის მნიშვნელობას სახელმწიფოსათვის, თუმცა სახელმწიფო ამისათვის უშუალოდ ვერაფერს გააკეთებს. მაგრამ სამართლებრივი სახელმწიფო, რომელსაც ილია ჭეშმარიტ ლიბერალურს უწოდებს, სწორედ ის საფუძველია, რომელიც ნაყოფიერ ნიადაგს ქმნის პიროვნების ზნეობრივი ბუნების რეალიზაციისათვის. ჭეშმარიტი ლიბერალობა, გვარწმუნებს ილია, უნდა იცავდეს, სწორედ პიროვნების, ადამიანის ღირსებას. იგი ხელშეუხებელი უნდა იყოს, სანამ მის წინააღმდეგ "ცხადი, უცილო და უტყუარი საბუთები არ გვექნება ხელში" (ტ.5.288). სამართლებრივ სახელმწიფოში იმ დაპირისპირების მორიგებაც შეიძლება, საერთო კეთილდღეობის მიზნით რაც ჯერ კიდევ ა. სმითსა (1723-1790) და განსაკუთრებით დ. რიკარდოს (1782-1823) აწუხებდა, კერძოდ, ის რომ მოგება და სიმდიდრე სულ უფრო იყრის თავს საზოგადოების მაღალ წრეებში, შესაბამისად, ღატაკდება მშრომელი ხალხი (5. ტ.5. 345).

წაიკითხე სრულად
კატეგორია: საქართველო | დაამატა: gi2gi
ნანახია: 222 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]