გურამ ყორანაშვილი – “როგორ იქმნება მითი”
2011-03-17, 5:01 PM

ვაჟა-ფშაველა

მითოლოგიით ოდენ ჩვენი უძველესი წინაპრები როდი იყვნენ გატაცებული. იგი დიდ პატივშია დღევანდელ ქართველობაშიც. თითქოს ქართული ისტორიოგრაფია (საისტორიო მეცნიერება) უკვე დიდი ხნის წინათ უნდა გამოსულიყო ცნობიერების აღნიშნული ფაზიდან, მაგრამ ჩვენი ისტორიოგრაფია დიდად არის დამძიმებული მითებით. თანაც არა მხოლოდ ისტორიოგრაფია. ამიტომაც სრულიადაც არ აზვიადებს ერთი რუსი ჟურნალისტი, როდესაც ამბობს: "ქართველებს ძალზე უყვართ ათასნაირი მითის გამოგონება და სრულიად გულწრფელად, როგორც პატარა ბავშვებს, სჯერათ ყოველი სასწაულისა” (იხ. გაზეთი "საქართველოს რესპუბლიკა”, 15 ივნისი, 2006 წელი).

ამჯერად ლიტერატურის სფეროში მოარულ მითზე შევჩერდები. ცნობილია, რომ 1951 წლის დასაწყისში "ხალხთა” და მსოფლიო "პროლეტარიატის ბელადის” იოსებ სტალინის შეკვეთით ე. წ. საქართველოს კომპარტიის პირველმა მდივანმა, კანდიდ ჩარკვიანმა, სასტიკად გააკრიტიკა ჩვენი დიდი პოეტი და მამულიშვილი ვაჟა-ფშაველა როგორც ენის, ისე მსოფლმხედველობის თვალსაზრისით. დიდი ბელადის ახირებას წინ ვინ დაუდგებოდა და პარტიულმა აქტივისტებმა, პოეტებმა, მწერლებმა, მეცნიერებმა და სხვებმა კვერი დაუკრეს მას. მართალია, იმხანად სკოლებში ვაჟას გვასწავლიდნენ, მაგრამ სამი წლის განმავლობაში არ წყდებოდა ვაჟა-ფშაველას განქიქება, არ იბეჭდებოდა მისი წიგნები. კაცმა რომ თქვას, ვინ იქნება დღეს წინააღმდეგი, რომ პატივი მივაგოთ იმას, ვინც გაბედა და შეეწინააღმდეგა კომუნისტური ხელისუფლების ხუშტურებსა და სისულელეს?! მაგრამ, სავსებით გასაგები მიზეზების გამო ეს არავის გაუკეთებია. თუმცა მითი მაინც შეიქმნა. წერილობითი სახით, დოკუმენტურად პირველად იგი დაფიქსირებულია მწერალ ლადო ავალიანის წიგნში "დიდი სიჩუმის ექო” (თბილისი, 1982). ავტორი სიმონ ჩიქოვანის შესახებ გვიყვება: "… არასდროს ლიტერატურის ინტერესებზე მაღლა არ დაუყენებია "სავარძელი”; და თუ ლიტერატურის ინტერესები უპირისპირდებოდა "სავარძლის” ავტორიტეტს, არასდროს მას ლიტერატურის ავტორიტეტისა და ინტერესების საზიანოდ "სავარძლის” ეშხით უკან არ დაუხევია. ამას თვალსაჩინოდ ადასტურებს ახლო წარსულში ვაჟასადმი ენის საკითხში (არა მარტო ენის – გ. ყ.) შეჭიდების ცდა და ამ "ჭიდილში” სიმონ ჩიქოვანის პოზიცია. იმ ვითარებაში და იმ დროს რომ ვაჟას ენობრივი პოზიცია დაეცვა, ერთი შეხედვით, ეს აღემატებოდა ყოველგვარ ადამიანურ გამბედაობას და გამორიცხავდა კეთილგონიერებას, მით უმეტეს, დიდი პოსტის მფლობელთათვის. მართალია, მან ეს გაბედული ნაბიჯი ერთგვარი, მისთვის დამახასიათებელი დიპლომატიური ტაქტით გადადგა, მაგრამ… როგორც ბევრს ახსოვს, სიმონ ჩიქოვანს ეს გაბედული ნაბიჯი ძვირად დაუჯდა” (იხ. დასახ. წიგნი, გვ. 148).

თუ ვინმე "ურწმუნო თომა” გამოჩნდება და დაეჭვდება ლადო ავალიანის მონაყოლში, ეს თითქოს აბსოლუტურად გამორიცხული უნდა იყოს მწერალ ოთარ ჩხეიძის ნაამბობის მიხედვით: "სიმონ ჩიქოვანი, მაშინ მწერალთა კავშირის თავმჯდომარე, გამოვიდა პარტიულ კონფერენციაზე, გამოვიდა და დაიცვა სტილი (მარტო სტილი? – გ. ყ.) ვაჟა-ფშაველასი, სტილი, როგორც მხატვრული პოეტური პოზიცია, სტილი, როგორც მხატვრული ფენომენი, რომლის აღრევა არ შეიძლებოდა საერთო, ზოგადად ენობრივ პრობლემატიკაში. ასე გამოვიდა და იცოდა, თუ რაც მოჰყვებოდა ასეთ გამოსვლას, წინასწარ იცოდა… იცოდა. და მაშინ, გამოსვლის წინ, – ის მარტო გახლდათ თავმჯდომარის ოთახში. მიჰყვებოდა ფანჯრის ძგიდესა. ბაღს გადაჰყურებდა. გაზაფხული რო უნდა დაწყებულიყო. და რო იგრძნობოდა აქაცა, ამ პატარა ბაღში მწერალთა კავშირისა (სინამდვილეში ავადსახსენებელი – პარტიული კონფერენცია გაიხსნა 1951 წლის 10 იანვარს და ამდენად "გაზაფხულის დადგომაზე” ლაპარაკი უადგილო გახლდათ – გ. ყ.). გადაჰყურებდა. კარი რომ შევაღე, შემობრუნდა. გამიღიმა და ღიმილს არ ჰგავდა ღიმილი. იგი, არა, – რაღაცამ აჰკრა და სახე აელეწა. ასე წამოჰკრიფა ქაღალდები მაგიდიდან. ჯერ დაახვია, დაახვია, დააგორგალა. მერე გაშალა. გაკეცა. ჯიბეში ჩაიდო. თვალი მოავლო თავმჯდომარის ოთახსა, ერთი მოავლო, რომ ეთხოვებიან, ისე მოავლო თვალი, და გამომემშვიდობა მეც ისე იმგვარადა, რო ეგონა, რომ მხოლოდ იმას მოჰხსნიდნენ. იცოდა. და შეიძლება იმ დროს უფრო მეტიც ეფიქრა ადამიანსა, ძალიან ადვილად შეიძლებოდა” (იხ. ავტორის სტატია "დღენი გარდასულნი”, "ლიტერატურული საქართველო”, 13 აპრილი, 1984).

ხომ ხედავთ, ამას გვიყვება თვითმხილველი, მოწმე იმისა, თუ როგორ ემზადებოდა სიმონ ჩიქოვანი დიდი ნაბიჯის გადასადგმელად! ამას დაუმატეთ ისიც, რომ ბ-ნი ოთარ ჩხეიძე იმ დროს მწერალთა კავშირის მდივანი გახლდათ.

რაც შეეხება ამბის ამგვარად გადმოცემის პრიორიტეტს: თუმცა ლადო ავალიანი ამას ამბობდა ორი წლით ადრე, მაგრამ უნდა ვიგულისხმოთ, რომ აღნიშნულ ვერსიას სათავე დაედო ბევრად უფრო ადრე და ამ მხრივ ოთარ ჩხეიძე, ვითარცა "თვითმხილველი”, ამას უფრო ადრე იტყოდა.

უპირველეს ყოვლისა, თუ საბჭოური ტოტალიტარული რეჟიმის ხასიათს გავითვალისწინებთ, ამგვარი რამ გამორიცხულია. შესაძლებელია, სიმონ ჩიქოვანი ემზადებოდა ვაჟა-ფშაველას დასაცავად პარტკონფერენციაზე, მაგრამ ვერ გაბედა და გამოსვლისას ისეთივე შეხედულებანი განავითარა, როგორიც სხვებმა (ამის თაობაზე იხ. გაზეთი "კომუნისტი”, 20 იანვარი, 1951; აგრეთვე მისი მოხსენება საქართველოს საბჭოთა მწერლების კავშირის პლენუმზე, "ლიტერატურა და ხელოვნება”, 18 მარტი, 1951).

ზემოაღნიშნულს დავუმატოთ თავისებური მოწმის, ბატონ ნიკა ჩიქოვანის (სიმონ ჩიქოვანის შვილობილის), მონათხრობი: "ყველასათვის ცხადი იყო, რომ თვითონ კანდიდ ჩარკვიანი ვერ იქნებოდა ვაჟას ამ "დევნის” ინიციატორი და რომ იგი ასრულებდა სტალინის დავალებას. ამიტომ ყოველგვარი დისკუსია კარგავდა აზრს. აქვე იგი გადასწვდა სიმონს და გიორგი ლეონიძეს საბჭოთა კრიტიკისათვის ტრადიციული ბრალდებით ბუნდოვანებასა და ფორმალიზმში. სიმონი და გოგლა გამოვიდნენ სიტყვებით, აღიარეს თავიანთი "შეცდომები” და აღუთქვეს კონფერენციას, რომ გაითვალისწინებდნენ ამხანაგ კანდიდ ჩარკვიანის კრიტიკას შემდეგ მუშაობაში” (იხ. ავტორის "მოგონების მოგონება”, "მნათობი”, 2003, N3-4). შეგახსენებთ, რომ ეს მონათხრობი ეფუძნება თვითონ სიმონ ჩიქოვანის მონაყოლს და ამჯერად ძვირფას საისტორიო (გნებავთ ლიტერატურულ) წყაროს წარმოადგენს.

როგორც ვხედავთ, კერძოდ, აღნიშნულ მონათხრობში რამე ცოტნე დადიანის ტოლფას ქმედებაზე ლაპარაკი არ არის. ისე, ამავე მთხრობელის მიხედვით, სიმონ ჩიქოვანის მეუღლე, ქალბატონი მარიკა, დიდად პრინციპული ქალი ყოფილა და მოხსენიებული პარტიული თავყრილობის შემდეგ, მწერალთა კავშირის პლენუმის წინ, მეუღლეს ურჩევდა, არ შეერთებოდა ვაჟ-ფშაველას მგმობელთა რიცხვს: რა სჯობია იმას, რომ მოგხსნან ვაჟა-ფშაველას დაცვის გამო (იქვე). ეს რომ მომხდარიყო, მაშინ შუა აზიის ან შორეული აღმოსავლეთის (უფრო სწორად, ჩრდილოეთის) რომელიმე საკონცენტრაციო ბანაკის ბინადარი გახდებოდა. ისე, სიმონ ჩიქოვანი, მართლაც, მოხსნეს მწერალთა კავშირის თავმჯდომარეობიდან, მაგრამ ამის მიზეზი წვრილმანი დაპირისპირებები იყო.

ამდენად, ზემოაღნიშნული ამბავი მითოლოგიის სფეროს განეკუთვნება. იგი ახასიათებს წარმავალი და დღევანდელი ქართველობის მენტალიტეტს და აბსოლუტურად არ შეესაბამება სინამდვილეს.

"ახალი 7 დღე "
# 12
30 მარტი – 6 აპრილი, 2007 წელი

კატეგორია: საქართველო | დაამატა: gi2gi
ნანახია: 1071 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]