გამოჩენილ ადამიანთა აზრი საქართველოზე
2011-03-17, 5:17 PM

* * *

მხოლოდ კავკასიის ხალხში აღწევს სული თავის აბსოლუტურ მთლიანობას, ერთიანობას საკუთარ თავთან, აბსოლუტურ დამოუკიდებლობას… აღწევს თვითგამორკვევას, თვითგანვითარებას, და ამით წინ მიჰყავს მსოფლიო ისტორია. მონღოლები წყალდიდობასავით მოშავდებიან, წამიერად ანგრევენ და სამაგიეროდ არაფერს არ აშენებენ, მხოლოდ აფერხებენ პროგრესს. მსოფლიო ისტორიაში პროგრესი მხოლოდ კავკასიის რასის წყალობით ხდება.*

ჰეგელი

__________

* G. W. Fr. Hegel, Philosophie des Geistes, Ergänzugen, § 39.

* * *

ქართველი ხალხი, მთლიანობაში აღებული, მშვენიერია, კარგი გარეგნობისა, მკვირცხლი, გონებამახვილი… კავკასიის ისთმოსი მეორე საბერძნეთად იქცევა.

ქრისტოფ რომელი, გერმანელი ისტორიკოსი,

«კავკასიის ხალხები», ვაიმარი, 1808

* * *

დასავლეთში მე ვარ, აღმოსავლეთში კი პრინცი ერეკლე, ქართველთა მეფე.

ფრიდრიხ დიდი

* * *

გაუმარჯოს პრინც ერეკლეს!

ლესინგის გმირი, «მინა ფონ ბარნჰელმი»

* * *

ასეთი ბუნება, ასეთი ცა ქმნის ადამიანებს შორის უმშვენიერეს და უნატიფეს ქმნილებებს, ამასთან სრულ თანხმობას ამ ქმნილებებს შორის. მშვენიერ ადამიანთა, ქართველთა ქვეყანა გვიმტკიცებს ამას.*

ვინკელმანი

__________

* Winckelmann, Kleine Schriften.

* * *

არიან ქვეყნები, სადაც სილამაზე უპირატესობად არც ითვლება რადგან ყველა ლამაზია. მოგზაურები ამას ერთხმად ამბობენ საქართველოზე.

* * *

დიოსკურიის მახლობლად სვანები(სოანები) ცხოვრობენ… ისინი ძალაგულოვანნი არიან და თავიანთი გამბედაობითა და საბრძოლო ძლირებით თითქმის ყველა ხალხზე შეუპოვარნი არიან. კავკასიის მაღალი მთებიც უჭირავთ და ყველა მეზობელ გვარ-ტომს განაგებენ. ჰყავთ მეფე და სამკაციანი საბჭო. ამბობენ, რომ სვანებს შეუძლიათ გამოიყვანონ ორასი ათასი კაცისაგან შემდგარი ლაშქარი, რადგან მთელი ხალხი ერთნაირი ძალის მებრძოლია.

სტრაბონი (ძვ. წ. I – ახ. წ. II საუკ.), «გეოგრაფიკა»

* * *

ალეპოში პიეტრო დელა ვალე ერთ მოგზაურს გაეცნო. იმასაც აღტაცებით მოეთხრო ერთი ახალგაზრდა ქართველი ქალიშვილის მანანას მშვენიერების ამბავი (შემდეგ მოჰყვება მისი თავგადასავალი).

იოჰან ვოლფგანგ გოეთე*

__________

* ცნობა აღებულია «დასავლეთ-აღმოსავლეთის დავანის» დამატებებიდან, სადაც ქართველი ქალის ხსენებაა

* * *

არ შემიძლია არ გამოვხატო ჩემი აღტაცება ქართველი ერისადმი, თაყვანს ვცემ საქართველოს და მწამს, რომ ესაა დიადი ქვეყანა, სადაც დიდი ერი ცხოვრობს.

სიუზან ეიზენჰაუერი

პრეზიდენტ დ. ეიზენჰაუერის შვილიშვილი

* * *

ქართველები ლამაზი, მამაცი, ბრწყინვალე მოისრეები და ბრძოლებში ქებული მეომრები არიან, მათი სარწმუნოება ბერძნულ-ქრისტიანულია. თმას მოკლედ იკრეჭენ. ეს ის ქვეყანაა, რომლის გავლითაც ალექსანდრე მაკედონელი უნდა გაბრუნებულიყო დასავლეთში, მაგრამ მისი აღება ვერ შეძლო. ამისი მიზეზია არა მარტო გზათა სივიწროვე, არამედ მთასა და ზღვას შორის გაწოლილი ქვეყნის მცხოვრებთა სიმამაცე. ამიტომაც ალექსანდრემ ვერ შეძლო მისი გავლა და ააგო სიმაგრე, რასაც რკინის კარები ეწოდება (დარუბანდი, რასაც ასევე ახსენებს პაპის დესპანი, ბერი რუბრუკი, წმინდა ჯვაროსანი ლუი მეცხრისა. – ა.გ.)… საქართველოში ბევრია აბრეშუმი, ოქროქსოვილი, რომლის სადარსაც ვერსად ნახავ. დედამიწაზე არსად არ არის ასეთი სონღული. ტბაში თევზია და ტყეში ნადირი. ხალხი ეწევა ვაჭრობასაც და ხელოსნობასაც… აქ ბევრია მთა, ხევი, და თათრებმაც კი ვერ შეძლეს ამ ქვეყნის მთლიანად დაპყრობა (შემდეგ დიდი მოგზაური ლაპარაკობს დედათა მონასტერზე, ტბაზე, ზღვაზე, თევზაობაზე, და განაგრძობს გზას აღმოსავლეთისაკენ, ჩინეთისაკენ, სადაც ბოგდიხანს ემსახურებოდა ჩვიდმეტი წელი. მისი ცნობები საქართველოზე უფრო სარწმუნო და კეთილსინდისიერია, ვიდრე ზოგი თანამედროვე «მეგობრისა» , რომელიც უნდო, გაუმართლებელი ფანტასტიკის სფეროში გადადის).

მარკო პოლო (1254 – დაახ. 1324)

ვენეციელი ვაჭარი, იმოგზაურა ჩინეთში, სადაც დაჰყო 17 წელი (1275-1292). მის ცნობილ წიგნში მცირე ადგილი დაეთმო საქართველოსაც, რომელიც გზად გავლისას მიმოიხილა.

* * *

მარტყოფის ბრძოლის შემდეგ რამდენიმე დღეში შაჰ აბასმა მიიღო მოურავის მეტად შეურაცხმყოფელი წერილი, რომელშიაც მოურავი მას ღალატიანს, ცბიერსა და ვერაგს უწოდებდა, ბრალს სდებდა ყველა ბოროტებაში, რაც მას ჩაედინა… და ახლა სწერდა მოურავი შაჰს, სამართლიანმა უფალმა ღმერთმა, რომელიც შენ გჯის და დაგსჯის კიდეც, მართლმსაჯულების იარაღად მე ამირჩიაო.

კლოდ მალენგრი, ფრანგი მოღვაწე, 1635

( პროფ. ილია ტაბაღუას მიხედვით )

* * *

მისიონერების სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, როცა მიიღეს ცნობა ამ ნავსადგურში (მესინაში) ქართველი ელჩის ჩამოსვლის შესახებ, რომელსაც ქართველი მეფე (თეიმურაზ I) აგზავნიდა პაპთან (ურბან XVIII), ესპანეთის მეფესთან (ფილიპე IV) და იტალიის მთავრებთან, რათა მათთვის ეთხოვა დახმარება სპარსელებისა და თურქების წინააღმდეგ… ეს ელჩი იყო წმ. ბასილის წესის ბერი, ნიკიფორე ირბახი (ირუბაქიძე – ჩოლოყაშვილი), უმაღლესი კეთილშობილებით აღსავსე და თავმდაბალი ადამიანი… ტანად მაღალი ქართველი სარდლის შვილი. იმ სარდლის გამარჯვებათა შორის განსაკუთრებით დიდი გამარჯვება იყო მოპოვებული იმ სისხლიან შეტაკებაში, როდესაც ბრძოლის ველზე დარჩა 90 000 სპარსელი და 20 000 დაღუპული ქართველი… ირბახი გახლდათ ელჩი ქართველებისა, რომელებიც უფლის საფლავს იცავენ იერუსალიმში…

ბართოლომეო ფერო, იტალიელი მოღვაწე, 1626 წ.

( ილ. ტაბაღუას წიგნიდან «საქართველო ევროპის არქივებში», ტ. II ).

* * *

… დადგა თეიმურაზთან მოურავის შეთანხმების დღე. სხვა მეთაურებთან ერთად მოურავიც ეახლა სპარსელთა სარდალს, მას თან ახლდა თავისი კეთილშობილი ქართველების ამალა. ყველა გაფრთხილებული ჰყავდა, რომ ნებისმიერი შემთხვევისთვის მზად ყოფილიყვნენ… სპარსელთაგან ვერავის აეხსნა, როგორ გამოჩნდა ჩუმად და მოულოდნელად თეიმურაზი. ყველა სარდალი თავთავისადგილზე გავარდა. მთავარსარდალთან დარჩა მარტო მოურავი. სარდლები გაოცებული იყვნენ თეიმურაზის გამბედაობით. როცა სარდალმა ჯავშნის ჩასაცმელად თავი დაიხარა, გიორგიმ ანაზდეულად შუბი გამჭოლ გაუყარა და თავიც გააგდებინა. სპარსელთაგან ვერავინ გებედა, რომ გიორგისათვის ხელი ეხლო… უსარდლოდ დარჩენილი სპარსელები ქართველებმა გაჟლიტეს. გამარჯვებული თეიმურაზი კახეთში ჩავიდა…

არქანჯელო ლამბერტი ( ილ. ტაბაღუა,

«საქართველო ევროპის არქივებისა და წიგნსაცავებში», II)

* * *

თეიმურაზ მეფის მშვენიერი დესპანის ქება – დიდებამ სპარსეთშიც შეაღწია… შაჰი დიდი ხანია მასთან შეხვედრაზე ოცნებობდა და მისმა სილამაზემ იმდენად შეიპყრო, რომ უსირცხვილოდ შესთავაზა დამორჩილებოდა მის აულაგმავ ვნებას. დედოფალმა, რომლის პატიოსნება და უმწიკვლობა კიდობნიდან ამოფრენილი ქათქათა გვრიტისას შეედრებოდა, შაჰს უხამს წინადადებაზე მტკიცე უარით უპასუხა*.

ამბროსიო დუშ ანჟუში, პორტუგალიელი მისიონერი,

მონასტრის წინამძღვარი, ქეთევანის მოძღვარი შაჰის საპყრობილეში (ილ. ტაბაღუას ცნობებიდან)

__________

* პროფ. ილია ტაბაღუა, რომელიცამ ძვირფას ცნობებს უფრო დაწვრილებით გვაწვდის, აქ რატომღაც არ ასახელებს XVII საუკუნის დიდი გერმანელი პოეტის ანდრეას გრიფიუსის დრამას «ქეთევან ქართველს» , სადაც შაჰის ამაო ტრფობა კლასიკური ძალითაა გადმოცემული (ამ პრობლემებზე დიდი მუშაობა აქვს გაწეული თამაზ ნატროშვილს). გრიფიუსი ადასტურებს ასეთი ტრფობის ფაქტს, რაც ზ. ავალიშვილს არ სჯერა, ქეთევანის ხანდაზმულობის გამო, მაგრამ ქეთევანი 1614 წელს სულაც არ იყო ხანდაზმული.

* * *

როდესაც ქეთევანს საბჭოს გადაწყვეტილება აცნობეს, ეს დიდსულოვანი და კეთილშობილი ქალბატონი მაშინვე დათანხმდა (სპარსეთს წასვლაზე), არც კი უფიქრია იმ საფრთხეზე, რომლის წინაშეც ის შეიძლებოდა აღმოჩენილიყო, ვინაიდან იცოდა, რომ ეს ხიფათი თავისი სამშობლოს გადარჩენის შესაძლებლობასთან შედარებით მისთვის უმნიშვნელო იქნებოდა.

დუშ ანჟუში

* * *

ქეთევან დედოფალი სამსხვერპლოზე მეორე მარიამ სტიუარტი იყო…იგი დაიტანჯა ისეთი მრავალგვარი წამებით, რომელთაგან თითოეული ბევრ მოწამეს დიდებით შემოსავდა.

დუშ ანჟუში

* * *

ეს ქალბატონი (ქეთევანი) არანაკლებ მამაცი იყო, ვიდრე რომაელ მხედარმთავარ კორიოლანუსის დედა ვიტორია, რომელიც მშობლიური ქალაქის გადასარჩენად წავიდა საკუთარ შვილთან, რითაც განსაკუთრებული რისკი გაწია. რომაელთა მიერ შეურაცყოფილი და განკიცხული კორიოლანუსი რომის გასანადგურებლად მივიდა, მაგრამ მშობელი დედის გახსნილი მკერდი რომ იხილა, შესძახა: «დაიპყარი და გაიმარჯვე!» – და თავისი არმია უკან გააბრუნა… ქეთევანი კი აწამეს!

დუშ ანჟუში

* * *

იბერიელებისა და ქართველთა მოქცევის თაობაზე ბორონიუსთან* ვკითხულობთ, რომ მათ ქრისტიანული სარწმუნოება მიიღეს 100 წელს წმინდანი პაპის კლემენტის ქადაგების შედეგად, რომელიც იმპერატორმა ტრაიანემ გადაასახლა ქერსონესის კუნძულზე (ყირიმი). მე უფრო დასაბუთებულად მიმაჩნია მამა თომას დე იეზუს კარმელიტის თვალსაზრისი… იგი ამბობს, რომ იბერიელები მოაქცია ბრწყინვალე განმანათლებელმა წმ. ნინომ…

ჟან შარდენი (1643-1713),

«მოგზაურობა სპარსეთსა და აღმოსავლეთის ქვეყნებში» (ფრანგი მოგზაური)

__________

* ბარონიუსი (1538-1607) – იტალიელი ისტორიკოსი, «საეკლესიო ანალების» ავტორი

* * *

ყველა ევროპელი, რომელიც საქართველოში მოხვედრილა, ერთხმად ლაპარაკობს ქართველი ქალიშვილების სრულიად გამორჩეულ მშვენიერებაზე.

იმანუილ კანტი, II, 279

* * *

საქართველო მზეთუნახავთა ორენჟერეა გახლავთ.

იმ. კანტი

* * *

შაჰ აბასი იყო ტირანი. არც მტერს ინდობდა, არც მოყვარეს. მას მარტო ქრისტიანობის საკითხი არ აღელვებდა. უნდოდა ქართველების სრული მოსპობა და მდიდარი ქვეყნის ხელში ჩაგდება… შაჰს განსაკუთრებით ეშინოდა ქართველებისა, რადგან იცოდა, მათი საბოლოოდ დამორჩილება შეუძლებელი იყო.

პიეტრო დელა ვალე, «სპარსეთის მეფის აბასის მდგომარეობა» , 1628

( პროფ. ილია ტაბაღუას პუბლიკაცია ).

* * *

ქართველები არიან მამაცნი, მაგრამ მოქმედებაში ნაკლებად ერთიანნი, ცდილობენ შიგნით შუღლის ჩამოგდებით ერთმანეთი დაღუპონ… საერთოდ, წყნარი, გამგონი, კეთილი გულის, ურთიერთობაში უბრალონი არიან; მოლაპარაკების დროს არ არიან ჯიუტნი, მატყუარანი, ორპირნი, მათთან ყოველი კეთილი საქმის მოგვარება შეიძლება.

ქეთევან დედოფალმა უარი თქვა მაჰმადიანობის მიღებაზე, შაჰის ბრძანებით ის წამებით მოკლეს. მან უფლის შემწეობით ჩაშალა შაჰის ზრახვები. ქეთევან დედოფლის მოკვდინება – ეს იყო უდიდესი სისასტიკე, როგორიც კი შაჰ აბასს ოდესმე ჩაუდენია. მან ხელი გაისვარა ასეთი ღირსეული მანდილოსნის სისხლით. ღირსეულისა არა მარტო წამების ატანით, არამედ იმ დიდი პატივისცემით, რაც მან სავსებით დაიმსახურა.

პიეტრო დელა ვალე

* * *

მცირე აზია ოდესღაც თითქმის მთლიანად დასახლებული იყო იმ ხალხებით, რომლებიც ხეთებთან ერთად შეადგენდნენ ერთ მონოლითურ ეთნიურ ჯგუფს.იმ ძველ ხალხთა უშუალო მონათესავედ უნდა ჩავთვალოთ ქართველებიც.

ფრიც ჰომელი, ( ჰომელლ, დაიბად. 1854 წ. )

ორიენტალისტი, მიუნხენის უნივერსიტეტის პროფესორი.

* * *

… ძნელია, ძნელი, მიატოვო წმინდა სავანე,

სადაც შობილხარ, გიცხოვრია, გალაღებულხარ…

ასე ფიქრობენ: მსგავსი მხარე სად იქნებაო!

სად ვიცხოვრებთო ასე ლაღად და ბედნიერად!

მე კი მიმიწევს მაინც გული კავკასიაში!

რადგან მსმენია, თითქოს ზღაპრად გამიგონია:

რომ იქ მგოსნები მერცხლებივით დანავარდობენ –

მათი ხვედრია თავისუფლება!

გარდა ამისა, ბავშვობაში მიამბეს ისიც,

რომ გერმანული ტომი ჩვენთა მამა-პაპათა

სამხრეთს წასულა, გაჰყოლია დუნაის ზვირთებს,

ჩრდილს დაეძებდა მზიან დღეში, და მზის შვილებთან

შავი ზღვის პირას გაშლილ ველზე დასახლებულა. –

იმ დალოცვილი ქვეყნისათვის განა ტყუილად

უწოდებიათ სტუმართმოყვარე! –

რადგან ესტუმრა კოლხებს უცხო ხალხი თუ არა,

მიუახლოვდნენ უცნობსა და ცნობის მოყვარეს,

ზეთისხილის ქვეშ დასვეს თურმე მშვიდობიანად…

უცხოდ ემოსათ, უცხო იყო ენაც მოსულთა,

და ვერაფერი ვერ გაუგეს ერთიმეორეს.

ის იყო, უნდა ჩამოეგდოთ განხეთქილება,

მაგრამ ფოთლები აშრიალდნენ მაცოცხლებელნი,

სტუმარ-მასპინძელს გაებადრა ღიმილით სახე;

ერთხანს ერთმანეთს შესცქეროდნენ მშვიდი ღიმილით,

მერე მარჯვენა გაუწოდეს ერთი მეორეს.

ძმურად გაცვალეს იარაღი, გაცვალეს სიტყვა,

სიამტკბილობა გადავიდა მამიდან შვილძე,

წმინდა კავშირი საქორწინო შეიკრა შემდეგ,

იზარდა ტომი…

სად ცხოვრობ ახლა, ხალხო, ჩემო სისხლო და ხორცო? –

რათა ხელახლა შევკრათ იგი კავშირი წმინდა

და მოვიგონოთ მამა-პაპა დაუვიწყარი?…

ფრიდრიხ ჰოლდერლინი,

დიდი გერმანელი პოეტი (1770-1843)

* * *

თამარი იყო მატრიარქი, ბრძენი და პურიტანი მმართველი, ფრთხილი და გონიერი დიპლომატი, ურყევი მებრძოლი, ღვთისმოსავი, გულმოწყალე და შემწყნარებელი ხელმწიფე.

უილიამ ალენი (1901-1973)

ინგლისელი (ირლანდიელი) ისტორიკოსი, «საქართველოს ისტორია», 1932

* * *

თბილისი ედემია, ზღაპრული ქალაქი, მიჯნურთა საამებლად აშენებული.

მონტესკიე (1689-1755)

* * *

ქართველები უნიკალური, ყოველმხრივ დაჯილდოებული ხალხია.

ბარონი ფონი

* * *

მე თითქმის ყველაფერი ვნახე თბილისში – ქართულ სამოთხეში, და მთელი ცხოვრების მანძილზე ისე ნაყოფიერად არსად მიმუშავნია, როგორც თბილისში.

ალ. დიუმა (1803-1870)

* * *


* * *                                     გადმოწერე სრულად


კატეგორია: საქართველო | დაამატა: gi2gi
ნანახია: 1007 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]