მთავარი » ფაილები » საქართველო

გალაკტიონ ტაბიძე
2011-03-12, 7:58 PM






ტაბიძე გალაკტიონ ვასილის ძე (17 ნოემბერი, 1891 წელი, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში - გ. 17 მარტი, 1959 წელი, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944 წლიდან), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი.

გალაკტიონ ტაბიძე დაიბადა კულტურული ტრადიციების მქონე სოფლის მასწავლებლის ოჯახში. 1900 წლიდან სწავლობდა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში, ხოლო 1908 წლიდან - თბილისის სასულიერო სემინარიაში. 1910 - 1911 წლებში მუშაობდა მასწავლებლად.

გალაკტიონ ტაბიძე არის ჟურნალ "მნათობის" ერთ-ერთი დამაარსებელი (1924). მისი შემოქმედება XX საუკუნის 10-იანი წლებიდან იწყება. 1914 წელს გამოქვეყნებულმა კრებულმა "ლექსები" და განსაკუთრებით, 1919 წელს გამოცემულმა "არტისტულმა ყვავილებმა" მას საყოველთაო აღიარება,"გენიალური გალაკტიონისა" და "პოეტების მეფის" სახელი მოუტანა. "მე და ღამემ", "მთაწმინდის მთვარემ", "მერიმ" მკითხველს წარუდგინა სრულიად ახლებური პოეტური სამყარო, ქართული ბგერის დიდებული კეთილხმოვანება და სიტყვის მოქნილობა. ასევე საოცარი სინთეზით წარმოდგა ჩვეული ლირიული სინატიფე და რევოლუციურ-სოციალური გარდაქმნების შესატყვისი მგზნებარება მის ზოგიერთ ქმნილებაში ("პროლოგი 100 ლექსისა"; "არხევს ახალი სიცოცხლის აკვანს"). ეს იყო რომანტიული სამყარო, სადაც პოეტმა მინიშნებების, ნიუანსებისა და ასოციაციების საშუალებით იშვიათი უშუალობითა და სილამაზით აამეტყველა თავისი დროის ადამიანის ყველაზე ფაქიზი განცდები. ცალკე უნდა აღინიშნოს ლექსთა კრებული "ეპოქა" (1928), რომელშიც რევოლუციის შუაგულში მდგარი გმირის განცდებია გადმოცემული.

40-იანი წლებიდან გალაკტიონი აქვეყნებს ლექსებს: "ლურჯა ცხენები"; "მთაწმინდის მთვარე", "პოეზია უპირველეს ყოვლისა", "ნიკორწმინდა" და სხვ., რომლებშიც რეალობის სფეროში სიკეთის, მშვენიერების და ჰარმონიის მიკვლევაა გადმოცემული. მის პოეზიაში დამკვიდრდა რევოლუციური რომანტიკა ("დროშები ჩქარა"; "წერილი მეგობრებისადმი" და სხვ.). მის თითქმის ყველა ლექსს უაღრესად დახვეწილი მელოდიურობა, აუხსნელი მუსიკალურობა, რითმის ბუნება, ლექსიკა და ფრაზის წყობა ახასიათებს.

უდიდესი პოპულარობისა და თაყვანისცემის მიუხედავად, პოეტმა სიცოცხლე სულიერ სიმარტოვეში განვლო. ამან გარკვეული კვალი დაამჩნია მის შემოქმედებასაც,რომელმაც პოეზიას ახალი სიციცხლე, განსხვავებული რიტმი, მრავალფეროვნება და საოცარი მოქმნილება შესძინა.

"პოეტების მეფემ" 1959 წლის 17 მარტს  სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

გალაკტიონ ტაბიძის შემოქმედება რამდენიმე ათეული წელია გადაულახავ მწვერვალად დგას თანამედროვე ქართულ პოეზიაში. მისი ავტორიტეტი დღესაც ბატონობს და გადაუჭრელ ამოცანად რჩება ქართული ლექსის თვისობრივად ახალ, მის ლექსთან შედარებით უფრო მაღალ საფეხურზე აყვანა. მისი ლექსები თარგმნილია მსოფლიოს ხალხთა მრავალ ენაზე.

<span>2000 წლის ივნისში-საქართველოს მართლმადიდებულმა ეკლესიამ შეუნდო მას თვითმკვლელობის ცოდვა, როგორც ლოგიკური შედეგი საბჭოთა მთავრობის მიერ მიყენებული ტანჯვისა

კატეგორია: საქართველო | დაამატა: gi2gi
ნანახია: 177 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]