დიმიტრი ყიფიანი – ბიოგრაფია
2011-02-20, 5:20 PM

დიმიტრი ყიფიანი


გამოჩენილი ქართველი საზოგადო მოღვაწე, პუბლიცისტი, ლიტერატორი და მთარგმნელი დიმიტრი ყიფიანი დაიბადა 1814 წლის 14 აპრილს გორის მახლობლად, სოფელ მერეთში. შვიდი წლის ობლის გაზრდა ძმამ იკისრა.
დიმიტრი ყიფიანმა სწავლა დაიწყო სასულიერო სემინარიაში, 1830 წელს დაამთავრა კეთილშობილთა სასწავლებელი და იქვე დაინიშნა მასწავლებლად.
დ.ყიფიანი ადრევე გამოირჩეოდა მრავალმხრივი ცოდნითა და ნიჭიერებით. 16 წლის ჭაბუკი ქართულსა და რუსულ ენებს, არითმეტიკასა და გეოგრაფიას ასწავლიდა გიმნაზიაში.
1830-1832 წლების შეთქმულებაში მონაწილეობისათვის 20 წლის დ. ყიფიანი ვოლოგდაში გადაასახლეს, რამაც ერთხანს შეაფერხა ნიჭიერი ახალგაზრდის სამსახურეობრივი კარიერა, თუმცა გადასახლებაშიც შეძლო საგუბერნიო მმართველის მდივნობამდე მიეღწია (1835).
1837 წელს საქართველოში დაბრუნდა. ამ დროიდან 1864-მდე იყო მთავარმართლებლის კანცელარიაში სხვადასხვა თანამდებობაზე. დ. ყიფიანი კავკასიის მეფისნაცვალმა 1845 წლის ოქტომბერში თავისი კანცელარიის დირექტორად დანიშნა და კოლეგიის მრჩევლის ტიტული მიანიჭა. მომდევნო პერიოდში დ. ყიფიანი ინიშნება მეფისნაცვლის საბჭოს წევრად (1862 წლამდე), რაც იმ დროისთვის უპრეცენდენტო შემთხვევა იყო. 1859-1867 წლებში მუშაობდა სამეგრელოს მთავრის ქონება-მამულის მეურვედ. 1864-1870 წლებში თბილისის გუბერნიის, ხოლო 1885-1886 ქუთაისის გუბერნიის თავადაზნაურობის წინამძღოლად. მონაწილეობდა საგლეხო რეფორმის პროექტის შედგენაში; სათავეში ედგა ქართველი თავადაზნაურობის ლიბერალურ ფრთას. 1876-1879 იყო თბილისის ქალაქისთავი.
ყიფიანი იყო კავკასიის სოფლის მეურნეობის საზოგადოების ვიცე-პრეზიდენტი. აქტიურად მონაწილეობდა ბატონყმობის გაუქმების მომზადებაში. ყიფიანი იყო თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკის, "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისა” და "ქართული დრამატული საზოგადოების” ერთ-ერთი დამაარსებელი. იღვწოდა საბიბლიოთეკო საქმის განვითარებისათვის.

ყიფიანის ნააზრევში ქვეყნის საზოგადოების განვითარების თაობაზე პროგრესული იდეები სჭარბობს. ყიფიანი ემხრობოდა სათავადოების საკუთრებაში მყოფი ვრცელი მამულების დანაწილების დაჩქარებას და ცალკეული მემამულეების სრულ კომლობრივ საკუთრებაში მათ გადაცემას. ყიფიანი მომხრე იყო საზოგადოებრივი ურთიერთობების ევროპულ ყაიდაზე რადიკალური გარდაქმნისა.

ეროვნულ საკითხში ყიფიანისთვის ამოსავალი იყო დებულება, რომლის მიხედვითაც მხოლოდ ის ერი შეიძლება დაადგეს პროგრესის გზას, რომელიც აზროვნებს და მეტყველებს მშობლიურ ენაზე. იგი ხაზგასმით აღნიშნავდა ისტორიულ უფლებას, რომელსაც ქართველ ხალხს ანიჭებდა 1783 წელს გეორგიევსკის ტრაქტატი. დიდი იყო ყიფიანის მოღვაწეობის მნიშვნელობა ქართველი ხალხის ეროვნული შეგნების ჩამოყალიბებასა და განმტკიცებაში, მის ეროვნულ კონსოლიდაციაში. ყიფიანის ნააზრევი და პრაქტიკული საქმიანობა ჩაგრული ერის ყველა ძირითადი სოციალური ფენის ინტერესებს ეხმაურებოდა. მისი სწრაფვა ქართველი ხალხის ეროვნული თვითმყოფობის შესანარჩუნებლად და საზოგადო-პოლიტიკური და ეკონომიკური წინსვლის ფართო გზაზე გასაყვანად სრული გაგებით და მხარდაჭერით სარგებლობდა ხალხის ფართო დემოკრატიულ ფენებში.
დ. ყიფიანი ფლობდა რამდენიმე უცხოურ ენას და იცნობდა დასავლეთ ევროპის ლიტერატურას. ლიტერატურილი მოღვაწეობა ყიფიანმა თარგმნით დაიწყო. 1841 წელს მან თარგმნა შექსპირის "რომეო და ჯულიეტა” (გამოქვეყნდა "ცისკარში” 1896). 1851 წელს დაიბეჭდა მის მიერ რუსულ ენაზე თარგმნილი გ. ერისთავის "გაყრა”. 1857-იდან თანამშრომლობდა "ცისკარში”. აქვე დაიბეჭდა ჟანლისის, ოქტავ ფელიეს, მოლიერის, შექსპირის, ბომარშესა და სხვების თხზულებათა თარგმანები, 1882 წელს სანქტ-პეტერბურგში გამოაქვეყნა "ახალი ქართული გრამატიკა”, რომლის გამოცემას ქართული ენისა და ქართული სკოლების დევნის პერიოდში არა მარტო პრაქტიკულ-პედაგოგიური, არამედ პოლიტიკური მნიშვნელობაც ჰქონდა.
ყიფიანს ეკუთვნის ლექსი – პასუხი ვახტანგ ორბელიანის მიძღვნის ლექსზე – "ძველი მეგობრობის პასუხი” (გაზეთი "დროება”, 1883, ფსევდონიმით "ბაქარ ქართლელი”), აგრეთვე მემუარები რუსულ ენაზე (1884-1885).

კავკასიის მთავარმართებლად დანიშნული დონდუკოვ-კორსაკოვი საქართველოს მოევლინა, როგორც ქართული ენის მოძულე. დაიწყო მშობლიური ენის დევნა, კოლონიზაციის გაძლიერება. მთავარმართებელს გვერდში ამოუდგა საქართველოში ახლად მოვლინებული ეგზარქოსი პავლე, რომელიც შეეცადა ეკლესიის აპარატის გამოყენებას რუსიფიკატორული პოლიტიკის გასატარებლად. მისი უშუალო ჩარევით 1884 წელს მღვდელი ჩუდეცკი დაინიშნა თბილისის სემინარიის რექტორად, სადაც სწავლის აუტანელი პირობები შექმნა. როგორც იტყვიან, შედეგმაც არ დააგვიანა, მოსწავლე იოსებ ლაღიაშვილმა მოკლა სემინარიის რექტორი. შავრაზმელმა ეგზარქოსმა 1886 წელს დასწყევლა მკვლელი და მასთან ერთად მთელი ქართველი ერი. მან საჯაროდ ანათემას გადასცა ის ხალხი, რომელმაც თითქოს ბოროტმოქმედი შობა.
ეგზარქოსის ეს აქტი მოწინავე ქართველმა ინტელიგენციამ მიიღო, როგორც ქართველი ერის შეურაცხყოფა. დაიწყო საპროტესტო მოძრაობა, რამაც თავისი გამოხატულება ჰპოვა დიმიტრი ყიფიანის წერილში, რომელიც მან 1886 წლის 8 ივნისს გაუგზავნა საქართველოს ეგზარქოსს.
,,ამბობენ, რომ თქვენ დასწყევლეთ ის ქვეყანა, რომელშიაც სამწყსოთ ხართ მოწოდებული და რომელიც მარტოოდენ სიყვარულსა და შეწყალებას მოელოდა თქვენგან. თუ ყოველივე ეს, უფალო, მართალია, თქვენი თანამდებობის ღირსების გადარჩენა მხოლოდ იმით შეიძლება, რომ შეურაცხმყოფელი შეუარაცხყოფილი ქვეყნიდან დაუყონებლივ იქნას გაყვანილი.”
ცხადია, დ. ყიფიანს არ აპატიებდნენ ეგზარქოსის თვითნებურ გადაყენებას, ამიტომაც 1886 წლის ოქტომბერში იგი გადაასახლეს სტავროპოლში, სადაც რამდენიმე წლით ადრე სასჯელს იხდიდა მეორე ქართველი პუბლიცისტი ნ. ნიკოლაძე. აქ 72 წლის მოხუცი 1887 წლის 25 ოქტომბერს ვერაგულად მოკლეს.
ქართულ საზოგადოებაში მაშინვე გაჩნდა ეჭვი, რომ მკვლელობა რუსეთის პოლიციის აგენტებმა ჩაიდინეს. აკაკი წერეთელი წერდა, „ის ტვინი, რომელიც საქართველოზე ჰფიქრობდა, თავზე გადაანთხიეს… იმ გულზე, რომელიც სამშობლოსათვის სძგერდა, ცივი ხელები დააკრეფინეს".
1887 წლის 8 ნოემბერს დიმიტრი ყიფიანის ნეშტი მთაწმინდის მიწას მიაბარეს. ყიფიანის დაკრძალვისას ი. ჭავჭავაძისა და ა. წერეთლის მეთაურობით მოწყობილი ხალხმრავალი თავყრილობა მთავრობის საწინააღმდეგო მძლავრ დემონსტრაციად გადაიქცა. მის ხსოვნას უძღვნა ა. წერეთელმა "განთიადი”.
1894 წელს თავად აზნაურთა ბანკის კრებამ მხცოვანი მოღვაწის საფლავზე ძეგლის აღმართვა დაადგინა. ძეგლის მოდელი 1898 წელს დაამზადა სკულპტორმა ფ. ხოდოროვიჩმა, ხოლო თეთრი მარმარილოს ბიუსტი მოდელის მიხედვით იტალიაში გააკეთებინეს. ძეგლი 1899 წლის 24 ოქტომბერს გაიხსნა საზეიმოდ.


კატეგორია: საქართველო | დაამატა: gi2gi
ნანახია: 1199 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]