არჩილ ჯორჯაძე – ბიოგრაფია
2011-03-26, 4:46 PM

არჩილ ჯორჯაძე


პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე, პუბლიცისტი, ფილოსოფოსი, სოციოლოგი, ესთეტიკოსი. საქართველოს სოციალისტ-ფედერალისტური პარტიის ერთ-ერთი ორგანიზატორი და ლიდერი.

არჩილ ჯორჯაძე დაიბადა 1872 წლის 10 იანვარს. 1892 წელს დაამთავრა თბილისის პირველი გიმნაზია. სწავლა განაგრძო პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე, შემდეგ სწავლობდა ვარშავაში. აქ სცადა ფარული საზოგადოების "საქართველოს თავისუფლების ლიგის” დაარსება. 1893 წ. დაბრუნდა პეტერბურგის უნივერსიტეტში. მონაწილეობდა ფილოსოფიურ წრეში.

პეტერბურგისა და ვარშავის გარდა არჩილ ჯორჯაძე სწავლობდა ინგლისის, საფრანგეთისა და შვეიცარიის უმაღლეს სასწავლებლებში. 1900 წელს დაბრუნდა საქართველოში. ჯორჯაძე "ცნობის ფურცლის” მუდმივი თანამშრომელი და სარედაქციო კოლეგიის წევრი იყო. იღვწოდა საქართველოში ახალი პარტიის შესაქმნელად, იყო საქართველოს სოციალისტ-ფედერალისტური პარტიის ერთ-ერთი ორგანიზატორი და ლიდერი.

1902 წელს საზღვარგარეთ გაემგზავრა. 1904 წელს ჟენევაში, ინტერპარტიულ კონფერენციაზე სოციალისტ-ფედერალისტური პარტია ოფიციალურად გაფორმდა. სოციალისტურ-ფედერალისტური პარტიის დაარსებამ ჩიხში მოამწყვდია სოციალ-დემოკრატები, რომელთაც მანამდე დიდი გავლენა ჰქონდათ საზოგადოებრივ აზრზე.

1903-05 წლებში პარიზში გიორგი დეკანოზიშვილმა, არჩილ ჯორჯაძემ, თედო სახოკიამ, მიხაკო წერეთელმა ჟურნალი "საქართველო” დააარსეს, რომელიც ქართულ და ფრანგულ ენებზე გამოდიოდა.

არჩილ ჯორჯაძე იყო ჟენევის კონფერენციის ერთ-ერთი ორგანიზატორი და მომხსენებელი. ევროპაშიც გახმიანდა საქართველოს ბედისწერა, რომ იგი რუსეთის რიგითი პროვინცია კი არ იყო, არამედ ქვეყანა, რომელიც თავისუფლების მოსაპოვებლად იბრძოდა. სწორედ არჩილ ჯორჯაძემ აღიმაღლა ხმა საქართველოს ავტონომიის მოსაპოვებლად ოფიციალურად და საერთაშორისო არეალში. მისი აზრით, ავტონომიის აღდგენას უნდა მოჰყოლოდა საქართველოს დამოუკიდებლობა.

1905 წელს საქართველოში დაბრუნების შემდეგ მოღვაწეობდა გაზეთებში: "ისარი”, "ამირანი”. შექმნა "საერთო ნიადაგის თეორია”, რომელიც მოუწოდებდა ერის ერთიანობისაკენ და უარყოფდა კლასობრივ დაპირისპირებას. არჩილ ჯორჯაძე მთლიანად ილია ჭავჭავაძეზე იყო ამოზრდილი და მისი ღვაწლი იტვირთა. ილია ჭავჭავაძის შემდეგ თუ ვინმეს შეეძლო ემეთაურა აპოლიტიკური ბრძოლებისათვის, ეს არჩილ ჯორჯაძე იყო.

ნარკვევში "პუბლიცისტი – ილია ჭავჭავაძე” არჩილ ჯორჯაძე მიიჩნევს, რომ "პოლიტიკური სიმბოლო ილია ჭავჭავაძისა გამოისახება ეროვნული ცხოვრების აღორძინების საჭიროებაში”. არჩილ ჯორჯაძის დასკვნით, ილიამ "გაასამართლიანა და დააკანონა” პატრიოტიზმის გრძნობა. მან დაუდო საფუძველი ჩვენს ეროვნულ პროგრამას თავისი პუბლიცისტური ნააზრევით. არჩილ ჯორჯაძეს სწორედ ეროვნული საკითხი მიაჩნია ილიას მოღვაწეობის საუკეთესო ნაწილად; იგი აფასებს ილიას ნააზრევს ენისა და ქრისტეს სჯულის შესახებ; თვლის, რომ მისი მოსარჩლეობა არ ყოფილა ცრუ პატრიოტული ხასიათისა და ის დაფუძნებული იყო დაფიქრებაზე, ფაქტებზე, ცოდნასა და მეცნიერულ ჭეშმარიტებაზე.

ჯორჯაძე აკრიტიკებდა ნოე ჟორდანიასა და სხვებს საქართველოს ისტორიისადმი ნიჰილისტური დამოკიდებულების გამო. იგი მე-19 საუკუნის აჯანყებებს ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობად მიიჩნევდა. არჩილ ჯორჯაძე იყო დიმიტრი ყიფიანის პირველი ბიოგრაფი, ილია ჭავჭავაძის თხზულებათა პირველი აკადემიური გამოცემის (1914) ინიციატორი.

არჩილ ჯორჯაძის თხზულებებია "სამშობლი და მამულიშვილობა”, "მასალები ქართველი ინტელიგენციის ისტორიისათვის” და სხვა. ქმნიდა ფილოსოფიურ ნაწარმოებებს: "წერილები იტრიის წისქვილიდან”, "ინდური ფილოსოფია” და "ტოლსტოის მსოფლმხედველობა”, სადაც ადამიანის არსებობის, მისი ყოფიერების საზრისის, ბედნიერებისა და ეთიკური საწყისის საკითხებს სვამდა.

"წერილები იტრიის წისქვილიდან” თითქოს ეხმიანება ალფონს დოდეს ნოველების კრებულს: "წერილები ჩემი წისქვილიდან! ალფონს დოდეს კრებულის სულისკვეთებაა – როგორ კვდება ფრანგული პროვინცია. არჩილ ჯორჯაძის კრებულის სულისკვეთებაა – როგორ კვდება ქართული პროვინცია…

არჩილ ჯორჯაძე გარდაიცვალა 1913 წელს ბათუმში. როცა ის გარდაიცვალა, ივანე ჯავახიშვილმა ასე დაატირა: – დავკარგეთ კაცი, რომელსაც ჩვენ შორის ყველაზე უკეთ შეეძლო ილიას ცხოვრების აღწერაო. არა მხოლოდ აღწერა – არჩილ ჯორჯაძე ის მოღვაწე იყო, რომელსაც შეეძლო ილიას ენერგიითა და თავგანწირვით გაეგრძელებინა ამ დიდი ერისკაცის გზაც.

დაკრძალულია თბილისში, დიდუბეში, ქართველ საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

კატეგორია: საქართველო | დაამატა: gi2gi
ნანახია: 1280 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]