აფხაზეთი XIX საუკუნის 30-იან წლებში
2011-10-27, 8:22 PM

XIX საუკუნის 30-იან წლებში რუსეთი ცდილობდა მტკიცედ დამკვიდრებულიყო აფხაზეთში, მაგრამ ამ ხანებში აფხაზეთის მთავრისა და რუსეთის ხელისუფლების ურთიერთობა მნიშვნელოვნად გაფუჭდა, რისი მიზეზიც მიხეილ შარვაშიძის მიერ დამნაშავეთა მფარველობა და ცოლის შერთვასთან დაკავშირებული ამბები იყო.

1829 წელს მიხეილ შარვაშიძემ მამის სურვილის თანახმად შეირთო ჯიქების თავადის ბესლანგურ არიდბას ასული, რომელიც აფხაზეთის სამთავრო კარზე იზრდებოდა. მალე, 1831 წ. მიხეილი მას გაშორდა. აფხაზეთის მთავარმა არიდბას ასული სამშობლოში გაისტუმრა, სადაც ის კვლავ გამაჰმადიანდა და 1832 წ. ჯიქების თავად ედირ-ბეი გეჩს მისთხოვდა. მიხეილის დედას, თამარ კაციას ასულ დადიანი-შარვაშიძეს ძალიან სურდა, რომ მას ვინმე დადიანთა საგვარეულოდან შეერთო. 1831 წლის დასაწყისში მიხეილ შარვაშიძე, რომელიც ქუთაისიდან აფხაზეთში ბრუნდებოდა, სამეგრელოში, ქვაშიხორში, თავად ნიკოლოზ ელიზბარის ძე დადიანის ოჯახში ნადიმზე მიიწვიეს. ნადიმი ორი დღე გაგრძელდა. მიხეილ შარვაშიძემ აქვე ჯვარი დაიწერა ოჯახის უფროსის ქალიშვილზე, მარიამ (მენიკი) დადიანზე, თუმცა ის აფხაზეთში არ წაუყვანია, მამის სახლში დატოვა და მუდმივად ქვაშიხორში (შხეფი) ცხოვრობდა.

ამავე ხანებში გამწვავდა ურთიერთობა აფხაზეთის მთავარსა და მის ბიძას _ ჰასან-ბეის შორის. 1833 წლის 3 მარტს ზუგდიდისკენ მიმავალ ჰასან-ბეის სოფ. ფოქვეშში შეიარაღებული პირები თავს დაესხნენ. ორმხრივი სროლისას მოკლულ იქნა მიხეილ შარვაშიძის ერთგული ქვეშევრდომი და ნათესავი, აზნაური ხალიმ ლაკერბაია. ადათის თანახმად, მიხეილმა ბიძისაგან სისხლის საზღაური მოითხოვა. საქმეში თამარ შარვაშიძე ჩაერია და სიტუაციის განმუხტვა შეძლო. მან ხელი შეუშალა ლაკერბაიას ნათესავებს ჰასან-ბეიზე შური ეძიათ, თუმცა მათ მაინც მოასწრეს ჰასან-ბეის ზოგიერთი ქვეშევრდომის მამული დაერბიათ.

ჰასან-ბეი დარწმუნებული იყო, რომ მასზე თავდასხმაში მთავრის ხელი ერია, მისი წაქეზებით დაესხნენ თავს ჰასან მარღანია და ხალიმ ლაკერბაია. შეურაცხყოფილმა ჰასან-ბეიმ ოჯახი წებელდაში გახიზნა, ხოლო თვითონ კელასურში გამაგრდა. მის მომხრეთა რიცხვმა ორი ათას კაცს მიაღწია და 6 ათასამდე მთიელთა დამხმარე ძალასაც ელოდა. სოხუმის კომენდანტი, კაპიტანი ფონ კლუგენი ხელისუფლებას ატყობინებდა, რომ მთავრობის მხრიდან უმოქმედობის შემთხვევაში ჰასან-ბეის განზრახული ჰქონდა წებელდაში გადასახლება, რასაც მთავრის წინააღმდეგ ამბოხება მოჰყვებოდა. მდგომარეობა იმდენად დაძაბული იყო, რომ ბარონი როზენი სამხედრო ძალის გამოყენების საჭიროებასაც არ გამორიცხავდა.

ხელისუფლებას გაცნობიერებული ჰქონდა ჰასან-ბეის მხარდამჭერი ძალის სიძლიერე და ისიც, თუ რა შეიძლებოდა მოჰყოლოდა დაპირისპირების შემდგომ გამწვავებას. იმერეთის მმართველი, გენერალ-მაიორი პ. ვაკულსკი (1831-1834) 18 მარტს ჰასან-ბეის წერდა: "ხელმძღვანელობთ რა მხოლოდ მთავრისადმი პირადი დამოკიდებულებით და თქვენსა და მას შორის არსებული ხანგრძლივი მტრობით, თქვენ ხალხს აქეზებთ თავისი კანონიერი მთავრის წინააღმდეგ. აფხაზეთში მშვიდობა მანამ არ აღდგება, სანამ თქვენსა და მიხეილ შარვაშიძეს შორის უთანხმოება გრძელდება”. პ. ვაკულსკი ხელისუფლებას ჰასან-ბეის გადასახლებას სთხოვდა იმ მოტივით, რომ იგი კვლავინდებურად სამთავრო ტახტს ეძიებდა და მიუხედავად მოჩვენებითი ერთგულებისა, ციმბირში გადასახლების გამო რუსების მიმართ სიძულვილით იყო გამსჭვალული.

1833 წლის 16 მარტს პ. ვაკულსკი ბარონ როზენს აუწყებდა, რომ აფხაზთა უკმაყოფილება მთავრის მიმართ აშკარა იყო. უკმაყოფილება უფრო იზრდებოდა მიხეილისა და ჰასან-ბეის ურთიერთსიძულვილის გამო. ეს სიძულვილი იმდენად აშკარა იყო, რომ თებერვალში ქუთაისში მიმავალი მიხეილ შარვაშიძე კელასურში შეჩერებულა იმ მიზნით, რომ ჰასან-ბეისთვის ეცნობებინა _ მათი ერთად ყოფნა აფხაზეთში შეუძლებელი იყო და რომელიმე მათგანს ის უნდა დაეტოვებინა. პ. ვაკულსკის ცნობით, ხალხი აღშფოთებული იყო მმართველობის სისუსტით და მთავრის გამოუცდელობით, რაც ქვეყანაში არსებული უწესრიგობების მიზეზი იყო. ამ შეხედულებას სავსებით იზიარებდა გრ. როზენიც, რომლის აშკარა არაკეთილმოსურნე დამოკიდებულებამ მიხეილ შარვაშიძის მიმართ უკვე გამოკვეთილი სახე მიიღო.

მიხეილ შარვაშიძე, რომელიც ყოველმხრივ ეწინააღმდეგებოდა ურჩი ვასალის _ ჰასან-ბეის ავტორიტეტისა და გავლენის ზრდას სამთავრო ხელისუფლების შეზღუდვის ხარჯზე, მხოლოდ გრ. როზენის უშუალო ჩარევისა და კატეგორიული მოთხოვნის შემდეგ იძულებული გახდა გარკვეულ კომპრომისზე წასულიყო. კომპრომისის მიღწევა ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ გახდა შესაძლებელი. ხელისუფლებას მოწინააღმდეგე მხარეებს შორის შუამავლობა ლევან V დადიანმა შესთავაზა. ჰასან-ბეი დათანხმდა სამეგრელოს მთავრისა და მიხეილ შარვაშიძის რწმუნებულების, თავად ჩიქოვანისა და კაც მარღანიას სამშვიდობო ინიციატივას, მაგრამ ზუგდიდში გამგზავრების ნაცვლად მოლაპარაკების ადგილად ალი-ბეი შარვაშიძის მამული ირჩია. მაგრამ ლევან V დადიანის შუამავლობა უშედეგოდ დამთავრდა. ამის შემდეგ, მოლაპარაკებების ინიციატივით თამარ შარვაშიძე და კაც მარღანია გამოვიდნენ. 1833 წლის 12 ივლისს სოფ. ეშერაში გამართული მოლაპარაკებისას ჰასან-ბეიმ აფხაზეთის მთავარს რამდენიმე მოთხოვნა წაუყენა. აშკარად ჩანდა, რომ ჰასან-ბეი ცდილობდა შეუვალი გაეხადა მისი უფლებები აფხაზეთის ოლქში. კერძოდ, მან მთავარს მოსთხოვა იმ პირების რუსეთის ხელისუფლებისთვის გადაცემა, რომლებიც მასზე თავდასხმაში მონაწილეობდნენ; მისი უფლებების შეუვალობა აფხაზეთის ოლქის მართვაზე; აგრეთვე მთავარს უნდა აკრძალვოდა ჰასან-ბეის ნებართვის გარეშე მისი კუთვნილი გლეხების გადასახლება. თამარ შარვაშიძემ ჰასან-ბეის ამ მოთხოვნების შესრულების წერილობითი პირობა მისცა, მაგრამ მიხეილ შარვაშიძემ სიტყვიერი თანხმობის მიუხედავად უარი განაცხადა მოწმეთა თანდასწრებით წერილობით დაედასტურებინა ისინი.

ბარონმა როზენმა კატეგორიულად მოსთხოვა მიხეილ შარვაშიძეს ჰასან-ბეის მოთხოვნების დაკმაყოფილება, ამასთანავე მიუთითა, რომ სიტუაციის გართულებისას, ყოველთვის რუსეთის ხელისუფლებისთვის მიემართა და არ დაეშვა თვითინიციატივა, რაც მხოლოდ მღელვარებასა და უწესრიგობას იწვევდა ქვეყანაში. 1833 წ. 7 აგვისტოს პ. ვაკულსკი გრ. როზენს უწყებდა, რომ მიხეილ შარვაშიძე მზად იყო შეესრულებინა და წერილობით დაედასტურებინა ჰასან-ბეის მოთხოვნები. ეს იყო მთავრის უკანდახევა, რადგან ის ყოველთვის ეწინააღმდეგებოდა ჰასან-ბეის ავტორიტეტის ზრდას საკუთარი უფლებების შეკვეცის ხარჯზე.

რუსეთის ხელისუფლებას სხვა პრეტენზიებიც ჰქონდა მიხეილ შარვაშიძისა და ჰასან-ბეის მიმართ. ისინი ხელს უმართავდნენ კონტრაბანდისტებს, მფარველობდნენ ტყვის მსყიდველებს და სხვა დამნაშავე ელემენტებს. ამ მოვლენების თანამედროვე და თვითმხილველი ფრანგი მოგზაური დიუბუა დე მონპერე აღნიშნავდა, რომ `ეს საშინელი ვაჭრობა სრულიად მოისპობოდა, მიხეილ-ბეი და ჰასან-ბეი რომ არ ყოფილიყვნენ მისი პირველწამომწყებნი. ისინი უშვებდნენ ჯარისკაცთა მოტაცებას, რადგან ამ საქმიდან გარკვეული სარგებელი ჰქონდათ. ჰასან-ბეიზე უკეთესად არავინ იცის, თუ რა ხდება სამთავროში… როგორც კი ის შეიტყობს, რომ აფხაზმა ტყვე მოიტაცა, იბარებს დამნაშავეს და ემუქრება, რომ რუსებს გადასცემს (ამ მუქარისა აქ ძლიერ ეშინიათ) თუ არ მისცემს მას ძღვნად ძროხებს, ცხენს და ა.შ. მას შემდეგ, რაც დამნაშავე სათანადო ძღვენს მიართმევს, მთავარი ნებას აძლევს გაყიდოს ტყვე და ყველა ღონეს ხმარობს მის დასაცავად. რამდენჯერაც არ უნდა მოსთხოვონ რუსებმა დამნაშავის გაცემა, ის ათასგვარი მიზეზით თავს არიდებს მის შესრულებას და მოლაპარაკება უშედეგოდ მთავრდება~. რუსეთის ხელისუფლება ვერ ახერხებდა აფხაზეთში კონტრაბანდის, ტყვის სყიდვის, სხვადასხვა დანაშაულობების აღკვეთას, რადგან მას დიდწილად მთავარი, სამთავრო სახლის წარმომადგენლები და ფეოდალური ზედაფენა მფარველობდა.

1833 წლის მიწურულს მიხეილ შარვაშიძე შეეცადა შეერთო სამეგრელოს მთავრის ასული ნინო, მაგრამ ლევან V დადიანმა ეს შეურაცხყოფად ჩათვალა და გრ. როზენს აცნობა. მთავარმართებელი ამ ქორწინების სასტიკი წინააღმდეგი იყო. მას მიაჩნდა, რომ ეს ქორწინება საღვთო და ადამიანური კანონების წინააღმდეგი, და, ფაქტობრივად, აფხაზეთის მთავრის ქრისტიანობისაგან განდგომის მომასწავებელი იქნებოდა, რადგან ის ორცოლიანი იყო და მესამის შერთვა სურდა. გარდა ამისა, აფხაზეთისა და სამეგრელოს მთავრები ახლო ნათესავები იყვნენ. მიხეილი ლევან V დადიანის მამიდაშვილი იყო, თანაც სამეგრელოს მთავრის მეორე ასული დანიშნული იყო აფხაზეთის მთავრის ბიძაშვილზე _ დიმიტრი ჰასან-ბეის ძე შარვაშიძეზე, ხოლო თვით მიხეილი დაქორწინებული იყო სამეგრელოს მთავრის ახლო ნათესავზე. გრ. როზენი აფრთხილებდა ლევან V დადიანს, რომ ამ ღვთის საწინააღმდეგო საქმეში არ მიეღო მონაწილეობა, წინააღმდეგ შემთხვევაში ხელისუფლების ნდობას დაკარგავდა; ამასთან, მისი აზრით, ეს ქორწინება განხეთქილებას გამოიწვევდა დადიანთა საგვარეულოში და უწესრიგობას არამარტო აფხაზეთში, არამედ სამეგრელოშიც. ამიტომ ის ლევან V დადიანს ურჩევდა მტკიცე უარი ეთქვა მიხეილისთვის ასეთ საძრახის სურვილზე. ის აღნიშნავდა, რომ სინოდი არასდროს დართავდა ასეთი ქორწინების ნებას და არც ხელისუფლება ცნობდა მას. `თქვენ არ უნდა გეშინოდეთ მიხეილის მხრიდან შურისძიების, _ წერდა გრ. როზენი სამეგრელოს მთავარს, _ თქვენ იცით რა სუსტიც არის ის აფხაზეთში. მთავრობა მხარს რომ არ უჭერდეს, მხოლოდ ჰასან-ბეი დიდი ხნის წინ მოუღებდა ბოლოს მის ხელისუფლებას და თვით მასაც~. მთავარმართებელი ლევან V დადიანს ურჩევდა, მიხეილის მხრიდან რაიმე გამოხტომის თავის არიდების მიზნით, ნინო დროებით იმერეთში გაეგზავნა ნათესავებთან.

1833 წლის 28 დეკემბერს მთავარმართებელმა წერილებით მიმართა თამარ შარვაშიძეს და აფხაზეთის მთავარს. გრ. როზენმა თამარ შარვაშიძეს მოსთხოვა მიხეილისთვის გადაეფიქრებინა ასეთი ნაბიჯის გადადგმა, ხოლო მიხეილისადმი წერილში მას კატეგორიულად აუკრძალა ფიქრიც კი ამ საკითხზე და მოუწოდა, არაქრისტიანული და კანონსაწინააღმდეგო ქმედებით რუსეთის ხელისუფლების კეთილგანწყობა და მფარველობა არ დაეკარგა. თუმცა მიხეილი არ აპირებდა თავის განზრახვაზე ხელის აღებას. ის დაჟინებით ითხოვდა ლევან V დადიანისაგან ქორწინების ნებართვას. 1834 წ. 26 იანვარს მან მუქარით სავსე წერილი მისწერა სამეგრელოს მთავარს, რომელსაც უარის თქმის შემთხვევაში შურისძიებით აშინებდა. ის ნინოსაც აძალებდა და ურჩევდა არ დამორჩილებოდა დედ-მამას. ამის გამო გრ. როზენმა მკაცრად გააფრთხილა მიხეილ შარვაშიძე და მოსთხოვა ნინოსთვის თავი გაენებებინა. 1834 წლის 5 მარტს მან წერილით მიმართა როზენს და დაჟინებით ითხოვა ნინო დადიანზე დაქორწინების ნებართვა, რასაც იმით ამართლებდა, რომ ეს ქორწინება ნათესაობის ძაფებით შეაერთებდა აფხაზეთს სამეგრელოსთან და განამტკიცებდა რუსეთის პოზიციებს ამ მხარეში. მთავარმართებელმა აფხაზეთის მთავარს კვლავ მოსთხოვა თავის განზრახვაზე ხელის აღება და მკაცრად გააფრთხილა: `რა მოგელით თქვენ, თუკი ძლიერი რუსეთის სახელმწიფო, რომელმაც აფხაზეთში თქვენს სახლს მისცა პირველობა და ყველა საშუალებით მხარს გიჭერთ, უარს იტყვის თქვენს მფარველობაზე, რომლის გარეშეც თქვენ არსებობაც კი არ შეგიძლიათ?~

მიხეილ შარვაშიძე ყველაფერში ლევან V დადიანს ადანაშაულებდა და მისთვის სამაგიეროს გადახდაზე ფიქრობდა. 1834 წლის მაისში აფხაზეთის მთავარი სამურზაყანოს სოფელ ილორში შეიჭრა, მოსახლეობას ერთგულების ფიცი დაადებინა, მძევლები აიყვანა და ფაქტობრივად მიითვისა სოფ. ილორი. ამის თაობაზე გრ. როზენმა 12 ივნისს მკაცრი წერილი გაუგზავნა მიხეილ შარვაშიძეს, სადაც წერდა: `…ასეთი მოქმედება ემსახურება აფხაზეთში უწესრიგობის გამრავლებას და არ შემიძლია გაკვირვება არ გამოვთქვა სხვის სამფლობელოში თქვენი ასეთი თვითნებობის გამო. ხელისუფლებისათვის ცნობილია, რომ ცოცხალი საზღვარი სამეგრელოსა და აფხაზეთს შორის არის მდინარე ღალიძგა და რამდენადაც სოფელი ილორი მდებარეობს მდინარის მარცხენა ნაპირზე, ის არ შეიძლება ეკუთვნოდეს აფხაზეთს. ამიტომ მე ვალდებული ვარ გთხოვოთ… წერილობით გამოუცხადოთ ყველა ილორელს, რომ მათ მიერ დადებული ფიცი თქვენდამი ერთგულებაზე უსაფუძვლოა და, ისინი ეკუთვნიან არა თქვენს უმაღლესობას, არამედ სამეგრელოს მფლობელს~.

მთავარმართებლის კატეგორიული მოთხოვნის შემდეგ მიხეილ შარვაშიძე იძულებული გახდა დათმობაზე წასულიყო და ილორი დაეცალა. ამავე ხანებში, აპრილში, ბარონმა როზენმა ასევე მკაცრად გააფრთხილა მიხეილ შარვაშიძე და მას ჰასან მარღანიას მფარველობაზე ხელის აღება მოსთხოვა. ჰასან მარღანია მთავრის ნებართვით დასახლდა ალი-ბეი შარვაშიძის ქვრივის მამულში, აბჟუის ოლქში, მდ. მერკულას მახლობლად, და ზედ გზაზე ააგო სახლი. მთავარსარდალმა აფხაზეთის მთავარს მოსთხოვა დაუყოვნებლივ გამოეყვანა ის ალი-ბეი შერვაშიძის მამულიდან, გაესახლებინა აფხაზეთიდან, ხოლო მის მიერ აგებული სახლი გაენადგურებინა, წინააღმდეგ შემთხვევაში, მთავრობის წინაშე პასუხისმგებლობა მას დაეკისრებოდა. კავკასიის რუსული ადმინისტრაციისთვის ცნობილი იყო ისიც, რომ მიხეილ შარვაშიძე მფარველობდა აგრეთვე მის უკანონოდ შობილ ნათესავს ხალილ-ბეი შარვაშიძეს, რომელსაც ხელისუფლება როგორც ყაჩაღს ისე იცნობდა. როზენმა გააფრთხილა აფხაზეთის მთავარი, რომ მისი ინფორმაციით ხალილ-ბეი ყაჩაღთა რაზმს აგროვებდა და განზრახული ჰქონდა თავს დასხმოდა სამურზაყანოს. უწესრიგობები რომ არ მომხდარიყო, იგი მთავარს ურჩევდა ხალილ-ბეი აფხაზეთიდან გაესახლებინა, წინააღმდეგ შემთხვევაში, პასუხისმგებლობა მას დაეკისრებოდა. მაგრამ მიხეილ შარვაშიძემ არავითარი ზომები არ მიიღო. ამიტომ როზენმა მაისში კვლავ მკაცრად გააფრთხილა აფხაზეთის მთავარი. მთავარსარდალმა მას შეახსენა, რომ ჰასან მარღანიამ ალი-ბეი შარვაშიძის მამულში, ოჩამჩირეში, ზღვის მახლობლად ააგო სახლი და მუდმივი კავშირი ჰქონდა თურქებთან, რომლებიც იქვე კანჯოებით ადგებოდნენ ნაპირს და ტყვის სყიდვას ეწეოდნენ. `თქვენ რადგან რუსეთის ქვეშევრდომი ხართ, _ წერდა იგი, _ ვალდებული ხართ ყველა ზომით დაეხმაროთ ხელისუფლებას ყოველგვარი უწესრიგობის აღკვეთაში. მოვითხოვ, დაუყოვნებლივ განდევნოთ ყაჩაღი ჰასან მარღანია მისი ადგილსამყოფელიდან და მის მიერ აგებული სახლი გაანადგუროთ. თქვენ ვალდებული ხართ უსიტყვოდ შეასრულოთ ჩემი ბრძანება. თქვენს მიერ იმის დაშვება, რომ ჰასან-ბეი დასახლდეს ალი-ბეის მამულში და თურქებთან დაუშვებელი ვაჭრობა აწარმოოს იმ მიწაზე, რომელიც ალი-ბეის ქვრივს და შვილებს ეკუთვნით, მე მაოცებს. პირადად უნდა იძლეოდეთ მართლმსაჯულების მაგალითს აფხაზეთში, თქვენ კი ნამდვილ მფლობელს წაართვით მისი საკუთრება საზოგადოებისათვის მავნე კაცის სასარგებლოდ, რომელიც უნდა დაგესაჯათ მრავალი დანაშაულისთვის და, განსაკუთრებით, თქვენი ბიძის, ჰასან-ბეის სიცოცხლის ხელყოფის მცდელობისთვის”. როზენი მას აფრთხილებდა, რომ ჰასან მარღანიას მფარველობას შეეძლო მის მიმართ ჰასან-ბეი შარვაშიძის უკმაყოფილება გამოეწვია და ქვეყანაში მღელვარებები განახლებულიყო მაშინ, როცა ჰასან-ბეიმ ხელისუფლების სასარგებლოდ თავისი პრეტენზიები კეთილგონივრულად დათმო.

საქართველოს მთავარმართებელი აფხაზეთის მთავრისაგან დამნაშავეთა მფარველობის შეწყვეტას და სასამართლოსთვის მათ გადაცემას მოითხოვდა, მაგრამ მიხეილ შარვაშიძე ამ მოთხოვნის შესრულებას თავს არიდებდა. ასეთი ვითარების შედეგი იყო ის, რომ არათუ აფხაზეთის სანაპიროსა და სოფლებში, არამედ თვით სოხუმშიც დამნაშავეობის მხრივ რთული ვითარება იყო. სოხუმშიც კი, სადაც მაშინ რუსული გარნიზონი იდგა, ფ. დიუბუა დე მონპერეს ცნობით, `მზის ჩასვლის შემდეგ ვერავინ ბედავდა გავლას საკარანტინოდან ბაზრამდე, რომელიც ზღვის სანაპიროდან ერთი ვერსით იყო დაშორებული. აქ მარტო გავლას დღისითაც არიდებდნენ თავს, რათა აფხაზთაგან ტყვედ გატაცების საფრთხე აეცილებინათ. და თუ ყოველივე ეს ხდებოდა გუშაგებისა და გარნიზონის თვალწინ, ადვილი წარმოსადგენია რა მოხდებოდა, ვინმეს რომ ქვეყნის სიღრმეში შეღწევა გაებედა”.

1834 წ. ივლისში გრ. როზენმა მიიღო იმერეთის მმართველის, გენერალ-მაიორ დ. ახლესტიშევის (1834-1837) ცნობა, რომ აფხაზეთის მთავრის ძმამ ალექსანდრემ 17 ივნისს ფარულად დატოვა სახლი რამდენიმე მომხრესთან ერთად, წებელდაში წავიდა და მთავრისადმი არაკეთილგანწყობილ პირებს შეუერთდა. იგი ყაჩაღთა რაზმს აგროვებდა, რათა თავს დასხმოდა სამურზაყანოს. დედოფალმა მიიღო ზომები მის დასაბრუნებლად, თუმცა უშედეგოდ. მთავარმართებელმა მიხეილ შარვაშიძეს უბრძანა დაუყოვნებლივ დაეკავებინა ალექსანდრე და თბილისში გამოეგზავნა; ამასთანავე, დედოფალს სთხოვა ხელი არ შეეშალა მიხეილისთვის ამ ბრძანების შესრულებაში. იგი დედოფალს აღუთქვამდა, რომ მისდამი პატივისცემის გამო ალექსანდრეს არ დასჯიდა, პირიქით, მისთვის განათლების მიცემასა და სამსახურში მოწყობაზე იზრუნებდა.

მალე, როზენისთვის ცნობილი გახდა, რომ მიხეილ შარვაშიძე შეურიგდა ალექსანდრეს იმ პირობით, რომ ეს უკანასკნელი დაემორჩილებოდა მთავარს, ხოლო მიხეილს მისდამი პატივისცემა ექნებოდა და შესაფერისად შეინახავდა მას. როზენმა აფხაზეთის მთავრისადმი წერილში გაკვირვება გამოთქვა ასეთი პირობით შერიგების გამო. მთავარმართებელი მიხეილ შარვაშიძეს შეახსენებდა, რომ მას ალექსანდრესთან შეთანხმება კი არ უნდა დაედო, არამედ მორჩილება უნდა მოეთხოვა მისგან. `მიუხედავად იმისა, რომ ალექსანდრე თქვენი ძმაა, _ წერდა იგი, _ ის თქვენი ქვეშევრდომია და ვალდებულია დაგემორჩილოთ”. მთავარმართებელი მიუთითებდა, რომ ასეთი კომპრომისით ის ასუსტებდა თავის ხელისუფლებას ქვეშევრდომების თვალში. მისთვის ცნობილი იყო, რომ ალექსანდრეს პარტიაში მთავარ როლს მაჰმუდ ზვანბაი ასრულებდა და დარწმუნებული იყო, რომ ვერავინ დადგებოდა იმის თავმდებად, რომ ის კვლავ არ მოაწყობდა უწესრიგობებს აფხაზეთში, ამიტომ აფხაზეთის მთავარს ავალებდა შეეპყრო მაჰმუდ ზვანბაი, ასევე ამავე პარტიის წევრი ლევან ზვანბაიაც და იმერეთის მმართველთან, დ. ახლესტიშევთან გაეგზავნა, რითაც კარგ სამსახურს გაუწევდა მთავრობას. ასევე, სთხოვდა, სხვა დროსაც შეეპყრო მეამბოხეები და თითოეულის ბრალის აღნიშვნით ქუთაისში გაეგზავნა. რაც შეეხება ალექსანდრეს, მთავარმართებელი მოუწოდებდა მიხეილ შარვაშიძეს, იგი თბილისში გაეგზავნა.

მიხეილ შარვაშიძემ ალექსანდრე თბილისში გააგზავნა როზენთან და მას პორუჩიკი კაც მარღანია გააყოლა. როზენმა ალექსანდრე დროებით ქუთაისში გააგზავნა დ. ახლესტიშევთან, ხოლო კაც მარღანიას გადასცა 22 დეკემბრის წერილი მიხეილ შარვაშიძისადმი, ხელისუფლების მოთხოვნებით, რომელიც აფხაზეთის მთავარს ზუსტად უნდა შეესრულებინა და ამით მთავრობა ერთგულება დაედასტურებინა.

როზენი მოითხოვდა: მთავარს მოეწყო საპატიო თავად-აზნაურების მმართველობა, რომლის მოვალეობა უნდა ყოფილიყო მოსახლეობის სხვადასხვა სახის თხოვნებისა და საჩივრების განხილვა და მათი დაცვა შევიწროებისაგან; რამდენადაც ბზიფის ოლქი სხვა ოლქებისათვის სამაგალითო უნდა ყოფილიყო მოწყობის თვალსაზრისით, შინაგანი წესრიგისათვის დაეყო ის რამდენიმე ნაწილად ან სამოურავოდ (ამ ქართულ ტერმინს ხმარობს გრ. როზენი _ ბ.ხ.) და ამ ნაწილებში დაენიშნა ნაცვალი, საერობო პოლიციის მოვალეობის შემსრულებლად; მოსახლეობისთვის აეკრძალა შეუსაბამო პროცენტების აღება. ქურდობისთვის, დამნაშავისათვის გადაეხდევინებინათ არაუმეტეს 2-ჯერ მეტი, და არა 7-ჯერ და 8-ჯერ მეტი, როგორც ხდებოდა ხოლმე, რის გამოც დამნაშავე ღატაკდებოდა და იძულებული ხდებოდა ყაჩაღი და მძარცველი გამხდარიყო; შემწყდარიყო ერთი პირის მიერ სიმინდის შესყიდვა; მკაცრად აეკრძალა სისხლის აღება და დაწესებულიყო მეთვალყურეობა, რომ სისხლის აღების მიზნით არ მომხდარიყო ოჯახებისა და სოფლების აკლება; მკვლელები, ყაჩაღები, მძარცველები გაეგზავნა სასამართლოში სოხუმ-კალეში ან ქუთაისში; თურქული კანჯოები საკარანტინო შემოწმების გარეშე არ დაეშვა აფხაზეთის სანაპიროზე; გაქცეული თურქები, რა წოდებისაც არ უნდა ყოფილიყვნენ ისინი, არ მიეღო აფხაზეთში; დაუყოვნებლივ შეეპყრო და ქუთაისში ან სოხუმ-კალეში გაეგზავნა ჰასან მარღანია, მისი აფხაზეთიდან გაძევების მიზნით; აფხაზეთში განლაგებული რუსეთის ჯარის ნაწილებისთვის დახმარება აღმოეჩინა”. "ამ ბრძანების შეუსრულებლობის შემთხვევაში, _ წერდა როზენი, _ სრული საფუძველი გვექნება ვიფიქროთ, რომ თვით მთავარი ცდილობს არ დაუშვას აფხაზთა დაახლოება რუსებთან”.

მიუხედავად გრ. როზენის მკაცრი გაფრთხილებისა, აფხაზეთში უწესრიგობები კვლავ გრძელდებდა, რაც ისევ და ისევ აფხაზეთის მთავრის სახელთან იყო დაკავშირებული.

როდესაც მიხეილ შარვაშიძეს ნინო დადიანის შერთვაზე ხელი ააღებინეს, ამჯერად მან არჩევანი სამთავრო სახლის გვერდითი შტოს წარმომადგენლის, ნიკო დადიანის ("დიდი ნიკო”) შვილიშვილზე, ალექსანდრა (ცუცუ) გიორგის ასულ დადიანზე შეაჩერა. გიორგი დადიანის ოჯახი აფხაზეთის მთავართან დამოყვრების თანახმა იყო, მაგრამ სამეგრელოს მთავრისა და კავკასიის რუსული ადმინისტრაციის რისხვას უფრთხოდა. 1836 წლის 18 იანვარს მიხეილ შარვაშიძემ ალექსანდრა (ცუცუ) დადიანი მოიტაცა მისი მამიდის, კესარია ნიკოს ასულ დადიანი-შარვაშიძის სახლიდან და სოფ. კოდორში ჯვარი დაიწერა.

ამრიგად, მიხეილ შარვაშიძემ თავისი გაიტანა და მკვეთრად დაუპირისპირდა რუსეთის ხელისუფლებას, რომელიც წინააღმდეგი იყო მიხეილ შარვაშიძის მესამე ქორწინების და დიდხანს არ აღიარებდა მას, ხოლო ალექსანდრას მამის _ გიორგი ნიკოლოზის ძე დადიანის ფარული მონაწილეობა ამ ამბავში, შემდეგ სამეგრელოში, დადიანთა საგვარეულოს წევრებს შორის უთანხმოებისა და დაპირისპირების მიზეზი გახდა. ლევან V დადიანი სამართლიანად იყო უკმაყოფილო თავისი ქვეშევრდომის, გიორგი დადიანის მოქმედებით, ამიტომ იგი მდივანბეგის მოვალეობისაგან გაათავისუფლა და თავისთან გამოიძახა ახსნა-განმარტებისათვის. გიორგი დადიანიც მიხვდა, რომ მართალი არ იყო, და აფხაზეთში გაიქცა.

მიხეილ შარვაშიძისა და რუსული ადმინისტრაციის ურთიერთობას კიდევ უფრო ძაბავდა უწესრიგობების ზრდა აფხაზეთში, და მთავრის მიერ თავის არიდება რუსული ადმინისტრაციის ადგილობრივ წარმომადგენელთა მოთხოვნაზე _ გადაეცა დამნაშავეები. 1836 წლის გაზაფხულზე აფხაზები თავს დაესხნენ რუსთა რაზმს, რომელსაც დრანდიდან დამნაშავე ჯოპუა სოხუმ-კალეში გადაჰყავდა გემით გასაგზავნად, და გაიტაცა იგი. რუსული ადმინისტრაციის ადგილობრივმა წარმომადგენლებმა მიხეილ შარვაშიძეს მიმართეს ამ დანაშაულის მონაწილე და სხვა არაკეთილგანწყობილი აფხაზების გადაცემის მოთხოვნით, მაგრამ მან არაფერი იღონა ამ მოთხოვნის შესასრულებლად, რამაც მის მიმართაც აღძრა ეჭვები.

1836 წლის სექტემბერში გრ. როზენი სამხედრო მინისტრს, გრაფ. ა. ჩერნიშევს აუწყებდა, რომ მიხეილ შარვაშიძის მესამე ქორწინების შემდეგ უწესრიგობები აფხაზეთსა და სამურზაყანოში შესამჩნევად გაიზარდა, რასაც ფარულად აქეზებდნენ ბოროტმზრახველი აფხაზები. ხელისუფლება ეჭვობდა, რომ ეს უწესრიგობები გამოწვეული იყო არამარტო აფხაზეთის მთავრის უმოქმედობით, არამედ მის მიერ ქვეშევრდომების რუსეთის მთავრობის წინააღმდეგ აჯანყებისაკენ ფარული წაქეზებით, თუმცა პირდაპირი ფაქტები, რომლებიც მას ხელისუფლების მიმართ არაკეთილგანწყობაში ამხელდა, არ არსებობდა.

რუსული ადმინისტრაცია ყოველმხრივ ცდილობდა სიმშვიდე დაემყარებინა ამ მხარეში. გრ. როზენმა იმერეთის მმართველს, გენერალ-მაიორ დ. ახლესტიშევს უბრძანა ყველა ზომა მიეღომთავრის ზრახვების გასაგებად; თუ დარწმუნდებოდა მთავრობის მიმართ მის არაკეთილგანწყობასა და ღალატის განზრახვაში, დაეპატიმრებინა იგი და თბილისში გამოეგზავნა. დ. ახლესტიშევს უფლება მიეცა, საჭიროების შემთხვევაში, აფხაზთა დასამორჩილებლად ძალა გამოეყენებინა, რისთვისაც უფლება ეძლეოდა გამოეყენებინა გენერალ-მაიორ ა. ესპეხოს დაქვემდებარებაში მყოფი ჯარის ნაწილები, რომლებიც სამეგრელოსა და იმერეთის სამხედრო გზის გაყვანაზე მუშაობდნენ. ამასთან, მას განემარტა, რომ სასურველი არ იყო აფხაზების წინააღმდეგ იარაღის გამოყენება და, პირველ რიგში, დარწმუნების მეთოდისთვის უნდა მიემართა.

1836 წლის ნოემბრის დასაწყისში კავკასიის რუსულმა ადმინისტრაციამ მიიღო ცნობა, რომ აფხაზეთის მთავრის მოწვევით მდ. ბზიფთან თავი მოიყარა რამდენიმე ასეულმა ჯიქმა იმ მიზნით, რომ აფხაზებთან ერთად თავს დასხმოდნენ სამურზაყანოს ან სამეგრელოს; მთავრის ძმა _ ალექსანდრე წებელდაში გაემგზავრა ხალხის შესაკრებად, ხოლო თვითონ მიხეილი ჯიქებთან გაემართა მოსალაპარაკებლად. თამარ შარვაშიძის ცნობით, მიხეილი ჯიქებთან წავიდა თავისი სასაზღვრო სოფლების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, შემდეგ კი განზრახული ჰქონდა სამურზაყანოში გამგზავრება და მოსახლეობისაგან მძევლების აყვანა, რადგან ამ ოლქს სამეგრელოს მთავრის მიერ უკანონოდ მისაკუთრებულად თვლიდა; რაც შეეხება ალექსანდრეს, ამავე საქმეზე გაემგზავრა წებელდაში მთავრის ბრძანებით.

44-ე ეგერთა პოლკის მეთაურმა ა. პაცოვსკიმ იცოდა მიხეილ შარვაშიძის ლევან V დადიანთან მტრობის ამბავი და მისი სამურზაყანოზე თავდასხმის განზრახვის შესახებ დაუყოვნებლივ შეატყობინა გენერალ-მაიორ ა. ესპეხოს, რომელიც სამეგრელოსა და იმერეთის სამხედრო გზის გაყვანაზე მუშაობდა, რათა საჭირო ზომები მიეღო, თუ აფხაზები თავს დაესხმოდნენ სამურზაყანოს. ამ ცნობის მიღების შემდეგ, ა. ესპეხომ გააძლიერა ილორთან განლაგებული სამეგრელოს ეგერთა პოლკის ბატალიონი თბილისის ეგერთა პოლკის ორი ასეულით, იმავე პოლკის ორი ასეული მდ. ენგურის პირას დააყენა იმ შემთხვევისათვის, თუ ილორის ნაწილისთვის დახმარება გახდებოდა საჭირო, ხოლო გრენადერთა პოლკის ერთი ასეული, რომელიც ფოთში უნდა წასულიყო, მდ. ხობთან გააჩერა სიტუაციის გარკვევამდე. იმავდროულად, სამაგრელოს მთავარმაც მიიღო ცნობა მიხეილ შარვაშიძის განზრახვის შესახებ. მან შეკრიბა სამეგრელოს სახალხო ლაშქარი 500 კაცამდე და უფროსი შვილის, დავით დადიანის მეთაურობით სამურზაყანოში გაგზავნა საზღვრების დასაცავად.

3 ნოემბერს ა. პაცოვსკიმ გაიგო მიხეილ შარვაშიძის ბზიფიდან დაბრუნების შესახებ, მასთან გაემგზავრა და ახსნა-განმარტება მოსთხოვა. მიხეილ შარვაშიძე ბზიფზე გამგზავრებას იმით ხსნიდა, რომ სურდა შეთანხმებოდა ჯიქებს აფხაზებთან მტრობის შეწყვეტაზე და მისი სიმამრის _ გიორგი დადიანის საქმის გართულების შემთხვევაში, რომელიც აფხაზეთს აფარებდა თავს, მისთვის თავშესაფარი ეპოვა ჯიქეთში. ის ა. პაცოვსკის არწმუნებდა, რომ თამარ შარვაშიძემ არასწორად აუხსნა მისი სამურზაყანოში გამგზავრების განზრახვისა და ალექსანდრეს წებელდაში წასვლის მიზნის შესახებ; ყოველივე ეს ემყარებოდა მის არაკეთილმოსურნეთა მიერ გავრცელებულ ხმებს, თითქოს წებელდელებმა მას მორჩილების ნიშნად მძევლები გამოუგზავნეს, თუ ის შეძლებდა გადაეფიქრებინა რუსებისთვის წებელდის დაკავება. მან ისიც აღნიშნა, რომ მდ. ფსირცხაზე გუშაგები დააყენა, რათა არ დაუშვა არაკეთილმოსურნეთა მიერ არასწორი ხმების გავრცელება მთავრობის მიმართ მის არაკეთილგანწყობაზე.

გრ. როზენის აზრით, ხმები მ. შარვაშიძის მთავრობის მიმართ არაკეთილგანწყობის შესახებ მოდიოდა არა მისი ბოროტი ზრახვებიდან, არამედ მისი შეზღუდული შესაძლებლობებისა და არასაკმარისი კეთილგონიერების გამო, ხოლო ხელისუფლების მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობა იმით იყო გამოწვეული, რომ მას მნიშვნელოვანი გავლენა არ ჰქონდა და ქვეშევრდომებში განსაკუთრებული პატივისცემით არ სარგებლობდა.

1836 წლის 19 ნოემბერს გრ. როზენი სამხედრო მინისტრს, გრაფ ა. ჩერნიშევს აუწყებდა, რომ აფხაზეთსა და სამურზაყანოში უწესრიგობების გახშირება მიხეილ შარვაშიძისაგან მოდიოდა. როზენი აღნიშნავდა, რომ მან აფხაზეთის მთავარს აუხსნა ხელმწიფის ქვეშევრდომის მოვალეობები და მოუწოდა თავისი მოქმედება შეეთანხმებინა მთავრობის გეგმებთან; ამასთანავე, აგრძნობინა, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში ამას შეიძლებოდა უსიამოვნებები მოჰყოლოდა მისთვის. მთავარმართებელი მიხეილ შარვაშიძის მოქმედებას შესაძლებლობებისა და კეთილგონიერების არქონით ხსნიდა. იგი მინისტრს სთხოვდა, რომ თუ მიხეილ შარვაშიძე მის შეგონებებს არ გაითვალისწინებდა, მისი ქცევა არ შეიცვლებოდა, კვლავაც გავლენა ექნებოდა უწესრიგობებზე და, ამდენად, მისი აფხაზეთში ყოფნა საზიანო იქნებოდა ხელისუფლებისთვის, სამხედრო მინისტრს იმპერატორთან აღეძრა შუამდგომლობა პირველსავე ხელსაყრელ შემთხვევაში აფხაზეთიდან მისი გასახლების შესახებ.

1836 წლის 10 დეკემბრის წერილით ა. ჩერნიშევმა გრ. როზენს აუწყა, რომ აფხაზეთში უწესრიგობების გახშირების შესახებ იმპერატორმა გაიზიარა მთავარმართებლის აზრი _ ეს უწესრიგობები გამოწვეული იყო მთავრის უმოქმედობით და მისი მმართველობის უუნარობით. სამხედრო მინისტრმა მას აუწყა მონარქის ნება, მთავრობის მიმართ მიხეილ შარვაშიძის ბოროტი განზრახვის გამომჟღავნების შემთხვევაში, ან თუ თავისი ქცევით გააგრძელებდა უწესრიგობების გაღვივებას ამ მხარეში, იმპერატორი თანახმა იყო იგი რუსეთში გაესახლებინათ.

ხელისუფლება თავს უხერხულად გრძნობდა მიხეილ შარვაშიძის მესამე ქორწინებასთან დაკავშირებით. თუ ამ ქორწინებას და, შესაბამისად, ამ ქორწინებიდან შეძენილ მთავრის შვილებს უკანონოდ ჩათვლიდნენ, მთავარს დაამცირებდნენ ქვეშევრდომების თვალში. აფხაზები ამას მთავრის შეურაცხყოფად ჩათვლიდნენ. შავი ზღვისპირეთის სანაპირო ხაზიც უფროსის, გენერალ-ლეიტენანტ ნ. რაევსკის აზრით, ამ რთული საკითხიდან საუკეთესო გამოსავალი იქნებოდა, ხელისუფლებას დაემტკიცებინა მიხეილ შარავაშიძის განქორწინება მეორე ცოლთან, რომელსაც დაენიშნებოდა აფხაზეთის მთავრის პენსიის ნახევარი, ხოლო მესამე ქორწინება კანონიერად ყოფილიყო ცნობილი. ახალმა მთავარმართებელმა ე. გოლოვინმა (1837-1842) გაიზიარა ნ. რაევსკის აზრი და ა. ჩერნიშევს ამის თაობაზე ხელმწიფის ნებართვა სთხოვა.

ა. ჩერნიშევმა ე. გოლოვინს ამ საკითხთან დაკავშირებით იმპერატორის აზრი აცნობა. იმპერატორიც გრძნობდა საკითხის უხერხულობას, ამიტომ მიხეილის ქორწინება-განქორწინების საკითხი არსებულ მდგომაროებაში უნდა დარჩენილიყო, შემდგომი მსვლელობის გარეშე.

ამრიგად, XIX საუკუნის 30-იან წლებში, როდესაც კავკასიის რუსული ადმინისტრაციის მხარდაჭერით მიხეილ შარვაშიძის ხელისუფლება მნიშვნელოვნად განმტკიცდა, იგი ცდილობდა ნაკლები ანგარიში გაეწია რუსეთის ხელისუფლებისათვის, თუმცა უშედეგოდ. რუსეთის ხელისუფლება მას გასაქანს არ აძლევდა და ცდილობდა აფხაზეთი და მისი მთავარი მტკიცე ხელით დაემორჩილებინა.

ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის შრომები, IX, თბილისი, 2009.

http://iberiana.wordpress.com/

კატეგორია: საქართველო | დაამატა: gi2gi
ნანახია: 1303 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 3.3/3
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]